"გაგვჩხრიკეს, გაგვსინჯეს, მერე ჩაგვსხეს ავტობუსში, თან 2 მცველი დაგვიყენეს. თვალები არ აუხვე­ვიათ, ისე მივდიოდით" - რას ჰყვება რუსეთის ტყვეობაგამოვლილი აზოველი? - კვირის პალიტრა

"გაგვჩხრიკეს, გაგვსინჯეს, მერე ჩაგვსხეს ავტობუსში, თან 2 მცველი დაგვიყენეს. თვალები არ აუხვე­ვიათ, ისე მივდიოდით" - რას ჰყვება რუსეთის ტყვეობაგამოვლილი აზოველი?

"აზოვსტალი" ჯერ კიდევ საბჭოთა­ კავშირის დროს აშენდა, "ცივი ომის" პერიოდში. იქ ძალზე მდგრადი ბუნკერებია. მთელი ქსელია მიწისქვეშა გვირაბების"

"თუ გადავრჩი", - ასე მპასუხობს (ჩვენს მიმოწერაში) "აზოვის" პოლკის წევრი,­ "აზოვსტალის" დამცველი ანატოლი ეგოროვი­ 6 მაისს, როდესაც ინტერვიუს­ ჩაწერას ვთავაზობ. ამის შემდეგ კავშირი წყდება... მიმოწერიდან მალევე მისი ოთხთვიანი ტყვეობის ისტორია იწყება... 21 სექ­ტემბერს რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს - 55 ტყვე და პუტინის ნათლიმამად წოდებული (უკრაინელი ბიზნესმენი) ვიქტორ მედვედჩუკი გაცვალეს 215 უკრაინელ სამხ­ედროზე, რომელთა­ შორის 108 აზოველი გახლდათ. ანატოლის ტყვეობაც ამ დღეს დასრულდა.­ ახლა ის კიევშია, მკურნალობს და ელოდება­ იმ დღეს, როცა ბრძოლის ველს დაუბრუნდება.

ანატოლი ეგოროვი; "აზოვის" პოლკის წევრი, "აზოვსტალის" დამცველი:

- იცით, როცა თვეების განმავლობაში სიკვდილს ყოველდღე თვალებში უყურებ, აღარ გეჩვენება ძალიან საშიშად, ეჩვევი, რომ ეს უახლოეს დროში მაინც მოხდება. ჩვენი მიმოწერისას დარწმუნებული ვიყავი, რომ ვერ გადავრჩებოდი. იმ მომენტში ჩემთვის ყველაზე მთავარი იყო, რაც შეიძლება ბევრი მოწინააღმდეგე გამეყოლებინა თან. როგორ მახსენდება ახლა ის დღეები? ალბათ, როგორც ცუდი სიზმარი. მეორე მხრივ, შეუფასებელი გამოცდილება მივიღეთ და მას სხვებს გავუზიარებთ.

azovstali-1667143222.jpg

- ანატოლი, ჯერ იყო მარიუპოლის ბრძოლები, სადაც ჯერ კიდევ არ არის დადგენილი, რამდენი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა.­ თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ ის დღეები?

- საარტილერიო ცეცხლსა და დაბომბვებს უამრავი ჩვენი თანამოქალაქე შეეწირა.­ როგორც ჩვენი მხარე აცხადებს, დაღუპულია 87 000 მშვიდობიანი მცხოვრები.­ არ ვიცი, რამდენად სწორია. მე ვიცი ის, რაც თავად ვნახე - გვამებით იყო მოფენილი იქაურობა.

- როგორი იყო "აზოვსტალის" შიდა მოწყობა და რას გაიხსენებთ ბლოკადაზე?

- "აზოვსტალში" ბოლო ერთი თვე ვიყავით. იქ იყო შტაბის მართვის მთავარი პუნქტი, მანამდე ორი თვე მარიუპოლს ვიცავდით. "აზოვსტალი" ჯერ კიდევ საბჭოთა­ კავშირის დროს აშენდა, "ცივი ომის" პერიოდში. იქ ძალზე მდგრადი ბუნკერებია. მთელი ქსელია მიწისქვეშა გვირაბების, გზების და სხვადასხვა შემაერთებელი ხაზის.

- ეს არის მიწისქვეშა კომპლექსი, რომელიც გათვლილია ასეთი ტიპის წინააღმდეგობისთვის?

