"თავდაპირველად ემიგრანტების პრობლემებზე დავიწყე წერა. ჩემმა ნოვე­ლებმა, პატარა სტატიებმა საზოგადოების ყურადღება დაიმსახურა. ერთ დღეს კი ჩემს ტელეფონზე ზარის­ ხმა გაისმა" - კვირის პალიტრა

"თავდაპირველად ემიგრანტების პრობლემებზე დავიწყე წერა. ჩემმა ნოვე­ლებმა, პატარა სტატიებმა საზოგადოების ყურადღება დაიმსახურა. ერთ დღეს კი ჩემს ტელეფონზე ზარის­ ხმა გაისმა"

ქართველ ემიგრანტებზე ბევრი რამ თქმულა და დაწერილა, სამწუხაროდ, მათ შორის ცოტაა ისეთი,­ ვინც უცხო ქვეყანაში საკუთარი­ ნიჭის და უნარის რეალიზებას ახერხებს. მათ შორის არის ხათუნა­ შარაძე - ჟურნალისტი, რომელიც იტალიაში მედიაპლატფორმა ExclusiveTV-ს ხელმძღვანელობს.

- ალბათ, გაინტერესებთ, როგორ დაიწყო ჩემი ემიგრანტული ცხოვრება: 2018 წლის თებერალში, მეუღლესთან ერთად გადავწყვიტე, საქართველო დამეტოვებინა. ოზურგეთში ვცხოვრობდით და ჩვენს პატარა ქალაქში რეალიზებული ადამიანები ვიყავით: მე ქალაქ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურის უფროსი გახლდით. 4 წელი გავატარე ამ პოზიციაზე, სტრესული გარემოს მიუხედავად, ჩემი სამსახური ძალიან მიყვარდა და ვცდილობდი, ის საქმე მეკეთებინა, რაც ჩემი ქვეყნისთვის სასარგებლო იქნებოდა.

qali2-1667144046.jpg

- ალბათ, თქვენც გაგჩენიათ შეკითხვა, რატომ ტოვებენ საქართველოს რეალიზებული­ ჩვენი თანამოქალაქეები?

- ყველაზე მთავარი მიზეზი უპერსპექტივობის და უსამართლობის განცდაა. ჩვენც ამიტომ გადავწყვიტეთ, ბედი ევროკავშირის წევრ ქვეყანაში გვეძებნა, სადაც უკეთესი პირობები და ღირსეული, სტაბილური გარემო დაგვხვდებოდა. ემიგრაციაში რომ წამოვედით, ჩემი გოგონა - მარიამი, მხოლოდ ოთხი წლისა იყო. უცნაური განცდაა: ბარგი რომ ჩავალაგეთ, მთელი ჩვენი ცხოვრება 38 კილოგრამში ჩაეტია, რომლითაც იტალიაში ჩამოვედით. ბარის პროვინციის პატარა ქალაქში - კასტელანა გროტეში დავბინავდით და ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ. ემიგრაციის საწყის ეტაპს ხშირად ადარებენ ახალშობილის მდგომარეობას, რადგან სულ სხვა, ახალ ცხოვრებას იწყებ. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ გვქონდა გააზრებული, რა სირთულეების გადალახვა მოგვიწევდა, რეალობა მაინც უფრო რთული აღმოჩნდა.

- ყველაზე მეტად რა გიშლიდათ ხელს ახალ გარემოსთან შეგუებაში?

- ის, რაც ბევრი ემიგრანტის მთავარი პრობლემაა - ენის არცოდნა. ყველა ემიგრანტის ცხოვრება საწყის ეტაპზე გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს და ჩვენც, სხვებივით დაბნეულები ვიყავით. ეს ძალიან რთული, დაბრკოლებებით აღსავსე გზაა. მეც, იძულებული გავხდი, მომსახურების სფეროში დავსაქმებულიყავი, რომელიც აქ ყველაზე დაბალ საფეხურად არის მიჩნეული.Mმოხუცები ყოველთვის მიყვარდა, მათთან ურთიერთობაც არ მიჭირს, პირიქით, მსიამოვნებს, მაგრამ ეს ჩემი პროფესიისგან რადიკალურად განსხვაებული საქმე იყო და მომავალს ვეღარ ვხედავდი. მიუხედავად ამისა, მაინც ვცდილობდი, მაქსიმალურად დამეჩქარებინა ჩემი ინტეგრაცია და უფლის წყალობით, იტალიელი ჟურნალისტი დანიელა ლოვეჩე გავიცანი, რომელმაც ხელი ჩამკიდა და ყველანაირად მხარში ამოდმიდგა. ჩვენ ერთად ჩავატარეთ ქართულ-იტალიური საღამო და აქედან დავიწყე ჩემი სურვილის რეალიზება: მინდოდა, საქართველო გამეცნო იტალიელებისთვის. ძალიან განვიცდიდი, როცა ვეტყოდი, რომ ქართველი ვარ, მათ კი, ან რუსი ვეგონე, ან ამერიკის ჯორჯიის შტატი ახსენდებოდათ.Aიტალიაში სამშობლოს განცდა გამიასმაგდა, რადგან იმ გარემოში, სადაც ცხოვრება თავიდან უნდა დამეწყო, ჩემი სამშობლოს შესახებ არაფერი იცოდნენ. ასე დავიწყე ფიქრი, რომ ამ პატარა ქალაქში, სადაც 20 ათასი ადამიანი ცხოვრობს, საქართველო ყველასთვის გამეცნო.

