ცალყბად გაკეთებული საქმე, ანუ ვალდებულების შესრულება ქართულად - რუსა მაჩაიძის ბლოგი - კვირის პალიტრა

ცალყბად გაკეთებული საქმე, ანუ ვალდებულების შესრულება ქართულად - რუსა მაჩაიძის ბლოგი

17 ივნისს, როდესაც ევროკავშირმა საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი პირობა განსაზღვრა, დანარჩენ 11 პუნქტთან ერთად, მეოთხე პირობად წერია, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუკი "გააძლიერებს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობას და ეფექტიანად გამოიძიებს ელიტური კორუფციის შემთხვევებს. გააძლიერებს სპეციალურ საგამოძიებო და პირადი მონაცემების დაცვის სამსახურებს. უზრუნველყოფს მათ ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას".

ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ჯერ ერთმანეთი ლანძღეს, მოღალატეები უწოდეს და, როგორც იქნა, მხოლოდ თვე-ნახევრის შემდეგ, ხელისუფლებამ სამუშაო პროცესის დაწყება გამოაცხადა. ეს 4 აგვისტოს იყო. ანტიკორუფციულ საკითხზე მომუშავე ჯგუფმა პირველი შეხვედრა მხოლოდ 9 აგვისტოს გამართა, მეორე მალევე - 12 აგვისტოს, სადაც "დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნასა და უწყებებს შორის ეფექტიან კოორდინაციაზე იმსჯელეს", მესამე კი შემაჯამებელი აღმოჩნდა და "ეფექტიან კოორდინაციაზე მსჯელობის შემდეგ" მმართველმა გუნდმა 26 ოქტომბერს უკვე შემუშავებული კანონპროექტის ინიცირება დააანონსა.

როგორ მივიდა მმართველი გუნდი "ეფექტიან კოორდინაციაზე" მსჯელობიდან ეგრევე შემუშავებულ-შეთანხმებულ კანონპროექტის ინიცირებამდე, ძნელი სათქმელია, რადგან მმართველ გუნდს მედიისთვის და სამოქალაქო სექტორისთვის ამ სამ კინკილა შეხვედრაზე დასწრება აკრძალული ჰქონდა, თუ არ იყვნენ ჯგუფის წევრები, ჯგუფის წევრებმა კი თავი არ შეიწუხეს. ოპოზიციამ თავის მართლებისთვის "კარგი" მიზეზი მოიგონა - იმედი არა აქვთ, რომ ხელისუფლება რამეს გაითვალისწინებს და აზრი არა აქვს მათთან შეხვედრებში მონაწილეობას. არადა, რა ვიცით, რომ აზრი არა აქვს? მათთვის უფრო დამაჯერებელი დასაყვედრებელი არ იქნებოდა, ვიმუშავეთ, დავწერეთ, წარმოვადგინეთ, გაჩვენეთ, გეკამათეთ და მაინც არ გაითვალისწინეთო? ოპოზიციიდან ერთადერთი, ვინც სხდომებს ესწრებოდა, გახარიას პარტიის წევრი იყო, და ლოგიკურად, აზრი და შეფასება მხოლოდ მას მოეკითხება.

არასამთავრობო სექტორისთვის კი ხელისუფლებამ ისეთი ბარიერები შექმნა, რომ წესით, ევროკავშირს 12 პუნქტის შესრულების განხილვა და ანალიზი არც უნდა დასჭირდეს და რომ არა ევროპელების დახვეწილობა, პროცესის "დემოკრატიულობის" გათვალისწინებით, პირდაპირ ნაგავში მოისროდნენ და ტყუილად დროს არ დახარჯავდნენ.

