"რას უნდა ელოდოს უკრაინა, თუ აშშ-ის კონგრესში უმრავლესობას რესპუბლიკელები მიიღებენ?" - რას წერს BBC Russian? - კვირის პალიტრა

"რას უნდა ელოდოს უკრაინა, თუ აშშ-ის კონგრესში უმრავლესობას რესპუბლიკელები მიიღებენ?" - რას წერს BBC Russian?

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სის“ რუსული სამსახურის (BBC russian) ვებგვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „რას უნდა ელოდოს უკრაინა, თუ აშშ-ის კონგრესში უმრავლესობას რესპუბლიკელები მიიღებენ?“ მასში გაანალიზებულია სავარაუდო სიტუაცია აშშ-ში შუალედური არჩევნების ჩატარების შემდეგ, უკრაინისადმი დახმარების კონტექსტში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინას შეშფოთებისა და დარდის მიზეზი გაუჩნდა: რა ბედი ელოდება კიევს იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ში 8 ნოემბერს დაგეგმილ შუალედურ არჩევნებს რესპუბლიკელები მოიგებენ? კონგრესის ერთ-ერთი პალატის შესაძლო გადასვლა „ვირებიდან“ ("დემოკრატებიდან") „სპილოების“ ("რესპუბლიკელების") ხელში, რომელთა რიგებში ამჟამად იზოლაციონისტური განწყობები საკმაოდ ძლიერია, უკრაინის ამერიკელ მომხრეებსაც საკმაოდ აწუხებთ.

როგორც ბოლო გამოკითხვების შედეგები მოწმობენ, ოპოზიცია ანუ "რესპუბლიკელები", წარმომადგენელთა პალატაში უმრავლეს ადგილებს მიიღებენ. უფრო მეტიც - „სპილოებს“ აქვთ კარგი შანსი იმისთვის, რომ ცოტა მოგვიანებით „ვირები“ სენატიდანაც გაყარონ.

ტრადიციულად, ამერიკელი "რესპუბლიკელები" წითელი ფერით არიან მონიშნულნი, "დემოკრატები" კი - ლურჯად. პოლიტოლოგები არ გამორიცხავენ, რომ მომავალ კვირას ამერიკას „წითელი ტალღა“ გადაუვლის, რომელიც იურიდიულ ძალას 2023 წლის პირველ იანვარს მიიღებს, როცა კონგრესის ახალი შემადგენლობა მუშაობას შეუდგება.

გრძნობენ რა დემოკრატები იმას, რომ ძალთა ახალი განლაგების პირობებში უკრაინისთვის დახმარების გაწევა მათ ძალიან გაუჭირდებათ, „ვირები“ ცდილობენ, კიევისადმი დახმარების კანონპროექტი კონგრესის ამჟამინდელი შემადგენლობის პერიოდში მიიღონ, პირველ იანვრამდე, თუმცა ზუსტად ვერავინ ვერაფერს ამბობს, რა ბედი ეწევა ამ ინიციატივას.

უკრაინის მიმართ დახმარების საკითხი ამერიკელებში ძალიან აქტუალურია - შტატებში, ხომ, თითქმის ერთ მილიონამდე უკრაინელი ცხოვრობს, მათი წინაპრები ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიიდან ჩავიდნენ ამერიკაში, „ბედნიერი ცხოვრების საძებნელად“. წინასაარჩევნო კამპანიის დროს დემოკრატები განსაკუთრებული ხაზგასმით მიუთითებენ "რესპუბლიკელთა" ნაკლზე - მათ იზოლაციონისტურ განწყობებზე და უკრაინის მომხრეებს დახმარების შეწყვეტის ნეგატიურ პერსპექტივას უხატავენ.

ვინაა უკრაინის არაკეთილმოსურნე?

18 ოქტომბერს გაზეთმა „ვაშინგტონ პოსტმა“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით - „მაკარტნი მიანიშნებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას "რესპუბლიკელები" მოიპოვებენ, ისინი, ალბათ, უკრაინის დახმარების წინააღმდეგ გამოვლენ“.

