„არ გავიყინებით, გადავრჩებით!“ - კვირის პალიტრა

„არ გავიყინებით, გადავრჩებით!“

რამდენიმე კვირაა რუსეთი უკრაინის ქალაქებს რაკეტებითა და ირანული დრონებით ისევ უტევს. გამუდმებით ისმის საჰაერო განგაში, კიევსა და მის შემოგარენში, მოსახლეობას არა აქვს დენი და წყალი. ხელმძღვანელობა მოსახლეობას მოუწოდებს ელექტროენერგია ეკონომიურად გამოიყენონ. პრეზიდენტი ზელენსკი მედიასთან საუბარში ამბობს, რომ "დამდეგი ზამთარი უკრაინის ისტორიაში ყველაზე რთული იქნება".

იმ რამდენიმეთვიანი პაუზის განმავლობაში, როდესაც ფრონტის ხაზმა ქვეყნის სამხრეთით, ხერსონის ოლქისა და სხვა მიმართულებებით გადაინაცვლა, მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილი შინ დაბრუნდა, მუშაობას, სახლ-კარის მოვლას, დანგრეულის აღდგენას შეუდგა. ბოლო ხანებში კი ქვეყნიდან წამსვლელთა რაოდენობამ ისევ იმატა. მათ შორის არიან ისეთი ოჯახები, რომელთაც მცირეწლოვანი ბავშვები, მოხუცები და უნარშეზღუდული ახლობლები ჰყავთ. ხელისუფლება მათ ურჩევს შინ დაბრუნებისგან გაზაფხულამდე თავი შეიკავონ. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ქვეყანასა და ქალაქს არც ერთ ვითარებაში არ ტოვებენ - უკრაინელი (და არა მხოლოდ) ჟურნალისტები, ნებისმიერ სიტუაციაში ცდილობენ ინფორმაციის მოპოვებას, მართალია, სტანდარტების დაცვით, მაგრამ ხშირად ეს საკმარისი არ არის. როგორც ამბობენ, ახლა ქვეყანაში უსაფრთხო ადგილი არ არსებობს - რუსული რაკეტები და ირანული "შაჰიდები" ყველგან დაფრინავენ.

დამოუკიდებელი ჟურნალისტი ოლგა ნეკრასოვა ამბობს, რომ უკვე შეეჩვივნენ შუქის ჩაქრობასა და ინტერნეტის გათიშვას. როდესაც საჰაერო განგაში ირთვება და თავშესაფრებში ჩასვლა უწევთ, მათთვის ყველაზე რთულია ის მონაკვეთი, როდესაც ქალაქის მიწისზედა ნაწილი დაბომბვისგან ზანზარებს, მათ კი არ იციან ქუჩაში გასვლის შემდეგ რა დახვდებათ...

- ამ დროს დარტყმის ხმის სიახლოვის­ ან პირიქით, სიშორის მიხედვით ვცდილობთ­ გამოვიცნოთ, რომელი ობიექტი შეიძლება დაგვხვდეს განადგურებული. ძალიან გაგვახარა კადიროველების ბაზის დაბომბვამ, მაგრამ ვიცით, რომ პასუხისთვის მზად უნდა ვიყოთ. მხოლოდ ამიტომ კი არა, ნებისმიერი რამის გამო, რომ ვარსებობთ, რომ აქამდე ვერ შეგვაშინეს და ვერ გაგვტეხეს - ყველაფრის გამო უნდა ველოდოთ პასუხს. ამიტომაც ანადგურებს რუსეთი რაკეტებითა­ და ირანული დრონებით სამოქალაქო და ენერგოინფრასტრუქტურას, რაც ომის დანაშაულია. ამას საერთაშორისო პარტნიორებიც აღიარებენ, მაგრამ რუსეთს არ ანაღვლებს. მეტიც, ზამთარი კარს არის მომდგარი, ამასთან უკრაინა თავდაცვით საშუალებებს ელოდება, რათა რუსეთის იერიშები მოიგერიოს, ამისთვის კი ცა დაცული­ უნდა გვქონდეს. ამიტომაც ცდილობს კრემლი მანამდე ყველაფერი გაანადგუროს, რასაც მისწვდება. საქმე ის არის, რომ ყველაფრის აღდგენა სწრაფად ვერ ხერხდება. უშუქოდ და უწყლოდ დარჩენა ძალიან მძიმეა, ზამთარში განსაკუთრებით, რადგან­ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ცენტრალური გათბობის სისტემით თბება, რასაც­ წყალი და დენი სჭირდება. უკვე აცივდა,­ ღამე განსაკუთრებით ცივა და ხალხს უჭირს დენის დაზოგვა. მთელი ზამთარი წინ არის და თუ ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემები, რომლებიც ირანულ დრონებსაც ანეიტრალებენ, დროულად არ მივიღეთ, ძალიან გაგვიჭირდება. უკრაინის ზოგ რეგიონში ტემპერატურა ღამე მინუს 20-მდეც ეცემა.

