სოფელი ხეოთი - უცნობი სამშობლო თურქეთში - კვირის პალიტრა

სოფელი ხეოთი - უცნობი სამშობლო თურქეთში

"ეს სოფელი ხეოთია (ხევათი). აქ უწინ სხვა ხალხის ჟრიამული ისმოდა, ახლა ცოცხალი მუზეუმია", - ამ წარწერით აქვეყნებს ფოტოებს სოცქსელში ეთნოლოგიის დოქტორი მირიან ხოსიტაშვილი... "ჩვენა­მდე იყო ერთი ექსპედიცია, რომელმაც ციხესიმაგრეების მდგომარეობა შეისწავლა. ჩვენი სამეცნიერო ჯგუფი კი შეავსებს უკვე არსებულ ინფორმაციას, რომელიც იქნება საინტერესო და მნიშვნელოვანი", - გვითხრა ბატონმა მირიანმა:

- სოფელი ხეოთი თურქეთის ტერიტორიაზე, ფოცხოვის წყლის ხეობაში მდებარეობს. ეს ისტორიული­ ერუშეთის ნაწილია. სოფელი ხეოთი წყაროებში ხავეთადაც­ მოიხსენიება. ანალოგიური სახელის სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტშიც­ არის. ისტორი­ული წყაროებით, მათ შორის ივანე ჯავახიშვილის, ვახუშტი ბატონიშვილის­ მონაცემებით და ექვთიმე თაყაიშვილის გამოკვლევებითაც დასტურდება, რომ ამ ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრობდნენ მესხები. სოფელ ხეოთში ერთმნიშვნელოვნად დასტურდება ქართული მატერიალური კულტურის ძეგლების არსებობაც. ძალიან საინტერესო ნაგებობებია. ეს არის დარბაზული ტიპის, ბანიანი, მეცნიერულად, ერდოგვირგვინიანი სახლები, რომლებიც მესხეთის მთელ ტერიტორიაზე იყო გავრცელებული. დღესაც საქართველოს ტერიტორიაზე ასეთი სახლები მრავლადაა. სოფელ ხეოთში ყველაზე კარგად შენარჩუნებულია ნაგებობები. თურქეთში ბევრი ასეთი ნაგებობა ჯერ ბოსლებად გადააკეთეს,­ ზოგიერთი კი დაინგრა... ახლა ეს ტერიტორია ხელუხლებელ მუზეუმს წარმოადგენს. შემორჩენილია სამეურნეო იარაღი: ქართულის ანალოგიის ურმები, კალოს სალეწი, სხვადასხვა დანიშნულების ჭურჭელი...

რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ, 1877-78-დან 1881 წლამდე ქართველების მუჰაჯირობის პერიოდია. ეთნიკური ქართველები მეოცე საუკუნის დამდეგსაც გაასახლეს, მაგალითად, მესხები. სოფელ ხეოთში რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. ისინი თურქული წარმოშობის­ ოჯახებია, ცენტრალური თურქეთიდან გვიან ჩამოსახლებული. ქართველები სოფელ ხეოთში აღარ ცხოვრობენ. როგორც მოგახსენეთ, XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დამდეგს ეთნიკური ქართველები ამ ტერიტორიიდან თურქეთის ცენტრალურ ნაწილში გადაასახლეს. ჩირდილის ტბის მიდამოებში, არდაგანში, ყარსის ნაწილში, ისტორიულ ერუშეთში, ქართველი მოსახლეობა საუკუნეების განმავლობაში­ ცხოვრობდა. სოფელში შემორჩენილია ისტორიული ციხესიმაგრეები, ერთიანი საქართველოს სამეფოს დროს აშენებული. მაგალითად, არის ციხესიმაგრე, რომელსაც ქაჯის ციხე ჰქვია. ის დღესაც კარგად არის შენახული. შუა საუკუნეებსა და განსაკუთრებით ოქროს ხანაში, ქართული სამეფოს არსებობის პერიოდში, ის მძლავრ ნაგებობას წარმოადგენდა.

sofeli-1667135171.jpg

- რა შეიძლება გაკეთდეს სოფლის იერის შესანარჩუნებლად?

- ამას თურქეთის სახელმწიფოსთან მუშაობა სჭირდება. სასურველია ამ შენობებისა და სახლების კონსერვაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება დაზიანდეს. უმეტესობა ცუდ მდგომარეობაშია. საფრთხეს წარმოადგენს კლიმატიც, იქ მკაცრი ზამთარი იცის. ვისაც უნახავს მესხური ტერასები საქართველოს ტერიტორიაზე, სწორედ ასე, სართულებად არის აშენებული ხეოთიც. ზოგიერთი სახლის ბანი მეორე სახლის ეზოა და ასე შემდეგ... ხუთ-ექვს სართულადაა აშენებული ტერასები და მასზე სახლები დგას. კონსერვაციის გარდა, აუცილებელია დაფიქსირდეს, რომ ეს ქართველების აგებული მატერიალური კულტურის ძეგლებია! რასაკვირველია, ძეგლის სტატუსიც უნდა მიენიჭოს! საამისოდ შესაძლებელია იუნესკოსთან მუშაობა.

ხეოთის რამდენიმე ციხესიმაგრე: ყველის ციხე, ქაჯის ციხე, სხვა ნაგებობები, უამრავ ისტორიულ წყაროებში, ხელნაწერში თუ სხვა ტიპის დოკუმენტებშია დაფიქსირებული როგორც სამხრეთის კარიბჭის, ანუ საქართველოს სამხრეთის მცველი. ეს ციხეები დღეს არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია. ჩვენი სამეცნიერო ჯგუფი აპირებს ნაშრომის გამოქვეყნებას, რომელიც სიახლე იქნება ქართულ მეცნიერებაში... ჩვენ თურქეთშიც ვაპირებთ­ საარქივო მასალების დამუშავებას, თუკი რამ არის შემორჩენილი. ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე ბევრი ჩვენი ენათმეცნიერი, ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნე ჩასულა, არაერთი ექსპედიციაც ჩატარებულა, მაგრამ ერუშეთის ამ მხარეში იშვიათად თუ ჩასულა ვინმე საკვლევად, რადგან ისტორიული მოსახლეები ნაკლებადაა ამ ტერიტორიაზე. გარდა ამისა, რთული საკვლევია ამ მხარის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა. ისტორიული ერუშეთისგან განსხვავებით, მაგალითად, ართვინის ვილაიეთში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა კომპაქტურად ცხოვრობს და მათ დიდ ნაწილს შენარჩუნებული აქვს იდენტობა. ამ მხარესთან შედარებით, იქ უფრო ადვილი იყო შემორჩენილ ადგილობრივებთან კონტაქტი და ისტორიული წყაროების დამუშავებაც.

მანანა გაბრიჭიძე