ნობათი ხურვალეთელი მოხუცებისთვის - კვირის პალიტრა

ნობათი ხურვალეთელი მოხუცებისთვის

რა სჭირდება სიკეთეს? თითქოს ბევრი არაფერი: გაჭირვებულს ისე არ უნდა ჩაუარო, თითქოს არ არსებობს; თავი მის ადგილზე წარმოიდგინო და ზოგჯერ უკანასკნელი გროშიც ისე გაიღო, მხოლოდ "მერე, მე?" არ იძახო. არადა, ეს ძნელია. ამასობაში კი დედამიწა სწორედ მათზე დგას, ვინც წაქცეულს წამოაყენებს­. ასეთები ძალიან ცოტანი არიან? არა, პირიქით! სხვანაირად ირგვლივ იმდენი დაცემული­ იქნებოდა, ცხოვრება ვერ გაგრძელდებოდა. უბრალოდ, ასეთები საქმეს ჩუმად აკეთებენ. თუმცა ისეთი დროც დგება, როცა სიკეთემაც უნდა იხმაუროს, თუნდაც იმიტომ, რომ მისი ხმა ბოროტებამ არ გადაფაროს; ან იმიტომ, რომ დაცემისა და სიმარტოვის შიში ჩვენც არ გვღრღნიდეს. ალბათ, სწორედ ასე ფიქრობდა ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის დირექტორი ლუდა სალია, როდესაც თავშესაფარში მისული ტაქსის მძღოლისაგან ფოტოს გადაღებისა და გამოქვეყნების ნებართვას იღებდა, - მიუხედავად იმისა, რომ ფოტოს ადრესატს უხერხულობა "ზედ აწერია", - სამაგიეროდ, მასზე­ მოთხრობილი ამბავია საოცარი: "ეს ბიჭი ქარელიდან არის. ოთხი შვილის მამაა. გუშინ მგზავრი მოიყვანა ჩვენთან და ერთი კი თქვა, არ ვიცოდი ამ თავშესაფრის შესახებო. დღეს კი ტაქსი დაუტვირთავს და ნობათით მომადგა.­ ღმერთო, უმრავლე საქართველოს ასეთი კეთილი და გულმართალი ადამიანები. მადლობა­ ხურვალეთის ხანდაზმულების სახელით".

ჰოდა, იმიტომ, რომ ქვეყნად უფრო მეტი სიკეთეა, ვიდრე ბოროტება, მეც სწორედ ამ ქალბატონივით შევეცადე ქარელში ტაქსის მძღოლი ტარიელ სულაშვილი მომეძებნა და ვიპოვე კიდეც. ოღონდ მაშინ, როდესაც თავად შინ არ იყო და ისევ ტაქსაობდა. ამიტომ მის ასევე ძალიან კარგ მეუღლეს, პასიკო კაკრიაშვილს ვთხოვე ამ ამბის მოყოლა. მართალია, მანაც იყოყმანა, მაგრამ მაინც დამთანხმდა. მითხრა, სიკეთე ჩუმი უნდა იყოს, ამიტომაც ჩემი მეუღლე ძალიან ერიდება ამ თემაზე საუბარს. რა ვიცოდით, თუ ასე გახმაურდებოდაო.

ძალიან კარგი, რომ გახმაურდა და თქვენმა მეუღლემ მოხუცთა თავშესაფარში ფოტოს გადაღებაზე უარი ვერ თქვა. სულ ბოროტებამ და აგრესიამ ხომ არ უნდა იხმაუროს. ამის გამო ხალხმა ლამის სიკეთის რწმენა დაკარგოს.

პასიკო კაკრიაშვილი: - ჩემს მეუღლეს განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, მხოლოდ ის გააკეთა, რასაც ადამიანობა გულისხმობს. ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფარში მგზავრი მიიყვანა, იქ კი ამდენი ოჯახსა და შვილებს დაშორებული მოხუცი რომ დაინახა, გული დაუმძიმდა. ალბათ, ბევრს დაემართებოდა ასე და მათ შორის მეც. არანაირი ცხოვრების მიზანი, უცხოეთში საარსებოდ წასვლა არანაირად არ მეღირებოდა, თუ ჩემი ოჯახის წევრი თავშესაფარში აღმოჩნდებოდა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ პანსიონატებში ცუდი პირობებია, როგორც ვიცი, არც ხურვალეთში აკლიათ მოხუცებს მოვლა, მაგრამ თავშესაფრები­ ჩემთვის მაინც ტრაგედიაა. შვილებისა და ოჯახის სიყვარულს ვერაფერი ანაცვლებს. გამონაკლის შემთხვევებს არ ვგულისხმობ, როდესაც ადამიანს აღარავინ რჩება ცოცხალი და სხვა გზა არ არის, გარდა თავშესაფრისა. აი, ეს ფიქრი გაუჩნდა ჩემს მეუღლესაც თავშესაფრის ნახვისას.A ამან მოანდომა, რომ მოხუცები გაეხარებინა. იქნებ ეს სიხარული დიდხანს ეყოთ.

- თავშესაფრის დირექტორი წერს, რომ ოთხი შვილი გყავთ. ოთხ შვილს ბევრი რამ სჭირდება. არც თქვენს შვილებს ექნებათ ყველაფერი, ასე რომ იყოს, თქვენს მეუღლეს ტაქსიზე მუშაობა ხომ არ დასჭირდებოდა.

- კი, ამათგან ერთი "გზაშია", სექტემბერში უნდა მოევლინოს ქვეყანას. რა აკლიათ ჩემს შვილებს? ერთადერთი,­ რაც არ აკლიათ, სიყვარული და კვებაა. ამისთვის ყველა ბევრს ვშრომობთ; მიწა გვაქვს და მოსავალი მოგვყავს. ღმერთს მადლობა, რომ ჯანმრთელობას გვაძლევს. თუკი რაიმე აუცილებელი დაგვაკლდა, ჩემი მეუღლე ტაქსაობით ცდილობს ანაზღაურებას. ხშირად ღამითაც მუშაობს. სხვა მხრივ ისე ვცხოვრობთ, როგორც სხვები. ჩემს შვილებსაც ბევრი რამ აკლიათ, მაგრამ არაფერია იმ ბედნიერების ღირებულების, რასაც მათ სიკეთის გაცემის ნიჭი მისცემთ. უფროსი შვილი 8 წლის მყავს, დღეს, ალბათ, კარგად არც ესმის სიკეთის ფასი, მაგრამ როდესაც ვუთხარი, რომ მისმა მამიკომ მოხუცთა თავშესაფარში პროდუქტი წაიღო, ძალიან გაიხარა.

ამ საქმეში ტარიელის მეგობრებმაც მიიღეს მონაწილეობა. როგორც კი დაუკავშირდა, მოხუცთა თავშესაფარში ვიყავი და იმდენად შეძრული ვარ, აუცილებლად ხვალვე უნდა წავიღო პროდუქტიო, მათაც უთხრეს, რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთო.

სხვათა შორის, ჩემი მეუღლე სამხედრო სამსახურის თანამშრომელი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემი მამამთილი ძალიან ადრე გარდაიცვალა, ამიტომ ტარიელმა დაანება სამსახურს თავი და ოჯახს მოაშურა. მიწას და ოჯახს ბევრი შრომა სჭირდება.

თუმცა დღეს ერთადერთი ნამდვილად ძნელი საქმე იმის მიღწევაა, რომ ჩვენმა შვილებმა არა აგრესიით, არამედ სიკეთით სავსე ქვეყანაში იცხოვრონ. ღმერთმა ქნას, ამას მივაღწიოთ.