- ეს როგორ მოახერხეთ?

- ჩემი ჩანაფიქრის ხორცშესხმაში ძალიან დამეხმარა კულტურული საღამოები, სადაც იტალიელებს ჩვენი ქვეყნის შესახებ ვუყვებოდი, ვესაუბრებოდი ჩვენს წარსულსა და უძველეს ისტორიაზე, ქართულ ანბანზე, ამას ქართული სამზარეულოს და ქართული ღვინის პოპულარიზაციაც მოჰყვა... ასე, თანდათან შეიცვალა მათი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ამას მოჰყვა ოზურგეთის და კასტელანა გროტეს დაძმობილების სქემა დაDდანიელა ლოვეჩეს მოგზაურობა ოზურგეთში. ორივეს იმედი გვაქვს, რომ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და ეს ორი ქალაქი ერთმანეთს მალე დაუმეგობრდება. თანდათან იმდენს მივაღწიე, რომ ჩვენი ღონისძიებების შესახებ იტალიურ მედიაშიც წერდნენ და ინტერესი საქართველოს მიმართ გაიზარდა. გასულ წელს კი, ძალიან სასიამოვნო ამბავი მოხდა: ქალაქის მერის წარმომადგენელი დამიკავშირდა და მითხრა, რომ ყველა ქართველი სრულიად უფასოდ მიიწვიეს ქალაქის ერთ-ერთ ცნობილ ტურისტულ ობიექტზე - კასტელანას მღვიმეებში, რომელსაც ყოველწლიურად მილიონზე მეტი მნახველი ჰყავს. ცხადია, ეს მათი კეთილგანწყობის გამოხატულება იყო. ამ ღონისძიებაზე მოვიწვიე ქალაქ ბარის გენერალური კონსული, ვახტანგ ანდღულაძე და ჩვენს საქმეს კიდევ ერთი მეგობარი შევმატე. ასე, თანდათან შევძელი კასტელანა გროტეს ცხოვრებაში ჩართვა და ამ პატარა ქალაქში ჩემი სამშობლოს პოპულარიზაცია.

- უცხო ქვეყანაში ჟურნალისტური საქმიანობა როგორ დაიწყეთ?

- თავდაპირველად ემიგრანტების პრობლემებზე დავიწყე წერა. ჩემმა ნოველებმა, პატარა-პატარა სტატიებმა და ნიუსებმა საზოგადოების ყურადღება დაიმსახურა. ბევრჯერ მომხდარა, რომ დამქირავებელ ოჯახში ჩემს სამუშაოს ვასრულებდი და როგორც კი სათქმელი გამიჩნდებოდა, ჩუმად ვწერდი, რომ საყვედური არ მიმეღო. 2019 წლის დეკემბერში ჩემს ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა: მითხრეს, რომ იქმნება მედიაპლატფორმა, რომელმაც ემიგრაციის საკითხებზე უნდა იმუშაოს... იტალიაში მცხოვრები ჟურნალისტი სჭირდებოდათ, რომელიც ამ პრობლემატიკაზე იმუშავებდა. თავიდან ძალიან დავიბენი და ავღელდი, მაგრამ შემოთავაზებას მაინც დავთანხმდი. სააგენტოს "ექსკლუზივ ტვ" ჰქვია, ამჟამად, მე ამ სააგენტოს გენერალური დირექტორი ვარ, რომელიც ასევე ციფრულ სატელევიზიო ფორმატს აერთიანებს.

313090936-1667397457.jpg

- რით არის მნიშვნელოვანი ქართული­ სააგენტოს არსებობა იტალიაში?

- უპირველეს ყოვლისა შევქმენით ახალი შესაძლებლობებისა და შანსების პრეცენდენტი და საფუძველი ჩავუყარეთ სრულიად ქართული საემიგრაციო სივრცის, დიასპორის ციფრულ გაერთიანებას, რომლის პრეცენდენტი აქამდე იტალიის ქართულ დიასპორაში არასდროს ყოფილა.

