"მოულოდნელად, სტალონე სხვა ქალზე დაინიშნა და ჯენიფერს განუცხადა, ორ დღეში დაეტოვებინა სახლი. ფლავინი ისე გაბრაზდა, რომ მსახიობის ტანსაცმელი მაკრატლით დაჭრა" - კვირის პალიტრა

"მოულოდნელად, სტალონე სხვა ქალზე დაინიშნა და ჯენიფერს განუცხადა, ორ დღეში დაეტოვებინა სახლი. ფლავინი ისე გაბრაზდა, რომ მსახიობის ტანსაცმელი მაკრატლით დაჭრა"

2022 წლის აგვისტოში ყველასთვის მოულოდნელად ტაბლოიდებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი სილვესტერ სტალონე, 25 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, მეუღლეს შორდება. გავრცელებულ ინფორმაციას თავად მსახიობიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ცდილობენ ყველაფერი მშვიდობიანი გზით დასრულდეს.

მომავალ მეუღლეს ჯენიფერ ფლავინს ყველასათვის ცნობილი მსახიობი ფილმ „როკი 5-ის“ გადაღებაზე შეხვდა. ახალგაზრდა მოდელმა გადაწყვიტა, ბედი კინემატოგრაფიაში ეცადა, იმ პერიოდში ჯენიფერი 20 წლის, სტალონე კი 42 წლის შემდგარი, წარმატებული მსახიობი იყო. სტალონე გოგონას გულის მოგებას ძვირადღირებული საჩუქრებით ცდილობდა, მაგრამ ჯენიფერი მას ყურადღებას არ აქცევდა, მსგავსი საქციელის შემდეგ, მსახიობი მოდელის მიმართ უფრო სერიოზულად განეწყო და მათი სასიყვარულო ურთიერთობაც დაიწყო.

stalone2-1667050787.jpg
ჯენიფერ ფლავინთან ერთად

ისინი სამოქალაქო ქორწინებაში 6 წელი იყვნენ, ერთად ცხოვრობდნენ, თუმცა მოულოდნელად, სტალონე სხვა ქალზე დაინიშნა და ჯენიფერს განუცხადა, ორ დღეში დაეტოვებინა სახლი. როგორც მაშინ წერდნენ, ფლავინი ისე გაბრაზდა, რომ მსახიობის ტანსაცმელი მაკრატლით დაჭრა.

ერთწლიანი განშორების შემდეგ, სტალონემ ჯენიფერს შერიგება სთხოვა და ერთ წელში, 1996 წელს მათ გოგონა, სოფია შეეძინათ. 1997 წელს ისინი ოფიციალურად დაქორწინდნენ. სულ მალე სოფიას ჯანმრთელობის პრობლემები აღმოაჩნდა. გულზე პრობლემის გამო, ბავშვს სერიოზული ოპერაციაც გაუკეთეს. სოფია რომ გამოჯანმრთელდა, წყვილს კიდევ ერთი გოგონა - სისტინი და 2002 წელს, მესამე შვილი, სკარლეტი შეეძინათ.

ჰოლივუდის მსახიობი ძალიან ყურადღებიანი მამა და მეუღლე აღმოჩნდა. ღონისძიებებზე ის სულ მეუღლესთან და შვილებთან ერთად ჩნდებოდა. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში თავად მსახიობმა აღნიშნა, ყველაზე ბედნიერია მეუღლესთან ერთად და მას იმდენად ენდობა, სერიოზულ გადაწყვეტილებებსაც კი ჯენიფერი დამოუკიდებლად იღებს. მათი ოფიციალური ქორწინება 25 წელს გაგრძელდა, საერთო ჯამში კი ისინი 30 წელზე მეტია ერთად არიან.

განქორწინება

2022 წლის აგვისტოში მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ ჯენიფერ ფლავინი ჰოლივუდის ვარსკვლავთან განქორწინებას აპირებს. წერდნენ, რომ ჯენიფერი პალმ-ბიჩზე არსებულ სახლს მოითხოვდა და სტალონეს ქორწინებაში დაგროვილი ქონების ხარჯვას უკრძალავდა. ქალი მეუღლეს ადანაშუალებდა, რომ სტალონე მას აქტივებსაც უმალავდა.

stalone-1667050787.jpg

გავრცელებული ინფორმაცია დაშორების შესახებ არ უარყო მსახიობმა და განაცხადა, რომ მას ძალიან უყვარს ოჯახი და ყველაფრის მოგვარებას მშვიდობიანი გზით ეცდება.

მსახიობის ოჯახის გულშემატკივრებს არ გამორჩენიათ ჯენიფერის პოსტი სოციალურ ქსელში, სადაც მან გოგონების ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ შვილები ყველაზე მნიშვნელოვანია. მსახიობმა კი ხელზე დახატული ტატუ - ჯენიფერის სახე გადააკეთა და ძაღლი დაიხატა. წერდნენ იმასაც, რომ წყვილს შორის უთანხმოება მსახიობის ძაღლის გამო დაიწყო, თუმცა რეალური მიზეზი საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია.

