რის შესახებ ისაუბრეს საქართველოს და აზერბაიჯანის პირველმა პირებმა - კვირის პალიტრა

რის შესახებ ისაუბრეს საქართველოს და აზერბაიჯანის პირველმა პირებმა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის 24 ოქტომბრის ვიზიტმა საქართველოში, რაც მედიისთვის მოულოდნელობა აღმოჩნდა, ბევრი კითხვა გააჩინა - რატომ ჩამოვიდა­ ალიევი და რის შესახებ ისაუბრეს მან და­ ღარიბაშვილმა? "აზერბაიჯანი აპირებს ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია საერთაშორისო ბაზრებზე და, რა თქმა უნდა, ჩვენი მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს", - თქვა თბილისთან ახლოს, შატო მუხრანში გამართულ შეხვედრაზე ალიევმა. ღარიბაშვილმა კი ამ საკითხის გარდა ილაპარაკა გლობალურ მშვიდობაზეც და განაცხადა, რომ უკრაინისა და რუსეთის კონფლიქტი მოლაპარაკებით უნდა დარეგულირდეს... ამ თემაზე ანალიტიკოს სანდრო თვალჭრელიძეს ვესაუბრეთ.

- ამაზე ლაპარაკი ძალიან ძნელია, ყავაზე მარჩიელობა ნამდვილად არ მინდა, მაგრამ საუბარია არა მარტო ენერგომატარებლების გატარებაზე, არამედ სტრატეგიულ პარტნიორობაზე მრავალი მიმართულებით. უსათუოდ იმსჯელებდნენ აზერბაიჯანულ-სომხურ ურთიერთობასა და აზერბაიჯანის მიმართულებით სტრატეგიული ტვირთების ტრანზიტზე.

- მხარეებს რა ინტერესები აქვთ და რა სარგებელს ელოდებიან?

- ჩვენი სარგებელი არის ერთი - ძალიან აწონილი პოლიტიკა უნდა გვქონდეს, ზედმიწევნით უნდა გაანალიზდეს ურთიერთობა აზერბაიჯანსა და სომხეთთან. თუ მართლა გვინდა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის გარანტი ვიყოთ, არაფრით არ შეიძლება რაიმე გაუაზრებლის გაკეთება. რუსეთი შესუსტებულია და სომხეთს მხარდაჭერა არა აქვს, აზერბაიჯანს კი თურქეთი ძალიან ეხმარება, სუფსაში ხსნიან გენერალურ საკონსულოს. ასე რომ, ჩვენი პოლიტიკა მეტად ფრთხილი და აწონილი.

სტრატეგიული პარტნიორობა აზერბაიჯანთან ძალიან კარგია და უფრო უნდა გაძლიერდეს, მაგრამ, მეორე მხრივ, არაფრით არ შეიძლება სასწორი აზერბაიჯანის მხარეს გადაიხაროს.

ძალიან ბევრი ტექნიკური ნიუანსია, თუნდაც სომხური ტვირთების ტრანზიტი რუსეთიდან საქართველოს გავლით და კიდევ ბევრი სხვა.

- მას შემდეგ, რაც პრაღაში ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა აღიარეს, იწყება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციის კომისიის მუშაობა. შესაძლებელია, ალიევს ამ პროცესში საქართველოსთვის მხარდაჭერა ან შუამავლობა ეთხოვა?

- არა მგონია. ვფიქრობ, მას უფრო საქართველოს პოზიცია აინტერესებდა. ალიევი ახლა სომხეთთან ურთიერთობაში ძალის პოზიციაზეა და არა მგონია, დიდი შუამავლობა სჭირდებოდეს. პირიქით, ურჩევნია პირისპირ დარჩეს მტერთან და არავინ ჩაერიოს. თუმცა იქნებოდა რაღაც მინიშნებები, მაგალითად, მე რომ ასე მოვიქცე, შენ რას გააკეთებო. ძალიან ფაქიზი თემაა და მე ჩემი ვარაუდები მაქვს, მაგრამ ნამდვილად არ მინდა ამაზე ბევრი ვილაპარაკოთ. ჰიპოკრატეს პრინციპი ხომ იცით, მთავარია, ზიანი არ მიაყენო. ამიტომ ამაზე რაც ნაკლებს ვილაპარაკებთ, უკეთესი იქნება. მთავარი ის არის, მთავრობაში რამდენად სერიოზულად მუშავდება სხვადასხვა ტიპის ქმედებების სცენარები.

gariba2-1667116931.jpg

- რაც ჩანს, რა დასკვნის გაკეთება შეიძლება, მუშავდება?

