"შემიძლია მარტივად ავიღო ჩანთა და წამოვიდე“
"ინგლისში აუცილებლად დავბრუნდები!" - მითხრა შოთა არველაძემ, როცა "ჰალში" გატარებულ პერიოდზე ლაპარაკი დავასრულეთ. ქართველმა მწვრთნელმა რვა თვე იმუშავა ინგლისის ჩემპიონშიპის ბინადარ კლუბში, მიმდინარე სეზონში ჩინებული სტარტის შემდეგ, აგვისტოში თვის საუკეთესო მწვრთნელადაც დაასახელეს, თუმცა... "ჰალი" უკვე წარსულია, ახალი კლუბი კი ჯერ არ აურჩევია. "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში შოთას ინგლისურ გამოცდილებაზე, საქართველოს ნაკრებსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ველაპარაკეთ:
- შოთა, ინგლისიდან ერთი თვის წინ წამოხვედი, ჯერ ისევ დასვენების, გასული თვეების გაანალიზების პროცესში იქნები. არის ახალი შემოთავაზებები?
- დაღლილი არა ვარ! პირიქით, ძალიან ენერგიული, მონდომებული ვიყავი - აგვისტოს ბოლოს თვის საუკეთესო მწვრთნელად დამასახელეს, ორ კვირაში კი... "ჰალიდან" წამოსვლა მომიხდა კლუბის ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო. რაც შეეხება შემოთავაზებებს, იყო სატელეფონო ზარებიც, კითხვებიც, დავინტერესდებოდი თუ არა ამა თუ იმ ვარიანტით, რაღაცები პრესაშიც დაიწერა, მაგრამ ამ ეტაპზე კონკრეტული არაფერია. ჯერ მხოლოდ ერთი თვეა, რაც ინგლისიდან წამოვედი.
- კვიპროსის "ომონიას" ინტერესი რეალური იყო?
- "ომონიამ" მწვრთნელი დაითხოვა და დამირეკეს, დაინტერესდები თუ არაო. სულ ეს იყო.
- ახლა, როცა უკვე გამოცდილი მწვრთნელი ხარ, სამუშაოს რა კრიტერიუმ(ებ)ით ირჩევ?
- გადამწყვეტია კლუბის გეგმები, ამბიციები, ადამიანები, რომლებთანაც მომიწევს მუშაობა... მაგალითად, როცა "ჰალს" შევუთანხმდი, ვერაფრით წარმოვიდგენდი უთანხმოებას კლუბის ხელმძღვანელობასთან, მით უმეტეს, როცა აგვისტოს საუკეთესო მწვრთნელად დამასახელეს, ვერ ვიფიქრებდი, რომ ორიოდ კვირაში კლუბის დატოვება მომიხდებოდა. არადა, კლუბი სარისკო ვითარებაში ჩავიბარე - ბოლოდან მეოთხე ადგილზე იყვნენ და დაქვეითების ალბათობაც მაღალი იყო. გავრისკე, წავედი და არც ვნანობ, ინგლისის ჩემპიონატი ძალიან მაგარია. ინგლისში უნდა იმუშაო!
- ისე, რამდენჯერმე მოგიწია მისვლამ კლუბებში, სადაც გუნდშიც "დასალაგებელი" იყო სიტუაცია და სატურნირო ცხრილშიც.
- ახალ კლუბში მისვლისას დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ შემიძლია ამ კონკრეტულ ადგილას მუშაობა! ჩემს კარგ მხარედ მიმაჩნია თვისება, რომ არც ადამიანებთან ურთიერთობების "მეშინია" და არც იმ ადგილიდან წასვლის, სადაც ჩემი აღარ ესმით. შემიძლია მარტივად ავიღო ჩანთა და წამოვიდე. ასე იყო ამჯერადაც. ასე იყო "ტრაბზონში" მუშაობის დროსაც - ავიღე ჩანთა, წამოვედი!
1993 წელს მე და აჩი ვორჭოფობდით, წავიდეთ "ტრაბზონში", არ წავიდეთ. მაშინ ვთქვი, თუ ვერ ავეწყობით, ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მოხდეს, ავიღებთ ჩანთებს და დავბრუნდებით სახლში! თუ ყველაზე ცუდი ვარიანტია დაბრუნება სახლში, სადაც ყველას უყვარხარ, რატომაც არ უნდა სცადო!
- "ჰალის" მფლობელი შენი მეგობარია, კლუბში სწორედ მისი მიწვევით მიხვედი. თუმცა რვათვიანი თანამშრომლობის შემდეგ აჯუნ ილიჯალმა თქვა, რომ თქვენი ხედვები ერთმანეთს აღარ ემთხვეოდა.