ამიტომაც თადარიგს ვიჭერთ და ოქტომბერშივე ვზოგავთ დენს, რათა უკრაინის ელექტროსისტემა არ ჩამოიშალოს. ახლა ფუფუნების დრო არ არის. ხელისუფლება გვეუბნება, რომ ჩვენი სახელმწიფოს სტაბილურობა სწორედ ენერგეტიკაზე გადის, თუ ეს ვერ დალაგდა, მოსახლეობას ძალიან გაუჭირდება. ამიტომ გვიწევს დენის დაზოგვა, განსაკუთრებით დილა-საღამოს, მით უფრო, რომ ჩვენი ენერგოსადგურების 30% განადგურებულია. ვფიქრობ, მეტიც, რადგან ყოველდღე ვიგებთ ამა თუ იმ ენერგოობიექტის დაბომბვის ამბავს.

ჩვენი პროფესიის ადამიანებისთვის ოპერატიულობა მნიშვნელოვანია, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა კი ბევრ სირთულეს გვიქმნის. ამიტომ თადარიგს ვიჭერთ. გვაქვს კვების წყაროები, რომელთაც წინასწარ ვტენით და ტელეფონებს,­ ნოუთბუქებსა და ფოტოაპარატებს ვაერთებთ. ელექტროენერგიის დეფიციტი წყლის სისტემების გაჩერებასაც იწვევს. ამიტომაც„"უკრენ­ერგომ" მცოცავი გრაფიკი დააწესა.

ukraina2-1667123037.jpg

- საჰაერო განგაშის დროს ბომბსაფრებში მუშაობა უთუოდ ძნელი იქნება?

- ძნელია, მაგრამ უკვე ვისწავლეთ ომის პარალელურად ცხოვრება. შევეჩვიეთ საჰაერო განგაშის ხმას, რომლის დროსაც ჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაწესებულებები იხურება და უახლოეს მიწისქვეშა ბომბსაფრებში, სარდაფებსა და მეტროებში ჩავდივართ. პანიკა არ არის.

მოქალაქეები ჟურნალისტებს გვეკითხებიან, რა იქნება ხვალ, როდის დასრულდება­ ეს ჯოჯოხეთი და ამაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს. ჟურნალისტისთვის, განსაკუთრებით ომში, მნიშვნელოვანია გადამოწმებული ინფორმაცია, რადგან ამაზე ადამიანების სიცოცხლეა დამოკიდებული. ინფორმაციის მოპოვება საომარი მოქმედებების დროს გმირობის ტოლფასია. ომში პათეტიზმი შესაძლოა გამოუსწორებელ შეცდომად იქცეს. ამ მხრივ ძალიან სახიფათოა სოციალური ქსელები, სადაც უამრავი გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდება. როდესაც მარიუპოლში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა, იყვნენ ისეთები, ვინც რუს ჯარისკაცებთან სელფებს იღებდნენ და ინტერნეტში აქვეყნებდნენ მაშინ, როდესაც სწორედ იმ რუსებმა დაუბომბეს სახლები. იყო საპირისპირო შემთხვევები.მარიუპოლის თეატრში, რომელსაც 500-კილოგრამიანი ბომბები ჩამოყარეს, სარდაფში მყოფი ადამიანები ერთ ლიტრ წყალს ათად ანაწილებდნენ. უფროსები ბავშვებს ტანისამოსს აძლევდნენ, რომ სახეზე შემოეხვიათ და დაბომბვისას მტვრით არ გაგუდულიყვნენ. სარდაფში მუხლებამდე წყალი იყო, რომ არ გაყინულიყვნენ, საათობით კი არა, რამდენიმე დღის განმავლობაში ბეტონის­ ნანგრევებზე უწევდათ დგომა ან ჯდომა. მხოლოდ ის ებადათ, რითაც სახლიდან გამოვიდნენ, მაგრამ ტანსაცმელს იხდიდნენ და ბავშვებს­ აძლევდნენ. უამრავს ფილტვები გაეთიშა... რუსეთს სურს დავიღალოთ და წინააღმდეგობა შევწყვიტოთ, მაგრამ ეს არ მოხდება. თუ ეს რვა თვე გადავიტანეთ, უშუქობასა და უწყლობასაც გავუძლებთ, მიუხედავად იმისა, მართლა ძალიან ძნელია. მოსახლეობას მოტივაცია უნდა ჰქონდეს, უნდა იცოდეს, ვის ებრძვიან, როგორ გვებრძვის რუსეთი, ამისთვის კი მედიის სწორი მუშაობაა საჭირო, სწორი აქცენტებით. ამიტომაც არის უკრაინის ყველა ქალაქში, განსაკუთრებით კი ფრონტისპირა ადგილები ზონებად და სექტორებად დაყოფილი. იქ ყველას არ შეუძლია შესვლა ვითარების გასაშუქებლად. ყველა ინფორმაციის გავრცელება არ შეიძლება, შეიძლება ამით საკუთარ თავს და ქვეყანას შევუქმნათ საფრთხე.