- რასაკვირველია, ბუნკერები ნორმალურ მდგომარეობაში დაგვხვდა.­ ზოგიერთ ბუნკერში რკინაბეტონის უამრავი დიდი სიმტკიცის ზღუდე იყო, თუმცა დამიზნებული დარტყმისა და ჭურვის წინააღმდეგობის გაწევისთვის ყველა არ იყო გამიზნული.

- არ დარჩენილა არც ერთი კალიბრის იარაღი, რომლითაც რუსებს "აზოვსტალი" არ დაუბომბავთ, არადა, თქვენ გარდა იქ იყო მოსახლეობა, ბავშვები...

- აზოველებს სიკვდილის აღარ გვეშინოდა. ჩვენ ხალხის დახმარებას ვცდი­ლობდით და როგორც კი მტერი დაგვ­თანხმდა დაზავებაზე, სამოქალაქო პირები გავიყვანეთ და გადავეცით "წითელ ჯვარს".

- სამოქალაქო პირები როგორ უმკლ­ავდებოდნენ ამ სტრესს, გარდა დაბომბვებისა, საკვები და მედიკამენტები არ გყოფნიდათ, გყავდათ დაჭრილები, დაღუპულებიც...

- ვიცოდით, რომ ყველაფერი, რაც გვქონდა, ჩვენი დაცვის უკანასკნელი საშუა­ლება იყო, მაგრამ მტერმა გაგვინადგურა­. იმ დღეებში, როდესაც შედარებით მეტ-ნაკლები­ სიმშვიდე იყო, ნანგრევებს ვთხრ­იდით­ და სურსათის ნარჩენების, მაგალითად, ტკბილეულის გამოტანას ვცდილობდით, რომ ბავშვებისთვის მიგვეცა. ცდას არ ვაკლებდით მათ გასამხნევებლად. გვჯეროდა, რომ გამოვნახავდით გზას მათი ევაკუირებისთვის.

- რაც დრო გადიოდა, ვითარება უფრო მძიმდებოდა და ქრებოდა "აზოვსტალის" დებლოკადის იმედი. უიმედობის განცდა თუ გეუფლებოდათ?

- ნამდვილადა არა. აპრილის შუა რიცხვებში, როდესაც ჩვენ მარიუპოლში ვიყავით, შეიქმნა კიდევ ერთი "აზოვის" ვეტერანთა პოლკი და ისინი შეეცადნენ გარღვევა მოეხდინათ, მაგრამ ვერ მოხერხდა. რასაკვირველია, ძალზე განვიცადეთ ეს მარცხი. იმ დროისათვის გავაცნობიერეთ, რომ შეიძლებოდა ყველანი დავხოცილიყავით, მაგრამ არავინ გატეხილა სულიერად. "ღირსეულად შევეგებოთ სიკვდილს" - ასეთი იყო ჩვენი გადაწყვეტილება და როდესაც "აზოვსტალიდან" გამოვედით, ეს იყო თავისებური შოკი, არ გვჯეროდა...

- ერთ დღესაც მოვიდა ბრძანება კიევიდან, რომ თქვენი თავი უნდა გადაგერჩინათ. ეს ნიშნავდა ტყვედ ჩაბარებას. თუ არ ვცდები,­ ერთი ღამე გქონდათ ფიქრისთვის. რამდენად რთული იყო ის ღამე თქვენთვის?

- ოდნავ გაგისწორებთ, არავის მოუცია ღამე ფიქრისთვის, ეს იყო უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანება. ალბათ, რუსებისგან იმით განვსხვავდებით, რომ არასოდეს არ ვბჭობთ ბრძანების თაობაზე.­ ბრძანება უნდა შესრულდეს! უნდა დავყაროთ იარაღი! ჩვენ გვყავდა 150-ზე მეტი დაჭრილი, არ გვქონდა მედიკამენტები, მათი გადარჩენა საჭირო იყო. ამიტომ არავის გაუწევია წინააღმდეგობა. ბრძანება შესრულდა უსიტყვოდ.

- მე ვნახე თქვენი ჩაბარების ვიდეოფირი და გასაოცრად მშვიდად იყავით, აგრესიაც კი არ გეტყობოდათ მტრის მიმართ. რას გეუბნებოდნენ? რას ფიქრობდით იმ წუთებში?