ავტორს მხედველობაში ჰყავდა "რესპუბლიკური" უმცირესობის ლიდერი დღევანდელ პალატაში - კევინ მაკარტნი, რომელიც შუალედურ არჩევნებში, თავისი პარტიის წარმატების შემთხვევაში, დემოკრატ ნენსი პელოსს შეცვლის და წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გახდება. ეს იმას ნიშნავს, რომ "რესპუბლიკელთა" „ბატონობის“ პერიოდში კონგრესის მიერ უკრაინისთვის ასიგნებული მილიარდობით დოლარის ნაკადი შეიძლება ძალიან შემცირდეს. „ჩემი აზრით, იმ დროს, როცა ჩვენი ეკონომიკა კრიზისშია, უკრაინისთვის ჩეკის გამოწერას არავინ დათანხმდება. ძალიან ბევრი პრობლემაა, რომლის მოგვარებას "დემოკრატები" არ ცდილობენ. ხალხი ამას ხედავს და გრძნობს. დიახ, უკრაინის დახმარება მნიშვნელოვანია, მაგრამ" იმავდროულად" ის ერთადერთი საკითხი არ არის, რითაც დაკავებული უნდა ვიყოთ“, - ასე განაცხადა კევინ მაკარტნიმ.

ოპოზიციის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზი უკრაინისათვის დახმარების წინააღმდეგ იმაში გამოიხატება, რომ აშშ-მა ჯერ თავისი საზღვრების დაცვის საკითხები უნდა მოაგვაროს, შემდეგ კი - უკრაინაზე იზრუნოს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ამერიკული იმიგრაციის რეფორმირებისათვის“ აცხადებს, ჯოზეფ ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში ამერიკის საზღვარი უკანონოდ, არალეგალურად თითქმის 5,5 მილიონმა მიგრანტმა გადაკვეთა.

უკრაინისათვის დახმარების გაწევის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ აშშ-ის სახელმწიფო ვალი კატასტროფულად მატულობს და 30 ტრილიონ დოლარს აღემატება. ისინი ითხოვენ, რომ კიევმა ვაშინგტონს ანგარიში თითოეული ცენტის დახარჯვაზე უნდა ჩააბაროს - როგორ იხარჯება დახმარება, სად მიდის ფული, იარაღი და ა.შ. სწორედ ასეთ მოთხოვნას აყენებდა 57 "რესპუბლიკელი" დეპუტატი წარმომადგენელთა პალატიდან და 7 სენატორი - სენატიდან, როცა მაისში მხარი დაუჭირეს უკრაინის დახმარებას (დღეისათვის კიევმა უკვე მიიღო 60 მილიარდი დოლარი).

რა თქმა უნდა, ჯერჯერობით კონგრესის ორივე პალატის წევრ "რესპუბლიკელთა" უმრავლესობა მთლიანად კიევის მხარესაა, მაგრამ როცა მათ იანვარში სხვა "რესპუბლიკელები" შეცვლიან, ახლებმა შეიძლება სიტუაციას სხვანაირად შეხედონ. მაგალითად, ასეთი შეიძლება იყოს ინვესტორი და გახმაურებული წიგნის - „სოფლის ელეგიის“ ავტორი ჯეიმს ვენსი, რომელსაც, გამოკითხვების მიხედვით, ოჰაიოს შტატში წარმატება ელოდება. მან ჯერ პირდაპირ განაცხადა ინტერვიუში, რომ სულაც არ დარდობს უკრაინის ბედზე, შემდეგ კი „ჩაასწორა“ და თქვა, რომ „საკმარისია, რაც დავეხმარეთ, ჩვენ უკვე მივაღწიეთ იმ წერტილს, როცა საჭირო ხდება ონკანის გადაკეტვა. ჩვენ ვერ შევძლებთ გრძელვადიანი შეიარაღებული კონფლიქტის დაფინანსებას“.

ჯეიმს ვენსი, ისევე, როგორც მისი მრავალრიცხოვანი თანამოაზრეები, დაბეჯითებით ითხოვენ, რომ „უკრაინელებს მეტი დახმარება ევროპელებმა გაუწიონ“. მათი თქმით, „როცა ისინი გააცნობიერებენ, რომ ამერიკა მეტს აღარ გადაიხდის, იქნებ დაფიქრდნენ და ხელი გაანძრიონ“. ობიექტურად თუ ვიტყვით, რა თქმა უნდა, ევროპელები უკრაინას ეხმარებიან, განსაკუთრებით - ბრიტანელები, მაგრამ ამერიკის დახმარება ბევრად მეტია.

არიზონის შტატიდან სენატში არჩევას "რესპუბლიკელი" ბლეიკ მასტერსი ცდილობს, რომელიც თავის ოპონენტ "დემოკრატს", ყოფილ ასტრონავტ მარკ კელის ფეხდაფეხ მისდევს. ბლეიკ მასტერსის კანდიდატურას რეგულარულად არეკლამებს თავის ყოველდღიურ ტელეგადაცემაში "კონსერვატიული" ტრიბუნი თაკერ კარლსონი, აშშ-ის საკაბელო ტელევიზიის ყველაზე პოპულარული წამყვანი, რომელსაც 4-მილიონიანი აუდიტორია ჰყავს. სხვათა შორის, იგი პოპულარულია რუსულ მასმედიაშიც, რისთვისაც თაკერ კარლსონს დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერები „პუტინის რუპორს“ და „კრემლის გავლენის აგენტს“ ეძახიან. ალბათ იმიტომ, რომ მან ჯერ კიდევ 2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს გააკრიტიკა კიევი იმისთვის, რომ უკრაინელებმა მხარი დემოკრატ ჰილარი კლინტონს დაუჭირეს და არა - დონალდ ტრამპს.

