"წყვილის ურთიერთობაში ბზარი მაშინ გაჩნდა, როცა სიდედრი გააქტიურდა" - ზოგჯერ კაცებიც ტირიან - კვირის პალიტრა

"წყვილის ურთიერთობაში ბზარი მაშინ გაჩნდა, როცა სიდედრი გააქტიურდა" - ზოგჯერ კაცებიც ტირიან

ბევრჯერ დამიწერია ქალთა ძალადობაზე. ლამის ყოველი სამი წერილიდან ერთი ქმრისგან დაჩაგრულ ქალს ეხებოდა. ოჯახში მუდმივი ძალადობის შემყურე ბავშვების ფსიქიკა და მათი მომავალი კიდევ სხვა მძიმე თემაა. როგორ საზოგადოებას მივიღებთ, თუკი მსგავსი შემთხვევები გახშირდა და სათანადო რეაგირება არ იქნება? მიჭირს ზუსტი დასკვნის გაკეთება, მაგრამ ჯანსაღ გარემოში რომ არ მოგვიწევს ცხოვრება, უდავოა. როცა მავანნი ფიქრობენ, რომ ცოლი ქმრის საკუთრებაა, ან ოჯახში ხელჩართული ჩხუბის დროს არავინ უნდა ჩაერიოს, რადგან მათი საქმე არაა, ან ქალმა თუ უღალატა, ქმარს უფლება აქვს მოღალატე მოკლას ან დაასახიჩროს, ეს შეხედულებები დეგრადირებული საზოგადოების „სიბნელეს“ უფრო ცხადყოფს.თუმცა მხოლოდ ქალებზე როდი ძალადობენ?! ბევრი მამაკაცია ქალისგან დაჩაგრული და რაოდენ უნდა გაგიკვირდეთ, ზოგჯერ მამაკაცებიც ტირიან. ამჯერად დაჩაგრულ მამაკაცებზე მინდა გიამბოთ, რომლებსაც არ უყვართ კონფლიქტი და პრეტენზიულ ცოლებს ბევრ რამეს უთმობენ, მაგრამ როცა მოთხოვნები საზღვარს გასცდება და მოთმინების ფიალა ივსება, სიტუაცია მწვავდება და ან სასამართლოთი მთავრდება, ან ბრძოლის ველს ემსგავსება მათი ადგილსამყოფელი. ყოველთვის რომ ქალი არ შეიძლება მართალი იყოს, ამაში ქვემოთ მოთხრობილი ორი ამბავიც დაგარწმუნებთ.

ლევანის ამბავი

მათი ურთიერთობა ისე დაიწყო, როგორც იწყება ხოლმე ორი შეყვარებული ადამიანის ცხოვრება: აღტაცებით, სითბოთი და ერთმანეთზე ზრუნვით. ლევანი ბედნიერი იყო, თეოც, მაგრამ გავიდა სულ რაღაც 7 თვე და დაიწყო უსიამოვნება. წყვილის ურთიერთობაში ბზარი მაშინ გაჩნდა, როცა სიდედრი გააქტიურდა. ქალბატონი ეთერი მეუღლისგან განებივრებული გახლდათ, რასაც მოითხოვდა, იღებდა და მიაჩნდა, რომ მუდამ მისი სიტყვა უნდა შესრულებულიყო. ქალიშვილმა რომ განუცხადა, ლევანი მიყვარს და მას უნდა გავყვე ცოლადო, არ ესიამოვნა, ერჩივნა, უფრო შეძლებული სიძე ჰყოლოდა, მაგრამ მიხვდა, რომ შეყვარებული გოგონა არ დაუჯერებდა. დრო რომ გავიდა, მიზნად დაისახა­ "დაბრმავებული" შვილის „გამოფხიზლება" და თეოს რჩევა-დარიგებას“ არ აკლებდა, ხომ გეუბნებოდი, რომ ლევანის ოჯახი არ არის შეძლებული, რამდენი რამ გაკლია, დედა ვარ და განვიცდი. ასეთმა უგერგილომ როგორ უნდა არჩინოს ოჯახი? მალე ბავშვიც გაჩნდება და უფრო მეტი დაგჭირდებათ, შენი ქმარი და მისიანები კი რისი გამკეთებელი არიან... არ გაგიგონია, მოითხოვე და მოგეცემაო? ჰოდა, მოითხოვე, შენნაირი გოგო შეუვიდათ ოჯახში რძლად და თავს უნდა გევლებოდნენ. ასე მგონია, ორსულ ქალს გაშიმშილებენ კიდევაც. ხმა ამოიღე და აგრძნობინე ქმრის ოჯახს, რომ დებილი არა ხარო.

