„ევროკავშირში გაწევრების აქილევსის ქუსლი­ ჩვენი სასამართლო სისტემაა“ - კვირის პალიტრა

„ევროკავშირში გაწევრების აქილევსის ქუსლი­ ჩვენი სასამართლო სისტემაა“

23 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულმა მოსამართლეთა 31-ე კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი მეორე­ ვადით აირჩია. იუსტიციის უმაღლეს საბ­ჭოში ორი წევრის ადგილი მას შემდეგ­ გახდა ვაკანტური, რაც მოსამართლეებმა გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადებების საფუძველზე დატოვეს (ამ პოსტზე სხვა მოსამართლეებს კანდიდატურა არც დაუყენებიათ). უმაღლესი საბჭო სასამართლო სისტემის მაკოორდინირებელი უწყებაა. მურუსიძეც და გვირიტიშვილიც ამ საბჭოს წევრები ერთხელ უკვე იყვნენ და მათი დაბ­რუნება სასამართლოს საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და აქტივისტებისთვის­ იმის სიგნალი გახდა, რომ ქვეყანაში რეალური სასამართლო რეფორმის გატარების პოლიტიკური ნება არ არსებობს. მურუსიძისა და გვრიტიშვილის არჩევამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განაახლა საუბრები სასამართლოში არსებულ კლანზე. ითქვა ისიც, რომ საქართველო დემონსტრაციულად არ ასრულებს ევროკომისიის 12 რეკომენდაციას, რომელთაგან ერთ-ერთი­ სასამართლო სისტემის გაუმჯობესება და პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლებაა... თავად მურუსიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაბრუნების შემდეგ განა­ცხადა, რომ მისი მოტივაცია სასამართლოს მეტი დამოუკიდებლობის მოპოვებაა.

ამ საკითხზე სასაუბროდ "კვირის პალიტრა" ადვოკატ მამუკა ნოზაძეს ესაუბრა:

- ახალი არ არის, რომ სასამართლო­ სისტემა კლანის მეშვეობით იმართება.­ კით­ხულობენ, რა არის ეს მითური კლანი, ვინაა,­ დაგვისახელეთო. როცა სასამართლო­ სისტ­ემაში ოჯახის წევრები - ქმარი, ცოლი, და, ძმა, შვილი, სიდედრ­-სიმამრი, მული, რძალი და ასე შემდეგ არიან თავმოყრილი,­ როცა საქართველოში 380 მოსამართლემდეა და ყველა ერთმანეთის ახლობლები არიან, ამას ჰქვია კლანი! აბუსერიძე და გოგინაშვილიც კლანის წევრები­ იყვნენ, მაგრამ მეტ-ნაკლებად ზომიერი მოსამართლეები არიან და ვერ აჰყვნენ იმ აგრესიულ რიტორიკას, რითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები გამოირჩეოდნენ. მოგეხსენებათ, გვრიტიშვილი იყო ერთ-ერთი სპიკერი, რომელიც თავს ესხმოდა როგორც არასამთავრობო სექტორს, ისე ადვოკატებს­. მახსოვს­ ადვოკატთა ასოციაციაზე მისი თავდასხმა, როცა ასოციაციამ სასამართლოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული რეზოლუცია მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ გვრიტიშვილი ბოლო პერიოდში ევროკავშირის რეკომენდაციით გათვალისწინებულ სასამართლოსთან დაკავშირებულ ყველა საორგანიზაციო საკითხში იყო ჩართული, მას მაინც ერთი რიგითი­ მოსამართლის სტატუსი ჰქონდა. ამიტომ უნდოდა მეტი ტრიბუნა, სტატუსი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. აბუსერიძისა და გოგინაშვილის წასვლა არ იყო ნებაყოფლობითი. ეს გადაწყვეტილება მათ კლანმა მიაღებინა.

