"დასავლური იარაღის წყალობით უკრაინა რუსეთთან საარტილერიო ბრძოლაში თამაშის წესს ცვლის" - New York Times - კვირის პალიტრა

"დასავლური იარაღის წყალობით უკრაინა რუსეთთან საარტილერიო ბრძოლაში თამაშის წესს ცვლის" - New York Times

აშშ-ის გაზეთ "ნიუ-იორკ თაიმსის" (The New York Times) 30 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით "დასავლური იარაღის წყალობით უკრაინა რუსეთთან საარტილერიო ბრძოლაში თამაშის წესს ცვლის" (ავტორი - ენდრიუ კრამერი).

"თბოვიზორის [ინფრაწითელი] კამერის ეკრანზე ჩანს, თუ როგორ გაქრა კვამლის ღრუბელში რუსული ჯავშანტრანსპორტიორი. "მშვენიერი აფეთქებაა", - თქვა ლეიტენანტმა სერგეიმ, უკრაინული უპილოტო საფრენის აპარატის ოპერატორმა, რომელიც პორტატული მოწყობილობით თვალს ადევნებდა დრონის მოქმედებას რუსეთის ჯარის მიერ კონტროლირებად სოფელში, სადაც ხსენებული ჯავშანტრანსპორტიორი გააანადგურეს, - "ადრე ჩვენ ასეთ აფეთქებებს ყოველთვის "ვაშას" შეძახილებით ვხვდებოდით, ახლა კი მივეჩვიეთ".

მაშინ, როცა ომის პირველ ეტაპზე და ზაფხულის განმავლობაში რუსეთი უპირატესობას ფლობდა არტილერიაში, ბოლო თვეებში სიტუაცია შეიცვალა. უკრაინელი ოფიცრებისა და სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, ძლიერი დასავლური იარაღის წყალობით უკრაინას ამჟამად არტილერიაში უდაო უპირატესობა აქვს მოწინააღმდეგის მიმართ.

უკრაინა ამჟამად ფლობს ისეთ იარაღს, რომელიც ბევრად სჯობს რუსულს, როგორც სროლის სიშორეში, ასევე სროლის სიზუსტეშიც. უკრაინელი ჯარისკაცები რუსეთის არმიას მილიონობით დოლარის ღირებულების ჯავშანტექნიკას უნადგურებენ იაფფასიანი დრონებით, [რომლებთაგანაც ზოგი უკრაინაშია აწყობილი, ზოგიც თურქეთისა და აშშ-ის, აგრეთვე მათი ნატოელი პარტნიორებისგან არის მიწოდებული].

რასაკვირველია, რუსეთის ჯარები ჯერ კიდევ მრისხანე ძალად რჩება - ფრთოსანი რაკეტებით, ავიაციით, ცოცხალი ძალის რაოდენობით და მილიონობით საარტილერიო ჭურვით (მართალია, არაზუსტი მოქმედებით, მაგრამ მაინც). მოსკოვმა ახლახან დაასრულა ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული "ნაწილობრივი მობილიზაცია" და ფრონტზე 300 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე გაგზავნა, თუმცა ბევრი მათგანი ცუდად არის გაწრთვნილი და აღჭურვილი. ამასთან, მართალია, რუსეთის პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ მას გადაწყვეტილი აქვს ომის აუცილებლად მოგება და ამისთვის არაფერს არ დაიშურებს, მაგრამ სამხრეთის ფრონტზე სიტუაცია აშკარად უკრაინის სასარგებლოდ იცვლება.

დასავლური იარაღის წარმატებული მოქმედებით უკრაინის არმია ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა უახლოვდება სტრატეგიულად მნიშვნელოვან საოლქო ცენტრს, სანავსადგურო ქალაქ ხერსონს, რომელიც რუსეთის არმიამ თებერვლის ბოლოს პრაქტიკულად უბრძოლველად დაიკავა.

უკრაინის ჯარმა თავისი უპირატესობა შაბათსაც დაადასტურა, განთიადზე, როცა დრონებით სევასტოპოლის მკაცრად დაცულ ზონაში პორტში მდგარი შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ხომალდი დააზიანა. და ეს ხდება ყირიმში, რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარ სამხედრო ბაზაზე, ე.წ. "მიუდგომელი ბასტიონის" წინააღმდეგ.

თუ ერთმანეთს შევადარებთ რუსეთისა და უკრაინის ჯარების მიერ დონბასში ზაფხულში წარმოებულ საარტილერიო დუელს, დღეს სხვაობა მნიშვნელოვანია: ზაფხულში ათ რუსულ გასროლილ ჭურვს უკრაინა მხოლოდ ერთი გასროლით პასუხობდა, ახლა სამხრეთის ფრონტზე, ხერსონთან, სროლების ინტენსიურობა თითქმის თანაბარია, მაგრამ უკრაინელები უფრო შორს ისვრიან და უფრო ზუსტად. "რუსებს ჩვენნაირი იარაღი არ აქვთ", - ამბობს მაიორი სერგეი, დასავლური საარტილერიო ბატარეის მეთაური, - "მათი სროლების ინტენსიურობა თითქმის სამჯერ შემცირდა".