თეომაც ამოიღო ხმა - ჯერ ლევანს წაუყენა პრეტენზიები, მერე კი დედამთილ-მამამთილს. არადა, ლევანის ოჯახი ხელმოკლე სულაც არ გახლდათ, უბრალოდ, ბიჭის ოჯახის წევრებს სხვა ღირებულებები ჰქონდათ, სამკაულებსა და ჩაცმა-დახურვაზე არ იყვნენ გადაგებული, მათთვის წიგნიერება იყო მნიშვნელოვანი. როცა თეოს პრეტენზიები გაისმა, არავის არაფერი უთქვამს. ლევანი ცდილობდა ორსული ცოლის კაპრიზები შეესრულებინა, თუმცა კარგად ხვდებოდა, ვისგანაც იყო თეო მომართული. უსიამოვნებამ პიკს მაშინ მიაღწია, როცა ბავშვი გაჩნდა. გოგონას ლევანის დედის სახელი, ლიზი დაარქვეს. სიდედრს ეს არ მოეწონა, ამიტომაც ჯიუტად ლიკას ეძახდა. ლევანმა ეს გააპროტესტა, თუმცა თეოს ხათრით ბოლოს მაინც უკან დაიხია.

ერთხელაც ლიზიკო ცუდად გახდა. არიქა, ბავშვს სწორად არ მკურნალობენო, ხელები გაასავსავა სიდედრმა და თეოს უბრძანა, სასწრაფოდ ბავშვთან ერთად მასთან გადასულიყვნენ. თეოც გადაბარგდა დედასთან. ბუნებრივია, ლევანის ოჯახმა გააპროტესტა, ბავშვის სანახავად მისულ ლევანს კი სიდედრიც და ცოლიც მიადგნენ და ისეთი რაღაცები­ უთხრეს, თვით ხათრიანმა ლევანმაც კი ხმა ამოიღო. ბრალდება ძალით ყურით მოთრეული გახლდათ: ბავშვს­ ჯანსაღი კვება ესაჭიროება, ნორმალური რეჟიმი, ზამთარ-ზაფხულ კარგ კურორტებზე დასვენება, რათა ჯანმრთელი გაიზარდოს. ეს ყველაფერი აკლია თქვენთან, ამიტომ ბავშვი ჩვენთან გაიზრდებაო. გადაირია წყნარი ლევანი: არც კვება აკლია ჩემს შვილს, არც კურორტზე დასვენება,­ თქვენთან რატომ უნდა გაიზარდოს, როცა საკუთარი ოჯახი და სახლი აქვსო. ამ უსიამოვნო კონფლიქტში არც ჩარეულა თეოს მამა, სამაგიეროდ, სიდედრი აქტიურობდა, მას თეოც ეთანხმებოდა და ორი ქალი აშკარად ჯაბნიდა ლევანს. გულდამძიმებული წამოვიდა ლევანი იქიდან. თეოს მისი დანახვა და ხმის გაგონება აღარ უნდოდა. ერთი თვე რომ გავიდა, თეომ დაურეკა და ისევ საყვედურებით აავსო, ესაა შენი ქმრობა და მამობა, ამდენ ხანს ერთხელაც არ მოგვიკითხეო. ცოლისა და სიდედრისგან თავგაბეზრებულმა ლევანმა უკან აღარ დაიხია. მიხვდა, მისმა ხათრიანობამ დედა-შვილს ფრთები შეასხა, მათი გამჩერებელი არავინ იქნებოდა, პრინციპულად თუ არ დაელაპარაკებოდა. მოკლედ და გასაგებად უთხრა: თუ ოჯახი გინდა, მოჰკიდე ბავშვს ხელი და დაბრუნდი, თუ არადა,­ გავშორდეთო. გავშორდეთო? პირი ღია დარჩა თეოს. ლევანისგან ამას არ ელოდა,­ ქალბატონი ეთერი კი მთლად გადაირია, ჩემი სიძე ამის თქმას ვერ გაბედავდა, დედამისი რომ არ უბურღავდეს ტვინს, მაგას ჭკუა უნდა ასწავლო, ბავშვი აღარ დაანახო, აგერ ნახე, თუ არ მოგიხოხდებაო. რამდენიმე კვირის შემდეგ ლევანი ცოლს შეეხმიანა და უთხრა: ეზოში გელოდები, ბავშვს ჩააცვი, გავასეირნებ და ჩემებსაც ვაჩვენებ, ძალიან ენატრებათო. თეომ უარი უთხრა. მოთმინების ძაფი გაუწყდა ლევანს, განრისხებული ავარდა და კარზე ბრახუნი აუტეხა სიდედრ-სიმამრს, ახლავე გამომიყვანეთ ჩემი შვილიო. იმათ პოლიცია გამოიძახეს და „დებოშიორი სიძე განყოფილებაში­ გადაიყვანეს. იქ წერილი დააწერინეს, რომ მსგავს­ ქმედებას აღარ გაიმეორებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, უკვე დიდხანს მოუწევდა პატიმრობა. ცალკე კი მეგობრულად ურჩიეს, რომ სასამართლოსთვის მიემართა. სასამართლოს მერე ოფიციალურად მისცემდნენ უფლებას, შვილი კვირაში ორჯერ ენახა, ხოლო ზაფხულის ერთი თვე სულაც ბავშვთან ერთად გაეტარებინა. ლევანს ჭკუაში დაუჯდა და განცხადება შეიტანა. სასამართლო პროცესი, როგორც მოსალოდნელი იყო, ხმაურით წარიმართა. ლევანი უკვე მიჩვეული იყო ამ ორი ქალის ჩხუბს, მაგრამ მოლოდინს­ გადააჭარბა სასამართლო პროცესზე სახელდახელოდ შეთხზულმა ბრალდებებმა. ლევანს მხოლოდ ის აწუხებდა, რომ 3 წლის ლიზი ასეთ ოჯახში უნდა გაზრდილიყო. ვინ იცის, როგორ გააქეზებდნენ მამის წინააღმდეგ გააფთრებული ქალები. ერთადერთი, რაც პატარა იმედს აძლევდა, ის იყო, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით ლიზის კვირაში ორჯერ ნახავდა, ასევე შეეძლო ზაფხულის მთელი ერთი თვე ბავშვთან ერთად გაეტარებინა.

ცოლი და სიდედრი ვერაფრით შეეგუვნენ სიძის "გულგრილობას", უფრო სწორად, პრინციპულობას, საქვეყნოდ ადანაშაულებდნენ ცუდ ქმრობასა და მამობაში, ახალ-ახალ ბრალდებებს იგონებდნენ. ვინც ლევანს კარგად იცნობდა, არავის სჯეროდა მისი მჩაგვრელობა,­ ან ვინ ირწმუნებდა ლევანის უზრდელობას? რაკი თეოს ოჯახმა ოდესღაც ხათრიანი­ ლევანი ვერ გატეხა და თავის ჭკუაზე ვერ გადაიყვანა, მისთვის ყველაზე მგრძნობიარე­ თემა - შვილი - კოზირივით გამოიყენა - ასეთი მამა შვილის ღირსი არაა, ამიტომ სასამართლოს არ ვემორჩილებით, ბავშვს არ ვაჩვენებთო.

ბოლო დროს ლევანს ნერვებმა უღალატა. სვამდა, ღვინოში სურდა დარდის ჩაკვლა. ის უბედურებაც ნასვამს დაემართა...