- გარედან არაფერი ჩანს, აისბერგია. ერთი პატარა წვერი ჩანს, დანარჩენი კი სიღრმეშია ჩაფლული.

- ამ წვერიდან რისი თქმა შეიძლება?

- იმის, რომ ეს აისბერგი ჩვენთან ერთად არ ჩაიძირება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პოლიტოლოგი ყვირის, არიქა, ხიფათია, ვიღუპებითო. ეს სიტუაცია ჩვენთვის სასიკეთოა, სიკეთეში კი უპირველესად ვგულისხმობ ამ ფლანგზე რუსეთის შესუსტებას.

ზოგადად, არსებულ ვითარებაში, ოფიციალურ თბილისს ბეწვის ხიდზე მოუწევს სიარული ომის მდგომარეობაში მყოფ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, ერთმანეთთან დაპირისპირებულ თურქეთსა და ირანს შორის. თუ თბილისი, ბაქო, ერევანი, ანკარა და თეირანი საერთო პრინციპებზე შეთანხმდნენ, ეს დიდი წარმატება იქნება კავკასიაში მშვიდობის კუთხით. დიდი ალბათობით, ეს რუსეთს არ აწყობს.

- ამ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია აზერბაიჯანიდან წამოღებული ენერგორესურსების გაზრდის საკითხი, მაგრამ საინტერესოა, შეხვედრაზე უსაფრთხოების საკითხებზეც თუ იყო მსჯელობა?

- ალბათ, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ გაზისა და ნავთობსადენების უსაფრთხოება ყველაზე კარგად სწორედ საქართველოს ტერიტორიაზეა დაცული. მადლობა ღმერთს და აწ განსვენებულ გია ჭანტურიას, მეც აქტიურად ვმონაწილეობდი ამ მილსადენების დაპროექტებასა და უსაფრთხოების შემუშავებაში და შემიძლია ვთქვა, იმდენად კარგად არის დაცული უსაფრთხოება, რომ 2008 წლის ომის დროს მრავალი ათეული 500-კილოგრამიანი ჭურვი დაეცა პირდაპირ გაზსადენს და ვერაფერი დააკლო. ამასთან, მობილიზაციისა და განსაკუთრებულ სიტუაციებში მოქმედების ძალიან კარგი გეგმაც არის, მაქსიმუმ 15 წუთში ხდება რეაგირება. ჩვენთან უსაფრთხოების პრობლემა არ არის და ამიტომ არა მგონია, ამაზე რამე არსებითი საუბარი ყოფილიყო. ვფიქრობ, ხისტი ლაპარაკი იქნებოდა ტარიფებზე. აქ კი ჩვენი ინტერესები ღარიბაშვილმა როგორ დაიცვა, არ ვიცი.

- ტარიფებზე ხომ არსებობს შეთანხმება და გაწერილია პირობები. დამატებით ახალი შეთანხმების დადებაა საჭირო?

- კი, არსებობს, მაგრამ მე ხელშეკრულებებზეც ვმუშაობდი და ძალიან კარგად ვიცი პირობები. ლაპარაკია რაღაც სიმძლავრეზე რა როგორ ხდება, რა ტარიფებითა და პირობებით უნდა გატარდეს, მაგრამ იმის ზემოთ არ არის გაწერილი. ძალიან დიდი ალბათობით, სწორედ ამაზე იქნებოდა საუბარი, ჩვენი ინტერესების დაცვა და ტარიფების გაზრდა უნდა მოეთხოვათ. ყოველ შემთხვევაში, ოპციური გაზი უფრო მეტი უნდა მივიღოთ. ოპციური გაზი ნიშნავს, რომ რამდენიც გატარდება, იმის რაღაც პროცენტი უფასოდ რჩება გამტარ ქვეყანას. საქართველოს სწორედ ამ პროცენტის გაზრდა უნდა მოეთხოვა. თუ იზრდება გატარების მოცულობა, ჩვენი სარგებელიც უნდა გაიზარდოს.

- თქვენი აზრით, ჩვენს სასარგებლოდ მოგვარდება ეს საკითხი?

- გვინდა თუ არა, მოლაპარაკება გაიმართება. რა თქმა უნდა, შედეგი ვერ იქნება ასპროცენტიანად სასარგებლო ვერც საქართველოსთვის და ვერც აზერბაიჯანისთვის, კომპრომისი მოინახება. მთავარია, ჩვენთვის ხელსაყრელი იყოს.

- შეხვედრის შემდგომი განცხადებებიდან, იმის მიხედვით, ვინ როგორი კმაყოფილი ჩანდა, რისი თქმა შეიძლება?

- მეჩვენება, რომ რაღაცაზე მოილაპარაკეს. რაზე, არ ვიცი, მეც ძალიან მაინტერესებს.

