საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი - ვინ როგორ ზრდის სამხედრო ბიუჯეტს
მომავალი წლისთვის საქართველოს ხელისუფლება აპირებს 23%-ით, ანუ 260 მლნ ლარით (დაახლოებით 93 მლნ აშშ დოლარით) გაუზარდოს დაფინანსება თავდაცვის სამინისტროს, რის შემდეგაც 2023 წლის სამხედრო ბიუჯეტის ნიშნული 1,26 მლრდ ლარს (დაახლოებით 450 მლნ დოლარს) გაუტოლდება.
რა თქმა უნდა, მისასალმებელია, როდესაც სამშობლოს დამცველებზე სახელმწიფო ზრუნვას აძლიერებს, მაგრამ საკმარისია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამ ოდენობით დაფინანსება, მით უმეტეს, მაშინ, როცა ჩვენს რეგიონსა და ახლო სამეზობლოში ომებია?
შედარებისთვის მეზობელი სომხეთისა და აზერბაიჯანის მაგალითებს მოვიყვანთ, თუ როგორ აპირებენ ისინი მომავალ წელს სამხედრო ბიუჯეტის გაზრდას.
სომხეთის რესპუბლიკა 2023 წელს შეიარაღებული ძალების დაფინანსების გაზრდას 47%-ით აპირებს, 1,245 მლრდ დოლარამდე.
კიდევ ერთი მეზობელი, აზერბაიჯანი, არმიის დაფინანსებას მომავალი წლისთვის მხოლოდ 4,6%-ით ზრდის, მაგრამ მისი თავდაცვითი ბიუჯეტი მართლაც შთამბეჭდავ რიცხვს - 3,1 მლრდ დოლარს გაუტოლდება, რაც თითქმის ორჯერ მეტია სომხეთისა და საქართველოს ერთად აღებულ მომავალ სამხედრო ხარჯებზე.
გასაგებია, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი, ფაქტობრივად, საბრძოლო მდგომარეობაში არიან ერთმანეთთან. ამასთან, ბაქოს ირანის საზღვრისპირა გააქტიურებაც აშფოთებს და ამიტომაც აქვს ამხელა სამხედრო ბიუჯეტი, რის საშუალებასაც აზერბაიჯანს ნავთობისა და ბუნებრივი აირის გაყიდვა აძლევს.
მაგრამ სომხეთი ხომ საქართველოზე ისე მდიდარი არ არის, რომ ჩვენზე თითქმის სამჯერ მეტი სამხედრო ბიუჯეტი ჰქონდეს?
პოლიტიკური გზებით პოტენციური ომების თავიდან აცილება საუკეთესო გამოსავალია და ძალიან კარგია, რომ 2008 წლის შემდეგ (არადა, მაშინაც შეიძლებოდა ომის თავიდან აცილება, დროებით მაინც), 14 წლის განმავლობაში ქართულ მიწაზე საარტილერიო ჭურვები არ ფეთქდება და საავიაციო ბომბები არ ცვივა, მაგრამ ოკუპირებული მიწების პრობლემაც ხომ არსად გამქრალა, ისევე როგორც არაპროგნოზირებადი რუსი ოკუპანტების სამხედრო აგრესიის გაგრძელების საფრთხე?
საქართველოს თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობისთვის ხელფასების გაზრდა, საცხოვრებელი პირობებისა და სოციალური უზრუნველყოფის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება საუცხოოა, მაგრამ არც დღევანდელი ომების გაანალიზება უნდა დაგვავიწყდეს, და არც იმ ტენდენციებს უნდა ჩამოვრჩეთ, რომელთაც თანამედროვე საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობა გვკარნახობს. ეს არის ძლიერი საჰაერო თავდაცვა, დაზვერვის მაღალტექნიკური საშუალებები, საბრძოლო დანაყოფების მობილურობა, საარტილერიო ცეცხლის მართვის ერთიანი ციფრული სისტემები, სადაზვერვო და დამრტყმელი დრონების რიცხოვნობის სასწრაფოდ გაზრდა და კიდევ არაერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება.
გასაგებია, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი უზომო არ არის და თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე დახარჯული თითოეული ლარი პენსიონერსა თუ მასწავლებელს აკლდება, მაგრამ ისიც ხომ ნათელია, რომ დღევანდელ მსოფლიოში, ისევე როგორც ქვის ხანის გამოქვაბულებში, მხოლოდ ძალა იმარჯვებს?როგორც ბოლო საუკუნეებში, საქართველო ახლაც ვერ გახდება სამხრეთ კავკასიაში სამხედრო ძლიერებაში ლიდერი, მაგრამ იმდენი მაინც უნდა შეგვეძლოს, რომ დიდი ვაჟას გულიდან ამოხეთქილი ეს მოწოდება ვერ აღგვესრულებინოს: "სამშობლოს არვის წავართმევთ, ჩვენს ნურვინ შაგვეცილება, თორემ ისეთ დღეს დავაყრით, მკვდარსაც კი გაეცინება".