მოგეხსენებათ, რომ ემიგრანტები ყველაზე დაუცველი ფენაა, რასაც ბევრი რამ განაპირობებს: პირველ რიგში ენის ბარიერი. მათი უმრავლესობა ოჯახში მოხუცთან ერთად ცხოვრობს, ლამის, ციხის რეჟიმში: კვირაში მხოლოდ ერთი დღე აქვთ დასვენებისთვის. როდესაც მოხუცთან ცხოვრობ, მას ემსგავსები: არ იცი კანონები, არ იცი შენი უფლებები, არ იცი, რას ნიშნავს შრომითი ხელშეკრულებa და შრომის ანაზღაურება და სხვა მრავალი საჭირო ინფორმაცია. ამ მიზეზების გამო, ემიგრანტები ვერ ახერხებენ ინტეგრაციას რეალურ დროში. ისინი ხშირად სამმაგ ფასს იხდიან იმ მომსახურებაში, რომელიც კანონით, უფასოა. ემიგრაციის ისტორია სავსეა ადამიანების ექსპლუტაციის, ჩაგვრის და ტრეფიკინგის შემთხვევბით, რომელზეც კონტროლი ძნელად ხორციელდebა. მე დავიწყე დაჩაგრული ემიგრანტების მოძიება და მათი ამბები ფართო აუდიტორიას გავაცანი. თემები, რომლებიც ადრე ტაბუდადებული იყო, ყველამ გაიცნო და ბევრი რამ შეიცვალა, შეიცვალა ის კაბალური ფასებიც, რომელსაც ემიგრანტები სოციალურ თუ სამართლებრივ მომსახურებაში იხდიდნენ. ახლაც, მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს მოგვმართონ და "ესქკლუზივ ტვ"-ის წევრები ჩვენს ემიგრანტებს ყველანაირ დახმარებას გავუწევთ.

31397936-1667417074.jpg

- როგორც ვიცი, თქვენს სააგენტოში "მედიაპალიტრის" ჟურნალისტიც მუშაობს...

დიახ, საქმე რომ მოგვემატა, წესიერი, სამართლიანი ჟურნალისტის ძებნა დავიწყე, რომელიც დაგვეხმარებოდა. ასე ვიპოვე ნინა მამუკაძე და თანამშრომლად ავიყვანე. ნინა უკვე 12 წელია იტალიაში ცხოვრობს. ის ახლა იტალიის ბიუროს ხელმძღვანელობს და ჩვენს სააგენტოს სატელევიზიო ფორმატიც შემატა. რაც მთავარია დღეს მე და ნინა საერთო ინტერესების მქონე მეგობრები ვართ და ვცდილობთ ჩვენი რესურსის მაქსიმუმი ჩავდოთ იმ საქმეში, რომელსაც ვემსახურებით. ჩვენთვის ყველაზე დიდი ჯილდო ისაა, რომ უამრავი შეტყობინება შემოგვდის, ძალიან ბევრი დაზარალებული ემიგრანტი გვწერს, რომ ჩვენი სააგენტო და ტელევიზია მათთვის დიდი იმედია. ჩვენი წარმომადგენელი იტალიის თითქმის ყველა ქალაქში გვყავს, ასევე გერმანიაში, ესპანეთსა და საბერძნეთში, ხოლო საქართველოში 5 თანამშრომელი. აი, ასე, ციფრულად, ონლაინ ვმართავთ ამ ურთულეს სისტემას. კატორღული შრომის და დიდი ძალიხმევის ფასად ვაკეთებთ ჩვენს საყვარელ საქმეს. რაც შეეხება ქართულ მედია სივრცეს, რომელიც ორიენტირებულია ემიგრაციაში არსებობდეს დიასპორისთვის საიმედო პლატფორმა, საბერძნეთში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა ბიზნესმენმა კობა ლანჩავამ დააფუძნა, რომელმაც ემიგრაციაში მიმოფანტული ემიგრანტი ჟურნალისტები პროფესიულ საქმიანობას დაუბრუნა.

- დაბოლოს, ამბობენ, ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ყოფა ძირეულად შეცვალაო... ამას თქვენც გრძნობთ?

- დიახ, ასეა. სხვათა შორის, ჩემი ერთ-ერთი პოსტი, რომელიც ხვიჩას ეძღვნებოდა, მთელმა სოციალურმა ქსელმა და ქართულმა მედიამ აიტაცა. ხვიჩას წყალობით, იტალიის მოსახლეობის განწყობა ქართველების მიმართ რადიკალურად შეიცვალა, რაც მე, საკუთარ თავზეც გამოვცადე! ადრე ხშირად მიგრძვნია ადგილობრივების ცივი დამოკიდებულება და მინიშნება, რომ სტუმარი ვარ და ჩემი ადგილი უნდა ვიცოდე, მაგრამ როდესაც ქართულ ემიგრაციას ასეთი კარგი ქართველები ემატებიან, სიყვარული და დადებითი განწყობა საქართველოს და ჩვენი ხალხის მიმართ, მატულობს. ჩვენც ვდილობთ, ამ ქალაქში რომ აღარ ვიქნებით, იტალიელებმა თქვან, რომ კასტელანა გროტეში ერთი კარგი, ქართული ოჯახი ცხოვრობდა, რომელმაც იტალიელებს ნამდვილი საქართველო და ქართული სული გააცნო.

ხათუნა ჩიგოგიძე