რიში სუნაკი: „ხედავთ, რა იღბლიან ვარსკვლავზე გავჩნდი?!“ - კვირის პალიტრა

რიში სუნაკი: „ხედავთ, რა იღბლიან ვარსკვლავზე გავჩნდი?!“

42 წლის რიში სუნაკი პირველი ფერადკანიანია, რომელიც დიდი ბრიტანეთის პრემიერი გახდა. ასევე ყველაზე ახალგაზრდა ლიდერია, რომელიც ქვეყანას ბოლო 200 წლის განმავლობაში ჰყოლია. "რამდენიმე კვირის წინ ლიზ ტრასის დაჩაგრული მამაკაცი მისი შემცვლელი გახდა", - ასე გამოეხმაურა ბრიტანული მედია ბრიტანეთში სამთავრობო ცვლილებას. სუნაკი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად მას შემდეგ დანიშნეს, რაც კონსერვატიული პარტიის ახალი თავმჯდომარე მეფე ჩარლზმა სასახლეში მიიწვია და მთავრობის შექმნა დაავალა. მან წინადღეს თავისი კანდიდატურა კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარადგინა, ხოლო პრემიერის პოსტზე მის კანდიდატურას ასზე მეტი კანონმდებელი მიემხრო, რაც საკმარისი იყო კანდიდატურის ოფიციალურად წარდგენისთვის. ლიზ ტრასი 20 ოქტომბერს გადადგა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნიდან 44 დღეში. ის ყველაზე ხანმოკლე პრემიერი იყო ამ ქვეყნის ისტორიაში.

სუნაკს მძიმე მემკვიდრეობა დახვდა - ლიზ ტრასის ეკონომიკურმა რეფორმებმა კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა.

ვინ არის რიში სუნაკი

რიში სუნაკი 1980 წელს ქალაქ საუთჰემპტონში დაიბადა. მის მშობლებს ინდური ფესვები აქვთ, თუმცა გაერთიანებულ სამეფოში აღმოსავლეთ აფრიკიდან ჩავიდნენ. სუნაკმა ვინჩესტერის კოლეჯი დაამთავრა, ხოლო შემდგომ ოქსფორდის ფილოსოფიის, პოლიტიკისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 2001-დან 2004 წლამდე Gოლდმან შაცჰს-ის ანალიტიკოსად მუშაობდა, ხოლო მოგვიანებით ორი სხვადასხვა ჰეჯფონდის პარტნიორი იყო. როგორც ამბობენ, სუნაკი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი დეპუტატია. 2015 წლის შემდეგ ის პარლამენტში კონსერვატორებს წარმოადგენს. მინისტრის პორტფელი პირველად ტერეზა მეის მთავრობის დროს მიიღო, ხოლო მისი აღმასვლა ბორის ჯონსონის პრემიერობის დროს დაიწყო, როდესაც ჯერ ხაზინის მდივნად დაინიშნა, მოგვიანებით კი ფინანსთა მინისტრად. ცნობილი რეფერენდუმის დროს რიში სუნაკი ევროკავშირის დატოვების მომხრე იყო და როგორც ამბობდა, ბრიტანეთი ამ გზით უფრო თავისუფალი, სამართლიანი და ეკონომიკურად წარმატებული გახდება. მიუხედავად იმისა, რომ მის პოლიტიკურ დაწინაურებაში ბორის ჯონსონმა დიდი როლი ითამაშა, ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც პრემიერ-მინისტრს განუდგა და თანამდებობა დატოვა. ამას მინისტრების გადადგომების სერია მოჰყვა, რაც ჯონსონის წასვლით დასრულდა. მაშინ სუნაკმა განაცხადა, რომ ეთიკურად ჯონსონის მთავრობა „არასწორ მხარეს“ იყო. კიდევ ერთი განმასხვავებელი სუნაკსა და ბორის ჯონსონს შორის ეკონომიკური საკითხები იყო. გადადგომის წინ სუნაკმა განაცხადა, რომ პრემიერისგან „ფუნდამენტურად განსხვავებული შეხედულებები ჰქონდა. კიდევ ერთი განმასხვავებელი საკითხი იმიგრაცია გახდა - სუნაკის აზრით, საზღვრების გაკონტროლება აუცილებელია, მაგრამ გაერთიანებულმა სამეფომ ნაკლებად მძიმე პოლიტიკა უნდა აირჩიოს, რადგანაც ემიგრაციისგან სარგებლის მიღება შეიძლება. რიში სუნაკმა კონსერვატიული პარტიის ლიდერობა და შესაბამისად, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობა ერთხელ უკვე სცადა, რა დროსაც ორ საუკეთესო კანდიდატს შორის მოხვდა, თუმცა ფინალურ სტადიაზე, ჯერ კიდევ მოქმედ პრემიერ ლიზ ტრასთან დამარცხდა. მაშინაც სუნაკს კონსერვატორი დეპუტატების უმრავლესობა უჭერდა მხარს, თუმცა პარტიის წევრების ხმების საფუძველზე ლიზ ტრასმა გაიმარჯვა. მას შემდეგ, რაც ბორის ჯონსონმა უარი თქვა პრემიერობისთვის ბრძოლაზე, რიში სუნაკი უალტერნატივო კანდიდატი გახდა.

