"ხვიჩას გამოჩენამდე, ჩემი იტალიელი კოლეგებისთვის ვიღაც ქართველი ჟურნალისტი ვიყავი“ - კვირის პალიტრა

"ხვიჩას გამოჩენამდე, ჩემი იტალიელი კოლეგებისთვის ვიღაც ქართველი ჟურნალისტი ვიყავი“

იტალიაში მცხოვრები სპორტული ჟურნალისტი სალომე ხარატიშვილის პუბლიკაციებსა და ვიდეოსიუჟეტებს ქართველი საზოგადოება უკვე კარგად იცნობს - მას შემდეგ, რაც "ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელია გამოჩნდა, ქართველი ჟურნალისტის პუბლიკაციები იტალიურ გუნდზე მუდმივი ინტერესის საგანია. კარიერა 90-იანი წლებიდან დაიწყო, შემდეგ კი სწავლა და მუშაობა იტალიაში გააგრძელა, სადაც თავის დასამკვიდრებლად ყოველდღიური ბრძოლა უწევდა. მისი თქმით, ხვიჩას გამოჩენის შემდეგ, როგორც სხვა ქართველი ემიგრანტებისთვის, მისთვისაც ბევრი რამ შეიცვალა.

- 11 წელია რომში ვცხოვრობ. ჩემი საოცნებო ქალაქი მილანი იყო, მაგრამ მისი კლიმატისა და სხვა ფაქტორების გამო ვერ შევეწყვე და იტალიის დედაქალაქი ვარჩიე. შორეულ იტალიაში სპორტის, კონკრეტულად, ფეხბურთის სიყვარულმა გადმომისროლა. სპორტის სიყვარული კი ოჯახიდან მომყვება, ჩემს სანათესავოში სამი მწვრთნელია და მეც მათ შორის ვარ - C კატეგორიის მწვრთნელის დიპლომი მაქვს. ჩვენს ოჯახში სპორტი ყოველთვის აქტუალური იყო - დედაჩემის ბიძა ადგილობრივი საფეხბურთო გუნდის მეკარე, შემდეგ კი ერთხანს მწვრთნელი იყო. კიდევ ერთი ნათესავი, დედის მხრიდან, ფეხბურთელია, 2013-14 წლებში თბილისის "დინამოს" მწვრთნელი იყო. ასე რომ, ფეხბურთის სამყაროში გავიზარდე.

2001 წელს იტალიური ფეხბურთის ინტერესი კახა კალაძემ გამიჩინა, "მილანმა" ფეხბურთის ყურება დამაწყებინა. მალე მივხვდი, რომ მხოლოდ ფეხბურთი კი არა, სპორტის ყველა სახეობა მაინტერესებდა. მაშინ 13 წლის ვიყავი. ტელევიზორშიც სულ რამდენიმე არხი იყო, მე კი გამუდმებით სპორტულ გადაცემებს ვეძებდი. 14-15 წლის ასაკში ზესტაფონში გამართულ სპორტულ პრესკონფერენციებს ვესწრებოდი. ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის პრესსამსახურის უფროსი ჩემი მეზობელი იყო და მისი პატივისცემით მიშვებდნენ. მატჩის შემდეგ კითხვებსაც ვსვამდი. თავიდან გაოცებული მიყურებდნენ, ეს ვინ არისო, შემდეგ შემეჩვივნენ. ჩემს გამოჩენაზე ერთმანეთს ისეთი სახით გადახედავდნენ, თითქოს ამბობდნენ, პატარაა, მიუშვიო...

sporti2-1667128465.jpg

ბავშვობაში გამომძიებლობაზე ვოცნებობდი, მაგრამ როდესაც პროფესიის არჩევის დრო დადგა, ვიფიქრე, სხვა სპეციალობა რომ ავირჩიო, ფეხბურთს ავცდები-მეთქი და არჩევანი ჟურნალისტიკაზე შევაჩერე. სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავირიცხე იმ იმედით, რომ შემდეგ სპორტულ ჟურნალისტიკაში გავიკვლევდი გზას.

ერთხელაც ადგილობრივ სპორტულ გაზეთს გადავაწყდი, რედაქციაში მივედი და ვუთხარი, სტატიებს დაგიწერთ, ანაზღაურება არ მინდა-მეთქი. ჩემი პირველი რესპონდენტი დედაჩემის ბიძა იყო, ზესტაფონის საფეხბურთო გუნდის ყოფილი მეკარე. ბაბუად მერგებოდა და როგორც შვილიშვილს, ისე მომიყვა რაღაცები თავის სპორტული კარიერიდან. ის ინტერვიუ დაიბეჭდა. შემდეგ "მილანი"-"ბაიერნის" მატჩზე დავწერე.

- იტალიაში როდის წახვედით?

- სტუდენტობის წლებში ვინმესთვის რომ მეთქვა, სპორტული ჟურნალისტობა მინდა და უცხოეთში უნდა წავიდე-მეთქი, აუცილებლად მიპასუხებდნენ, რა სისულელეს ამბობო, რადგან იმ წლებში მხოლოდ მდიდრების შვილები დადიოდნენ ევროპაში სასწავლებლად. შემდეგ რაღაცები შეიცვალა - 2011 წელს ქართველ ახალგაზრდებს ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში შეეძლოთ სასწავლებლად წასვლა. საელჩო ვიზას გაძლევდა და ამ პროცედურას ფული არ სჭირდებოდა. ასე მივედი იტალიის საელჩოში. პრობლემის გარეშე ჩამირტყეს ცხრათვიანი ვიზა და წავედი. მაგისტრატურა რომის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინფორმაციის, გამომცემლობისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე გავიარე. ჩემი საოცნებო ქალაქი მილანი იყო, მაგრამ რამდენჯერაც იქ დარჩენა ვცადე, ყოველთვის იმედგაცრუებული დავბრუნდი რომში, რადგან რომისგან განსხვავებით, სადაც ცხოვრება იაფი ნამდვილად არ არის, სულ წვიმდა, ან მოღრუბლული ამინდი იყო. აქ კი ძალიან თბილა, მზიანი ქალაქია.

პარალელურად, სპორტული ინტერნეტგამოცემებისთვის დავიწყე მუშაობა, თუმცა მალე დავანებე თავი, რადგან როგორც საქართველოში, სპორტულ გამოცემებს ფინანსურად აქაც ძალიან უჭირთ. აქაურ სპორტულ ჟურნალისტებსაც ძალიან დაბალი ანაზღაურება აქვთ. ყველა ჩემი იტალიელი კოლეგა, რომელიც "მოწამლულია" სპორტით, თვის ბოლოს სიმბოლურ ხელფასს იღებს, ამიტომ ყველას აქვს სხვა სამსახური, მაგრამ ამ საქმეს მაინც არ ეშვებიან. იტალიაში ჩამოყალიბდა ასეთი მიდგომა - ჩვენ ფეხბურთელებსა და ქომაგებს შორის მხოლოდ მედიატორები ვართ. გამუდმებით აკეთებენ აქცენტს იმაზე, რომ უფასოდ შევდივართ ამა თუ იმ თამაშზე. ვეკითხები, ფული რატომ უნდა გადავიხადო იმ საქმეში, რასაც ვემსახურები, მე ხომ თამაშს ვაშუქებ-მეთქი, თუმცა იმავე აზრზე არიან - პარაზიტებსაც კი გვეძახიან. არადა, მატჩის გაშუქება ძალიან ძნელია - მთელი დღე ვემზადები, გუნდების მოთამაშეებზე ვიღებ ინფორმაციას, შემდეგ თამაშს ვესწრები, მნიშვნელოვან ეპიზოდებს ვინიშნავ და არც ქომაგების ზეიმს ვტოვებ, მათ ემოციებს ვაკვირდები, რაც შეიძლება მთელი ღამე გაგრძელდეს, ეს კი ძალიან დამღლელია. დიდ დროსა და ენერგიას ვხარჯავ, მაგრამ მეორე დილით არ უნდა მეტყობოდეს, რომ ღამენათევი ვარ.

დაბალი ანაზღაურების გამო ჟურნალისტები ინტერესსა და მოტივაციას კარგავენ. მეც ასე ვიყავი და წერას თავი დავანებე. ახლა რომში ტელევიზია "ჩანალე 8-ს" კორესპონდენტი და "ნაპოლის" გუნდის თამაშებზე მიწვეული ჟურნალისტი ვარ. ეს ადვილი არ არის.

- ვიცი, რომ ქართულ გამოცემებთანაც თანამშრომლობთ.

- ამჟამად "ლელოსთვის" ვმუშაობ, მაგრამ მანამდე, დიდი ხნის განმავლობაში, არაერთი გამოცემისგან უარს ვიღებდი - იტალიურ სპორტზე "გუგლიდან" აღებული მასალით სტატიას თავად მოვამზადებთო, მპასუხობდნენ. ვეუბნებოდი, ჩემი იტალიელი კოლეგა რასაც დაწერს და თავის ენაზე მოამზადებს, იმას მე ქართულად მოგაწვდით, ამ ყველაფერს თავად ვესწრები, ექსკლუზივს მოგცემთ-მეთქი, მაგრამ უარზე იყვნენ. ზოგს უფასოდ თანამშრომლობასაც ვპირდებოდი, რადგან მინდოდა ქართულ გამოცემებთან თუნდაც დისტანციურად მეთანამშრომლა. ცოტა ხანს ვიმუშავე რამდენიმე გამოცემასთან, შემდეგ უარი მითხრეს.

- იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების თქმით, "ნაპოლის" გუნდში ხვიჩა კვარაცხელიას გამოჩენის შემდეგ მათ მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა.

- 11 წელია აქ ვცხოვრობ და ვმუშაობ, ყოველი ნაბიჯისთვის ბრძოლა მიწევდა. ხვიჩას გამოჩენამდე, ჩემი იტალიელი კოლეგებისთვის ვიღაც ქართველი ჟურნალისტი ვიყავი. ზოგისთვის საქართველო მხოლოდ რუსეთის ყოფილ გუბერნიად აღიქმებოდა, ჩემს ქვეყანაზე მხოლოდ ის იცოდნენ, რომ წლების განმავლობაში საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო. კვარას გამოჩენის შემდეგ ერთბაშად ყველა დაინტერესდა, ჩემთან ურთიერთობა მოუნდათ. ხვიჩაზე მეტის გაგება და თავიანთი მოსაზრების გაზიარება სურთ. აქ ხვიჩა მხოლოდ თავის თავს კი არა, საქართველოს წარმოადგენს. ამ სამი თვის განმავლობაში ძალიან დაინტერესდნენ მისი სამშობლოთი. ვიღაცები მიმიკებშიც ჰბაძავენ. სტადიონზე როგორც კი თვალს მოჰკრავენ, მის ჟესტებს იმეორებენ. ბოლო თვეებში დაუჯერებელი რამ ხდება ჩემ თვალწინ. როგორც კი გაიგებენ, რომ ქართველი ვარ, მაშინვე ხვიჩას გვარ-სახელს მეუბნებიან, თვალები უციმციმებთ. იტალიელებს ფეხბურთის მიმართ მართლაც არანორმალური დამოკიდებულება აქვთ. ყველა გუნდს, თავისი ქომაგები ჰყავს, ფეხბურთელები კერპებად აქციეს. თუმცა "ნაპოლიმ" თავიდან თითქოს ვერ მიიღო ხვიჩა. მახსოვს, არც ისე კეთილგანწყობილი კომენტარები, მაგრამ შემდეგ მისი თამაშის ვიდეოები ნახეს და ვიღაცებმა დაწერეს კიდეც, ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი ჩანს, ნახავთ, "ნაპოლის" ბედი როგორ შეცვალოსო. მართლაც პირველი თამაშებიდან გააცნო ყველას თავი, თავისი აქტიურობითა და ლამაზი თამაშით დიდი ინტერესი გამოიწვია. თვალის დახამხამებაში გაიცნო ყველამ ჯერ ნეაპოლში, შემდეგ მთელ იტალიაში და "ნაპოლისა" თუ საქართველოზე მანამდე დამკვიდრებული შეხედულებები ერთბაშად ამოაყირავა. ყველა თაობის წარმომადგენელმა შეიყვარა, ბავშვებისთვის ხომ სათაყვანო ფეხბურთელია. ქუჩებში ხშირად შეგხვდებათ "ნაპოლის" გუნდის მაისურებში გამოწყობილი მოზარდები. უფროსები ამბობენ, რომ ეს თაობა ხვიჩას დამსახურებით ნამდვილ და "გემრიელ" ფეხბურთს ნახავს. რაც მთავარია, რომ ნაპოლის მეტოქე გუნდის გულშემატკივრებიც სიამოვნებით უყურებენ კვარაცხელიას თამაშს, ეს კი იტალიელებისთვის უჩვეულო ამბავია, რადგან იტალიაში უამრავი კარგი გუნდია, მაყურებელი მართლაც განებივრებულია კარგი ფეხბურთით, ძლიერი ფეხბურთელებით და კომპლიმენტს ადვილად არავისთვის იმეტებენ.

- საქართველოდანაც იმატა "ნაპოლის" თამაშზე დამსწრეთა რიცხვმა, არა?

