"მათ თვალებში ისტორიული ბედუკუღმართობის დარდია დაგუბებული" - ტაოში, ქართველებით დასახლებული ქალაქი იძირება - კვირის პალიტრა

"მათ თვალებში ისტორიული ბედუკუღმართობის დარდია დაგუბებული" - ტაოში, ქართველებით დასახლებული ქალაქი იძირება

შესაძლოა ერთმა პატარა ამბავმა მთელი ცხოვრება ისე განსაზღვროს, რომ მერე ვეღარაფერი შეცვალო. ასე იყო ნათია ჯიმშელეიშვილის ცხოვრებაშიც, როდესაც მასწავლებელმა თურქეთის ქართველობის შესახებ უამბო. მონათხრობი იმდენად ემოციური იყო, რომ გოგონას გულში სამუდამოდ ჩარჩა. ამ ამბავს დღეს ასე იგონებს: ამ ისტორიამ იმდენად იმოქმედა, რომ თითქოს ხელშესახები ტკივილი დამეწყო. წარმოვიდგინე, თითქოს მე ვიყავი ის ქართველი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იტანჯებოდა…ან მუჰაჯირობის დროს ამობრუნებული ნავიდან ზღვაში გადავარდნილი იხრჩობოდა. სიზმრებიც კი იმდროინდელი მესიზმრებოდა. ბოლოს ჩანაწერების გაკეთებაც დავიწყე, რომლებშიც ჩემი უცნაური სევდის გადატანას ვცდილობდი. გოგონებს გაზრდა დიდობისათვის ეჩქარებათ, მე კი დიდობა იმიტომ მინდოდა, რომ თურქეთში წავსულიყავი და იქაური ქართველობა გამეცნო. დღეს ნათია ჯიმშელეიშვილი უკვე მწერალია, ქუთაისში ცხოვრობს და მართლაც ენით აღუწერელი ენერგიით ახერხებს საქართველოსა და თურქეთელი ქართველობის დაახლოებას. განსაკუთრებით ახალგაზრდებისას. ზოგჯერ ამ საქმეს უკანასკნელ სახსრებსაც კი ახმარს. თუმცა ისტორიული დრამა თითქოს არასოდეს მთავრდება - დღეს უკვე ისტორიულ ტაოში, ართვინის პროვინციაში, ქართველთა შთამომავლობის ქალაქი იუსუფელი იძირება. სულ მალე მის მთებსა და სახლებს წყალი დაფარავს. მდინარე ჭოროხი აქ დაახლოებით 270 მეტრ სიმაღლეზე დაგუბდება, რომლის თავზე ხიდი გაივლის. ხიდის ბურჯები უკვე ზემოდან დაჰყურებს ჩასაძირად განწირულ ქალაქს. ტაოელ ქართველთა შთამომავლობა კერას ემშვიდობება და ნელ-ნელა ახალ იუსუფელში გადადის.

- სწორედ ბავშვობის ემოციების გამო მოვძებნე თურქეთში ის ქართველები, რომელთაც საქართველო გულით დააქვთ. მათ თვალებში ჩვენი ისტორიული ბედუკუღმართობის დარდია დაგუბებული, თანაც ისე, რომ შესაძლოა ამის შესახებ არც იციან. მახსოვს როგორ ვტიროდი, როდესაც სოციალური ქსელში თურქეთელი ქართველის, ორჰან ბერიძის მოთხრობა "თოხი" წავიკითხე. კაცი, რომელმაც ქართული ანბანი მხოლოდ 45 წლის ასაკში ისწავლა, თავის გარდაცვლილ მამას სწერდა, "დედა ენის" წიგნში სიტყვა "თოხი" რომ ვნახე, თვალწინ დამიდგა, როგორ თოხნიდნენ ჩვენი წინაპრები. როდესაც შენს საფლავზე მოვალ, ქართულად ვილაპარაკოთო. ორჰან ბერიძე ქუთაისში ჩამოვიყვანე და ქალაქის შემოქმედებითი საზოგადოების, "მზის თეატრის" იუბილეზე დავპატიჟე. შემდეგ მოვიპატიჟე ჩემი უმცროსი მეგობარი, ალი ოსმან კიბარიც, რომელიც ჩემს შვილებს გავაცანი. ეს აუცილებელია: სისხლის და სულის ძახილი, რომელიც თურქეთელმა ქართველობამ დღემდე მოიტანა, ახალმა თაობამ უნდა გააგრძელოს. ამ 24 წლის ბიჭმა გამაოცა, იმდენად ემოციურად ხვდებოდა ყველა ქართული ძეგლის ნახვას. კულმინაცია გელათში ბერებთან შეხვედრა იყო. მკითხა, ვინ არიანო. რომ ავუხსენი, მთხოვა, თუკი შესაძლებელია გავესაუბროთო. რა თქმა უნდა-მეთქი, მაგრამ ცოტა დავიძაბე: იქნებ რელიგიურ პირებთან საუბარში რელიგიის თემამ დაძაბულობა შექმნას-მეთქი, მაგრამ ბერებთან საუბარში რამდენიმე საათი ისე გავიდა, მე დავიღალე, ორჰანი კი ბერებს სულგანაბული უსმენდა. ამ საუბარში ზომიერად რელიგიური თემაც იყო, მაგრამ იყო ჩვენი ისტორიაც, რომელმაც მისი გენეტიკური ცნობიერება შეძრა. ახლაც სწორედ ალი დამიკავშირდა, მალე იუსუფელი ჩაიძირებაო.

