"მომღერლობისგან თავს იკავებდა და ეს გადაწყვეტილება მუსიკოსის ნაცვლად, მეგობრებმა მიიღეს" - 9 შვილი, ციხის გავლენა და გზა "სოულის მეფობამდე" - კვირის პალიტრა

"მომღერლობისგან თავს იკავებდა და ეს გადაწყვეტილება მუსიკოსის ნაცვლად, მეგობრებმა მიიღეს" - 9 შვილი, ციხის გავლენა და გზა "სოულის მეფობამდე"

1960-იან წლებში არეტა ფრანკლინი "სოულის დედოფლად" აღიარეს, თუმცა "სოულის მეფის" ადგილი თავისუფალი იყო. ამ ადგილის ერთ-ერთი ყველაზე დამსახურებული კანდიდატი მუსიკოსი ბარი უაითი გახლდათ. მისი შემოქმედება ყველასგან განსხვავებულია და სასიამოვნო ხმა ნაწარმოებს განსაკუთრებულ რომანტიზმს სძენს. „გრემის“ მფლობელი მუსიკოსი დღესაც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ბავშვობა

„სოულის მეფე“ ბარი იუჯინ კარტერი 1944 წლის 12 სექტემბერს ტეხასის შტატში დაიბადა. მისმა მშობლებმა მელვინ უაითმა და სეიდი მარი კარტერმა ქორწინება ოფიციალურად არ დაარეგისტრირეს, ამიტომ ახალგაზრდობაში მუსიკოსი დედის გვარს ატარებდა.

ის კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესში, უმცროს ძმა დერილთან ერთად დედასთან იზრდებოდა. ბაღი ბავშვობაში დედის საყვარელ ფირფიტებს უსმენდა, ძირითადად, კლასიკურ მუსიკას - ფრანც შუბერტისა და ფრიდრიხ ჰენდელის ნაწარმოებებს. სწორედ ამ კომპოზიტორთა გავლენით, უაითმა ფორტეპიანოზე დაკვრაც ისწავლა.

14 წლის ასაკში მას ხმის ტემბრიც შეეცვალა და ამ ამბავს ხშირად იხსენებდა კიდეც:

„ბავშვობაში ჩვეულებრივი ხმა მქონდა, როცა გავიზარდე, ტემბრი კარდინალურად შემეცვალა. დედა ტიროდა, როცა ხვდებოდა, რომ მისი პატარა ბიჭი კაცად იქცა“, - იხსენებდა მუსიკოსი.

bari2-1667209323.jpg

მუსიკალური ნიჭის მიუხედავად, ძმები დიდ დროს ქუჩაში ატარებდნენ და ეს „ჰობი“ ტრაგიკულად დასრულდა - 15 წლის დერილი მოკლეს, 16 წლის ბარი კი - Cadillac-ის 30 000 დოლარის ღირებულების საბურავების ქურდობისთვის დააკავეს და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

უაითმა პირველად ციხეში მოისმინა ელვის პრესლის კომპოზიცია It's Now or Never და ამან დიდი როლი შეასრულა მომავალი მუსიკოსის ცხოვრების შეცვლაში.

პირადი ცხოვრება

ახალგაზრდა მუსიკოსი პირველად ოფიციალურად 19 წლის ასაკში, სკოლის მეგობარ მარიზე დაქორწინდა, თუმცა 16 წლისას მასთან უკვე ორი შვილი ჰყავდა. მათი ქორწინება 1969 წლამდე გაგრძელდა, შემდეგ კი სკანდალებითა და ჩხუბით დასრულდა. მათ 4 საერთო შვილი შეეძინათ.

1974 წელს უაითმა მეორე ცოლი - მომღერალი გლოდინ ჯეიმსი მოიყვანა. როგორც ცნობილია, მათ 1988 წელს განქორწინება სცადეს, თუმცა როცა მუსიკოსი გარდაიცვალა, აღმოჩნდა, რომ გლოდინი ისევ მისი მეუღლე იყო და უაითის გვარს ატარებდა.

bari3-1667209779.jpg
ბარი უაითი გლოდინთან და შვილთან - შაჰერასთან ერთად

მუსიკოსს მეორე მეუღლესთანაც 4 შვილი შეეძინა, გოგონა შაჰერა, მამის დამხმარე იყო, ბიჭი - ბარი უაითი უმცროსი კი - The Love Unlimited Orchestra-ს წევრი გახლდათ.