- მეგობრები ვართ, მაგრამ ფეხბურთზე ვკამათობთ. სიმართლე კი ის არის, რომ 16 ახალწვეულიდან 13 თავიდანვე მოვისაკლისეთ ტრავმის გამო! წარმოიდგინეთ, სეზონის დაწყებამდე 16 ახალი ფეხბურთელი დავიმატეთ და პირველი ტურისთვის მხოლოდ სამი მათგანი არ უჩიოდა ტრავმას. ფაქტობრივად, მთელი ნახევარდაცვა და შემტევი ხაზი ტრავმირებული გვყავდა. არადა, მაგ პერიოდში გავხდი აგვისტოს საუკეთესო მწვრთნელი, 15 სექტემბერს კი წამოვედი!
- ილიჯალიმაც ხომ იცოდა, რომ ახალწვეულების უმეტესობა ტრავმირებული იყო?
- ცხადია, მაგრამ ფეხბურთი ასეთია... ყველაზე მეტს სწორედ ფეხბურთზე კამათობენ, აქ ყველას თავისი არგუმენტი აქვს. როგორ შეიძლება მესისა და რონალდუზე იკამათო, მაგრამ ხალხი კამათობს.
- "ჰალიდან" წამოსვლისას სოციალურ ქსელში დაწერე: ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც გვინდოდაო... იმედგაცრუებული ხარ?
- გული დამწყდა, მეც ადამიანი ვარ... მგონი, უფრო მეტ დროს ვიმსახურებდი! როცა "ჰალი" ჩავიბარე, გუნდი ცხრილის ბოლოში იყო და ძალიან უჭირდა ქულების აღება, თანაც, მეტოქეებად ჰყავდა "რედინგისა" და "დერბი ქაუნთის" დონის გუნდები, რომელთა თამაშებსაც დაბალ ლიგებშიც კი 30-40 ათასი ქომაგი ესწრება. ამჟამად, თუ არ ვცდები, პირველ ლიგაში რვა კლუბია, რომლებსაც პრემიერლიგაში უთამაშიათ. აქ ფეხბურთით ცხოვრობენ და ვამაყობ, რომ სამ ათეულზე მეტი მატჩის განმავლობაში მომიწია ჩემპიონშიპის კლუბის გაწვრთნა. ინგლისში სამუშაოდ კიდევ წავალ!
- მაინც, რა არის ჩემპიონშიპის მთავარი სპეციფიკა?
- ცხრილი! 46 თამაშია და ძალების მთელ სეზონზე გადანაწილება უნდა შეძლონ, მით უმეტეს, რომ ჩემპიონშიპის მატჩების გარდა, კიდევ სამ თასზე გიწევს თამაში და სეზონის განმავლობაში, მინიმუმ, 50 მატჩი გამოდის. ეს უზომოდ ბევრია! იმდენი, რამდენსაც "ბარსელონა" და "ბაიერნი" თამაშობენ. სრულფასოვან ვარჯიშს, ფაქტობრივად, კვირაში ერთხელ ასწრებ: დანარჩენ დღეებში ან თამაშებია, ან დასვენება/აღდგენითი დღე. ასეთ გადატვირთულ გრაფიკში ძალიან რთულია ებრძოლო კლუბებს, რომლებსაც პრემიერლიგიდან "პარაშუტი" მოაქვთ (ასე უწოდებენ პრემიერლიგაში ნათამაშებ გუნდს, რომელსაც ასეულობითმილიონიანი დაფინანსება მოაქვს). ფინანსების მხრივ, პრემიერლიგასა და პრემიერშიპს შორის უდიდესი განსხვავებაა: შენ გაქვს 14 მილიონი, მას -100!
- შენ, როგორც მწვრთნელს, რა მოგცა პრემიერშიპმა?
- ის გამოცდილება, რომელზეც ვილაპარაკე. ვარჯიშის დრო საერთოდ არა გაქვს, უკვე მომდევნო მატჩი მოდის, თუმცა ფიზიკურად სულ მზად უნდა იყო. აღარაფერს ვამბობ საფეხბურთო ატმოსფეროზე, ბიჭების საოცარ პროფესიონალიზმზე...
ბრიტანული ფეხბურთი ძალიან არის შეცვლილი მას შემდეგ, რაც მე ბოლოს ვითამაშე "რეინჯერსში" - გლაზგოდან 2007 წელს წამოვედი და ახლანდელი ბრიტანელები მაშინდელისგან ძალიან განსხვავდებიან!