ხერსონისაკენ მიმავალი მთავარი ავტომაგისტრალი უკრაინის არმიის ქვედანაყოფებით და სამხედრო ტექნიკით არის გადატვირთული - განუწყვეტლივ მოძრაობენ მისაბმელი ქვემეხები და ჰაუბიცები, მათ შორის ამერიკული წარმოების M777-ები, გრუხუნით მიდიან თვითმავალი საარტილერიო და სარაკეტო დანადგარები, "ჰაიმარსები", "გრადები" და სხვა უამრავი ტექნიკა.

ხერსონის ახლო-მახლო მდებარე ტერიტორია შიშველ სტეპს წარმოადგენს, ხეებს აქა-იქ თუ ნახავ, ძალიან ბევრია სარწყავი არხის კალაპოტები, რომელთა გამოყენება, ტრანშეის სახით, თავდაცვითი პოზიციისათვის შეიძლება. ასეთი რელიეფი რუსებს უპირატესობას აძლევს. მაგრამ არის მეორე მომენტი, რომელიც უკრაინის არმიისათვისაა სასარგებლო: ხერსონი დნეპრის მარჯვენა მხარეს მდებარეობს, ის მარცხენა ნაპირთან ხიდებით არის დაკავშირებული, რომლებიც ამჟამად დაზიანებულია - მათ უკრაინის არტილერია სწვდება და ანგრევს, ანუ მძიმე ტვირთების გადატანა უკვე შეუძლებელია. ასე რომ, ქალაქში მყოფი რუსული ჯარების გარნიზონის მომარაგება ძალიან არის გართულებული. როგორც ამბობენ, ვლადიმერ პუტინმა უარყო თავისი გენერლების წინადადება ხერსონის დატოვების შესახებ. ამიტომ ღიად რჩება საკითხი, თუ რამდენ ხანს გაჭიანურდება ბრძოლა ხერსონისათვის.

"რუსეთს აღარ აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე თავისი ქვედანაყოფებისათვის ლოჯისტიკური ოპერაციები წარმატებულად განახორციელოს", - ამბობს კონრად მუზიკა, გდანსკში (პოლონეთი) მდებარე კვლევითი ორგანიზაციის Rochan Consulting-ის ანალიტიკოსი. მისი თქმით, "უკრაინელები წარმატებით იყენებენ როგორც ამერიკულ ჰაუბიცებს (M777), ასევე ზალპური ცეცხლის სარაკეტო დანადგარებს (M142 HIMARS), სლოვაკურ და პოლონურ თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს (Zuzana და Krab). ამას წინათ უკრაინელებმა ისეთი სროლა აუტეხეს რუსებს და მათი პოზიციები ისე მიანგრიეს, რომ მოწინააღმდეგემ მთელი 48 საათის განმავლობაში პასუხის გაცემა ვერ შეძლო". უკრაინის არმია ასევე კარგად სარგებლობს საკუთარი წარმოების დრონებით, სახელწოდებით "პერუნი", რომელიც, მართალია, ყველაზე სრულყოფილი არ არის, მაგრამ თავის ფუნქციებს უმეტეს შემთხვევაში კარგად ასრულებს.

დნეპრის ხიდების დაზიანება რუსული არმიისათვის დიდ დარტყმას წარმოადგენს. "წარმოიდგინეთ ხერსონთან პოზიციებზე მყოფი "ორკების" (ასე უწოდებენ უკრაინელები რუსებს) მდგომარეობა, რომლებსაც დღეს მძიმე ტექნიკა აღარ აქვთ, აკლიათ ჭურვები, სხედან ცივ სანგრებში და თავზე წვიმა ასხამთ. ასეთი სიტუაცია მათ მორალურ სიმტკიცეს აქვეითებს, - ამბობს ლეიტეტნანტი ოლეგი, - "თუ რუსები ხერსონში დარჩენას გადაწყვეტენ და ქალაქს არ დატოვებენ, მათთვის ზამთრის სტალინგრადი განმეორდება".

როგორც უკრაინის არმიის თვითმავალი ჰაუბიცების ბატარეის მეთაური, მაიორი ალექსანდრე ამბობს, მას ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ "თუ რუსეთის პოზიციებს კარგად დავფერთხავთ, ისინი გაიქცევიან", თუმცა არ გამორიცხავს იმასაც, რომ თავიანთი სიჩუმით რუსები რაღაც ხაფანგს ამზადებენ უკრაინელთა მისატყუებლად. "ჩვენი სარდლობის გეგმებიც მოულოდნელია ხოლმე, ჩვენც ხშირად ვუმზადებთ რუსებს მოულოდნელ სიურპრიზებს და უკან ვახევინებთ, ეს მე ძალიან მომწონს", - ამბობს უკრაინელი მაიორი "ნიუ-იორკ თაიმსის" კორესპონდენტთან საუბარში. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