„იმ სამყაროში, სადაც მეგრელიშვილი ყოველდღიურად არის, ალბათ, ჩვენ ყველანი უნიჭოებად ვჩანვართ“ - კვირის პალიტრა

„იმ სამყაროში, სადაც მეგრელიშვილი ყოველდღიურად არის, ალბათ, ჩვენ ყველანი უნიჭოებად ვჩანვართ“

"ერთ პარტიად ჩამოყალიბებას არ ვაპირებთ, საერთო სამოქმედო გეგმაზე შევთანხმდით სამი პოლიტიკური ძალა", - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მას შემდეგ, რაც მისი პარტიის, ასევე "გირჩი" - მეტი თავისუფლებისა" და ელენე ხოშტარიას "დროას" გაერთიანების ამბავს კრიტიკული­ გამოხმაურება მოჰყვა. მისი თქმით, პროევროპელთა ერთობა მნიშვნელოვანია და კარი ღიაა ყველა პროევროპელისთვის.

როგორია მათი საერთო ინტერესები, მართლა "ნაცმოძრაობის" დაშლაზეა თუ არა გათვლილი მათი გეგმა და როგორ აფასებენ საკუთარ შესაძლებლობებს, ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე გვესაუბრება.

- თავდაპირველად "ოცნებას" გამოვეხმაურები და ვიტყვი, რომ ძალიან არიან შეშინებული. როგორც კი ოპოზიციურ ფლანგზე ერთიანობის ნიშნები დაინახეს, მაშინვე თავდასხმაზე გადავიდნენ. იციან, ჩვენი გაერთიანების შემთხვევაში უპირობო მარცხისთვის არიან განწირული და ამიტომ­ იქცევიან ასე. რაც შეეხება გაერთი­ანებას, ჩვენ ხომ არ გვითქვამს, რომ ეს საბოლოო გაერთიანებაა? წესით, ჩვენზე თავდასხმა კარგი მაჩვენებელი უნდა იყოს იმ პროევროპული პარტიებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ ფიქრობენ შემოერთებაზე.­

- ხელისუფლება ამბობს, რომ 3, 2 და ერთპროცენტიანი პარტიების გაერთიანებაში საფრთხეს ვერ ხედავს.­ თავად თუ გაქვთ შეფასებული საკუთარი შესაძლებლობები?

- აბა, რას იტყვიან? გულახდილად გეტყვით - ამ გადაწყვეტილებამდე კვლევები ჩავატარეთ. ამ გაერთიანების სასტარტო მხარდაჭერა 10%-ს შეადგენს. ხალხი ელოდება გაერთიანებას, ძალას და არა გათითოკაცებას. თუ არ გჯერათ, გავიდეთ ქუჩაში და ერთად გამოვკითხოთ მოქალაქეები.

- თავის მხრივ, "ნაციონალები" ამბობენ, რომ თქვენთან საერთო იდეის გამო ითანამშრომლებენ, მაგრამ საერთო სიებსა და ტექნიკურ საკითხებს არ განიხილავენ.

- "ნაციონალურ მოძრაობაში" ჯერ კიდევ ფიქრობენ ამ საკითხზე.

- "ლელოს" პოზიციის შესახებ რა იცით?

- ისინიც ფიქრობენ. იფიქრონ, არც გვეჩქარება, პროცესი ბუნებრივი უნდა იყოს. კულუარებში არ უნდა მოხდეს გაერთიანება, იმიტომ, რომ კულუარებში გარიგებებს მარტივად არღვევს ხან ერთი, ხან მეორე მხარე. ყველაფერი საჯაროდ უნდა მოხდეს. არც ჩვენ, სამნი ვაპირებთ ერთ პარტიად ჩამოყალიბებას, უბრალოდ, საერთო სამოქმედო გეგმაზე შევთანხმდით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, სამშობლოს გადასარჩენად საერთო გეგმა შევიმუშავეთ. ეს არის სიღრმისეული მუშაობა ქვეყნის შიგნით და გარეთ. ჩვენი ამოცანაა ყველა პროევროპელი დავდგეთ ერთად, პრორუსები კი, რომლებიც უმცირესობაში არიან, რეალურ უმცირესობაში გადავიყვანოთ. ჩვენთვის ამ პლატფორმაზე ყველა პროევროპელისთვის, როგორც პარტიისთვის, უპარტიოებისთვის, ასევე სხვა ტიპის ორგანიზაციისთვის კარი ღიაა. პროევროპელთა დიდ ერთობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რათა მიტაცებული სახელმწიფო დავუბრუნოთ პროევროპელ ქართველ ხალხს. იმედია, ეს წრე გაფართოვდება, არაპარტიულებიც შემოვლენ, რადგან ეს არის გზა ქართველი ხალხის გამარჯვებისკენ. ვიწროპარტიული ინტერესები უნდა გადაიდოს, რადგან დღეს სხვა ვითარებაა - ან რუსეთი, ან ევროპა.­ ვინც რუსეთისკენ მიდის, ძალაუფლებას უნდა ჩამოვაშოროთ.