მარტო დარჩენილმა ხელისუფლებამ კი რაც სურდა, ის გააკეთა. დამნახველი და შემფასებელიც არავინ ჰყავდა. საინტერესო კი ის არის, რომ ოხანაშვილმა ეს ინიციატივა ისე აღწერა, თითქოს "სამუშაო ჯგუფმა საქმიანობა წარმართა გამჭვირვალედ, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობით და ყველა რელევანტური აზრის მოსმენითა და ანალიზით". თავი დავანებოთ იმას, რომ სხდომაზე არავის უშვებდნენ და გასაიდუმლოებულად რაღაცაზე მსჯელობდნენ, ვინც უნდა დასწრებოდა, ის არ ესწრებოდა და ვისი რა აზრი გაითვალისწინეს, ძნელი სათქმელია. ეგეც არ იყოს, თუ ყველას აზრი გაითვალისწინეს, მაშინ მხოლოდ მმართველი გუნდის ინიციატივა რატომ არის?

მმართველმა გუნდმა, როგორც ოხანაშვილმა განაცხადა, წარმოადგინა შემდეგი სახის საკანონმდებლო ცვლილებები: 1. შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ანტიკორუფციული ბიურო, რომლის ამოცანა იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა; 2. ანტიკორუფციული ბიურო ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას; 3. ბიურო ასევე კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას; 4. ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. კერძოდ, ბიუროს ხელმძღვანელი წლიურ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, ხოლო პერიოდულ ანგარიშებს წარუდგენს უწყებათაშორის ანტიკორუფციულ საბჭოს; 5. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის კანდიდატურებს ღია კონკურსის საფუძველზე, გამჭვირვალე პროცედურების დაცვით, შეარჩევს სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით შექმნილი საკონკურსო კომისია და თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს და თანამდებობაზე დანიშნავს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს.

ფაქტია, ეს პრინციპები არც დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანოს შექმნას ემსახურება, და არც მისი ხელმძღვანელი იქნება დამოუკიდებელი, რადგან ძნელი წარმოსადგენია, პრემიერის დანიშნული პირი როგორ უნდა იყოს დამოუკიდებელი, ვინც უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი და რა პოლიტიკური ძალაც უნდა იყოს ხელისუფლებაში. რაც მთავარია, ორგანო, რომელიც მხოლოდ პოლიტიკური დოკუმენტების შემუშავებაში მიიღებს მონაწილეობას და წელიწადში ერთხელ წერილობით ანგარიშს წარუდგენს პარლამენტს, რომელსაც არც სავალდებულო აღსრულების ძალა ექნება და რაც მთავარია, არც გამოძიების ფუნქცია არ ექნება ამ რაღაც დამატებით რგოლს, როგორ უნდა შეძლოს ელიტური კორუფციის ფაქტების ეფექტიანად გამოძიება, რაც 12 პუნქტის ზემონახსენებ პირობაშია ჩადებული, თავი რომ დავანებოთ ამ მუხლის მეორე ნაწილს, რომელიც მმართველმა გუნდმა უბრალოდ "გაატარა". ბავშვობაში ერთი მოთხრობა მაქვს წაკითხული: ოჯახში წვეულებისთვის ემზადებიან, დედას არ უნდა დედამთილის დაპატიჟება, არადა, ბავშვი დაჟინებით ითხოვს. დედასაც მეტი გზა არ რჩება და შვილს გაგზავნის ბებიის დასაპატიჟებლად და თან გააფრთხილებს, იცოდე, ცალყბად უთხარიო. ბავშვი ვერ მიხვდება და ბებიას ყბამოქცეული ეუბნება, რომ სტუმრად მივიდეს. ბებია შვილიშვილს ეკითხება, შვილო, ყბაზე რა მოგივიდაო და, ბავშვიც გულუბრყვილოდ პასუხობს, დედამ მითხრა, ცალყბად დაპატიჟეო. ჰოდა, ევროკავშირი ამ მოვალეობის მოხდის მიზნით დაწერილ კანონპროექტს რომ ნახავს, ან ხელისუფლება რას ეტყვის, ცალყბად დაწერილი რატომააო, ან ოპოზიცია რას მოიმიზეზებს, ამის საშუალება რატომ მივეცითო. მთელი პრობლემა კი ის არის, იმ საზოგადოებამ რა ვქნათ, რომელსაც ევროკავშირში გაწევრება გვინდა?