„ისეთი საოცარი თვითრეგულაციები აქვს ორგანიზმს, შეუძლებელია ადამიანი ათეისტი დარჩე“ - კვირის პალიტრა

„ისეთი საოცარი თვითრეგულაციები აქვს ორგანიზმს, შეუძლებელია ადამიანი ათეისტი დარჩე“

რადგან ძალიან პოპულარული და საინტერესოა სერიალები სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებზე, გადავწყვიტე რუბრიკა "პროფესიის" რესპონდენტად ამ პროფესიის წარმომადგენელი შემერჩია. გეგმა და ჩარჩოები არ გვქონია, არც ქრონოლოგიური სიზუსტე. მისი არჩევანით საუბარი ბირთვული აფეთქების თემით დავიწყეთ. გვამის კვეთა, ექსჰუმაცია, რწმენა... უამრავ საინტერესო თემას შევეხეთ. იცით, როგორი ინტერვიუ გამოვიდა? - გულწრფელი, მაგრამ მისტიკური, საშინელებათა ფილმის სიუჟეტებით.

მაია ნიკოლეიშვილი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი: - რადგან ახლა აქტუალურია ბირთვულ აფეთქებაზე საუბარი, ჩვენც ამ თემით დავიწყოთ. მინახავს ჩერნობილის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს დაავადებული ახალგაზრდა, საქართველოში შევხვდი. ლეიკოზი, უმძიმესი გართულებები ჰქონდა. ისე დავითრგუნე, არ ვიცოდი, რა მეთქვა. უფრო მძიმედ დაავადებულებიც მინახავს, მაგრამ ეს რაღაც სხვა იყო. ნაიარევი რომ დაგრჩება, ისე ვარ ადამიანთან ურთიერთობის შემდეგ. ექსპერტიზაზე მოვიდა, სახელმწიფო სტრუქტურების ყურადღება სჭირდებოდა... მერე აღარ შევხვედრივარ... როგორც ვიცი, საქართველოში კიდევ რამდენიმე ადამიანი იყო ასეთი.

ლეიკოზს დღეს მკურნალობენ, მაგრამ 100%-ით ვერა, საერთოდ რადიაციისა და ბირთვული რადიაციის თანმხლებია.

- დღეს ერთგვარი ბუმია თავდაცვის მიზნით იოდის პრეპარატების ყიდვის.

- კაცს რომ თავს სჭრიდნენ გილიოტინაზე და ფრთხილად, მეჭეჭი მაქვს კისერზეო, დაახლოებით ეგ არის იოდის პრეპარატები და ატომური ბომბის აფეთქება. ღმერთმა ნუ ქნას!

ჩერნობილში დღემდე არავინ ცხოვრობს.­ მკვდარი ზონაა, რადგან რადიაქტიური ნივთიერებების ნახევარდაშლა მუდმივად მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, საით წაიღებს ქარი რადიაქტიურ ნარჩენებს ან წვიმა სად ჩაიტანს. სხვათა შორის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადების აფეთქებას ამას უკავშირებენ.

- თქვენი პროფესიის წარმომადგენლისგან გამიგია, ათეისტიც რომ შეხვიდე სასექციოში, მორწმუნე გამოდიხარო.

- როგორც წესი, ჩვენ არ ვსაუბრობთ­ ამაზე... განათლებით თერაპევტი ვარ, შემდეგ სასამართლო მედიცინა შევისწავლე ლენინგრადში. ჩვენი პედაგოგი, ქალბატონი ელენე, გვეუბნებოდა, სასექციოდან რომ გამოხვალ, რაც იქ ნახე, ყველაფერი იქვე დატოვე, გარეთ არაფერი გამოიყოლოო. კარს რომ მიხურავ, აღფრთოვანდი ღრუბლით, ბალახით, ყვავილით... როცა მე და ჩემი კოლეგა მეგობარი ვსაუბრობთ, ჩნდ­ება ხოლმე მისტიკური საკითხები, არაფერს ვუმტკიცებთ ერთმანეთს, უბრალოდ, ვიცით, რომ ასეა. ეს პროფესიული თავისებურებაა, რომელმაც რწმენა მოგვიტანა. ჩემი სპეციალობაა გვამის გამოკვლევა­ და მიკროსკოპული კვლევა. თავის ტვინში­ რომ ჩაიხედავ და უჯრედებს ცნობ, იცი, რომელი მიდამოდან არის, აღიქვამ არა როგორც გაყინულს, არამედ შენთვის ეს მთელი სამყაროა, ნეირონების ტყე. ტვინში ყველა წერტილი რომელიღაც პროცესს მართავს. ადამიანის ორგანიზმს დაცვის უცნაური მექანიზმები აქვს, თუნდაც ადამიანის თავის ქალა ხომ საოცარი კონსტრუქციაა. თავის ქალა თაღოვანი კონსტრუქციაა, მასალათა გამძლეობაში ყველაზე გამძლე კონსტრუქცია კი თაღია. როცა თავის ქალა ტყდება, ზემოთ თავის ტვინის ნახევარსფეროებია, თავის ტვინი სოკოსავით არის და ყველაზე მნიშვნელოვანი, მისი ღერო, ჩამალულია ამ ნახევარსფეროებში. ნახევარსფეროები არის ახალი ტვინი - ინტელექტი, საუბარი, მოძრაობა და ასე შემდეგ, გულ-სისხლძარღვთა, სუნთქვის ცენტრები ამ სოკოს ფეხშია დამალული. წარმოიდგინეთ რამხელა დაცვა აქვს. თავის ქალის კონსტრუქცია საოცარია. მას რომ უყურებ, ხვდები, რომ ამ ყველაფერში შემოქმედის ხელი ურევია. ისეთი საოცარი თვითრეგულაციები აქვს ორგანიზმს, გადარჩენის ისეთი მექანიზმებია ჩადებული, როგორ შეიძლება ადამიანი ათეისტი დარჩე და არ თქვა, დიდება, უფალო, შენს სახელს.