- "გირჩის" დეპუტატები მიიჩნევენ, რომ თქვენ გათვლა "ნაცმოძრაობის" დაშლასა და მათი ელექტორატის მიმხრობაზე გაქვთ.

- ოპოზიციის ზოგიერთმა ჯგუფმა ოპოზიციის ოპოზიციონერობა დაისახა მიზნად. ასეთი ჯგუფები ოპოზიციას არ წარმოადგენენ, ისინი ნებსით თუ უნებლიეთ "ოცნების" მხარეს მოთამაშეები არიან. რაც შეეხება მეგრელიშვილს, იმ სამყაროში, სადაც ის ყოველდღიურად არის, ალბათ, ჩვენ ყველანი უნიჭოებად ვჩანვართ. მათდა სამწუხაროდ და ჩვენდა საბედნიეროდ, ის სამყარო, სადაც მეგრელიშვილი და სხვა "გირჩები" არიან, მნიშვნელოვნად განსხვავდება რეალობისგან. უბრალოდ, მათი საუბარი ხშირად არაადეკვატურია.

- აპირებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დაშლის შემთხვევაში მისი ნიშა დაიკავოთ?

- ჩვენ ვეცდებით რაც შეიძლება მეტი ადამიანის მხარდაჭერა მოვიპოვოთ. ვინ ვის ნიშას დაიკავებს, ხალხი გადაწყვეტს.

- ცოტა ხნის წინ ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად საუბრობდნენ ხოშტარიას რუსული ფულით დაფინანსების შესახებ. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს საკითხი ხალხის ნდობის მოპოვებაში ვერ დაგეხმარებათ?

- დარწმუნებული ვარ, რომ ელენე ხოშტარია გულწრფელად მედასავლეთეა. ეს მის ყველა ნაბიჯსა და ქმედებაში ჩანს. ასეთი შავი პიარი კიდევ ბევრი იქნება, მაგრამ გავუძლებთ. რაც ჩემზე შავი პიარი ააგორეს და რაც ვიდეოები გაავრცელეს, ხალხი რომ ყველაფერს იჯერებდეს...

- რა არის თქვენი შეხედულებით პროდასავლური და რა პრორუსული?

- პროდასავლური არის დემოკრატიული რეფორმების გატარება, კანდიდატის სტატუსის მიღება და სტრატეგიულ პარტნიორებთან თანხვედრა. პრორუსულია დემოკრატიაზე, სამართლიან სასამართლოსა და დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებზე უარის თქმა. ასევე პრორუსულია პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება, ამერიკელ და ევროპელ ელჩებზე თავდასხმა და სტრატეგიული პარტნიორების დადანაშაულება იმაში, რომ ჩვენი ომში ჩათრევა სურთ. პრორუსი ხარ, როდესაც ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ არ მიიღო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი. "ოცნების" გადადგმული თუ გადაუდგმელი ნაბიჯების შედეგად უკვე უკიდურესად დაბალი ალბათობაა იმისა, რომ მომავალი წლის ბოლოს საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი­ მიიღოს. 19-21 ოქტომბერს ბრიუსელში ვიზიტის დროს ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გვქონდა როგორც ევროპელ პოლიტიკოსებთან, ასევე ევროკომისიის იმ მაღალჩინოსნებთან, რომლებიც უშუალოდ საქართველოსა და ჩვენი რეგიონის საკითხებზე მუშაობენ, მათ შორის ჩართული არიან საქართველოსთვის დადგენილი 12-პუნქტიანი ჩამონათვალის შედგენა-მონიტორინგისა და შესრულების შეფასების პროცესში. ეს ხალხი მიიჩნევს, რომ საქართველოს ყველა წინა პირობა ჰქონდა იმისათვის, რომ 2022 წლის ივნისში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიეღო უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, თუმცა "ქართულმა ოცნებამ" შანსი ხელიდან გაუშვა. დღეს საქართველოს ხელისუფლებაში მოკალათებული არიან პროევროპულობის საფარქვეშ მოქმედი პრორუსები. შესაბამისად, სურათი გაცილებით მძიმეა, იმიტომ, რომ საჯაროდ არ აღიარებენ თავიანთ არჩევანს. მომავალ კვირაში ისეთ ამბებს გავასაჯაროებთ, რომ გაოცდებით. საზოგადოება გაიგებს ყველაფერს იმ გეოპოლიტიკური პროექტების შესახებ, რომლებზეც "ქართულმა ოცნებამ" უარი განაცხადა რუსეთის სასარგებლოდ.

ხათუნა ბახტურიძე