"მაგან ტაბლეტი რომ გამომიწერა, პირში არ ჩამეტიაო" - უროლოგის მონათხრობი სახალისო ამბები - კვირის პალიტრა

"მაგან ტაბლეტი რომ გამომიწერა, პირში არ ჩამეტიაო" - უროლოგის მონათხრობი სახალისო ამბები

ექიმების მონაყოლი სახალისო ამბები, ვფიქრობ, ყოველთვის საინტერესოა მკითხველისთვის. ვცდილობ, სხვადასხვა პროფილის ექიმს ვესაუბრო ხოლმე და ამჯერად, უროლოგი მერაბ კვიცარიძე პროფესიული საქმიანობის რამდენიმე ეპიზოდის შესახებ გვიამბობს.

"პირი მიშრება და რა ვქნა?!"

- ჩემთან ერთი პაციენტი შემოვიდა და დაჯდა. რა თქმა უნდა, ვეკითხები, რა გაწუხებთ-მეთქი? - ბატონო, სქესობრივი სისუსტე მაქვს და ქალთან ვერ ვცხოვრობო. გავსინჯე, წამლები გამოვუწერე. იმ ფურცელზე, რომელზეც რეცეპტს ვწერ, ჩემი ტელეფონი მივაწერე და ვუთხარი: თუ რამე შეკითხვა გაგიჩნდება, აუცილებლად დამირეკე, რომ პასუხი გაგცე-მეთქი. ღამეა, ტელეფონი რეკავს ღამის სამის ნახევარზე. რასაკვირველია, ექიმმა ტელეფონი არ უნდა გამორთოს. ავიღე ყურმილი და, თქვენი პაციენტი ვარო, მეუბნება. რაშია საქმე? - როგორც იქნა, ქალთან ვიცხოვრე, ახლა პირი მიშრება და რა ვქნაო? - დალიე მერე წყალი, შე დალოცვილო-მეთქი, - ვუთხარი...

გული მიეცა!

- ქუთაისში წინასაარჩევნო ციებ-ცხელებაა. ჩემი კლინიკა განთავსებულია ცენტრალურ მოედანზე, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატებთან შეხვედრა ტარდება. ჯერ წინასწარ ემზადებიან, ხალხი ნელ-ნელა მოდის და ა.შ. იქვე მოედანზევე რადიოები არის ჩამოკიდებული, სადაც სხვადასხვა ინფორმაცია ისმის. მათ შორის, უკრავენ საქართველოს ჰიმნს. ის მომენტია, სანამ პრეზიდენტობის კანდიდატი მოვა და შეხვედრა დაიწყება, რადიოში ხმას ამოწმებენ - კარგად ისმის, არ ისმის?.. ამასობაში, ერთი პაციენტი მომადგა, რომელიც უნდა გავსინჯო. უკვე გამზადებული მყავს, პროსტატის ჯირკვალს უკანა ტანიდან ვსინჯავ და, რომ დავაწექი ჯირკვალს, სწორედ ამ დროს ჩაირთო "ჩემი ხატია სამშობლო...", თითქოს ღილაკს რომ დააწვები... ცოტა ხანს გავშეშდი. ამ პაციენტმა კი უცებ გულზე მიიდო ხელი. გული კი არ შეუწუხდა, გული მიეცა!..

ინტრიგანი

- კაბინეტში შემოდის პაციენტი, უკეთია მსხვილლინზებიანი სათვალე, რომელზეც ლურჯი "იზოლაცია" აქვს დახვეული და ერთ კუთხეში ოდნავ ჩამოგდებულია, "დაღლილი" იზოლაციაა, "თავს რომ ვერ იკავებს". კაცი წინ დამიდგა. ხელში უჭირავს "სეტკა", რაღა დროის "სეტკაა"?! სად იშოვა?.. შიგნით უდევს ნახევარი პური, ერთი ნახევრად სავსე ბოთლი - თეთრი სითხეა (სავარაუდოდ, არაყი), ორი კარტოფილი, ერთი ხახვი და ტყიბულის ლიმონათი. ამ ქალაქის გამოშვებული ლიმონათის ბოთლებს "წაქცეული" ეტიკეტი ეკრა და ერთ კუთხეში წაჟანგული თავი ჰქონდა. ასაკოვან კაცს მეორე ხელში უჭირავს "პაპკა", რომელიც სავსეა ფურცლებით და რომ არ ეტევა, ფურცლები გარედანაც აქვს მიწყობილი. თვალი გამექცა ზედა ფურცლისკენ, რომლის მარჯვენა მხარეს ჩამოწერილია სვეტად: პრეზიდენტს, მერს, გამგებელს... და ადგილი აქვს გამოტოვებული, ქვემოთ უწერია განცხადება. თუ გაახურებ, შენც უცებ ჩაგამატებს (ინტრიგანი კაცია)... ავად ვარო, პოლისი არა მაქვსო, დაიწყო. ვეუბნები: ჩაბრძანდით ქვევით და ქვითარი აიღეთ, თუმცა იქვე მივუბრუნდი და გავაგრძელე, - შენ გადასარევი კაცი ხარ და უფასოდ უნდა გაგსინჯო-მეთქი, - და გავსინჯე კიდეც. ახლა, წამლები მოუნდა: არ მაქვს წამლების ყიდვის თავიო. მივეცი რამდენიმე პრეპარატი. ჰუმანიტარული ორგანიზაცია გაჭირვებული ხალხისთვის მედიკამენტებს გვაძლევდა და ჩვენც უფასოდ ვურიგებდით მოსახლეობას. წამლებს შორის ერთ-ერთი საკმაოდ დიდი ზომის მრგვალი ტაბლეტი იყო. მოკლედ, რაც საჭირო იყო, გავატანე და წავიდა.

ერთი თვის თავზე მიჩივლა, და მიბარებენ იქ, სადაც ჯერ არს. გამოვცხადდი. ზის ის იმავე სათვალით, ოღონდ "იზოლენტა" ცოტა მეტზე, 2-3 სანტიმეტრით ქვემოთაა ჩამოგდებული. "პაპკა" მუხლებზე უდევს და ზემოდან ფურცლები უწყვია. ვეუბნები: თქვენ ის ხართ, მე რომ ფული მოგთხოვეთ, არა? მაგრამ, არ გადაგიხდიათ! - აი, ნახეთ, რას ამბობსო?!. - მარა სხვას რას იტყვის, ქვითარი არა აქვს. - რატომ უჩივითო? - ჰკითხეს. - მაგან ტაბლეტი რომ გამომიწერა, ისეთი დიდი იყო, პირში არ ჩამეტიაო. მე ვუთხარი, მაგ ტაბლეტს შუაში ხაზი აქვს და თუ იცი, რატომ? უნდა გატეხო, ჯერ მიიღებ ნახევარს და მერე - მეორე ნახევარს. - მაგი როგორ უნდა დავლიოო? - კიდევ დაზუსტება მოინდომა. მეც ვუპასუხე: ადექი, გაირჭვე უკან და "ატვიორტკით" მოუჭირე ქვევიდან-მეთქი!.. იმნაირი ინტრიგანი იყო, ფიგურულ ტაბლეტს მოინდომებდა, კარგად რომ მოეჭირა ფიგურული "ატვიორტკით"...

ნანული ზოტიკიშვილი

ჟურნალი "გზა"