- გასული წლის დეკემბერში "სასამართლოს შესახებ" კანონში პარლამენტმა შეიტანა ცვლილება - იმ მოსამართლეებისთვის, რომლებიც ერთხელ უკვე იყვნენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მეორედ არჩევის შესაძლებლობა მიეცათ. როგორ ფიქრობთ, ეს კლანის მანევრი იყო?

- დიახ, კლანმა სათავისოდ მიაღებინა­ პარლამენტს კანონი, ვინაიდან ძველი კანონით მოსამართლეებს ერთი ვადის მეტი არ ჰქონდათ, ახლა კი ვადა განუსაზღვრელია. ეს კლანის მანევრი იყო, რომელიც ვითომდა ადამიანის უფლებებს ეფუძნებოდა (მოსამართლეთა მმართველობის ორგანოში ერთი ვადით არჩევა თითქოს მოსამართლეთა უფლებების შეზღუდვა იყო). ახლა ის ორი მოსამართლე წასულია, ვერ შეძლეს აგრესიული რიტორიკის აფიშირება და წავიდნენ. ბუნებრივია, კლანის ინტერესებისთვის უფრო საინტერესოა აგრესიული, ყველაფერზე ხელისმომწერი, შემსრულებელი და მათი პოლიტიკის გამტარებელი მოსამართლეები.

- რას იტყვით გვრიტიშვილის რიტორიკაზე, რომელმაც განაცხადა, რომ კლანი სასამართლოში კი არა, არასამთავრობო სექტორშია და სტატუსის მიუხედავად, ყველა სუბიექტს ამხელს, რომელიც მიზანმიმართულად ცდილობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განეიტრალებას. მანვე დააანონსა, ჩათვალეთ, რომ სასამართლო ხელისუფლება თავდაცვითი რეჟიმიდან, თავდასხმით რეჟიმზე გადადისო.

- 2-3 დღეა, რაც მურუსიძე-გვრიტიშვილი აირჩიეს და უკვე ქარბუქი დაატრიალეს. მართლაც საგანგაშო განცხადება გააკეთა გვრიტიშვილმა.­ ევროკავშირში გაწევრების აქილევსის ქუსლი­ ჩვენი სასამართლო სისტემაა. მოსამართლე, რომელიც ამბობს, თავდასხმაზე გადავდივართო, რას ნიშნავს? ვის უნდა დაესხას თავს, საზოგადოებას? მოსამართლის საქმე არ არის საზოგადოების მხილება და საჯარო პოლიტიკის წარმოება, მისი ვალდებულებაა სამართლიანად განიხილოს საქმეები და თავისი პროფესიონალიზმი გადაწყვეტილებებში ასახოს და არა ტელევიზიებში იჯდეს და სამოქალაქო საზოგადოებას უპირისპირდებოდეს. ასეთი რიტორიკა საგანგაშოა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ შეიძლება მალე გასამხედროებული რაზმებიც შექმნან და ფიზიკურადაც კი დაიწყონ ანგარიშსწორება. სადაც დიქტატურაა და ტოტალიტარიზმი, მგონი, იქაც ვერ ბედავენ მოსამართლეები იმას, რასაც ჩვენთან ბედავენ.

- მურუსიძემ დაბრუნება იმით ახსნა, რომ მისი მოტივაცია სასამართლოს მეტი დამოუკიდებლობის მოპოვებაა და არ მოსწონს, როცა მის სახელს სასამართლო სისტემის პრობლემების ლუსტრაციად ახსენებენ.