tao3-1667134650.jpg

- ასეთი მძიმე ფაქტი, ალბათ, სახელმწიფოსაც უნდა გაეხმაურებინა, რათა სამუდამოდ ჩასაძირად გამზადებული ტაოს ნაწილი ბევრ ქართველს ენახა. სამწუხაროდ, როგორც ყველაფერი ესეც ერთეულთა ზურგზეა. თქვენ როგორ ახერხებთ ამას?

- თურქეთელ ქართველებთან ხშირი ურთიერთობა სასიცოცხლოდ უცილებელია. არის სოფლები, სადაც დღესაც მხოლოდ ქართველები ცხოვრობენ, ქართული ადათ-წესები აქვთ შენარჩუნებული და გული ძალიან სტკივათ, რომ საქართველოსთან ურთიერთობას ვერ ახერხებენ. მე როგორ ვახერხებ? თავადაც ვერ ამომიხსნია. მით უფრო, რომ სახლი დამეწვა და ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ. სუვენირებისა და სამკაულების შექმნის ნიჭი მაქვს. პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად ამ ნიჭსაც ვიყენებ მატერიალურად ოდნავ მოსამაგრებლად. როდესაც თურქეთის ქართველობასთან წასვლას ან მათ მოპატიჟებას დავაპირებ, ღამეებს ვათენებ და სუვენირებს ვაკეთებ. ჩემი ხელნაკეთობანი კარგად იყიდება. აღებულ ფულს სხვადასხვა ღონისძიებას ვახმარ. თურქეთშიც ხშირად მიმაქვს "დედა ენა". შესაძლოა თურქეთელმა ქართველმა დღეს არ გადაშალოს, მაგრამ აუცილებლად მოვა დრო, როდესაც ამას გააკეთებს.

იუსუფელის ამბავი იმდენად მოულოდნელი იყო, თითქოს სისხლი გამიშრა.­ ქალაქში, ძირითადად, ტაოელების შთამომავლობა ცხოვრობს. თავის დროზე ეს ქალაქი კლდეებს შორის რამდენიმე მიზეზით გააშენეს, მათ შორის იმისთვის, რომ ქალაქის დაბლობებში ნაყოფიერი მიწებია, რომელზეც ზეთისხილის მოსავალი­ მოდის. არა მარტო ზეთისხილი, როგორც იქაურები ამბობენ, ამ მიწაზე მსოფლიოში საუკეთესო კომბოსტო ხარობს, მართლაც იმხელა თავებია, მსგავსს ვერც წარმოვიდგენდი. ტურისტებიც სწორედ ამ ვეებერთელა კომბოსტოებთან იღებენ ფოტოებს. იუსუფელში კაშხალი რომ უნდა აეშენებინათ, ხალხმა გააპროტესტა და თავადაც ვაპროტესტებდი, მაგრამ კორონის ეპიდემიამ იუსუფელის შესახებ ინფორმაცია შეაფერხა. მეც რატომღაც მეგონა, რომ ხალხის პროტესტმა გაჭრა. არადა, სახელმწიფოს მოსახლეობა ჰესის აშენების აუცილებლობაში დაურწმუნებია და თითქმის იდენტური ქალაქის აშენება შესთავაზა. ასე რომ, ახალი იუსუფელი უკვე აშენებულია. ალი შემპირდა, თუ ქალაქის ნახვა გინდა მოასწრო, აუცილებლად გიმასპინძლებო. წავედი, როგორც კი იუსუფელის სამარშრუტო ტაქსიდან გადმოვედი და მიწას ფეხი დავადგი, ჩემმა მასპინძელმა შემამჩნია, ცუდად ხომ არა ხართო, მკითხა. დავამშვიდე, არაფერია, ნერვიულობამ გამხადა ცუდად და გამივლის-მეთქი, მაგრამ კიდევ უფრო ცუდად გავხდი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სასტუმროში დაბინავებისას ჩემმა მასპინძელმა მითხრა, ამ ოთახში სულ მალე თევზები იცურავებენო, და მაშინ ცრემლები თავისთავად წამსკდა.

tao2-1667134650.jpg

- თავად ადგილობრივებს რა რეაქცია აქვთ?

- დარდობენ. თითქოს უკვე მიჩვეული არიან, მაგრამ ქალაქში შესვლისას სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა მაინც დარდით თქვა, მალე აქ ვეღარ შემოვალო.