დანაშაულის ფსიქოლოგიური პროფილი ყოველთვის მაინტერესებდა და დავიწყე შესწავლა. მაგალითად, პროფაილინგი არის გამოყენებითი დარგი - ტყუილის ამოცნობა, ტყუილის დეტექცია და ადამიანის ფსიქოტიპიდან გამომდინარე მისი მოსალოდნელი ქცევის გათვლა. ამ მიმართულებით არ ვმუშაობ, მაგრამ ძალიან საინტერესოა, მით უმეტეს, როცა იცი, სხეული როგორია და ახლა უნდა ნახო სული, ფსიქიკა. ეს 2 დარგი ერთმანეთს ავსებს, იქ თუ მატერიალურია, აქ - არამატერიალური.

არის შემთხვევა, როდესაც სასამართლოს სჭირდება დეტალები - რამდენიმე­ ადამიანმა მიაყენა დაზიანება დაზარალებულს, ან იარაღი გამოიყენეს. ზოგჯერ ამბობენ, ამდენი მოწმეა და ყველამ ერთი და იგივე თქვაო, შენ კი ნახულობ დაზიანების, ჭრილობის არხის მიმართულებას, მათი სიმაღლეები იცი, მოწმეები კი ამბობენ, ერთმანეთის ახლოს იდგნენო. არადა, არ ყოფილა ახლოს, ახლოდან გასროლის შემთხვევაში სულ სხვა მიმართულება ექნებოდა ჭრილობის არხს და პირდაპირ ამბობ, რომ ყველა ტყუის.

ხელჩართული ჩხუბის დროს ადამიანს ძალიან ნაკლებად ამახსოვრდება დეტალები. არადა, როგორც წესი, გამოძიება დეტალურად აღწერას ითხოვს: როგორ ეჭირა­ იარაღი, საით იყურე­ბოდა... ყოფილა შემთხვევა, კაცი დაჭრილა ჩხუბის დროს და ტკივილიც კი არ უგრძნია. მისი გონება ისეა მომართული ჩხუბის დროს, დეტალებს ვერ იმახსოვრებს. თუ სასამართლოში იტყვის, არ მახსოვსო, მაშინ მოწმეების სიტყვას უნდა ენდო. ამიტომაც დამნაშავე იძულებულია რაღაც გაიხსენოს, რაღაც კი ფანტაზიით შეავსოს. ამიტომაც ვამბობ ხოლმე, ეს ფანტაზიით შევსებულია, არ შეიძლება ახსოვდეს, ვინ ხელი ასწია, ვინ მოიქნია-მეთქი. გამორიცხულია თითოეულმა დაიმახსოვროს, ვინ რას აკეთებდა.

ჩვენი შრომა რთულია. ეს მავნე სპეციალობა როგორც სხეულისთვის, ისე ფსიქიკისთვის. კომუნისტებს ეს გათვლილი ჰქონდათ და სხვა ექიმებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალი ხელფასი და უფასო რძეც კი გვეძლეოდა. გათვალისწინებული იყო, რომ გაკვეთისას შეიძლება იყოს სხვადასხვა მავნე აგენტი, ვირუსი, ჰეპატიტი, ხელის გაჭრას ათასი გართულება შეიძლება მოჰყვეს. ამიტომ ურიგდებოდათ სპირტი ცხვირ-ხახაში გამოსავლებად.

ბედნიერებაა, რომ მივაღწიე საქართველოში დამოუკიდებელი ექსპერტიზის დაკანონებას. პოსტსაბჭოთა სივრცეში ეს პირველი პრეცედენტი იყო.

- როგორ იგებთ კაცმა თავი ჩამოიხრჩო, ჩამოახრჩვეს თუ შემთხვევითობა იყო?

- ამას კომპლექსური მიდგომა სჭირდება, მხოლოდ გვამის გაკვეთით ვერაფრით გაიგებ. შეიძლება გაიგო სიცოცხლის დროინდელია ღარი თუ სიკვდილის შემდგომი. თუ სიკვდილის შემდგომია, გასაგებია, რომ იქ სხვა რაღაც მოხდა და მერე ჩამოკიდეს უკვე მკვდარი. თუ სიცოცხლის დროინდელია, შემთხვევის ადგილი უნდა დათვალიერდეს, რა სიმაღლეზე იყო ჩამოკიდებული, რითი, როგორი მარყუჟი იყო, არის თუ არა მარყუჟზე კანის კვალი დარჩენილი ან მარყუჟისა კანზე. მახსოვს, კაცი ნახეს აგარაკზე ჩამომხრჩვალი. მე ექსპერტიზაში ვმონაწილეობდი. ყურადღება იმან მიიქცია, რომ ყულფზე აღმავალი კვანძებიც იყო და ჰორიზონტალურიც. ამით ვერაფერს იტყვი. შემთხვევის ადგილი უნდა გვენახა. ის პერიოდია, როცა დენის პრობლემა იყო. მანახეს, კაცი საიდანაც ჩამოხსნეს... იქ, იმ ადგილას ჩამოკიდებული, აუცილებლად აღმავალი უნდა ყოფილიყო ყულფი. შემდეგ შევედით სასადილო ოთახში და ფარნის შუქზე ვხედავთ ნაფეხურებს, კვალი ვნახეთ სკამზეც. ზედ მტვერი ედო და როცა ქვემოთ ფეხებს ახახუნებს ადამიანი, ისეთი კვალი ჩანდა. გარდაცვლილის თითის ანაბეჭდებიც აღმოაჩინეს მაგიდაზე. ფანჯარა ღია იყო, ნაფეხურიც ჩანდა, ესე იგი, ვიღაც ფანჯრიდან გადავიდა.

- ჰორიზონტალურმა კვალმა რა თქვა?

- მოახრჩვეს, შემდეგ ჩამოკიდეს. გამოძიებამ ზუსტად ეს ვერსია დასვა.

- ყოფილა შემთხვევა, როცა თქვენი ჩარევით ვიღაცას სასჯელი ასცდა ან შეუმსუბუქდა?

- მაგალითად, გამარ­თლდა გ.გ. სამარტოო საკანში იყო და ურთულესი დღეები­ გადაიტანა, მაგრამ წუთით არ შეუწყვეტია ბრძოლა. წლების მერე აპელაციაში განიხილეს მისი საქმე და 17 წელზე ჩამოიყვანეს სამუდამო პატიმრობა. ამის შემდეგ ადვოკატმა მომიტანა მისი საქმე. წავიკითხე და 2 ძლიერი მომენტი ვნახე და დავიწყე მუშაობა, 5 თვე მოვანდომე. დამჭირდა მონოგრაფიები, საკანდიდატო-სადოქტორო დისერტაციები. როგორც წესი, "მაკაროვზე" მხოლოდ რუსული ლიტერატურა იყო. 60 წყარო მქონდა, დავამუშავე და დასკვნა რომ დავწერე, გამართლდა. "თელასის" დირექტორის მკვლელობის საქმეზეა საუბარი. გ.გ-ს და ა.ჩ-ს მკვლელობა ჰბრალდებოდათ და ორივე გამართლდა. ა.ჩ-მ დამირეკა და მითხრა, რამხელა რამეა, რომ გავმართლდი, განა უბრალოდ გამოვედი ციხიდანო.

- როგორ გახდით სამედიცინო ექსპერტი?

- გვამის გაკვეთა როგორ უნდა მოგწონდეს, თუ ჯანსაღი ფსიქიკა გაქვს. სამედიცინოზე ჩავაბარე, ქირურგობა მინდოდა. მაშინ გოგონების განაწილება ქირურგიაში ძალიან რთული იყო. მერე წავედი ლენინგრადის სამხედრო-საველე აკადემიაში და იქ შემომთავაზეს ონკოქირურგობა. იმ დროს "სასწრაფოზე" ვმუშაობდი.­ დავფიქრდი, საქართველოში რომ ჩავალ, 5 წელი "ზაჟიმები" უნდა მეჭიროს, მერე 5 წელი ძაფებს შემაკვრევინებენ, როდის დავდგები ფეხზე-მეთქი. უკვე მიწევდა ექსპერტიზაში მისვლა, იქ გავიცანი ამ დარგის ხალხი. ამ ადამიანებთან ურთიერთობამ დამაფიქრა, განყოფილების გამგეს ვუთხარი, ძალიან მაინტერესებს-მეთქი. მითხრეს, იარე, დააკვირდი და მერე ვილაპარაკოთო. 6 თვის მერე მიმიღეს. ისე გამოვიდა, იმაზე ბევრად რთული პროფესია ავირჩიე, ვიდრე ქირურგობაა და, ალბათ, ყველაზე რთულად მისაღები ქალისთვის.