- სასამართლო დამოუკიდებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კლანური მმართველობის სისტემას მოსპობს, საქმეში საზოგადოება იქნება ჩართული და იქნება ობიექტური, დამოუკიდებელი დისციპლინური წარმოება. კლანმა და საბჭოს მოსამართლე წევრებმა კი არ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, არამედ ბალანსი უნდა იყოს დაცული და არამოსამართლე წევრების ხმას ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა. დისციპლინური საქმის წარმოება დღეს, ფაქტობრივად, არ არსებობს, ის კონფიდენციალურია.­ მოქალაქე საჩივრით რომ მიმართავს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რა გადაწყვეტილებას წერს დამოუკიდებელი ინსპექტორი? მომჩივანს ამომწურავ ინფორმაციასაც არ აწვდიან. როცა იქნება შიში იმისა, რომ მოსამართლეს კანონის დარღვევის და არაობიექტურობის შემთხვევაში პასუხი მოეთხოვება, ეს იქნება ის მექანიზმი, რომელიც მოსამართლეს აღარ მისცემს უფლებას­ ჩაიდინოს უკანონობა. ერთ ფაქტს გეტყვით: გორში საქმიანობს 2 მოს­ამართლე - ლევან დარბაიძე და გოგა კუ­პრეიშვილი, რომე­ლთათვისაც არანაირი მნიშვნელობა არა აქვს მტკიცებულებას, მოწმეთა ჩვენებას, ისინი გადაწყვეტილებას პირადი შეხედულებისამებრ იღებენ; ხოლო, თუ მოსამართლის აცილების თაობაზე ადვოკატი შუამდგომლობას დააყენებს, კუპრეიშვილი სამსახურებრივ მდგომარეობას იყენებს და უკანონო გადაწყვეტილების გამოტანით ადვოკატს უსწორებს ანგარიშს. ეს დაუშვებელია და იმიტომ ხდება, რომ არ არსებობს შესაბამისი ორგანო, რომელიც უკანონობის ჩამდენ მოსამართლეს პასუხს მოსთხოვს. ან ვინ გაწირავს კლანის წევრს? კუპრეიშვილი, სხვათა შორის, ჩინჩალაძის თანაშემწე იყო და ხომ გასაგებია?­ ეს მოსამართლეები სულ ტყუილად დადიან ამერიკაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად, სადაა შედეგი? მაინც უკანონობას სჩადიან და შავზე თეთრს ამბობენ. ეს არაა სამართალი, მოსამართლემ კანონის უზენაესობით და სამართლიანობის პრინციპით უნდა იხელმძღვანელოს, კანონიერ და დასაბუთებულ გადაწყვეტილებას რომ მიიღებ, ესაა პროფესიონალიზმი, კვალიფიციურობა და ადამიანობა. მანტია შურისძიებისთვის კი არა, სამართლიანობისთვის უნდა გამოიყენო...

მათ ახლა ასეთი წევრები­ საბჭოში­ იმიტომ უნდათ, რომ არა მარტო საზოგა­დოება, მოსამართლეებიც წნეხში ჰყავდეთ. ამ სისტემაში არიან წესიერი ადამიანებიც. ვნახეთ, როგორ ამხელენ ამ სისტემას გაგდებული­ მოსამართლეები, რომლებიც სწორედ ამ პირების გამო არ დაინიშნენ. კონტროლი­ აშინებს მოსამართლეს, ფიქრობს, ხმას თუ ამოვიღებ ან წინააღმდეგობას გავუწევ კლანს, ჩემს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას მიიღებენო. ასე შიშს დაქვემდებარებით იმართება ეს კორპუსი.

- ცნობილია, რომ ეს პირები აქამდე კულისებიდან მართავდნენ სიტუაციას და ეს არ იყო საკმარისი? მაინც რას ემსახურება მურუსიძე-გვრიტიშვილის წინა ხაზზე წამოწევა?

- არ იყო საკმარისი. მაგალითად, გვრიტიშვილი ყველა შეხვედრაში მონაწილეობდა, ის იყო გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიმღები, მაგრამ მაინც რიგითი მოსამართლის სტატუსი ჰქონდა. იუსტიციის საბჭოს წევრობა არის ის დამატებითი სტატუსი, რომელიც მეტ შესაძლებლობას­ იძლევა კლანის მეტი პროპაგანდისთვის. რიგით მოსამართლეს ეკრძალება პოლემიკა, დებატებში მონაწილეობა, საზოგადოებასთან დაპირისპირება, მაგრამ საბჭოს წევრს აქვს ამის უფლება.

- ოპოზიციის აზრით, მურუსიძისა და გვრიტიშვილის საბჭოში ხელახალი არჩევა პირდაპირი პასუხია საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომ არ არსებობს სასამართლო სისტემის გაჯანსაღების ნება.

