"გავიგეთ, რომ ყველა ოპოზიციურ ძალას ხელისუფლების შეცვლა უნდა, მაგრამ ვერ გავიგეთ, ოპოზიცია ერთმანეთისგან რით განსხვავდება“ - კვირის პალიტრა

"გავიგეთ, რომ ყველა ოპოზიციურ ძალას ხელისუფლების შეცვლა უნდა, მაგრამ ვერ გავიგეთ, ოპოზიცია ერთმანეთისგან რით განსხვავდება“

"ოპოზიციას ბევრი პრობლემა აქვს და ნაცვლად იმისა, გადაჭრაზე იფიქროს, გატკეპნილი გზით მიდის და ისევ ცხელ შემოდგომას გვპირდება. არადა, უკვე ძალიან აცივდა და როდისღა "დაცხება"? - ამბობს­ ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ოპოზიციაში დაწყებულ ძვრებზე. საუბარია ელენე ხოშტარიას, ზურაბ-"გირჩი" ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის გაერთიანებაზე და ამ ფონზე ოპოზიციაში მოსალოდნელ დაჯგუფებებსა და მათ პერსპექტივებზე.

- ოპოზიციაში რაღაცები რომ დასარეგულირებელია, განვლილმა პერიოდმაც ცხადყო. არ შეიძლება ოპოზიცია ასე ქაოსურად მივიდეს არჩევნებამდე და ეს ადვილია მისახვედრია ანალიტიკოსების გარეშეც. არის ორი ძირითადი პარტია: "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა", რომელთაც 5%-იანი ბარიერის დაძლევის პრობლემა არა აქვთ, დანარჩენებს კი აქვთ. 2024 წელს არჩევნები სრულად პროპორციული იქნება, 5%-იანი ბარიერით. თუ წვრილი პოლიტი­კური ჯგუფები არ გადაჯგუფდნენ და არ ჩამოყალიბდნენ სერიოზულ ძალებად, ცხადია, ხმებს კი მიიღებენ, მაგრამ ეს იქნება­ დაკარგული ხმები, რადგან ყველა ხმა ნაწილდება ბარიერგადალახულ პარტიებზე შესაბა­მისი პროპორციით. ეს არის რეალობა, მეორე რეალობა კი ის გახლავთ, რომ ამომრჩეველი სამ კატეგორიად არის გაყოფილი: "ოცნების" ამომრჩეველი, "ნაცმოძრაობის" ამომრჩეველი და ამომრჩეველი, რომელსაც არც ერთი არ მოსწონს. შესაბამისად, სწორედ ამ ოპოზიციურ ამომრჩევლისთვის უნდა იმუშაონ. ოპოზიციის გაერთიანება "ნაცმოძრაობის" ირგვლივ ისევ "ოცნებას" აძლევს ხელს.­ ამ ხნის განმავლობაში "ნაცმოძრაობისა" და "ოცნების" დაპირისპირებაში ყოველთვის ეს უკანასკნელი იმარჯვებს. ლაპარაკი, გააყალბა არჩევნები და ა.შ., გასათვალისწინებელი არ არის, რადგან დღეს 2/3 არის ოპოზიციური ამომრჩეველი და თუკი ოპოზიცია ამ ხმების ათვისებას შეძლებს, "ქართული ოცნება" გაყალბებითაც კი ვერ მოიგებს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ამ მესამე ჯგუფის ამომრჩევლები წვრილმა პარტიებმა გადაინაწილონ ისე, რომ ხმები არ დაიკარგოს. ამისთვის კი გადამწყვეტი იქნება ისეთი პოლიტიკური ჯგუფების ჩამოყალიბება, რომელთათვისაც 5%-იანი ბარიერის გადალახვა პრობლემა არ იქნება.

- ჯაფარიძის, ხოშტარიასა და ვაშაძის გაერთიანება იქნება ასეთი ჯგუფი?

- თუ ეგ სამეული ამ ანალიზის საფუძველზე გაერთიანდა, შეიძლება ეს იყოს სიკეთის მომტანი. თუმცა ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავს. ასევე არიან სხვა პარტიებიც. მაგალითად, "ლელოს" დამოუკიდებლად მუშაობა სურს, მაგრამ ძალიან მეპარება ეჭვი 5%-იანი ბარიერი დასძლიოს. თუმცა არჩევნებამდე კიდევ ორი წელია და მომავალი წლის შემოდგომამდე შეიძლება პარტიებმა ცალ-ცალკე სცადონ გაძლიერება. ამისთვის მუშაობაა საჭირო, რათა საკუთარი ელექტორალური ბაზა მოიპოვონ. ეს ეხება "ლელოსაც" და სხვა პოლიტიკურ ძალებსაც.

