"თამაში" "ბინძური ბომბებით" - რისთვის ემზადება რუსეთი? - კვირის პალიტრა

"თამაში" "ბინძური ბომბებით" - რისთვის ემზადება რუსეთი?

აშშ-მა და დასავლელმა მოკავშირეებმა­ უარყვეს კრემლის განცხადებები, რომ უკრაინაში ამერიკის დახმარებით მიმდინარეობს აკრძალულ ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობა, მაგრამ პუტინი მათ არ ეთანხმება.­ დასავლელი ლიდერები შიშობენ, რომ შესაძლოა რუსეთის პრეზიდენტმა "ბინძური­ ბომბები" ესკალაციისთვის გამოიყენოს. გადაკვეთს თუ არა რუსეთი წითელ ხაზს, ბრიგადის გადამდგარი გენერალი გიორგი­ სურმავა გვესაუბრება:

- დიდი ბრიტანეთის დაზვერვის, ომის შესწავლის ინსტიტუტებისა და სხვა ორგანიზაციების მონაცემებით, რუსეთმა მაღალი სიზუსტის იარა­ღის არსენალიდან 50-70 პროცენტამდე უკვე მოიხმარა. ამიტომაც შეამცირა მისი გამოყენება­, მაღალტექნოლოგიურ იარაღზე­ კი სანქციების გამო ხელი არ მიუწვდება. თავად ვეღარ აწარმოებს და შესაბამისად, მარაგსაც ვერ ივსებს­. თუმცა არტილერიის, საცეცხლე დაზიანების საშუალების, ძალიან დიდი მარაგი აქვს, ვინაიდან შეიარაღებასა და საბრძოლო მასალასაც გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან აწარმოებდა... რაც შეეხება მობილიზაციას, ოფიციალური მონაცემებით, რუსეთს 25-მილიონიანი­ რესურსი­ აქვს. თუმცა ახალწვეულების კვალიფი­კაციისა და მოტივაციის გათვალისწინებით, ალბათ, ნაკლებს ანგარიშობენ.­ ხერსონის მიმართულებით გადაისროლეს ახალმობილიზებული პირადი შემადგენლობა,­ მაგრამ ახალი სამხედრო დანაყოფები­ კი არ შეუქმნიათ, დანაკარგის შესავსებად გაუშვეს - 1400 კილომეტრზე გადაჭიმულ­ ფრონტის ხაზზე დანაკლისს, ე.წ. გარღვე­ვებს შეავსებენ. ახალმობილიზებულებს შეტევით ბრძოლებში ვერ გამოიყენებენ, სამხედრო მომზადება არა აქვთ, მაგრამ­ მათ იქ ყოფნას ეფექტი მაინც ექნება. რუსეთი­ ცდილობს უკრაინელების კონტრშეტევა შეაჩეროს ან შეაყოვნოს მაინც. თითქმის სამი თვეა ორი მხარის­ შეხების ხაზი, რომელსაც ფრონტის­ ხაზს უწოდებენ, მეტ-ნაკლებად სტაბილიზებულია. უკრაინელებს­ ჩრდ­ილოეთით, ხარკოვის­ მიმართულებაზე, ბოლო შეტევების­ შემდეგ წინსვლა აქვთ, მაგრამ არა მნიშვნელოვანი. სამხრეთით, ხერსონის მიმართულებითაც უტევენ, მაგრამ­ იქაც მასშტაბური ხასიათი ვერ მიიღო. რუსები ამბობენ,­ რომ უკრაინელების შეტევას ელოდებიან, ამ დროს კი დონეცკის მიმართულებაზე, ავდეევკასა და ბახმუტის მიმართულებით უტევენ. მოკლედ, ორი მხარის სამხედრო მოქმედებები მხოლოდ ლოკალურია, ხაზი, ძირითადად სტაბილური.

- რუსული არმიისთვის ხერსონს, ლოჯისტიკური კვანძის გარდა, მორალური მნიშვნელობაც აქვს, არა?