- ეს იყო სიცარიელე, გაუცნობიერებლობა და რაღაცის იმედი. ისინი გვეკითხებოდნენ პირად მონაცემებს, ვინ ვიყავით, თანამდებობას და ასე შემდეგ... გაგვჩხრიკეს, გაგვსინჯეს, მერე ჩაგვსხეს ავტობუსში, თან 2 მცველი დაგვიყენეს. თვალები არ აუხვე­ვიათ, ისე მივდიოდით. მე დონეცკელი ვარ და სწორედ იქით წაგვიყვანეს. საღამოს ელენოვკაში ჩავედით. ღამე ავტობუსში გავათენეთ. მეორე დღეს, დაახლოებით 10 საათისთვის, ბანაკში შევედით. იქ კვლავ გაგვჩხრიკეს და ბარაკებში გაგვანაწილეს.

- როგორი იყო ყოველი დღე ტყვეთა ბარაკში? წავიკითხე, რომ ოთხჯერადი კვება კი იყო, მაგრამ აჭმევდნენ მხოლოდ კომბოსტოს,­ წყალს აძლევდნენ შეზღუდულად, არაადამიანუ­რად ეპყრობოდნენ განსაკუთრებით "აზოვის" მებრძოლებს...

- ახლა 700-მდე "აზოველია" ტყვედ და თუ რამეს ვიტყვი, შესაძლოა ამან მათზე ცუდად იმოქმედოს... ძნელი იყო იქ ყოფნა. იყო ჩხრეკაც, დაკითხვაც... ალბათ, გაიმართება სამხედრო ტრიბუნალიც და ყველაფერს ნათელი მოეფინება. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ტყვეობის 4 თვის განმავლობაში 47 კილოგრამი დავიკელი.

- 20 მაისიდან 21 სექტემბრამდე იყავით ტყვეობაში. არსებობდა თუ არა იმედის მარცვალი, რომ გაგათავისუფლებდნენ?

- ის რომ გაგვცვლიდნენ, მაგის იმედი არ გვქონდა. რუსებს არ აინტერესებთ საკუთარი ტყვეების ბედი. უკრაინა ყველაფერს აკეთებდა, რომ თავისი ტყვეები დაეხსნა. ყველაზე მთავარი იმედი კი ის იყო, რომ ჩვენი ჯარები გააკეთებდნენ სწრაფ გარღვევას, ელენოვკა 15 კილომეტრში იყო და ეს დაგვიხსნიდა. რომ გაგვცვალეს, სასწაულის ტოლფასი იყო.

- ტყვეთა გაცვლაზე არსებობდა "აზოვის" პოლკის მეთაურებთან დაკავშირებული დათქმა­ და ის ახლაც მოქმედებს. კერძოდ, პოლკის მეთაურები უნდა დარჩენილიყვნენ თურქეთში ერდოღანის პატრონაჟით. დანარჩენებზე თუ არსებობდა რაიმე დათქმა?

- ის, რომ ჩვენი მეთაური პროკოპენკო თურქეთშია, ეს ჟენევის კონვენციით არის დაშვებული. ის ტყვეა იქაც, როგორც დანარჩენები, უბრალოდ, ადამიანურ პირობებშია. ეს დიდი პლუსია.

- ყოველივე ამის შემდეგ, როგორ ატყობთ, შეიცვალეთ თუ არა პიროვნულად?

- როგორ არა, ყველაფერი გადავაფასე... ახლა უკრაინაში კვლავ ცეცხლია და უნდა გავაგრძელო იმავე მიმართულებით.

- ბრძოლის ველზე დაბრუნებას აპირებთ?

- რასაკვირველია. ახლა ვმკურნალობ, რომ ფიზიკურად აღვიდგინო თავი.

- როგორც ამბობენ, დანარჩენი ტყვე მებრძოლების გათავისუფლებაც შესაძლებელია?

- არის იმედი. ჩვენი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს ამისათვის.

- საუბრის დასაწყისში გაიხსენეთ, რომ ერთ-ერთმა ბრიგადამ სცადა რუსეთის ალყის­ გარღვევა. თუ არ ვცდები, ამ ბრიგადის ყველა სამხედრო, მეთაურის გარდა, დაიღუპა.

- ჩვენ არ ვაპირებდით მარიუპოლის დატოვებას, ჩვენ მხოლოდ ბლოკადის გარღვევა გვინდოდა, რათა დერეფანში შემოსულიყო ახალი მაშველი ძალა, შეიარაღება.­ ჩვენ არავის ვთხოვდით იქიდან გაყვანას. ბრიგადამ რაც გააკეთა, კომენტარს ვერ გავუკეთებ, ომის შემდეგ, ალბათ, გაირჩევა­ ყველაფერი. ეს მათი გადაწყვეტილება იყო.