თეოს კორპუსში აივნები მიჯრით იყო. ერთ წვიმიან საღამოს თეოს მეზობელს ესტუმრა ლევანი. მეზობლები კარგად იცნობდნენ, მიაჩნდათ, რომ თეოს ოჯახს უფლება არ ჰქონდა მამისთვის შვილის ნახვა აეკრძალა, მაგრამ კონფლიქტურ ეთერს ყველა ერიდებოდა. ლევანის სტუმრობა არ გაჰკვირვებია კარის მეზობელს. შინ მიიპატიჟეს, პატარა სუფრაც გაუშალეს, უნდოდათ განერვიულებული როგორმე დაემშვიდებინათ. თითქოს დაძაბულობა მოეხსნა ბიჭს, მეზობლებთან ბაასმა ცოტათი გაუნელა ბრაზი... და სრულიად მოულოდნელად, არავინ რომ არ ელოდა, ლევანმა გამოაღო აივნის კარი და მოაჯირს იქით აღმოჩნდა - სურდა აივნიდან გადასულიყო იმ ბინაში, სადაც მის შვილს მალავდნენ. ხელის შევლებაც ვერ მოასწრეს მეზობლებმა, სველ სადგომზე ფეხი მოუსრიალდა და მეექვსე სართულიდან ძირს გადაეშვა. ეს ამბავი თბილისში ოჯახური კონფლიქტის ყველაზე გახმაურებული ამბავი გახლდათ, რომელიც ასე ტრაგიკულად დასრულდა. მაშინ თეომ კი განიცადა, მაგრამ დედამ ისევ „დაამშვიდა: როგორ შეიძლებოდა ამ ფსიქიკურად გაუწონასწორებელ და ლოთ მამასთან თუნდაც ერთი დღე გაეტარებინა ბავშვსო.

არც ამ უბედური შემთხვევის მერე განელებულა ორ ოჯახს შორის დაძაბულობა. შვილმკვდარ დედ-მამას ძალიან დიდხანს არ აჩვენებდნენ შვილიშვილს. გვიან, როცა ლიზი სრულწლოვანი გახდა, მაშინღა მოინახულა ბებია-ბაბუა.

დავითის ამბავი

დავითს და ეკას ცოლქმრობის ბედნიერი 6 წელი გავლილი ჰქონდათ, როცა უბედურება დაატყდა ოჯახს - ეკას სიმსივნე აღმოაჩნდა და 32 წლის ქალი გარდაიცვალა. დავითისთვის ეს დიდი ტრაგედია იყო. ცრემლს ვერ იკავებდა, როცა 4 წლის გაგა გულისმომკვლელად ეძახდა დედას. ახლობლების რჩევით, 2 წლის შემდეგ დავითმა­ მეორედ დაქორწინება გადაწყვიტა. იფიქრა, პატარა გაგას ადრეულ ასაკში უფრო არ გაუჭირდება ახალ „დედასთან“ შეგუებაო­.

ნათესავმა ერთი მომხიბლავი ქალი გააცნო, უქო: თბილი ადამიანია, გაგას საკუთარი შვილივით შეიყვარებსო და დავითსაც ბევრი აღარ უფიქრია, ცოლად შეირთო ნაქები ქეთი. სწორედ მასზე ითქმის: ახალი ცოცხი კარგად გვისო. თუკი თავიდან თაფლად იღვრებოდა და დაობლებულ გაგასაც ზრუნვას არ აკლებდა, თავისი ორი (ქალ-ვაჟი) რომ შეეძინა, სხვების დასანახავად გამომზეურებული „თბილი ურთიერთობა“ უცებ გაცივდა. დავითი ძალიან მოყვარული მამა იყო. ბავშვები სიგიჟემდე უყვარდა, მაგრამ გაგას უფრო აქცევდა ყურადღებას, რადგან ხედავდა, დედის სიყვარული და ზრუნვა აკლდა.