- როდის შეიძლება გახდეს ეს საზოგადოებისთვის ცნობილი?

- მომავალ წელს. ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება. ჯერ გაზარდონ მიწოდება, რაც ეჭვი მეპარება, მოხერხდეს.

- რატომ, რა შეუშლის ხელს?

- ძალიან კარგად ვიცი შაჰ-დენიზის საბადოს მარაგები. თუ ათვისებაში ჩადებენ თანხებს, დაიწყებენ გაბურღვებს, მაშინ ცხადია, შესაძლებელი იქნება. ჯერჯერობით კი ბი-პის რა რეზერვებიც აქვს, ამის გაკეთება შეუძლებელია. საჭიროა დამატებითი ჭაბურღილები და თავად მიმღები ტერმინალის სიმძლავრის გაზრდა, საიდანაც გაზსადენში აირი ნაწილდება. ბევრი ტექნიკური საკითხია, რომელთა გადაწყვეტის გარეშე მოცულობის გაზრდა წარმოუდგენელი იქნება. არ ვიცი, უნდა თუ არა ამაში ბი-პის ინვესტიციის ჩადება, აზერბაიჯანი ჩადებს თუ კიდევ სხვა ვინმე, როგორ გადანაწილდება იქ წილები და ასე შემდეგ... ეს უკვე აზერბაიჯანის შიდა სამზარეულოა.

- სადენების ბი-პის დიდი წილი ხომ "სოკარმა" იყიდა?

- კი, მაგრამ ოპერატორი მაინც ბი-პია და უმისოდ ვერაფერი გაკეთდება.

- თუკი მოხერხდა გასატარებელი რესურსების, ვთქვათ, გაოთხმაგება, ჩვენ რა სარგებელს ვნახავთ?

- სწორედ ეს ვთქვი, რომ ოპციური გაზის რაოდენობა უნდა გაგვეზარდოს, უნდა მივიღოთ განსაზღვრული თანხა გატარებისთვის და ასე შემდეგ... ამასთან, საუბარია ბაქო-ჯეიჰანში მოცულობის გაზრდაზე, რაც გულისხმობს წნევის, უსაფრთხოების გაზრდასა და ბაქო-სუფსის გაზსადენის დატვირთვის გაზრდას, რაც ჩვენს ეკონომიკას გააძლიერებს. ტერმინალი ხომ შავ ზღვაშია, სუფსაში, და რადგან აქ არის, მოგების ლომის წილი საქართველოზე მოდის. დასაქმდება ხალხი, შემოვა გემები, გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, სუფსას მეორე სიცოცხლე მიეცემა. კიდევ ერთი რამ უნდა გაკეთებულიყო - ქართულ მხარეს აუცილებლად უნდა ელაპარაკა საქართველოში აზერბაიჯანთან ერთად ორი ქარხნის დაფუძნებაზე. ერთი იმუშავებს გაზის გადამუშავებაზე, და მეორე იქნება ნავთობგადამმუშავებელი. პირველი აწარმოებს საპოხ ზეთებს და ა.შ., მეორე კი ბენზინს, დიზელს, საწვავს...

- ამაზე ლაპარაკი როდის უნდა ყოფილიყო, ახლა თუ თავიდან, როდესაც ბაქო-ჯეიჰანი ამუშავდა?

- მაშინაც და ახლაც. ეს ჩემი იდეაა და სულ აქტუალურია. როცა ბიძინა ივანიშვილი იყო პრემიერი, ამაზე ლაპარაკი ჯერ კიდევ მაშინ იყო, მაგრამ ფაქტია, არაფერი გაკეთებულა.

- ბაქო-ჯეიჰანით ენერგორესურსების გატარების გაზრდა, ცხადია, რუსეთს არ აწყობს და ამიტომ მისგან უშუალოდ ბაქო-ჯეიჰანს საფრთხე არ ემუქრება? - დაივიწყეთ რა რუსეთი... აზერბაიჯანმა დაივიწყა უკვე და რაღა ჩვენ გვაშინებს? რუსეთი ჩამოწერი­ლია, რისი გამკეთებელია? მას უკვე აღარ აქვს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. - ენერგოსადენებზე დივერსია რომ მოაწყოს? რაც "ნორდსტრიმებზე" მოხდა, გამორიცხულია აქაც მოხდეს?