აუცილებლად უნდა ვახსენო "ჰალის" ქომაგებიც: უზომოდ თბილი, პოზიტიური ხალხი. არ მახსენდება, თუნდაც შინ წაგებული მატჩის შემდეგ, ბიჭებზე ან მწვრთნელებზე უკმაყოფილება გამოეთქვათ - შეურაცხყოფაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. მხოლოდ შედეგს კი არ ითხოვენ, კლუბის ცხოვრებაშიც აქტიურად მონაწილეობენ.
- სეზონის დაწყებამდე "ჰალი" საბა ლობჟანიძისა და ირაკლი აზაროვის გადაბირებას ცდილობდა. ტრანსფერების ჩაშლის მიზეზი ორივე შემთხვევაში სავიზო პრობლემები იყო?
- აზაროვს ბრიტანეთის სამუშაო ვიზისთვის აუცილებელი ქულების რაოდენობა არ ეყო. რაც შეეხება ლობჟანიძეს, გვინდოდა მისი შეძენა, მაგრამ იმხელა ხელფასს ვერ მივცემდით, რამხელასაც თურქეთში იღებდა. ლაპარაკი იყო მიქაუტაძის გადაბირებაზეც, მაგრამ ამასობაში, თურქეთის ნაკრების გარემარბი დოგუკან სინიკი შევიძინეთ, კიდევ ვიღაცები მოვიდნენ, წავიდნენ და საბოლოოდ, მიქაუტაძის საკითხი მეორე პლანზე გადავიდა.
- რადგან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ვახსენეთ, კვარაცხელიაზეც გკითხავ: ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩამ შენი ყოფილი კლუბების წინააღმდეგ ითამაშა "გლაზგოელები" და "ამსტერდამელები" გელაპარაკნენ ამ თემაზე?
- დიახ, ორივე ქვეყნიდან. ნიდერლანდებიდან უფრო მეტი, რადგან, თავის დროზე, სწორედ "აიაქსს" შევთავაზე ხვიჩას ყიდვა. თვითონაც ჰქონდათ ინფორმაცია და მითხრეს კიდეც, 15 მილიონი ბევრია, ამჟამად კვარაცხელიას ფასი დაახლოებით 9-12 მილიონიაო. სხვათა შორის, მადრიდის "ატლეტიკოს" თავკაცმა დიეგო სიმეონემაც იგივე თქვა. მეტიც, სიმეონემ პირდაპირ დამისახელა კლუბები: "ნაპოლი", "ლაციო", "ფიორენტინა", "ლევერკუზენი", კიდევ ერთი გერმანული კლუბი - ამ ეტაპზე ამ გუნდებზეა ლაპარაკი და მათ მეც შემიძლია დავეხმაროო. როგორც ჩანს, აქვს კავშირები და მისი ვაჟიც იმიტომ წავიდა ნეაპოლში. რასაც ვარაუდობდნენ, ხვიჩა სწორედ იმ ფასად და იმ კლუბში გადავიდა. არადა, როცა ფასი დასახელდა, საქართველოში ძალიან გაბრაზდნენ, 50 მილიონი რატომ არ ღირსო! 50 ახლა ღირს! ხვიჩამ დაამტკიცა, რომ ყველგან შეიძლება ფეხბურთის თამაში, მათ შორის, საქართველოს პირველობაზეც. სულ ვამბობ ხოლმე მათ გასაგონად, ვინც გაიძახის, რომ საქართველოს ჩემპიონატი დაბალი დონისაა და ყველას შეუძლია 30 ბურთის გატანა. ხომ დაბალი დონეა? მიდით და გაიტანეთ! ხვიჩა ჩამოვიდა საქართველოში, ითამაშა კიდეც და ხალხიც მიიყვანა სტადიონზე: გორში, ქუთაისში, თბილისში დაახლოებით 70 000 მაყურებელი. არ ვამბობ, რომ თუ მთელი ცხოვრება თვეში 500 ლარად საქართველოს პირველობაზე არ თამაშობ, ესე იგი, ფეხბურთი არ გიყვარს! მაგრამ აქაც შეიძლება ითამაშო, თავი ისახელო და ძლიერ ჩემპიონატში წახვიდე. მამარდაშვილი "ლოკომოტივიდან" წავიდა ისე, რომ მგონი, არც იყო საქართველოში საუკეთესო მეკარე. ახლა? ახლა 100 მილიონი ღირს. მეტი რა მაგალითი უნდათ?! გიო ქინქლაძე "სიტიში" საქართველოს ჩემპიონატიდან წავიდა!
- კვარაცხელიას დავუბრუნდეთ: შენ, საქართველოს ნაკრების ყველაზე შედეგიან თავდამსხმელს, ხვიჩას რა თვისებები მოგწონს?