ქეთიმ აითვალწუნა ბავშვი და აღარც დედამთილ-მამამთილს ერიდებოდა, ისე ჩაგრავდა გაგას. მაგალითად, საყიდლებზე წავიდოდა, უამრავ რამეს უყიდდა საკუთარ შვილებს, გაგას კი საწყალობლად ფერად წინდებს ან უბრალო სათამაშოს გაუწვდიდა. სადილად ჯერ თავის შვილებს გადაუღებდა ხორციანი კერძის კარგ ნაჭრებს, გაგას კი ეუბნებოდა, შენ უკვე დიდი ხარ, საკუთარ თავს თავად მოემსახურეო. როცა სტუმრად მიდიოდნენ, უმცროსებს გამოპრანჭავდა, გაგას კი ზედ არ უყურებდა. ბავშვი ატყობდა დედინაცვლის დამოკიდებულებას და აღარ სურდა იქ ყოფნა, სადაც ქეთი იყო. რაც დრო გადიოდა, ბავშვს უფრო მეტად უნდოდა დედის მშობლებთან ყოფნა, მით უმეტეს, რომ იქ ყოველთვის დიდი სიხარულით ელოდნენ.

ერთ დღესაც დავითს მოთმინების ფიალა აევსო და კატეგორიულად განუცხადა ცოლს, რომ გაგას დაჩაგვრას არ აპატიებდა. ამან ვერ შეაჩერა ქეთი. დღე იწყებოდა და ღამდებოდა მისი ჭირვეულობითა და ეჭვებით: ყველაფერი გაგასთვის გინდა, სულ გაგას სახელი გაკერია პირზე, ეს პატარები კი თითქოს სხვისი შვილები იყვნენო. კარგა ხანს ითმინა დავითმა, მაგრამ დარჩენილი სიცოცხლის გატარებას ამ გაავებულ, ეჭვით დაავადებულ და ხარბ ქალთან არ აპირებდა. ცოლთან დაძაბული ურთიერთობის პერიოდში გაიცნო ერთი სანდომიანი ქალი და რომანიც დაიწყო. ქალს პირველი ქორწინებიდან შვილი ჰყავდა. ქეთიმ ეს გვიან გაიგო და მთლად დასაბმელი გახდა - ჯერ დავითის მეგობარ ქალს მიუხტა და სამსახურში ყველას წინაშე გალანძღა, მერე ქმრის მშობლებსაც არ დააკლო კაი-კაი სიტყვები: ჩემი მოშორება გინდათ და ამიტომაც ამართლებთ დავითის საქციელს, საყვარელი რომ გაიჩინაო. დავითმა სასამართლოში განქორწინებაზე შეიტანა სარჩელი, ცოლს კი სამოთახიანი ბინა უყიდა. რას ჰქვია, მხოლოდ ამ სამოთახიანით უნდა მომიცილოო, ქეთიმ ლამის თმა გაიშალა სასამართლო სხდომაზე და მოითხოვა დავითის ბიზნესიდან 20 პროცენტი, მეორე ბინა გოგონას სახელზე და აგარაკი კიკეთში... ოღონდაც დაშოშმინებულიყო და ბავშვებს მისი გაუთავებელი ისტერიკებისთვის არ ეყურებინათ, დავითი მოთხოვნებს დათანხმდა (ბიზნესიდან წილის გარდა). განქორწინებიდან რამდენიმე თვეში კი მარიამი მოიყვანა ცოლად. თქვენ გგონიათ ქეთი დამშვიდდა? არა! ისევ ითხოვს წილს ქმრის ბიზნესიდან და ამას ახალი მოთხოვნაც დაამატა: გაგას და იმ ქალის შვილს ზღვისპირეთში რომ აგარაკი უყიდე, ჩემს შვილებსაც ძალიან უყვართ ზღვაო. ეს კონფლიქტი წლებია გრძელდება, ჰოდა, ამის მერე კიდევ იტყვით, რომ მხოლოდ ქალები ტირიან? კაცებიც იჩაგრებიან ავი ქალებისგან. არადა, ბავშვები მშვიდ და სიყვარულით სავსე ოჯახში უნდა იზრდებოდნენ, რომ თავიანთი ქვეყნის წესიერ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ.