"არ მუშაობ, გამოდიხარ და დასჩხავი 12 პუნქტს, ეს არის მავნებლობა" - როგორ ეხმაურება ალეკო ელისაშვილი ელენე ხოშტარიას, გიორგი ვაშაძისა და ზურაბ ჯაფარიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს? - კვირის პალიტრა

"არ მუშაობ, გამოდიხარ და დასჩხავი 12 პუნქტს, ეს არის მავნებლობა" - როგორ ეხმაურება ალეკო ელისაშვილი ელენე ხოშტარიას, გიორგი ვაშაძისა და ზურაბ ჯაფარიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს?

არ მუშაობ, გამოდიხარ და დასჩხავი ამ 12 პუნქტს, რომ აი, არ მიგიღებენ [ევროკავშირში], რა იციან? ეს არის მავნებლობა, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძისა და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველო კანდიდატის სტატუს ვერ მიიღებს.

ალეკო ელისაშვილის თქმით, ევროპიდან მოდის "მესიჯები“, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად უნდა დასხდნენ და იმუშაონ 12 პუნქტზე, თუმცა ამას არ აკეთებენ.

"ეს არის მავნებლური განცხადება. რა იციან? როგორ შეიძლება? ევროპიდან ისმის „მესიჯები“: „დასხედით ერთად, რომ 12 პუნქტი შეასრულოთ“, ეს არის მთავარი დავალება. ზურა ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია აღარ არიან პარლამენტის წევრები, მაგრამ ვაშაძე ხომ არის? თუ მართლა ევროინტეგრაცია გინდა, გულწრფელად გინდა, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, მაშინ რაც დაგავალეს, ის ხომ უნდა გააკეთო? მე ხომ არ ვიგონებ, ხომ წერია, "ერთად დასხედითო?“ არ მუშაობ, გამოდიხარ და დასჩხავი ამ 12 პუნქტს, რომ აი, არ მიგიღებენ. რა იციან? ეს არის მავნებლობა, უნდა მონაწილეობდე, შენ თავთან ხომ მაინც უნდა იყო მართალი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გარდა ამისა გადაცემაში ალეკო ელისაშვილმა დედაქალაქის მერზე, კახა კალაძეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის მიერ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მისვლაზე უარის თქმა თავხედობა და ქედმაღლობაა.

"ეს არის თავხედობა, ქედმაღლობა, მეტი არაფერი და ეს არის ქალაქის შეურაცხყოფა. უფრო მეტსაც გეტყვით, სირცხვილია, რომ სკამს არის ასე ჩაბღაუჭებული კალაძე. მის ადგილზე მე გადავდგებოდი, მაგრამ უფლებამოსილება მაინც შეეჩერებინა გამოძიების დასრულებამდე. გარანტირებულად შეგიძლიათ მითხრათ, რომ ის მოწმეებზე გავლენას არ ახდენს? - თუ დააპატიმრეს გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე, გადადგა თანამდებობიდან გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი, ე.ი. იქ იყო რაღაც თავი და თავი, რაღაც მიზეზია, ტყუილად ხომ არ დაიჭირეს და ის სტრუქტურა ექვემდებარება კალაძეს პირდაპირ და იქნებ დაიბარა და ყველანაირი დოკუმენტი წააშლევინა, იქნება მოწმეებზე ზეწოლას ახორციელებს? ეს არის სირცხვილი, რასაც ახლა აკეთებს კალაძე. დღეს კალაძე ჩემზე ტოვებს სკამს ჩაბღაუჭებულის შთაბეჭდილებას“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილი.

"ინტერპრესნიუსი