"ერთი ნაპერწკალი გვინდა და ისევ უზარმაზარ ჭიაკოკონად ვიქცევით" - კვირის პალიტრა

"ერთი ნაპერწკალი გვინდა და ისევ უზარმაზარ ჭიაკოკონად ვიქცევით"

ეგუება თუ არა ადამიანი ომს, სტატისტიკად ქცეულ სიკვდილს და მისით გამოწვეულ ცვლილებებს, რომელსაც ყოველდღე ვადევნებთ თვალს; შეიცვალა თუ არა ქართველი საზოგადოება და როგორ - ამ თემებზე მწერალი ბექა ქურხული საუბრობს.

- რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური იცვლება მთელ მსოფლიოში. დროც საოცრად აჩქარდა, პირდაპირ ფიზიკურად თვალში საცემად და ხელშესახებად შეიცვალა კაცობრიობის ტემპორიტმი!.. იცვლება ფასეულობები, მიზნები, დამოკიდებულებები... წინსვლა და პროგრესი აუცილებელია, მაგრამ ასე დაჩქარებული და ლამის კოსმოსური სისწრაფით წინ გაფრიალება, მაინც მაშფოთებს... თავად საკმაოდ სულსწრაფი ვარ, მიყვარს სიჩქარე, მანქანაც კი სწრაფად დამყავს, მაგრამ ახლა მე არ ვმართავ მოვლენებს, არ ვზივარ საჭესთან, საკუთარ თავს ვენდობი, მაგრამ დღეს ვინც მართავს მსოფლიო პროცესებს, ისინი ჩემს ნდობას ნაკლებად იმსახურებენ. ამიტომ კაცობრიობის "ჭკუიდან შეშლა" და რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტური ცვლილებები მძაბავს. თუნდაც ფესვებიდან მოწყვეტა ან უბრალო ადამიანური ურთიერთობების თანამედროვე ტექნოლოგიებით შეცვლა. XX საუკუნე, მიუხედავად მეორე მსოფლიო ომის, რეპრესიების, უსასტიკესი საბჭოთა რეჟიმისა და არაერთი ლოკალური ტრაგედიისა თუ კონფლიქტისა გლობალური და ადამიანური თვალსაზრისით მაინც უფრო მყუდრო მგონია. ამიტომ ძალიან მომწონს ბატონი ლაშა თაბუკაშვილის ფრაზა, როდესაც მოვკვდები, XX საუკუნეში დამმარხეთო... მეც მაგ ჭკუაზე ვარ. ანდერძის პლაგიატობა არ გამიგია, მაგრამ ასე ვფიქრობ!..

ეჩვევა თუ არა ადამიანი ყველაფერს?! პასუხის გაცემა­ მიჭირს. ერთი მხრივ, ადამიანი უნიკალური გამძლეობითა და ცხოველური შეგუების უნარით გამოირჩევა - "უკრაინულ დღიურებში" ვწერდი, - "ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანიდან თეთრი დათვი რომ ტროპიკებში ჩამოიყვანო და პირიქით, ცენტრალური აფრიკიდან გორილა არქტიკაში აიყვანო, ორივე დაიღუპება, ადამიანი კი, ორივეგან გადასარევად გრძნობს თავს, არქტიკაშიც და ცხელ ჯუნგლებშიც". ასე ეგუება ადამიანი ომს, ბუნებრივ კატაკლიზმებს, პანდემიას, ბომბებს, მიწისძვრას, კორონას, ჭირს და უამრავ რამეს... თუმცა ვერ ეგუება და ვერასდროს შეეგუება სიკვდილს!.. უდანაშაულო ადამიანების გამეტებას, ქალების, ბავშვების, მოხუცების, მშვიდობიანი მოქალაქეების ულმობლად დახოცვას... მჯერა, ამხელა მსხვერპლი, ამდენი სისხლი არსად წავა. მის ჩამდენს აუცილებლად მოეკითხება.

- უკრაინაში ყოფნისას თქვით, რომ ომი მალე არ დასრულდება. ახლა რუსეთი ირანული­ დრონებით უტევს მოსახლეობას, ინფრასტრუქტურას, რათა ხალხი მორალურად გატეხოს.