- ყველაფერი აქვს: ტექნიკა, სისწრაფე, პასი, ორიენტაცია ბურთით თუ უბურთოდ... ძალიან სწორად თამაშობს! უბრალოდ და სწორად თამაში ყველაზე რთულია. ამავე დროს, სულ კარისკენ იწევს. განივად, "შემოვლითი გზებით" კი არა, პირდაპირ კარისკენ! მგონი, დანა არ ჭრის კარაქს ისე, როგორც ხვიჩა ჭრის გზას მეტოქის კარისკენ. "გვერდზე გამსვლელი" შემტევებისგან ამით გამოირჩევა, ამიტომაც აქვს ასეთი სტატისტიკა და გამოხმაურება. თუ რამე მესმის – ფეხბურთია და ასეთი რაღაც არ გამომრჩება. თამაშის დროსაც იშვიათად თუ ვეხებოდი ბურთს ზედმეტად და ამიტომ იყო, რომ ჩემთვის ფეხში მაგრად არც ჩაურტყამთ - მაშინაც კი, როცა ცუდად ვთამაშობდი.
ხვიჩა ბუნებრივად თამაშობს სწორად და არა იმიტომ, რომ სპალეტი სთხოვს ან უკრძალავს რამეს, თანაც, ჯანი და სისწრაფე გენით მოჰყვება - მამამისიც ასეთი ჯანიანი და სწრაფი იყო. მე რომ ეგეთი ჯანიანი და სწრაფი ვყოფილიყავი... ცალკე თემაა ხვიჩას შეუპოვარი და უშიშარი ხასიათი: დიახ, "თავხედი" უნდა იყო მოედანზე - ამ სიტყვის კარგი გაგებით. ეს მისი სამყაროა და თამაშის დროს ამიტომაც არის ასეთი.
- მორიგი საკამათო თემა - ხვიჩა ერთხანს მაინც უნდა დარჩეს "ნაპოლიში" თუ მალევე შეუძლია უფრო ძლიერ კლუბში გადასვლა? მაგალითად, "რეალში", ან სადმე სხვაგან...
- ეს უკვე მასზეა დამოკიდებული. "რეალი"? მადრიდის "რეალში" როცა გეძახიან, მაშინ უნდა გადახვიდე! მადრიდულ კლუბს უარს თუ ეტყვი, წავლენ, მბაპეს იყიდიან და ელოდე მერე 10 წელი... "რეალში" უფრო ადვილი არ არის თამაში? მე სად უფრო გამიადვილდა? ცხადია, იქ, სადაც ლაუდრუპი მყავდა პასის მიმცემად. არ მესმის, რას უწუნებენ სპალეტის? "რეინჯერსთან" კვარაცხელიას სათადარიგო სკამზე დატოვებით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, როგორ სჭირდება მომავალ შეხვედრებში, როგორ "იზოგავს" სკუდეტოსთვის ბრძოლის მომქანცველ გზაზე.
- საქართველოს ნაკრებზეც ვილაპარაკოთ, რომელიც ასეთი ფეხბურთელებით სხვანაირადაც თამაშობს და სხვანაირადაც გვეიმედება.
- წარმოიდგინეთ, როგორ იმედიანად იყვნენ ფეხბურთელები, როცა მოედანზე ჰყავდათ მესხი, მეტრეველი, ხურცილავა, ჩივაძე, ყიფიანი და სხვ. მოთამაშეები, რომლებსაც რამდენიმე მეტოქის მოტყუება, საოცარი პასების გაკეთება შეეძლოთ... ქეცბაია, ქინქლაძე ხომ იყოლიებდნენ თანაგუნდელებს? ასეთი ფეხბურთელი ყოველთვის არის მაგალითი, მოტივაცია, იმედი. სამწუხაროდ, ცოტანი ვართ და 10-15 წელიწადში ერთხელ იბადება ასეთი თაობა. უკეთესი სოციალურ-ეკონომიკური ფონი რომ გვქონდეს, შეიძლება ეს პერიოდი 8-10 წლამდეც შემცირებულიყო. ყოველ რვა წელიწადში ერთხელ ასეთი თაობა კი მუნდიალზე მოხვედრას ნიშნავს, შუალედში - ევროპირველობაზე თამაშს და მეტი კი არ სჭირდება ქვეყანას წარმატებისთვის! მთავარია, ყველა ჯანმრთელი იყოს, სტრესის გარეშე ითამაშონ და მჯერა, რომ "ევრო-2024"-ის საკვალიფიკაციო ეტაპზეც შეგვიძლია წარმატებით თამაში.