- რამდენი ჯგუფის ჩამოყალიბება იქნება­ შესაძლებელი, რომ ანგარიშგასაწევ ძალად იქცნენ?

- შეიძლება ოპოზიცია, მაქსიმუმ, ორ ჯგუფად გაიყოს. აქ "ნაცმოძრაობას" არ ვგულისხმობ. მე წვრილი პარტიების გამსხვილების მომხრე ვარ, მაგრამ ისე გამსხვილების, რომ ახალი პოლიტიკური­ დღის წესრიგი შექმნან. თუ გამსხვილება მხოლოდ ანტურაჟი იქნება, შედეგს ვერ მოიტანს.

- ვინ ვისთან უნდა დაჯგუფდეს?

- ამაზე ახლა ლაპარაკი ძნელია. როდესაც ვამბობ, ერთი წელი აქვთ-მეთქი, იმასაც ვგულისხმობ, რომ ეს არის ვადა ჩამოსაყალიბებლად და სამუშაოდ. შესაბამისად, თუ ეს ერთი წელი ძველებურად გააგრძელეს, არაფერი გამოვა. პოლიტიკური პროცესი უნდა შექმნან. ლაპარაკი, რომ ივანიშვილი ოლიგარქია, "ოცნებამ" პროდასავლურ კურსს უღალატა და ასე შემდეგ, იმ შედეგის მომტანი იქნება, რაც აქამდე მიიღეს. შესაბამისად, დღეს ამ თემებზე ლაპარაკი ელექტორალურ ბაზას ვერ გაზრდის, გამორიცხულია. იმის ძახილი, კატასტროფის წინაშე ვდგავართო, ფუჭია. ჯერ ერთი, მთლად ასე არ არის. ახლა თუ ვერ მივიღეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ყველაფერი დამთავრდებაო, სასაცილოა, რადგან როგორც კი უკრაინის ომი დამთავრდება, კანდიდატის სტატუსსაც მივიღებთ და უფრო მეტსაც. ეს საკითხი შიდაპოლიტიკურ დისკუსიებს არის გაცდენილი და ამით აპელირება უშედეგო იქნება. ოპოზიცია უნდა მიხვდეს, რომ ის თემები, რითაც აქამდე მოვიდნენ, შედეგს არ მოიტანს.

- ამ სამეულს ახალი არაფერი უთქვამს,­ ისევ ქუჩის აქციებზე საუბრობენ. გაერთიანების ასეთი დაწყება იქონიებს გავლენას მათ შემდგომ ქმედებებზე თუ შესაძლებელია მოიფიქრონ ახალი რაღაც? ან თუ მისცემს საშუალებას, ოპოზიციის რაღაც ნაწილის ცენტრი გახდეს?

- პროცესი დაიწყეს და როგორ გააგრძელებენ, მათზეა დამოკიდებული. ისინი მხარდამჭერებს გაიჩენენ მაშინ, თუ დანარჩენი პარტიები შეხედავენ, რომ წინსვლა აქვთ, თუ დაინახავს საზოგადოება, რომ რაღაც ახალს სთავაზობენ, მაშინ პარტიებისთვისაც გახდებიან მიმზიდველი. მაგრამ, თუ ისევ ისე დარჩნენ, არც ელექტორალური მხარდაჭერა გაეზრდებათ, არც მიმზიდველობა ექნებათ და რატომ შეუერთდებიან, რა აზრი ექნება?

- "ლელოს" აქვს შანსი, რომ ოპოზიციის რაღაც ნაწილის ცენტრი გახდეს და აქამდე ეს რატომ ვერ მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე ამის ამბიციაც ჰქონდა და უფრო მეტისაც. რა შეცდომები დაუშვეს და ახლა გამოსწორება თუ შეუძლია?