იესუფელში ქართული უმეტესობამ იცის, ეზოებში ხილის ქართული სურნელია, მარკეტებში კი აკვნებსა და მზისბორჯღალიან სუვენირებს ნახავთ. რაც მთავარია, ურთიერთობებში იგრძნობა საქართველო. როდესაცL ლამაზი გოგონა გაუჩნდებათ, ამბობენ ხოლმე, თამარივით ლამაზი გოგო დაიბადაო.

ჩვენ ახალ იუსუფელშიც წავედით, რომელიც მთებშია, მაგრამ იქაურობა იმდენად უსიცოცხლოდ მომეჩვენა, რომ ჩემს ტკივილს ესეც დაემატა. ალბათ, მალე მოვა დრო, როდესაც გამრჯე შრომით აქაურები ამ ქალაქსაც გააცოცხლებენ და გაალამაზებენ. ერთი საიმედო ისიც არის, რომ იუსუფელის გარშემო ქართული სოფლებია, მათ შორის სამი: ბალხი, ქობაი და ხევაი, სუფთა ქართულია. ჩემი მასპინძელი ალი სწორედ ხევაიდან ანუ იმავე ხევიდან არის, იქ ცხოვრობს მჭედლიანთ უბანში.

ახალ იუსუფელში იქაურმა ისტორიკოსმა იაშარ იულერმა მიმასპინძლა, მისმა საოცარმა ოჯახმა, რომლის გახსენებაზე გული მეკუმშება. განა იმიტომ, რომ რაიმე აკლიათ, არა, იქ ისეთი ბარაქიანი მიწაა, სავსე აქვთ ყველაფერი. მითხრეს კიდეც, ოსმალებმა რომ გვაშიმშილეს, ჩვენი ქართული მიწა მოგვეპატრონაო, მაგრამ ხომ დაიტანჯნენ ბედუკუღმართობით, რათა ქართველებად დარჩენილიყვნენ. მითხრეს, ჩვენთან მეცნიერები კი დადიან, მაგრამ ჩვენ ამ მოსვლიდან არაფერი გვრჩება, რითაც საქართველოსთან ხიდს გავდებთო. იმ ღამით წვიმდა და შიშმა ამიტანა, ვაითუ ხვალაც წვიმდეს და ამ მიწის მოფერება ვერ მოვასწრო-მეთქი, მაგრამ დილით მზემ გამოანათა. ჩემმა მასპინძელმა, ქალბატონმა ნეჯლაიმ მითხრა, შენ რომ მოდი, მზეც მოგყვა, მზესავით გული გაქვსო.

ყველაზე მეტად ხევაიშიც და იუსუფელშიც იქაურების თვალებმა შემძრა: საუკუნოვანი სევდაა მათში. მითხრეს, აქ სულ სამი სოფელი ვართ, რომელიც დღემდე სუფთა ქართველებად შემოვრჩით. ამის მიზეზი მხოლოდ ის არის, რომ მაღალ მთებში ვცხოვრობთ, სადაც გზაც კი არ იყო, ამიტომ ჩვენი ქართველობის შესაცვლელად აქ ვერავინ მოვიდოდა, რწმენაც კი გვქონდა შენარჩუნებული, მაგრამ როდესაც გზა გაიჭრა, სტამბოლიდან ხალხი ამოვიდა, ჩვენი ბავშვები სტამბოლში სასწავლებლად წაიყვანეს და ისლამი ასწავლეს. ისინი უკან რომ დაბრუნდნენ, ისლამი ჩვენც გვასწავლესო. სხვათა შორის, მაშინ უთქვამს სახელმწიფოს, თუ ისლამის მიღება არ გინდათ, არავინ დაგსჯით, შეგიძლიათ საქართველოში დაბრუნდეთო, და ბევრიც აყრილა და წამოსულა. როცა ვიკითხე, ნუთუ თქვენ საქართველოში წამოსვლა არ გინდოდათ-მეთქი? რაზეც ისეთი პასუხი გამცეს, ვერასოდეს დავივიწყებ: ეს მიწა ჩვენ წინაპრებმა ჩაგვაბარეს, რომ აქ სხვა არ დასახლებულიყო. ჩვენ რომ ავყრილიყავით, ამ მიწას სხვა დაეპატრონებოდა, ჩვენ თამარის საქართველო ვერ დავტოვეთო.

თურქეთიდან წამოსულმა საკუთრ თავს ანდერძივით წამოვუღე, რომ ამ ქართულ სოფლებში, აუცილებლად უნდა დავბრუნდე. თუ იუსუფელი არ იქნება, ის ხალხი, ყოველთვის იქნება, რომელიც ისტორიულ ტაოელთა სახელზე ახალ ქალაქს ააშენებს. ახალი იუსუფელიც ხომ თითქოს უსიცოცხლოა, მაგრამ როგორც სხვა ტაოელების ქართული სახლები, ისიც უძველესი ქვით ნაშენია და თითქოს შორიდან გემშობლიურება. ასეთი ემოციები ტყუილად კი არ იბადება, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ერთნი და განუყოფელი ვართ.