- დიახ. ხერსონის აღება რუსებმა ომის დაწყების პირველივე დღეებში მოახერხეს. სამხრეთის მიმართულებით წინსვლა ჰქონდათ, ყირიმთან ახლოს იყვნენ და იოლად გადავიდნენ დნეპრზე, რომელიც დიდი ბუნებრივი ზღუდეა მათთვის, მდინარის მარჯვენა ნაპირზე პლაცდარმიც კი მოიწყვეს. ამიტომ მისი დაკარგვა დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა იქნება რუსეთისთვის და უკან დახევად ჩაითვლება. ამიტომაც ცდილობენ როგორმე შეინარჩუნონ. უკრაინული­ მხარე რაღაც ნაწილს უკვე აკონტროლებს. დნეპრზე გადასასვლელები­ საცეცხლე საშუალებებით კონტროლდება­, ხიდებსა და რუსების მიერ გაკეთებულ დროებით გადასასვლელებზე იერიში მიიტა­ნეს, რაც პლაცდარმზე მყოფი რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის სახიფათოა. ამიტომ ცდილობენ ეტაპობრივ ევაკუაციას, მოსახლეობაც გაჰყავთ, რადგან ტვირთად აწევთ. ოკუპირებული მოსახლეობა, ფაქტობრივად, რუსეთის ე.წ. ჰუმანიტარული დახმარების იმედზეა, ხალხსა და ჯარსაც სჭირდებათ კვება, მაგრამ რუსებს ლოჯისტიკაში უჭირთ.

თუ უკრაინული მხარე ამ პლაცდარმის რუსებისგან გათავისუფლებას შეძლებს, რუსეთის ისედაც დემორალიზებული არმიისთვის დიდი დარტყმა იქნება და უკრაინასაც ზაპოროჟიე-მელიტოპოლისა და თავად ხერსონის მიმართულებითაც გაეხსნება ხელ-ფეხი. ამასთან, რუსეთს ყირიმი მოსწყდება­ და იქ განთავსებულ დიდ სამხედრო დაჯგუფებას ლოჯისტიკური პრობლემები შეექმნება. ეს იციან კრემლში და ამიტომაც­ ცდილობენ ბრძოლის ველის "განტვი­რთვას" ირანული დრონებით. მათი მიზანია უკრაინამ ყურადღება სხვა მიმართულებაზე გადაიტანოს. "შაჰიდებით" იერ­იშები მოსახლეობის გადაღლას, ომით გათანგვას ემსახურება. კრემლი ცდილობს უკრაინა­ ეკონომიკურად დაასუსტოს და მიზანში ენერგოსისტემები ამოიღო­. ენერგოინფრასტრუქტურის 60%-ზე მეტი დაზიანებულია, რაც უკრაინის ეკონომიკის პარალიზებას გამოიწვევს. როგორც ნოდარ დუმბაძე ამბობს,­ "ომს დიდი კუჭი აქვს" და უკრაინას ძალიან სჭირდება ძლიერი ეკონომიკა, მხოლოდ­ დასავლეთის დახმარებით­ ვერ იარსებებს. ან რამდენი გენერატორი უნდა მიაწოდონ, რომ საკმარისი იყოს?.. იმასაც გადაზიდვა, ტრანსპორტირება ხომ სჭირდება? რკინიგზის გამართული მუშაობა ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ის ელექტროენერგიის გარეშე ვერ იმუშავებს... ზამთარი კარს არის მომდგარი და ხვალ-ზეგ შეიძლება ომის შეწყვეტისა და მოლაპარაკების გამართვის მოთხოვნები დაიწყოს. ენერგორესურსების პრობლემების გამო შესაძლოა ევროპაშიც იჩინოს თავი პროტესტმა, მოჰბეზრდეთ უკრაინის დახმარება. ხედავენ, რაც დრო გადის, ამ ქვეყანას მათი დახმარება მეტად სჭირდება, რაც ობივატელს მაინცდამაინც არ მოსწონს. ამ ყველაფერს ხედავს "მერყევი ქვეყნების" მოსახლეობაც და შესაძლოა იქაც გაჩნდეს შიში, ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ რუსეთის წინააღმდეგ წავალთო...

სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება რუსეთის სამხედრო სტრატეგიაა... მათ საფრენი აპარატებისა და პილოტების ძალიან დიდი დანაკარგი აქვთ. ამიტომ სარაკეტო იერიშები და დრონებით თავდასხმა უფრო ხელსაყრელია. დრონი შედარებით იაფი ჯდება, მისი ჩამოგდების საშუალება კი ბევრად ძვირი. არც ერთ სახელმწიფოს არა აქვს ცის მთლიანად დახურვის შესაძლებლობა. ისრაელსაც კი, რომელიც მოწინავეა, პალესტინასთან მოსაზღვრე ქალაქებზე აქვს დამცავი "თაღები" და პრიორიტეტების, საფრთხეების მიხედვით უწევს მოქმედება.

ახლა ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინას­ რაც შეიძლება მეტი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები მიაწოდონ. ითქვა, რომ საჰაერო თავდაცვის კომპლექსი NASAMS-ი და სხვა სისტემები უნდა გადასცენ. ამერიკამ უკვე დაამტკიცა 270 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტი, რომელიც ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებსაც მოიცავს. NASAMS-ი ძირითადად, ანტისარაკეტო სისტემაა, რაც საჭიროა, მაგრამ დრონებთან ბრძოლა ძნელია. როდესაც ბევრი ერთდროულად მოდის, ფუტკრის შემოსევის ეფექტი აქვს და მისი მოგერიება რთულია. იმედია, მალე მის საწინააღმდეგო ტაქტიკასაც შეიმუშავებენ. თუმცა სამხედრო წინააღმდეგობის გარდა, ძალზე მნიშვნელოვანია პოლიტიკური და დიპლომატიური მუშაობაც დრონების მიწოდების არხების­ დასაბლოკად. ეს იარაღი საბრძოლო მოქმედებების ზონაში ახალი ხილია. პირველად­ აზერბაიჯანმა გამოიყენა თურქული წარმოების დრონები ყარაბაღის მეორე ომის დროს. ამიტომ სამხედრო საქმის სპეციალისტებს­ მის წინააღმდეგ მოქმედების­ ტაქტიკა ჯერ არა აქვთ დამუშავებული. უკრაინელებს მაღალი ინტ­ელექტუალური რესურსი აქვთ, "ბაირაქტარის" ქარხნის აშენებასაც კი აპირებენ და დრონების საწინააღმდეგო სისტემასაც ამუშავებენ... იარაღის ისტორია­ სისხლით იწერება,­ ომში დაბადებული იდეები ყველაზე­ ეფექტურია და ნებისმიერი სამხედრო სიახლე ბრძოლაში­ უნდა გამოიცადოს, მაგრამ ახლა ძალზე მნიშვნელოვანია­ ოპერატიული მოქმედება - მშვიდობიან მოსახლეობაზე წნეხი უნდა შემსუბუქდეს, სამოქალაქო ობიექტები გადარჩეს... ეს ომი დიდხანს გაგრძელდება. დასავლეთის მხარდაჭერით უკრაინამ უნდა გაუძლოს და რუსეთი იმ მდგომარეობამდე მიიყვანოს, რომ მას სამხედრო მოქმედებების გაგრძელება აღარ შეეძლოს. ამის შემდეგ შეიძლება მოლაპარაკება...

- დასავლელი ლიდერების აზრით, რუსეთმა "ბინძური ბომბის" შესახებ რიტორიკა­ შესაძლოა ესკალაციის საბაბად გამოიყენოს.­ რა საფრთხის წინაშე დგება მსოფლიო?

- "ბინძური ომის" გამოყენების საფრთხეზე საუბარი რუსულმა მედიამ დაიწყო, თითქოს უკრაინა აპირებს მის გამოყენებას. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, რომელიც ბირთვული­ მასალების გადაადგილებას აკონტროლებს,­ ჯერ ამის საფრთხე არ არსებობს, მაგრამ არავინ იცის, მერე რა იქნება. "ბინძური ომისთვის" საჭირო ბირთვული მასალა ბაზარში არ იყიდება, ატომური ელექტროსადგურების ნარჩენებისგან იქმნება... გააჩნია, რა დღეში ჩავარდება რუსეთი და პირადად პუტინი. მას ჯერ აქვს ლავირების საშუალება, აქვს სამხედრო და ადამიანური­ რესურსი, ჰყავს მოკავშირეები: ბელარუსი, ირანი, სირია, მცირე დოზით, მაგრამ მაინც, ჩრდილოეთი კორეა... სანქციების გამო ჩინეთისგან უკვე ვერაფერს იღებს. ირანი, მიუხედავად პრობლემებისა, მაინც ეხმარება. სხვათა შორის, ირანული დრონების ბაზა ტაჯიკეთშია, ადრე კი სირიაში იყო.