რუსულ არმიას ერთადერთი უპირატესობა აქვს - რაოდენობა. ყოველდღე ათობით რუსი სამხედრო ტყვედ ბარდება უკრაინას, მაგრამ "საზარბაზნე ხორცის" თავმოყრას მაინც ახერხებენ, რომელსაც შეტევისთვის თუ არა, რამდენიმედღიანი თავდაცვისთვის გამოიყენებენ.

ომის დროს არის თემები, რომელთა განხილვა მხოლოდ სამხედრო მოქმედებების დასრულების შემდეგ არის მიზანშეწონილი. უკრაინის ომი უკვე ნახევარ წელზე­ მეტია მსოფლიოს მთავარი თემაა. ასეც უნდა იყოს, რადგან პატარა უკრაინა მსოფლიოს მთავარ მონსტრს ებრძვის.

ჩვენ ბევრ რამეს ვსწავლობთ უცხოელი ჟურნალისტებისგან. აქ არიან ისეთი გამოცდილი ჟურნალისტები, რომელთაც სირიის, ავღანეთის, უფრო ადრე კი ერაყისა და ლიბიის ომები აქვთ გაშუქებული. "იმოქმედე ცივი გონებით" - ეს მედიის დაუწერელი კანონია, მაგრამ როდესაც შენს ქვეყანაში უდანაშაულო ხალხის, უმწეო ბავშვების, ქალებისა და მოხუცების ცხედრების მათივე სახლების ნანგრევებიდან ამოყვანას უყურებ, ძნელია ცივი გონებით მოქმედება.

- ომში ყოველი დღე მძიმეა, მაგრამ, ალბათ, გაქვთ განსაკუთრებული ამბავი, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ.

- მე ვნახე "შაჰიდის" დრონებით დაბომბვის შედეგად დაღუპული ფეხმძიმე გოგონას ახლობლები. ისინი ჩამონგრეულ კორპუსთან, პირდაპირ გზის პირას ისხდნენ. ერთმანეთს უსიტყვოდ შეჰყურებდნენ. თითქოს თავადაც ვერ იჯერებდნენ, რომ ასეთი საშინელება შეიძლებოდა მომხდარიყო. უფრო ადრე შევხვდი 12 წლის მოზარდს, რომელმაც მიამბო, როგორ გადაარჩინა უკრაინელი ჯარისკაცის ორცხობილამ ის და მისიანები შიმშილით სიკვდილს ირპენის ბლოკადის დროს. ვნატრობდით, ზაფხული ყოფილიყო და მწერები მაინც გვეპოვა, რათა რაღაც გვეჭამაო. თურმე ჯგუფი მორიგეობდა. ერთ-ერთს რამდენიმე საათით ვითარების დაზვერვა ევალებოდა, თუ სადმე რუსები გამოჩნდებოდნენ, უნდა ენიშნებინა და დანარჩენები ნანგრევებში უნდა შემძვრალიყვნენ, რომ მტერს არ შეემჩნია. რუსები ზოგჯერ იქაურობას ამოწმებდნენ, თუმცა უმეტესად მათაც ეშინოდათ და გვერდს უვლიდნენ. ასე უპოვიათ ერთხელ უკრაინელი ჯარისკაცი. ბავშვები მივცვივდით, გვშია და საჭმელი ხომ არაფერი გაქვთო. მაშინვე გახსნა ჩანთა და ერთი შეკვრა ორცხობილა და ერთი ფილა შოკოლადი მიუცია, მეტი არაფერი მაქვს. 11-მა კაცმა თითო ცალი ორცხობილით და, ალბათ, ერთი ლუკმა შოკოლადით რამდენიმე დღე გადაიტანა. ღამით ყინულს ადნობდნენ და ერთი ჭიქიდან სვამდნენ. ის 12 წლის ბიჭი მთხოვდა, იქნებ როგორმე მაპოვნინოთ ის სამხედრო, მან გადაგვარჩინაო. ჯერჯერობით ვერ ვიპოვე. იმედია, ცოცხალია. წინასწარ მაბედნიერებს იმის წარმოდგენა, როდესაც გაიგებს, როგორ გადაარჩინა მისმა ტკბილეულმა სიკვდილს იმდენი ადამიანი.

სიკვდილთან, დაუნდობელ ტერორისტულ ქვეყანასთან ომში ვართ და გენერატორების, პლედებისა და სანთლების მომარაგება რა მოსატანია. არ გავიყინებით, გადავრჩებით!