- ევროკავშირიდან წამოსულია სიგნალი, რომ ამ გზით ჩვენ იქ ვერ შევალთ. იუსტიციის საბჭოს მოსამართლეთა არჩევნები, ბუნებრივია, ხელისუფლებასთან შეთანხმებულია. ხელისუფლებამ მიიღო ისეთი კანონი, რომლითაც ამ მოსამართლეებს­ საბჭოში ხელმეორედ დაბრუნების შანსი­ და ლეგიტიმაცია მისცა. ხელისუფლება თან იმას ამბობს, რომ სურს ევროკავშირში­ გაწევრება, საამისოდ გაატარებს რეფორმებს, მეორე მხრივ, ივნისიდან დღემდე არანაირი რეფორმა არ გატარებულა, საუბარი და აქცენტი მხოლოდ მეორეხარისხოვან რეფორმებზეა. იმავდროულად, ოპოზიციასაც ეკისრება დიდი პასუხისმგებლობა - გვპირდებოდნენ, მთელი ზაფხული ვიმუშავებთ, ალტერნატიულ პროექტებს წარმოვადგენთ და ხელისუფლებას 12 პუნქტის შესრულებას ვაიძულებთო, მაგრამ ვერ ვნახეთ ვერც სასამართლოსთან, ვერც ოლიგარქიასა და ვერც სხვა საკითხებთან დაკავშირებული პროექტები... აქედან დასკვნა: ამ მოცემულობით ვერანაირ სტატუსს ვერ მივიღებთ. ხვალ-ზეგ რა იქნება, არ ვიცი. ვფიქრობ, ეს პროცესი გაჭიანურდება, ევროკავშირი დაელოდება 2024 წლის არჩევნებს და თუ რეფორმები­ გატარდა, შემდგომ გაიმართება ამ საკითხზე მსჯელობა. ხელისუფლებას სულაც არ აწყობს ეს სტატუსი, ვინაიდან ევროკავშირის წევრობა დიდ პასუხისმგებლობას გულისხმობს. ამიტომაც ურჩევნიათ ქვეყანა კლანებით მართონ.

კლანის სათავეში ჩინჩალაძე, მურუსიძე, გვრიტიშვილი, შენგელია და ის პირები დგანან, რომლებიც დღეს იუსტიციის საბჭოს წევრები არიან; ისინი, ვინც აგრესიულობით გამოირჩევა და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, რაც დასჯადია. კლანურობას ის განაპირობებს, რომ თვითონვე­ იღებენ გადაწყვეტილებას დანიშვნაზე, დაწინაურებაზე... დღეს სასამართლო სისტემაში ფორმალურად არის მოსამართლეების დამოუკიდებელი ინსპექტორი, რომელსაც თვითონ იუსტიციის საბჭო ნიშნავს და ის დამოუკიდებელი კი არა, დამოკიდებულია. რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს ამა თუ იმ მოსამართლის გადაცდომაზე, ის მაინც ვერ დაისჯება,­ ვინაიდან საბოლოო გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს, ის კი თავისი დაჯგუფების წევრს არ გაწირავს.

ხელისუფლებას კლანი ძალაუფლებისა და ხელისუფლების შენარჩუნებისთვის სჭირდება - საარჩევნო დავების დროს ის ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებას იღებს, ასევე ხდება სხვაგვარი დავების დროსაც. კლანიც ძალაუფლებისთვის­ იბრძვის... ისინი სისტემაში არავის აჭაჭანებენ, არც რეალური კონკურსები ტარდება, არ იღებენ ახალგაზრდებს. არადა, შესანიშნავი თაობა წამოვიდა, ზოგს უცხოეთშიც აქვს განათლება მიღებული, მაგრამ რად გინდა, არავის იკარებენ. ეს ადამიანები თვლიან, რომ მოსამართლის მანტია მემკვიდრეობით ერგოთ და ეს ქვეყანა მათია.