„მე უფრო ბევრს ვამბობ ერთი ფოტოკადრით, ვიდრე ფურცელზე დაწერილით ვიტყვი“ - კვირის პალიტრა

„მე უფრო ბევრს ვამბობ ერთი ფოტოკადრით, ვიდრე ფურცელზე დაწერილით ვიტყვი“

უყვარს პორტრეტები, „ქუჩის“ ფოტოგრაფია, არქიტექტურული ძეგლებისა და სხვა ღირსშესანიშნაობების გადაღება. მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას - თუ ხასიათზე არ არის, შეიძლება ერთი კადრიც არ გადაიღოს. კარგად წერს, რაშიც ჟურნალისტის პროფესია ეხმარება, და რასაც მის ფოტოებზე დართული ამონარიდებიც ადასტურებს. დადის ყველგან, სადაც და რაზეც მისი პროფესიის ადამიანმა შეიძლება იოცნებოს, მაგრამ დაჟინებით ამტკიცებს, რომ საქართველოსთანა ლამაზი ქვეყანა არ არსებობს. არაერთი ჯილდოსა და პრემიის ლაურეატია, ყველაზე მეტად საპატიო თბილისელის წოდებამ გაახარა. გამოცემული აქვს 18 ფოტოალბომი და ახლა მე-19 ალბომზე მუშაობს.

გვესაუბრება ჟურნალისტი და ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭკორია:

badri6-1667132913.jpg

- ჩემს მე-19 ალბომში ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში გადაღებული ღირსშესანიშნაობები და პეიზაჟები შევა, წელიწადის ყველა დრო, რეგიონი, სოფელი და ასე შემდეგ... წელიწადზე მეტია, რაც საქართველოში ვმოგზაურობ, სადაც არაერთი საინტერესო კადრი აღვბეჭდე ჩემს აპარატზე. პანდემიამ ისე შემიშალა ხელი, რომ ეს ჩემი ნაწვალები ნაშრომი მიდევს და ველოდები ფინანსებს, რომ რაც შეიძლება მალე გამოვცე ალბომი. ამასობაში კი ვამატებ და ვამატებ ახალ მასალას.

- სულ რამდენიმე დღეა, რაც უცხოეთიდან დაბრუნდით...

- დიახ, ვიყავი ნორვეგიასა და შემდეგ შვედეთში, სადაც გაიმართა ჩემი გამოფენა, რომელიც საქართველოსა და შვედეთის სამეფოს 30-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობას მიეძღვნა. გამოფენაზე არაერთი საპატიო სტუმარი იყო და როდესაც მათ შთაბეჭდილებებს ვუსმენდი, მეღიმებოდა, ისე უხსნიდნენ უცხოელები ერთმანეთს, სადაა საქართველო და როგორია, გეგონებოდათ, სულ აქ ცხოვრობდნენ და ჩემზე მეტი იციან ჩემს ქვეყანაზე.

badri4-1667132913.jpg

- აუცილებლად უნდა გკითხოთ იმ დიდ პროექტებზე, რომლებიც ამ ბოლო წლებში განახორციელეთ, ვგულისხმობ ფოტოალბომებს, რომლებსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც ჩვენთან, ისე საზღვარგარეთ.

- ძალიან მიყვარს საქართველოში მოგზაურობა და ფოტოების გადაღება. თავდაპირველად არც მიფიქრია, რაიმე სერიოზული თუ გამოვიდოდა. ეს იყო 2000-იანი წლების დასაწყისში და ამასობაში ძალიან ბევრი მასალა, კარგი სურათი დამიგროვდა. ერთ დღესაც ეს ყველაფერი ვაჩვენე პროფესიონალ ფოტოგრაფს, ჩემს მეგობარს, სერგო ედიშერაშვილს და მან მითხრა, გამეკეთებინა ალბომი და მეც დავიწყე. პირველი ალბომი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მიუძღვენი.

ჩემთვის მთავარია მოვლენა. რეპორტაჟის ჟანრში უფრო ვმუშაობ. მაინცდამაინც ლამაზი კადრის გადაღება მთავარი არ ყოფილა ჩემი საქმიანობის პერიოდში, რომელიც გაჯერებული იყო კონტრასტული მოვლენებით, ომითა და დაზავებით, დროებითი ამოსუნთქვით თუ სიდუხჭირით. ასეთ ვითარებაში ვერ დაიწყებ ლამაზი კადრის ძებნას და ვერ იქნები ესთეტიკაზე ორიენტირებული, მაგრამ, როცა საიმიჯო ალბომებზე დავიწყე მუშაობა, პირველი ასეთი ალბომი იყო "საქართველო", რომელიც 2003 წელს გამოვიდა. აქცენტები შეიცვალა: საჭირო გახდა კარგის ლამაზად ჩვენება, ქანდაკებასავით უნდა შემოუარო და საუკეთესო კუთხიდან აღბეჭდო. მოკლედ, ყველაფრის ერთობლიობაა ჩვენს ხელობაში გასათვალისწინებელი: არსი, დინამიკა, ესთეტიკა...

ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ფოტოშოპში მუშაობა. თუმცა მიღებულია ხელოვნური გალამაზება, მაგრამ ლამაზ ქალს ფერ-უმარილი არ უნდა ეტყობოდეს. ნებისმიერი სიმახინჯის გალამაზება შეიძლება. საქართველოს საიმიჯო ალბომებში არც ერთი კადრი არ მეორდება. გამოცემა არასოდეს გამიმეორებია, დიდი წარმატებისა და მოთხოვნის მიუხედავად.

badri2-1667132912.jpg

- თქვენი ძველი პროფესია, ჟურნალისტიკა არ გენატრებათ?

- მე ისევ ჟურნალისტი ვარ. ჩემს პატარა აბზაცებშიც კი ეს კარგად ჩანს. იმდენი კარგი მწერალია საქართველოში, იმათ წერონ, მე ახლა უფრო ბევრს ვამბობ ერთი ფოტოკადრით, ვიდრე ფურცელზე დაწერილით ვიტყვი. დაწერილს წაშლი, თავიდან სხვანაირად დაწერ, მაგრამ ფოტოს ვერ შეცვლი.

- ახლახან საპატიო თბილისელობა მოგანიჭეს. როგორი განცდაა ეს?

- თუ რაიმე პრემია არსებობს, ყველა მაქვს მიღებული, რუსთაველის პრემიის გარდა, ისიც იმიტომ, რომ ნომინაცია არა აქვს, რომელიც ჩემს პროფესიას შეიძლება მიესადაგოს. საპატიო თბილისელის წოდება კი ჩემთვის ყველაზე გამორჩეული და საპატიოა. წარმოიდგინეთ, მილიონ-ნახევარ ადამიანში რომ გამოგარჩევენ, თანაც ისეთ ტიტანებთან ერთად, თუნდაც როგორიც მერაბ კოკოჩაშვილი, ელდარ შენგელაია, თენგიზ არჩვაძე და ჯემალ ღაღანიძე არიან.

- თბილისის ქუჩებში ყოველდღე დადიხართ. რა გენატრებათ ყველაზე მეტად?

- სამწუხაროდ, ნელ-ნელა ვცივდებით ადამიანები. მაშინ სულ სხვა სითბო იყო, სულ სხვა სიყვარული, სხვა დამოკიდებულება... სოციალურმა ქსელებმა ცოცხალ ურთიერთობებს ბოლო მოუღო. საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ერთმანეთთან დაპირისპირებულ, სიძულვილით და ბოღმით სავსე ადამიანებად იქცა. ზოგჯერ ღამეებს თეთრად ვათენებ, იმდენად განვიცდი ამ ყველაფერს. ქვეყანაში უსიყვარულობამ დაისადგურა.

- თბილისურ სახეებს თუ ხვდებით?

- კი, აქა-იქ ვაწყდები ისეთ სახეს, რომელიც იმ ჩემს ძველ თბილისს მაგონებს ხოლმე. თქვენთან რომ მოვდიოდი, მოხუცი ქალმა გამაჩერა, მომესალმა, მომესიყვარულა. თბილისურად შევხვდით ერთმანეთს და მაშინვე ჩემს ფოტოზე აღვბეჭდე მისი სახე.

ხშირად მეკითხებიან, ალბათ, არ დარჩენილა საქართველოში კუთხე-კუნჭული, რომ არ გენახოთო. ეგ კი არა, აგერ ამდენი წელიწადია, ჩემი სოლოლაკიც ვერ ამოვწურე. ახლახან ულამაზესი ეზოები აღმოვაჩინე. რომ ვუთხარი იქაურ მობინადრეებს, ვინც ვიყავი, ისეთივე გულიანი დახვედრა მომიწყვეს, როგორიც ადრე იყო ძველ თბილისში და როგორიც ძალიან მენატრება.

ახლა ჩამოვედი მსოფლიოს ულამაზესი ქვეყნიდან, ნორვეგიიდან. მანამდე უამრავი ქვეყანა მაქვს მოვლილი და საქართველოზე მრავალფეროვანი არც ერთი არ არის. ამ ერთი ციცქნა ქვეყანაში ყველაფერია. მარტო სვანეთი და თუშეთი რად ღირს? ან რაჭა? იქ ერთ კონკრეტულ ადგილასაა სილამაზე, ჩვენთან კი ნებისმიერ კუნჭულში ისეთ სილამაზეს ნახავ. აი ესაა საქართველო, რომელსაც დიდი გაფრთხილება და მოფერება სჭირდება.

რუსუდან შაიშმელაშვილი