რიში სუნაკის მეუღლე აკშატა მურთი ინდოელი მილიარდერის ქალიშვილია. ჰყავთ ორი შვილი. სიმამრი, ნარაიანა მურთი ინდოეთში უმსხვილესი Iთ-კომპანიის მფლობელია. მისი ქონება 710 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. შედარებისთვის, დედოფალ ელისაბედ II-ის ქონება სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე 370 მილიონად შეფასდა.

მედიის პროფილებში სუნაკის პოლიტიკური მოკავშირეები აღწერენ მას როგორც მშვიდ და ორგანიზებულ ხელმძღვანელს. მისი მეგობრები ამბობენ, რომ სუნაკი უაღრესად მგრძნობიარე ადამიანია. "თუ ემოციებს თრგუნავთ, ეს სხვა ადამიანების მიმართაც გაგიადვილდებათ", - ამბობს რიში ერთ-ერთ ინტერვიუში. ბრიტანელების ნაწილი სუნაკს იმის გამო აქილიკებდა, რომ ცოტა ხნით ადრე, სანამ პრემიერი გახდებოდა­, სოციალურ მედიაში უჩვეულოდ გააქტიურდა. როგორც ინგლისელები ამბობენ, დაიქირავა სოციალური მედიის სააგენტოს თანადამფუძნებელი, რათა ემართა მისი საჯარო იმიჯი. შესაბამისად, მისი სოციალური მედიის არხების კონტენტი "მკითხე რამე" იუთუბ-ვიდეოებით დაწყებული, დამთავრებული ლეკვების სურათებით "ინსტაგრამზე", თანდათან ცნობილი და გავლენიანი პირების პროფილებს დაემსგავსა.

ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა თანამდებობაზე დანიშვნის პირველივე დღეებში დაურეკა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის და უთხრა, რომ მისი პრემიერობის დროს უკრაინისთვის მხარდაჭერა იქნება ისეთი ძლიერი, როგორიც არასდროს. პრემიერმა რიშმა უკრაინაში რუსეთის აგრესიისთვის პასუხისმგებლობის აუცილებლობის საკითხი შეერთებული შტატების პრეზიდენტთანაც განიხილა.

რიში სუნაკი: "ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ პრემიერი გავხდებოდი. ვიზრდებოდი იმ განცდით, რომ ჯედაი (რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელი) უნდა გავმხდარიყავი. ისე მოხდა, რომ ჩემი შესანიშნავი ოლქიდან პარლამენტის წევრად ამირჩიეს. ეს იყო 2015 წელს, შემდეგ ხელახლა ამირჩიეს 2017 და 2019 წლებში. ძალიან იღბლიანი ვარ. თავის დროზე ბიზნესშიც გამიმართლა. დიდი საინვესტიციო ფირმა დავაარსე, იქ მიღებული გამოცდილება კი მცირე სამეწარმეო ბრიტანული კომპანიების განვითარებისთვის გამოვიყენე. ჩემმა მშობლებმა დიდი მსხვერპლი გაიღეს, რომ კარგ სკოლაში მესწავლა. ჯერ ვინჩესტერის კოლეჯში, შემდეგ ოქსფორდის, ბოლოს კი სტენფორდის უნივერსიტეტში აღმოვჩნდი. ამ გამოცდილებამ სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ქორწინებაშიც გამიმართლა. აკშატას კალიფორნიაში შევხვდი და ყირაზე გადავდიოდი მისი გულის მოსაგებად. აკშატას თავი შევაყვარე და ერთად ცხოვრება დავიწყეთ. ახლა ორი ქალიშვილი - კრიშნა და ანუშკა გვყავს. ძალიან სასაცილო და საყვარელი გოგონები არიან. რას ვაკეთებ თავისუფალ დროს ჩემს გოგონებთან გართობის გარდა? ხან კრიკეტს ვთამაშობ, ხან ფეხბურთს. როდესაც დაღლილი ვარ, ფილმებს ვუყურებ, მათ შორის ინდურსაც. 2019 წლის ივლისში ხაზინის მთავარ მდივნად დავინიშნე, 2020 წლის თებერვალში კი პატივი მქონდა ფინანსთა კანცლერი გავმხდარიყავი. ამ საპატიო ტიტულს 2022 წლის ივლისამდე ვატარებდი. 25 ოქტომბერს უდიდესი პატივი მერგო და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გავხდი. ხედავთ, რა იღბლიან ვარსკვლავზე გავჩნდი?!"

ხათუნა ბახტურიძე