- "ნაპოლის" თამაშზე დასასწრებად პალერმოდან სპეციალურად ჩადის ხუთი კაცი, ხვიჩას თავგადაკლული ქომაგები. მათი ლიდერი წალენჯიხელი გოგონაა. როგორც ამბობენ, რამდენიმემ სამსახურიც კი დაკარგა, რადგან გრაფიკი "ნაპოლის" თამაშს ვერ დაამთხვია. მათ შორის არის 75 წლის ენერგიული ქართველი ქალიც, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს იტალიაში და ყოველთვის ესწრება "ნაპოლის" თამაშს.

- თავად თუ შეხვედრიხართ ქართველ ფეხბურთელს?

- არა. საქმე ის არის, რომ აქ ყველაფერს დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდო - რადგან მეც ქართველი ვარ, შესაძლოა ვიღაცამ ჩემი მოსაზრება მიკერძოებულად ჩათვალოს. არსად გვეჩქარება, ყველაფერს მოვასწრებთ. გადაჭარბებული ყურადღება არც არის მიზანშეწონილი ფეხბურთელისთვის. სამი თვეა "ნაპოლიში" გამოჩნდა და ქალაქში ხვიჩას სტენსილები გამოჩნდა - არგენტინელმა მხატვარმა მურალესიმ შეასრულა და კვარას მიუძღვნა. მის ფონზე ხალხი ფოტოებს იღებს.

როგორც აღვნიშნე, აქ ყველაფერი სხვაგვარად არის - სპორტულ ჟურნალისტ ქალს მაინც ამრეზით უყურებენ. "ნაპოლი"-"რომას" თამაშამდე ჟოზე მაურინიოს პრესკონფერენცია გაიმართა. "რომას" პრესსამსახურთან წლებია საქმიანი ურთიერთობა მაქვს და როგორღაც მოვიპოვე მაურინიოსთვის შეკითხვის დასმის უფლება, თუ რატომ არ დაინტერესდა ხვიჩათი თავის დროზე და მეორე, როგორც ამბობენ, ხვიჩას ხაფანგი უნდა დაუგონ, ანუ როგორ აპირებთ მის შეჩერებას-მეთქი, რა უპასუხა, ყველამ ვიცით - თუ ახლოს ჩამივლის, ფეხს ჩავარტყამო. დიდმა იტალიურმა გამოცემებმა ეს ხუმრობად აღიქვეს, მაგრამ თამაშის შემდეგ ყველამ აღიარა, რომ მართლა ცდილობდნენ მის დაბლოკვას. "რომას" თავკაცისთვის დასმული ჩემს კითხვასა და მის პასუხს ძალიან დიდი ინტერესი მოჰყვა, "ნაპოლიშიც" ძალიან გაუხარდათ, კარგია, რომ ეს ინფორმაცია გამოიტანეო. მაურინიოს პასუხი ხუმრობად იმიტომ მიიღეს, რომ ქალმა დასვა კითხვა. იგივე მამაკაცს რომ ეკითხა, სხვაგვარი შეფასება ექნებოდა. რაც უნდა გასაკვირი იყოს, აქ, შუაგულ ევროპაში, ქალს, რომელიც სპორტზე მუშაობს, არასერიოზულად, ხშირად ზემოდანაც უყურებენ და თავის დამკვიდრება ძალიან ძნელია.

აქ გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია ჩვეულებრივი რამაა, კოლეგა მამაკაცი საფეხბურთო მოედანზე რომ დაგინახავს, აუცილებლად ცინიკურად გკითხავს, კაბით მოხვედიო?.. ანუ ქალმა სტადიონზე რა უნდა გაიგო და გააკეთოო. ამიტომ ქალმა ჟურნალისტმა ყოველდღე, ყოველ წუთს უნდა იბრძოლოს თავის დასამკვიდრებლად და იმის დასამტკიცებლად, რომ მასზე ნაკლები არ არის, პირიქით, უკეთესი ხედვა გაქვს. ყოფილა შემთხვევა, აკრედიტაციის მიღებაზე შემქმნია პრობლემა, მაგრამ შემდეგ საქმეში საერთაშორისო ასოციაციის ქართული სპორტული ჟურნალისტიკის ასოციაციის წარმომადგენლები ჩაერივნენ და მართლაც კბილებით გავიტანეთ ჩვენი პოზიცია. აქ მუშაობა ადვილი არ არის, უამრავი შეზღუდვაა, მით უფრო ქალის ნამუშევარს გაფაციცებული უყურებენ და ასმაგი სიფრთხილე მმართებს.