"გთხოვთ, არ გადამცეთ მშობლებს, რადგან ისინი მომკლავენ" - დაღესტნელი დების ამბავი, რომლებიც ოჯახურ ძალადობას საქართველოში გამოექცნენ
"რუსმა მესაზღვრეებმა ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე დააკავეს დაღესტნელი დები, რომლებიც თავიანთ ოჯახს გამოექცნენ და საქართველოში შემოსვლას ცდილობდნენ. ისინი არიან ხადიჟატ და ფატიმატ ხიზრიევები, ამინატ გაზიმაგომედოვა და ფატიმატ მაგომედოვა," - ამის შესახებ kavkazr.com წერს.
გამოცემის ცნობით, გოგონები დაღესტინდან ოჯახურ ძალადობას გამოექცნენ. მესაზღვრეების თქმით, მათ ახლობლები მოსდევდნენ.უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ნათესავები გოგონებს რეგულარულად აყენებდნენ შეურაცხყოფას, ცოტა ხნის წინ კი მშობლებმა გადაწყვიტეს რომ ერთ-ერთი მათგანი ბიძაშვილზე დაექორწინებინა.
რუსმა მესაზღვრეებმა დებს ჩამოართვეს პასპორტები და პოლიცია გამოიძახეს. გამოჰკითხეს ჰქონდათ თუ არა მშობლებისგან უფლება საქართველოში წასვლის შესახებ. მესაზღვრეებმა განაცხადეს, რომ ისინი იკვლევდნენ, რამდენად შესაძლებელი იყო მათი საზღვარზე გატარება და თითოეულ დას ცალ-ცალკე უტარებდნენ გამოკითხვას.
"ტელეგრამ" არხმა SOTA გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც გოგონები საკუთარ თავს წარადგენენ და ითხოვენ, რომ არ დაუთმონ ისინი მშობლებს, რადგანაც შესაძლოა, რომ მოკლან.
ბოლო ცნობების მიხედვით, დაღესტნელი დები რუსმა მესაზღვრეებმა გამოუშვეს და გოგონებმა საქართველოში შემოსვლა შეძლეს. ინფორმაციას ამის შესახებ "რუსთავი 2" ავრცელებს.