- იანვრის ბოლოს ისევ ვგეგმავ წასვლას... უკრაინის ომი დე ფაქტო უკვე გადაიზარდა მესამე მსოფლიო ომში, რადგან­ რუსეთის მხარეს არიან ბელარუსი, სირია, ირანი, ჩრდილოეთი კორეა, ვენესუელა, ნიკარაგუა, უკრაინას კი ამერიკა, ნატოს ქვეყნები, საქართველო და მოლდოვა ჰყავს... ეს ყველაფერი მალე არ (ვერ) დასრულდება. პოლიტიკური და სამხედრო ასპექტების გამო უკანდასახევი არ დარჩათ. კომპრომი­სის გარეშე კი მოლაპარაკება­ შეუძლებელია - უკრაინა თავის ტერიტორიებს­ ვერ დათმობს და არც უნდა დათმოს. პუტინმა კი თუ ერთი ნაბიჯით დაიხია უკან, უახლოესი გარემოცვა, ნაზირ-ვეზირები, ნარიშკინები და მიშუტკინები, ღამით მძინარეს გაგუდავენ ბალიშით - ეს მონღოლური ურდოს სახანოს ტრადიცია და წესია...

beqa-1668501066.jpg

ვფიქრობ, ძალიან რთული, ხანგრძლივი­, სისხლისმღვრელი ომი იქნება, სადაც ერთ მთლიან ფრონტის ხაზად ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანა - უკრაინა იქცა. შარშან­ ამ დროს ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ევროპის შუაგულში ამ მასშტაბის ომი დაიწყებოდა, ჩაბნელებულ კიევს, ლვოვს, დნიპროს, ხარკოვს საჰაერო განგაშის ხმა შეძრავდა და ბომბების წვიმა დაატყდებოდა­ თავს. გზა, რომელიც ჩვენ გავიარეთ, ლვოვი, კიევი, დნიპრო, ზაპოროჟიე, ტრაგიკულად ცნობილი ირპენის ჩათვლით, თითქმის ყოველდღე იბომბებოდა. ლვოვს კასპიის ზღვიდან, თითქმის 5000 კილომეტრიდან ბომბავდნენ "ისკანდერებით". ირანული დრონები კი არა, ბირთვული იარაღის, ატომური ბომბის გამოყენებაზე დაიწყეს ლაპარაკი. შეიშალა მსოფლიო, აბა, რა?!..

ჩემი ნათესავები ცხოვრობენ ლვოვსა და დნიპ­როში. ლვოვში, კიევსა და დნიპროში მეგობრები მყავს.­ საბრძოლო მოტივაცია კი არა, რაღაცნაირად ტრაგი­კულად საზეიმო გაწყობაც კი აქვთ. ასე ხდება, როდესაც ერი ან სახელმწიფო თავის სიმართლეში დარწმუნებულია და იცის, აბსოლუტურ ბოროტებას ებრძვის რუსეთის იმპერიის სახით. ჩემს მეგობრებს და ნათესა­ვებს: ლევან ქურხულს, ნატალია ტროხიმს, ლილია ორლანსკაიას, ვალერი სერგეევს, ვადიმ გეფტერს, პრესვიტერ ვოლოდიმირ კოშკინს, დმიტრი დოლგოვსა და სხვებს ერთხელაც არ დაუწუწუნიათ. არავინ შემხვედრია, ვინც უკრაინის გამარჯვებაში დარწმუნებული არ ყოფილიყოს.

- უკრაინის განცხადებამ დამოუკიდებელი­ იჩქერიისა და ჩეჩენი ხალხის გენოციდის შესახებ შესაძლოა ჩრდილოეთ კავკასიაში, 30 წლის შემდეგ, თავისუფლების წყურვილი ახალი­ ძალით გააღვიძოს. რას ფიქრობენ თქვენი ჩრდილოკავკასიელი მეგობრები?