ერთია ბირთვული იარაღის გამოყენების­ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ შესრულება პროცედურების ჯაჭვისგან შედგება.­ არა მგონია, პუტინის უახლოესი გარემოცვა ასე ხელაღებით მასთან ერთად თვითმკვლელობაზე წავიდეს. ამიტომ ეს მაინც შანტაჟი­ მგონია, თანაც, ამერიკა ამბობს, რომ პასუხი აუცილებლად იქნება. ოფიციალური პირები არა, მაგრამ გადამდგარი სამხედროები ბენ ჰოჯესი, დეივიდ პეტრეუსი ამბობენ, რომ პასუხის მასშტაბი რუსეთის ქმედებაზე იქნება დამოკიდებული. თუ რუსეთი სტრატეგიულ იარაღს გამოიყენებს, პასუხიც დამანგრეველი იქნება­ და მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი რუსული შეიარაღებული ძალებისა და შავი ფლოტის განადგურებით არ შემოიფარგლება. სტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენების შედეგი საქართველოზეც გავრცელდება. რამდენიმე ასეული მეგატონა ტროტილის სიმძლავრის ბირთვული იარაღის გამოყენებას უდიდესი ზიანის მოტანა შეუძლია, რადგან გეოგრაფიულად ძალიან დიდ არეალს მოიცავს. ეფექტი ბევრად­ შემზარავი იქნება, ვიდრე ჩერნობილში იყო... სტრატეგიული იარაღის გამოყენების საფრთხეზე ნატოშიც კი ცოტას საუბრობენ, მაგრამ ირიბად მაინც თქვეს, რომ ადეკვატურ პასუხს გასცემენ, რა სახის, არ აკონკრეტებენ. ადრე სტრატეგიული უსაფრთხოების დოკუმენტებში ეწერათ, რომ მისი გამოყენება მხოლოდ "საპასუხო შემთხვევაში" შეეძლოთ, ბოლო დროს შეცვალეს და დოქტრინაში ფრაზა "წინსწრებით" ჩაამატეს - ანუ იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე ბირთვული იარაღის "გარანტირებულად გამოყენებით" იმუქრება...

რაც შეეხება ტაქტიკურ ბირთვულ იარ­აღს, მისი შედეგი ბევრ რამეზეა დამოკიდ­ებული, მათ შორის იმაზეც, სად დაარტყამენ, ქარი საით წაიღებს რადიაციულ ღრუბელსა და მტვერს - ევროპისკენ თუ შავი ზღვისკენ­ (თუმცა ნებისმიერი მიმართულ­ებით, დიდ ტერიტორიაზე ვრცელ­დება), რომლის არეალშიც მოხვდება საქართველოც­. თუ დარტყმა კიევს მიაყენეს, რადიაციის მთავა­რი კერა ევროპა იქნება, თორემ პირველ­ ტალღას, აფეთქების წნევას, რამდენიმე ათეულ კილომეტრზე­ აქვს დამანგრეველი ეფექტი, გამოსხივების­ პირველი ტალღა ყველაფერს წვავს. შემდეგ იფრქვევა რადიაცია... თუ რუსეთი ამ რისკზე წავა, უკრაინაში განთავსებულ შეიარაღებულ ძალებსა და შავი ზღვის ფლოტსაც უნდა დაემშვიდობოს.­ სამხედრო სამიზნე იქნება ის ადგილებიც­, საიდანაც რუსები ბირთვული იარაღის გამოყენებას იმუქრებ­ოდნენ, ოღონდ აშშ და ნატო ბირთვულს კი არა, მაღალი სიზუსტის იარაღს გამოიყენებენ.

ლალი პაპასკირი