წყალქვეშა და საჰაერო დრონებით შეტევა ოკუპირებულ სევასტოპოლზე - კვირის პალიტრა

წყალქვეშა და საჰაერო დრონებით შეტევა ოკუპირებულ სევასტოპოლზე

ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის მთავარი ქალაქის, სევასტოპოლის ყურე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაცულ სამხედრო-საზღვაო პორტად ითვლება, რომლის თავდაცვის უზრუნველყოფაზე ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი ზრუნავდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, პირველი "ცივი ომის" პერიოდში. მიუხედავად ამისა, 29 ოქტომბრის დილას უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ყველაზე მასშტაბური თავდასხმა მოაწყვეს სევასტოპოლის ყურეს თავშეფარებულ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდებზე.

უკრაინელების ეს შეტევა მრავალმხრივი აღმოჩნდა და მასში ცხრა საჰაერო დრონის გარდა, არანაკლებ შვიდი წყალქვეშა უპილოტო კამიკაძეც მონაწილეობდა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსმა ოკუპანტებმა სევასტოპოლელების დამშვიდება სცადეს იმის მტკიცებით, რომ უკრაინელების ყველა დრონი ჰაერშიც და წყალქვეშაც თითქოს გაანადგურეს, ფაქტია, სევასტოპოლის ყურეში დაზიანდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საზღვაო მტრალავი ხომალდი "ივან გოლუბეცი". უფრო მეტიც, ვრცელდება ინფორმაცია თვით სარაკეტო ფრეგატ "ადმირალ მაკაროვის" ბორტზე რადიოლოკაციური სადგურის ანტენის დაზიანების შესახებაც. არადა, კრეისერ "მოსკვას" ჩაძირვის შემდეგ, "ადმირალი მაკაროვი", ფაქტობრივად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი ხომალდის როლს ასრულებს და ერთ წელიწადში მეორე ფლაგმანი ხომალდის დაკარგვა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ადმირალებისთვის ჰარაკირის ტოლფასი იქნება.

რუსი პროპაგანდისტები სევასტოპოლის რუსულ სამხედრო-საზღვაო ბაზაზე კომბინირებული საჰაერო-საზღვაო თავდასხმის ორგანიზებაში ბრალს დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო სპეციალისტებს სდებენ - თითქოს ოჩაკოვოში (ოდესის სიახლოვეს) უკრაინელ კოლეგებს ამზადებენ ასეთი საზღვაო რეიდების ჩასატარებლად.რუსული მხარე ბრალს სდებს ამერიკულ სამხედრო-საჰაერო დაზვერვასაც, რომლის უპილოტო და პილოტირებული სადაზვერვო საფრენი აპარატები ანექსირებული ყირიმის გასწვრივ ასიოდე კილომეტრის მოშორებით შავი ზღვის თავზე პატრულირებენ, რომ თითქოს სწორედ დრონებისა და თვითმფრინავების დახმარებით იმართება უკრაინელების დროგამოშვებით თავდასხმა სევასტოპოლზე.