- "ლელომ" თავიდანვე ის შეცდომა დაუშვა, რომ ჯერ გაიპრანჭა, რაღაც არასამთავრობო შექმნა, მერე რაღაც "მარშალის გეგმაზე" დაიწყო ლაპარაკი. ქართული რეალობა ქართული რეალობაა და საშუალოსტატისტიკურ ქართველს დაუწყო ლაპარაკი მარშალის გეგმაზე, შიგ რაც უნდა გეწეროს, არ შეიძლება, არ გაამართლებს. ეს ერთი და მეორე - თავიდანვე ცუდად დაიწყეს, ხაზარაძე და ჯაფარიძე პოლიტიკაში მოვიდნენ იმის გამო, რომ ანაკლია დაკარგეს. ეს კი ხელისუფლებამ ცუდად გამოიყენა და საზოგადოებას დააჯერა, რომ ქვეყნის და შენი ინტერესებისთვის კი არა, საკუთარი ინტერესებისთვის, საკუთარი ფულისთვის უნდათ მოსვლაო. მით უმეტეს, რომ ორივე ბანკირი იყო, რაც საზოგადოებაში არც ისეთ დადებით ემოციებს იწვევს. მიუხედავად ამისა, საპარლამენტო არჩევნებზე დიდი წარმატება ჰქონდათ, მაგრამ არჩევნების შემდგომ, ფაქტობრივად, "ნაცმოძრაობასთან" ერთად აღმოჩნდნენ და იმის თქმა, აქ იმიტომ ვართ, რომ არჩევნები გააყალბესო, არ მუშაობს. ამაში დაკარგეს ორი წელი და ახლა ყველაფერს თავიდან იწყებენ. ღმერთმა ქნას, წარმატებას მიაღწიონ, მაგრამ პოლიტიკა ასეთ რაღაცებს არ პატიობს. ამიტომ მათაც ძალიან მნიშვნელოვნად მოუწევთ გადახალისება. რაც მთავარია, "მარშალის გეგმაზე" კი არა, დღევანდელ საქართველოზე უნდა ილაპარაკონ. გარდა ამისა, ძალიან დიდი სისულელე იყო სიების ჩახსნა, არც ხაზარაძე არ უნდა წასულიყო პარლამენტიდან.

- როგორ ფიქრობთ, ოპოზიცია პარლამენტის ტრიბუნას სათანადოდ იყენებს?

- რა თქმა უნდა, არა. ამ 12-პუნქტიან გეგმაზე პერფორმანსებს კი არ უნდა მართავდნენ, სერიოზულ დებატებს უნდა მართავდნენ, ძალიან სერიოზული არგუმენტებით. აღარ დადგა დრო, ოპოზიციამ თავი დაანებოს რიგგარეშე არჩევნებზე ლაპარაკს და მომავალ არჩევნებზე იფიქროს? ფაქტობრივად, ერთი წელი დარჩა, 2024 უკვე საარჩევნო წელია და ესენი მომავალი წლის გატარებასაც რიგგარეშე არჩევნების ძახილში თუ აპირებენ, ამაზე უარეს შედეგს მიიღებენ. ამ ყველაფერს გაანალიზება და ძალიან სერიოზული ფიქრი სჭირდება. ამასთან, ოპოზიცია ძალიან მოზომილი უნდა იყოს. მე არ ვემხრობი იმას, რომ თითქოს ახლა ოპოზიციას ერთმანეთის კრიტიკის დრო არა აქვს. კრიტიკაზე ვამბობ და არა ლანძღვა-გინებაზე. ჯერ ერთი, სადისკუსიო არენა უნდა შექმნან. გავიგეთ, რომ ხელისუფლება არ მონაწილეობს, ისიც ვიცით, რომ ყველა ოპოზიციურ ძალას ხელისუფლების შეცვლა უნდა, მაგრამ ვერ გავიგეთ, ოპოზიცია ერთმანეთისგან რით განსხვავდება. ამიტომ არის დებატები აუცილებელი და იქნებ აქ გამოჩნდეს ის, თუ რა განასხვავებს­ მათ. ერთმანეთთან დებატებს­ ვგულისხმობ და მერე უფრო გასაგები იქნება, ვის რა უნდა და ვის რატომ უნდა დავუჭიროთ მხარი. ამას თუ გაიაზრებენ, გამოსავალიც მოიძებნება, მაგრამ თუ გააგრძელებენ იმის ძახილს, ივანიშვილს სანქციებს დაუწესებენ და დამთავრდება ყველაფერიო, არც არაფერი არ დამთავრდება და არც ივანიშვილი მოკვდება შიმშილით. ამან შეიძლება საზოგადოებაში ოპოზიციისთვის უკურეაქცია გამოიწვიოს. ამას დიდი მიხვედრა ხომ არ სჭირდება? ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ივანიშვილი, როგორც პოლიტიკური ფიგურა კი არა, პიროვნულად არის ვიღაცებისთვის მიუღებელი. თუ მე არ ვცდები და მართლა ასეა, მაშინ ამ ხალხმა პოლიტიკას თავი უნდა დაანებოს, რადგან ივანიშვილს შეიძლება ებრძოლო პოლიტიკურად, როგორც პოლიტიკოსს, და თუკი ის გაგიხარდება, მეხი დაეცემაო, არ გამოვა არაფერი. იმას მეხი არ დაეცემა და შენ დარჩები ასე, რაც ძალიან დიდი პრობლემაა პოლიტიკისთვის. ოპოზიციას ბევრი პრობლემა აქვს და ნაცვლად იმისა, გადაჭრაზე იფიქროს, გატკეპნილი გზით მიდის და ისევ ცხელ შემოდგომას გვპირდება. არადა, უკვე ძალიან აცივდა და როდისღა "დაცხება"?

რუსა მაჩაიძე