- უკრაინის რადის გადაწყვეტილება ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დამოუკიდებლობაზე, ჩეჩნეთის რუსეთის იმპერიის მიერ დროებით ოკუპირებულად აღიარებასა და ჩეჩენი ერის გენოციდზე მხოლოდ ჩეჩნეთისთვის კი არა, მთელი კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპისთვისაც ძალზე მნიშვნელოვანია. ეს თარიღი უახლეს ისტორიაში ბევრ რამეს შეცვლის, თუმცა ისტორიული სამართლიანობა მოითხოვს აუცილებლად გავიხსენოთ, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა პირველად, იურიდიულად სწორედ საქართველოს რესპუბლიკამ აღიარა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს. ამ საკანონმდებლო აქტის დედანი შემონახული და დამტკიცებულია როგორც ქართულ, ასევე რუსულ ენაზე. ის, რომ საქართველომ ჯერ კიდევ 30 წლის წინ ცნო ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა, აუცილებლად უნდა იცოდეს როგორც ქართველმა საზოგადოებამ, ასევე ჩრდილოკავკასიელმა მეზობლებმაც, მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ.

დაღესტნელები, ვაინახები (თანამედროვე­ ჩეჩენ-ინგუშები, ოსები და ჩერქეზები) - ეს ერები რუსეთმა ბოლო ორი საუკუნეა დაიმონა და ჩვენს წინააღმდეგ პლაცდარმად იყენებდა. ამის დასტურია რუსეთ-საქართველოს აფხაზეთის ომში ყაბარდოელებისა და ჩეჩნების, ცხინვალის ომში კი ოსების მონაწილეობა. რუსეთის იმპერიამ რომის იმპერიიდან ზუსტად მხოლოდ "დაყავი და იბატონეს" მაგალითი გადმოიღო და დღემდე აქტიურად იყენებს. ინგუშებისა და ოსების სისხლიანი შეტაკებებიც ამის დასტურია, გროზნოს აღებისას კი მშვიდობიან მოსახლეობას ოსური "ომონი" და დაღესტნის მილიცია მიუქსიეს. თავად ჩეჩნებსა და ინგუშებს შორის კონფლიქტიც, რომელიც ლუბიანკიდან არის პროვოცირებული და როგორც ლინგვისტურად, ასევე ისტორიულ-ეთნიკურად მართლაც ერთი ერის სამკვდროდ გადაკიდებას ცდილობს.ჩუმი, მაგრამ მუქარით აღსავსე საიდუმლო საბრძოლო დევიზი: "გავარიატ ვ გორახ კავკაზა აპიატ ზაგარელის კოსტრი", ან თუნდაც ერთი პრეცედენტი ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისა რუსეთს თვალი­ს დახამხამებაში დაშლის. ისე, როგორც საბჭოთა კავშირის შემთხვევაში, ახლაც დომინოს პრინციპს გამოიწვევს მხოლოდ კავკასიაში კი არა, 5-მილიონიან გაზითა და ნავთობით სავსე სათათრეთშიც,­ რომელსაც­ უმოწყალოდ ძარც­ვავენ რუსი იმპერია­ლისტები და "მადლობის ნიშნად" დედა ენაზე საუბარსაც უკრძალავენ. რაც შეეხება თავად ჩეჩნეთ-ინგუშეთს, ეთნიკურად და ენობრივადაც მათზე ახლობელი არავინ გვყავს. აფხაზების მსგავსად, მათთანაც ბევრი საერთო გვარი და სიტყვა გვაქვს. თუ მსოფლიოში რომელიმე ერმა თავი გადადო დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის, მსხვერპლი გაიღო და სისხლი დაღვარა, დაიმსახურა თავისუფლება და თავისი სახლი დამოუკიდებელი სახელმწიფოს სახით, მათ შორის არიან ჩეჩენ-ინგუშები. მე მათ 1999 წლიდან, ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყებიდან ვიცნობ და ვმეგობრობ.­ კადიროვის ეპოქაშიც კი არ მინახავს არც ერთი ჩეჩენი თუ ინგუში, ქალი თუ კაცი, რომელსაც რუსის ხსენება სიამოვნებდეს... ჩეჩნეთ-ინგუშეთში, ისევე როგორც დაღესტანში, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა და ანტირუსული განწყობა არ მინავლებულა. ევროპაში ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დროებითი მთავრობა იმყოფება აჰმად ზაკაევის მეთაურობით, ჩეჩნეთის მესამე პრეზიდენტის, ასლან მასხადოვის შვილი, აბუბაქარ იანგულბაევი, იალას მუსა, თუმსო აბდურაჰმანოვი, მუსა ლომაევი და სხვები... მათ საკუთარი შეიარაღებული ძალებიც ჰყავთ - ჯოჰარ დუდაევის სახელობის ბატალიონი, შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონი, აქტიურად იბრძვის უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ. უკრაინის ომში მოხდა ის, რასაც ასე უფრთხოდა კრემლი - ქართველი და ჩეჩენი მებრძოლები ერთმანეთის გვერდით იბრძვიან, შეიქმნა ქართულ-ჩეჩნური გაერთიანებული "კავკასიური ლეგიონიც".