- შეიძლება რამე სხვაგვარად გაკეთებულიყო? საუბარი იყო იმაზე, რომ მარიუპოლთან დამაკავშირებელი ხიდის დაზიანება შეიძლებოდა. ეს იყო ღალატი თუ გულგრილობა?

- არავითარი ღალატი არ ყოფილა. ომი დაიწყო არა მარტო მარიუპოლში, არამედ მთელ ფრონტზე. რუსების ჯარი კიევთან იყო და თუკი დედაქალაქი დაეცემოდა, მაშინ ტერიტორია აღარ დაგვრჩებოდა. ჩვენი შეიარაღებული ძალები სრული შემართებით მოქმედებდნენ. ჩვენ მივიზიდეთ საკუთარ თავზე მტრის 14 000-იანი შენაერთი. 5-ჯერ და 10-ჯერ მეტი შესაძლებლობისა და ტექნიკის მქონე შენაერთი შევბოჭეთ და არ მივეცით დაძვრის საშუალება.

- ყველაზე რთული დღე თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ? ვგულისხმობ იმ 3 თვეს, როცა "აზოვსტალში" იყავით გამაგრებული, მაშინ როცა მთელი მარიუპოლი რუსებს მიწასთან ჰქონდათ გასწორებული.

- ეს იყო აპრილის მიწურულს, როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ მარიუპოლის მარცხენა ნაპირზე ვიყავით გარშემორტყმული და იძულებული შევიქენით უკან დაგვეხია. ალბათ, ეს იყო ყველაზე მძიმე დღე. თუმცა­ თითოეული უკან დახევა ძალზე მძიმეა.

- ხშირად ამბობენ, რომ თქვენი გმირობის ამბავი აუცილებლად შევა სახელმძღვანელოებში. რა იყოს ის, რამაც გაგაძლებინათ, შეგაგუათ სიკვდილს?

- ჩვენ გმირები კი არა, ჩვეულებრივი­ უკრაინელები ვართ. სახელმძღვანელოები? - ჩვენ სამხედრო სახელმძღვანელოებში, ალბათ, უკვე შეგვიტანეს. "აზოვი" პატრიოტული შენაერთია, ზოგჯერ ამას უკრაინულ ნაციონალიზმსაც უწოდებენ. ეს მეტყველებს, რომ ნებისმიერ დროს მზად ვართ გავწიროთ თავი ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. ესაა ყველაზე მთავარი. და კიდევ, "აზოვში" ყოველთვის იყო პირადი შემადგენლობის ძალზე მკაცრი შერჩევა. ჯერ ყველას გამოცდიდნენ და ასეულიდან 20 კაცს თუ შეარჩევდნენ. ის 20 კაცი არნახულად მკაცრ და მაღალი დონის მომზადებას გადიოდა. ეს გმირობა კი არა, საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულებაა. პოლკი "აზოვი" ბოლო 8 წელიწადს ამ ომისთვის ემზადებოდა და შედეგიც აჩვენა.

- ყველას გვინდა გაიმარჯვოს უკრაინამ, თუმცა ამ წუთებში მასირებული სარაკეტო იერიშებია. პუტინი ბირთვული ომით იმუქრება. თქვენ, როგორც სამხედროს, როგორ და როდის წარმოგიდგენიათ ომის დამთავრება? დღეს ვკითხულობთ, რომ ბელგოროდის, კურსკისა და ბრიანსკის მიმართულებით რუსებმა უკვე დაიწყეს ტანკსაწინააღმდეგო ტრანშეების გათხრა. ეს ნიშნავს, რომ ბრძოლის ველმა შეიძლება რუსეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლოს?

- კიდევაც რომ გვაჩუქონ რუსებმა­ თავიანთი მიწა-წყალი, არ გვჭირდება. ჩვენ ჩვენი მიწა გვინდა. ჩვენ გვინდა ყირიმი,­ ლუგანსკი, დონეცკი... უკრაინა გაიმარ­ჯვებს! პუტინი ახლა მშვიდობიან მოსახლეობას ებრძვის, ცდილობს უკრაინელები დააშინოს, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწევს! ღმერთმა ნუ ქნას, თუკი ატომური დარტყმა იქნება, ესეც კი ვერ შეცვლის რაიმეს. რუსეთი მძიმე მდგომარეობაშია და ეს სწორედ 24 თებერვალს დაიწყო.