„მსგავსი ტრივიალური მიზეზის გამო ჩვენ ურთიერთობა არ დაგვისრულებია, უბრალოდ ჩვენ სხვადასხვა გზით წავედით. დიდ პატივს ვცემ ჯენიფერს და ის სულ მეყვარება. ის საუკეთესო ადამიანია, ვინც ცხოვრებაში შემხვედრია“, - განაცხადა მსახიობმა.

stalone4-1667050787.jpg
მეუღლესთან და შვილებთან ერთად

25 წლიანი ურთიერთობის დასრულებით გაოცებულმა გულშემატკივრებმა სულ მალე ახალი ამბავი გაიგეს. გამოცემა Page Six-თან საუბრისას სტალონეს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ წყვილმა განქორწინება გადაიფიქრა.

„ისინი ერთმანეთს სახლში შეხვდნენ და ყველა უთანხმოება მოაგვარეს. ორივე ძალიან ბედნიერია“, - განაცხადა მსახიობის წარმომადგენელმა.

ამის დასტურად კი ჰოლივუდის ვარსკვლავმა ინსტაგრამის პირად გვერდზე მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

ამჟამად მსახიობი ისევ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს.

ბავშვობა

მომავალი ჰოლივუდის ვარსკვლავი ემიგრანტთა ოჯახში დაიბადა. მამა ფრენკ სტალონე ამერიკაში სილამაზის სალონთა ქსელის დამაარსებელი იყო. მსახიობის მამა საკმაოდ მკაცრი ხასიათით გამოირჩეოდა, რადგან როგორც ცნობილია, სტალონე ცელქი ბავშვი იყო და რთულად აღსაზრდელთა სკოლაში დადიოდა. როგორც ცნობილია, ბავშობაში მსახიობზე დიდი გავლენა მოახდინა თანდაყოლილმა პრობლემამ, სახეზე ნერვული დაბოლოებების დაზიანების გამო, მას გამართული მეტყველება უჭირდა.

12 წლის ასაკში სტალონეს მშობლები დაშორდნენ და მას ძმასთან ერთად დედა ზრდიდა. სწორედ ამ პერიოდიდან დაინტერესდა სტალონე სპორტით და დარბაზშიც აქტიურად ვარჯიშობდა.

მაშინ, როცა ვიეტნამში ომი დაიწყო, სტალონე სასწავლებლად შვეიცარიაში წავიდა და პარალელურად, ფიზკულტურის მასწავლებელიც გახლდათ. ევროპაში გაეცნო თეატრისა და კინოს სამყაროს და საკუთარ თავში მსახიობის ნიჭიც აღმოაჩინა. ამერიკაში დაბრუნებულმა კი მაიმაის უნივერსიტეტში დრამატურგიული ხელოვნების ფაკულტეტზე ჩააბარა.

ახალგაზრდა მსახიობს მეტყველების პრობლემის გამო როლებზე უარს ეუბნებოდნენ, ლოგოპედთან სერიოზული მუშაობის შემდეგ, მას მხოლოდ ეპიზოდურ როლებს სთავაზობდნენ.

სიტუაცია მაშინ შეიცვალა, როცა სტალონემ კინოკომპანია Chartoff-Winkler Productions საკუთარი სცენარი შესთავაზა, სადაც ბოქსიორის ცხოვრება იყო ასახული. კომპანია მას ფილმის გადაღებას მიზერული პირობებით დათანხმდა, თუმცა ფილმმა სტალონეს მილიონები და პოპულარობა მოუტანა. „როკის“ მეორე ნაწილის შემდეგ, მსახიობი კიდევ ერთ წარმატებულ ფილმში „პირველი სისხლი“ გადაიღეს, სადაც „ჯონ რემბოს“ როლს ასრულებდა.

sylvester-stallone-rocky-1-900x675-1667050891.jpg

უამრავი წარმატებული ფილმისა და როლის შემდეგ, სილვესტერ სტალონე მსოფლიო ვარსკვლავად იქცა. მძაფრსიუჟეტიანი ფილმების გარდა, ის მაყურებელმა კომედიური ჟანრის ფილმებშიც იხილა.

წარმატებული მსახიობის პირადი ცხოვრება ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა. ის სამჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი მეუღლე ამერიკელი მსახიობი საშა საკი გახლდათ, რომელთანაც ორი ვაჟი სეიჯ და სერჯიო სტალონეები შეეძინა. მსახიობის უფროსი შვილი სეიჯი მამასთან ერთად რამდენიმე ფილმში ირებდა მონაწილეობას. ის 2012 წელს გულის შეტევით ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა.

მსახიობის უმცროსი შვილი სერჯიო უფროსი ძმისგან განსხვავდებოდა. თუ სეიჯი ძალიან კონტაქტური იყო, უმცროს ვაჟს ხალხმრავლობა არ უყვარდა. სამი წლის ასაკში მას აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს. მოგვიანებით სტალონეს პირველი ცოლი ამბობდა, რომ შვილის გამო იმდენად დაიძაბა ოჯახში ურთიერთობა, საბოლოოდ დაშორდნენ კიდეც.

stalone5-1667050787.png
მსახიობი პირველ ოჯახთან ერთად

მსახიობის მეორე მეუღლე დანიელი მოდელი - ბრიჯიტ ნილსენი იყო, რომელთანაც თითქმის ერთი წელი იცხოვრა და მათ საერთო შვილი არ ჰყავთ. მესამე მეუღლე კი - ჯენიფერ ფლავინია, რომელთანაც მსახიობს სამი შვილი ჰყავს.