- თუკი ცვლილებები მართლაც დაიწყო­, საქართველო სად არის ამ ვითარებაში?..

- პანკისის ხეობაში პირველად 1999 წელს ჩავედი. მაშინ იქ და დანარჩენ საქართველოში მძიმე ვითარება იყო. ხანგოშვილების ოჯახი ყოველთვის ერთგულად­ იდგა საქართველოს, ქისტეთის სადარაჯოზე. ბატონი ხასო ხანგოშვილი წლებია პანკისის ხეობის ერთ-ერთი ღვაწლმოსილი უხუცესი და უდავო ავტორიტეტია. რამდენიმე თვის წინ მათ დიდი ტრაგედია დაატ­ყდათ - ხასოს ვაჟი ავარიას ემსხვერპლა. მამას კი სულიერი ძალა ეყო და უნებლიე მკვლელს ქართველებისა და ქისტების წინაშე მიუტევა და მისი ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება მოითხოვა. მედია, ქართულ-ჩეჩნური ურთიერთობის მსგავს­ ფაქტებს რატომღაც არასდროს აშუქებს... ჩეჩნები ამბობენ, რომ ჩრდილოეთ კავკასიისთვის მზე საქართველოდან ამოდის, მე მოკრძალებული ვიქნები: "ჩვენთვის, საქართველოსთვის და კავკასიისთვის, ისევე, როგორც მთელი კაცობრიობისთვის, მზე აღმოსავლეთიდან ამოდის და დასავლეთის, ანუ ევროპის გზას გვინათებს". თუმცა ის, რომ ჩვენი ადგილი­ და ფუნქცია გვაქვს როგორც კავკასიაში, ასევე ევროპაში, ეს უდავოა. ერთი ნაპერწკალი გვინდა და ისევ უზარმაზარ ჭიაკოკონად ვიქცევით.

ჯერჯერობით, ერთადერთი ერი ვართ კავკასიური მოდგმის ხალხთაგან, რომელსაც საერთაშორისოდ აღიარებული საკუთარი სახელმწიფო, დროშა, ჰიმნი და გერბი აქვს, რაც უზარმაზარ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. მსოფლიო საზოგადოებას და ხანდახან ჩვენც გვავიწყდება, რომ ქართველები, და საერთოდ, კავკასიელები, ძველ ებრაელებთან, ძველ ბერძნებსა და რომაელებთან ერთად ევროპის ერთ-ერთი დამაარსებელი ვართ. კოლხეთის სამეფოდან და ლეგენდარული ოქროს საწმისიდან ჩერქეზეთის, დაღესტნისა და ქისტეთის მთებამდე არცთუ ისე შორი იყო. დღესაც ძველი ელინისტური, ეტრუსკული, ლათინური და საერთოდ, ხმელთაშუა ზღვის კულტურის გავლენა გაცილებით მეტია­ (შევადაროთ თუნდაც ძველი ბერძნული და ძველი ქართულ-კავკასიური მითოლოგია-პრომეთე-ამირანი-აბრსკილი, ძველი წარმართული ღმერთების პანთეონი, ღვთისშვილები და სხვ.), ვიდრე თურქული, სპარსული ან რუსული. ასე რომ, ჩვენი ევროპაში ინტეგრაცია შეუქცევადი პროცესია და ამ დღესაც მოვესწრებით.