- ყველაზე რთულად რა გახსენდებათ?

- თბილისის ომი... მაშინ თბილისში ვმუშაობდი ექსპერტიზის ბიუროში.

საშინელება იყო აფხაზეთიდან ჩამოსვენებული ახალგაზრდების ნახვა. გვეტყოდნენ, ახლა ეშელონი ჩამოდისო. წარმოიდგინეთ, ღამეა, მივდივარ სასექციოში, უნდა გამოვიკვლიო, ვნახო, რა ნივთები აქვთ. ზოგს ჯიბესთან ხელს მოჰკიდებ, რაღაც მეტალისაა, მრგვალი, და ხვდები, რომ ხელყუმბარაა... ეს იყო ყველაზე საშინელი სანახავი, რაც კი მინახავს - ადგილი არ იყო და დახოცილი ბიჭები იატაკზე იწვნენ, ჩვენ კი დავდიოდით მათ ცხედრებს შორის. სანამ წაასვენებდნენ, ეს შიშველი ბიჭები ერთმანეთზე ეწყვნენ. ღმერთო, მაპატიე, ფქვილის ტომრები რომ გინახავს, ისე აწყობდნენ ხოლმე ჰორიზონტალურად და მერე ზემოდან, რამდენიმე სართულად...

- ექსჰუმაციაზეც გიმუშავიათ?

- კი, რასაკვირველია. ერთხელ ავარიაში მანქანაში მჯდომთაგან 1 ბიჭი დაიღუპა. საჭესთან გარდაცვლილი გადასვეს. ოჯახმა ექსჰუმაცია მოითხოვა. ამბობდნენ, დარწმუნებული ვართ, ჩვენი ბიჭი არ იჯდა საჭესთან და არ გვინდა მისმა შვილმა ატაროს ამხელა ცოდვაო. მეორე მანქანაში, რომელსაც შეეჯახნენ, მთელი ოჯახი ამოწყდა - ცოლ-ქმარი და 2 შვილი. ექსჰუმაციის შემდეგ დავადგინე, რომ ის ბიჭი მძღოლის მარჯვნივ იჯდა და არა საჭესთან.

- როგორ მიხვდით?

- ძვლების მიხედვით. ავტოავარიის დროს ვინ სად იჯდა, სხეულის დაზიანება და ძვლების მოტეხილობები პირდაპირ ამბობს. ჩემი პროფესია შეიძლება საინტერესო ჩანდეს, სინამდვილეში რთულია ადამიანისთვის, თუ შენი ფილოსოფია არ გამოიმუშავე, თუ არ ჩამოიყალიბე სიკვდილის მიმართ შენი დამოკიდებულება, გარდაცვლილთან დამოკიდებულება. ეს მიადვილებს მუშაობას.

- და სიკვდილთან დამოკიდებულება შეგეცვალათ?

- რა თქმა უნდა. თავიდან საინტერესო და იდუმალი იყო, ვკითხულობდი ტიბეტური სიკვდილის წიგნს, ეგვიპტურს... და რაღაც დამოკიდებულება გამიჩნდა. ერთხანს რა სარწმუნოებისაც უნდა ყოფილიყო გვამი, მე პირჯვარს გადავწერდი. ის, რომ სული გარდაცვალების შემდეგ რაღაც გზას გადის და რომ არსებობს სულის უკვდავება, აბსოლუტურად მჯერა.

ერთი სისუსტე მაქვს - როდესაც ვუსმენ გულის ექოსკოპიას, ტირილს ვიწყებ. რამდენი გული მინახავს, ყოველთვის ყველა გაჩერებულია, მოძრავი გულის ხმა რომ მესმის, როგორ გადაისვრის სისხლძარღვებში სისხლს, ცრემლები მომდის. ამაზე ტკბილი ხმა, ამაზე დიდი მუსიკა არ არსებობს ჩემი სპეციალობის პატრონისთვის.

ერთი რაღაცაა - ადამიანები ვართ და შეცდომა ყველას მოგვივა, მთავარია, შეგნებულად არ ჩაიდინო. დაუწერელი კანონია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებისთვის - შეიძლება შეცდე, მაგრამ არა გაქვს უფლება გამოიგონო.