- რუსეთს თვითონ არ აუფეთქებია. გიჟია, თვითონ ააფეთქოს? როგორც იცით, უკრაინის გავლით რუსეთიდან ახლაც ხდება ნავთობისა და გაზის ექსპორტი. ამას არ ეხებიან და რაღა "ნორდსტრიმს" ააფეთქებდნენ. ოღონდ სადმე გაყიდოს და ამას იზამდა? რომ გაიძახიან, ჩინეთში გავყიდითო, გაზსადენების რუკას დახედეთ და ნახავთ, რომ ვერაფერსაც ვერ გაყიდის, რადგან ყაზახეთის გავლით შედის ჩინეთში, ყაზახეთი კი თავისი ნავთობით მშვენივრად ტვირთავს, სამი უზარმაზარი საბადო აქვს და ცხადია, თავისას გაატარებს. დაივიწყეთ რუსეთი. რუსეთმა თავისი თავი ჩიხში მოაქცია, გამომწყვდეულია, როგორც ნანგრევებში მოყოლილი კაცი.

- ალიევის საქართველოში მოულოდნელ ვიზიტს წინ უძღოდა ერდოღანის განცხადება, რომ თურქეთში რუსული გაზის ჰაბი შეიქმნება. ეს ორი საკითხი ერთმანეთს თუ უკავშირდება?

- რუსულ გაზის ჰაბს ვერ გააკეთებენ. რუსული გაზი "ცისფერი ნაკადია", რომელიც 15 მილიარდ კუბურ მეტრს ატარებს, სამხრეთ კავკასიის დერეფნის სიმძლავრე კი, ანუ აზერბაიჯანის ხაზს ვგულისხმობ, 3-4-ჯერ მეტია. ამიტომ თურქეთში ვერანაირი რუსული გაზის ჰაბი ვერ გაკეთდება, რაც უნდა განცხადებები აკეთონ. ისიც არა მგონია, ეს ნათქვამი ალიევს ან სხვას ვინმეს დიდად ადარდებდეს. განცხადებებს ვიღაცების ჯიბრით აკეთებენ, პოლიტიკური განცხადებებია და არა რეალურად ეკონომიკური.

- ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, უახლოესი თვეების განმავლობაში კავკასიაში რა პროცესებია მოსალოდნელი?

- მნიშვნელოვანი სტრატეგიული ცვლილებები არ უნდა იყოს. ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, როგორ განვითარდება საომარი მოქმედებები უკრაინაში და საბოლოოდ რა დაემართება რუსეთს. ჩემი აზრით, ამ ერთი თვის განმავლობაში რუსეთი უფრო დასუსტდება და მისი გავლენა კავკასიაში სულ უფრო შემცირდება. კიდევ ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზეც, თუ რა მოხდება საქართველოს მთავრობაში, რადგან ძალთა ის თანაფარდობა, რომელიც ახლა ჩვენს პოლიტიკურ სიბრიყვეში გვაქვს, სრულიად წარმოუდგენელია. ერთმანეთის დედის გინებით ცხოვრება არ შეიძლება. ეს სახელმწიფოს აზიანებს. ბოლოს და ბოლოს, ერი რაღაც პრინციპებით უნდა გაერთიანდეს. თუ დააკვირდებით, ოპოზიცია და ხელისუფლება ერთნაირია და მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება ხელისუფლებაში. ამიტომ ახალი ძალა გვჭირდება და ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ძალა მათ გაშველებაზე კი არ უნდა დახარჯონ, არამედ ახალი ფიგურის მონახვასა და გაძლიერებაზე.

- რამდენიმე დღის წინ პუტინმა განაცხადა, რომ მას ჯერ არ მიუღია "მარცვლეულის შეთანხმების" გაგრძელების გადაწყვეტილება. მის ამ განცხადებას მალევე მოჰყვა აფეთქება შავი ზღვის ფლოტში, რასაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ "ტერაქტები" უწოდა და მათი განხორციელება "ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით" უკრაინელებს დააბრალა. რამდენიმე საათში კი რუსულმა მედიამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ აფეთქების გამო, რუსეთი "მარცვლეულის შეთანხმებაში" მონაწილეობას წყვეტს. რას ნიშნავს პუტინის ეს გადაწყვეტილება და რა გავლენას მოახდენს პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე?

- რუსეთი ისე იქცევა, როგორც ბავშვები, რომლებიც მასწავლებელს სკამზე ჭიკარტს უდებდნენ. ეს ძალიან ინფანტილური მავნებლობაა, რომელიც ვერაფერს შეცვლის, ვერც ეკონომიკური თუ ხორბლის მომარაგებისა და ვერც პოლიტიკური თვალსაზრისით. ამით მხოლოდ საკუთარ თავს დააზიანებს. ხომ გეუბნებოდით, რომ რუსეთმა დაკარგა გავლენები და ახლა გადასულია იმაზე, რა გააფუჭოს. ეს განცხადება სწორედ ერთ-ერთი წვრილმანი მავნებლობაა.

რუსა მაჩაიძე