როგორც ცნობილია, მას ერთი შვილი - დენიზ დონელი გურტი ალენისგან ჰყავს. ის მუსიკოსის ცოლი არ ყოფილა. გოგონამ 1988 წლამდე არ იცოდა, ვინ იყო მისი ბიოლოგიური მამა, თუმცა ბარი უაითმა დენიზი შვილად მიიღო და გვარიც მისცა.

როგორც ცნობილია, მუსიკოსის მეგობარი ქალი კეტრინ დენტონი აცხადებდა, რომ მისი ახალშობილი გოგონას მამა უაითი იყო, თუმცა დნმ-ის ანალიზმა ეს არ დაადასტურა.

barry-white-gettyimages-74959585-1667209323.jpg

კარიერა

ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, ბარი უაითი მუსიკის შექმნას შეუდგა, თავდაპირველად, მისი ნაწარმოებები დიდ წარმატებას ვერ აღწევდა, თუმცა 1960-იან წლებში მან Del-Fi Records-თან დაიწყო თანამშრომლობა და ფელიჩე ტეილორისთის შექმნილმა სიმღერამ - I Feel Love Comin'On დიდ ბრიტანეთში დიდი წარმატებაც მოიპოვა. სწორედ აქედან დაიწყო ბარი უაითის, როგორც წარმატებული პროდიუსერის კარიერა. ის ჯგუფ Love Unlimited-ის პროდიუსერი გახლდათ და მათთვის შექმნილი ბალადა Walkin' in the Rain with the One I Love მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა.

როგორც ცნობილია, ის მომღერლობისგან თავს იკავებდა და ეს გადაწყვეტილება მუსიკოსის ნაცვლად მეგობრებმა მიიღეს.

ერთხელ, "სოულის მეფემ" მეგობრისთვის რამდენიმე ბალადა შექმნა და იმისთვის, რომ მას სიმღერისას სწორი აქცენტები დაესვა, კომპოზიცია თავად შეასრულა. გასაოცარი ხმის ტემბრის მოსმენის შემდეგ მუსიკოსის მეგობარმა უაითს დემო ვერსიაც ჩააწერინა და სწორედ ასე შეიქმნა 1973 წელს ბარი უაითის სადებიუტო ალბომი - I’ve Got So Much to Give.

ამის შემდეგ შეიქმნა მუსიკოსის ყველასთვის ცნობილი ნაწარმოებები: Never, Never Gonna Give You Up; All Around The World; Can't Get Enough of Your Love, Baby და სხვა.

„გრემის“ ნომინაციაზე ბარი უაითი 11-ჯერ იყო წარდგენილი, წარმატება მას ალბომმა Staying Power 1999 წელს მოუტანა. „სოულის მეფე“ R&B საუკეთესო შემსრულებლად რამდენჯერმე დასახელდა.

ჯანმრთელობის პრობლემები

როგორც ცნობილია, მუსიკოსი 192 სმ სიმაღლის იყო და, დაახლოებით, 120 კგ-ს იწონიდა. ჭარბწონიანობის გამო, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და 1995 წლის ოქტომბერში პირველად მოხვდა საავადმყოფოში.

მას არტერიულ წნევასთან ერთად ქრონიკული დიაბეტი და თირკმელებიც აწუხებდა და ერთხელ თირკმელების პრობლემით საავადმყოფოშიც მოხვდა.

2003 წლის მაისში 58 წლის მუსიკოსი საავადმყოფოში თირკმლის გადასანერგად მიიყვანეს. დიალიზზე ყოფნისას მან მძიმე ინსულტი გადაიტანა. როგორც ამბობენ, სწორედ ეს იყო „სოულის მეფის“ გარდაცვალების გამომწვევი მთავარი მიზეზი.

2003 წლის 4 მაისს მუსიკოსს გული გაუჩერდა, მისი ფერფლი კი კალიფორნიის სანაპიროზე მოაფრქვიეს.