საინტერესოა, რომ უკრაინელები დღეს სკრუპულოზურად იცავენ ნეიტრალიტეტს ორივე პარტიის მიმართ. გასულ კვირას მხარდაჭერასთან დაკავშირებით წარმოქმნილი დილემის საკითხი მათ კონგრესის "დემოკრატი" წევრების პროგრესულმა ფრთამ გაუიოლა, როცა ორშაბათს ღია წერილი გამოაქვეყნა (ვითომ ნაჩქარევად!) უკრაინის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის მოწოდებით. წერილის გამოქვეყნებამდე "დემოკრატებს" ამაყად შეეძლოთ ეთქვათ ამომრჩევლებისათვის, რომ ისინი მტკიცედ არიან უკრაინის მხარეს, მაგრამ გამოქვეყნების შემდეგ დემოკრატთა იმიჯი შეილახა. რასაკვირველია, წერილი დეზავუირებული იქნა და მისი გამოქვეყნება შეცდომად ჩაითვალა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - არიან გავლენიანი "დემოკრატები", რომლებიც უკრაინის შესახებ „რესპუბლიკელებივით" ფიქრობენ“.

ნიუ-ჰემპშირის შტატში "რესპუბლიკელებისაგან" სენატში კენჭს იყრის გადამდგარი ბრიგადის გენერალი დონალდ ბოლდაკი, რომელიც ჯერჯერობით "დემოკრატ" კანდიდატს, ქალბატონს მეგი ჰასანს ფეხს ვერ უწყობს, მაგრამ რეიტინგით თანდათან ეწევა. „ჩვენ აღარ შეგვიძლია ფულის გაუთავებელი ბეჭდვა“, - ამბობს იგი. იანვარში გენერალი, თუ მას ბედი გაუღიმებს და არჩეული იქნება, სენატში რენდ პოლს „შეუამხანაგდება“ - "რესპუბლიკელს", რომელმაც მაისში, მართალია, მხარი დაუჭირა უკრაინისათვის 40-მილიარდიან დახმარებას, მაგრამ იქვე განაცხადა: „უკრაინას ვერ გადავარჩენთ, თუ ამერიკის ეკონომიკას დავანგრევთ“.

ნევადელი ამომრჩევლები, სავარაუდოდ, სენატში "რესპუბლიკელ" ადამ ლექსოლტს გაგზავნიან, რომელმაც უკრაინის იმავე 40-მილიარდიანი დახმარების პაკეტი „შოკის მომგვრელ და საშინელ წინადადებად“ ჩათვალა.

„პასუხისმგებლობა თითოეული დახარჯული დოლარისათვის“

საერთოდ, იზოლაციონიზმის ტალღა პერიოდულად ორივე პარტიის "კონსერვატორებს" ფარავს ხოლმე - ისეთებსაც, რომლებიც ადრე საგარეო პოლიტიკური „ქორები“ იყვნენ და საერთაშორისო საკითხების გადაჭრაში აქტიურად ერეოდნენ. მაგალითად, სექტემბერში გავლენიანმა ორგანიზაცია „პოლიტიკური მოქმედების კონსერვატიულმა კონფერენციამ“ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა ტვიტი მოწოდებით - „საკმარისია უკრაინისთვის საჩუქრების მირთმევა“, რომელსაც კრიტიკოსებმა „პროკრემლური“ უწოდეს. არადა, ადრე „კონფერენციის“ მესვეურები მსგავსი ნაბიჯის გადადგმას ერიდებოდნენ. მოგვიანებით ტვიტი წაიშალა, თუმცა მათ დაზუსტეს: „ჩვენ პუტინის მოწინააღმდეგეები ვართ, მაგრამ ამერიკელი გადასახადის გადამხდელები ვალდებულნი არ არიან, მუდმივად გასწიონ ხარჯები“.

როგორც ოქტომბერში Pew Research-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, ორივე ამერიკული პარტიის მხარდამჭერთა უმრავლესობა თვლის, რომ ამერიკა უკრაინას საკმარისად არ ეხმარება, მაგრამ, იმავდროულად "რესპუბლიკელთა" 38% ვარაუდობს, რომ ვაშინგტონი კიევს გადაჭარბებულ დახმარებას უწევს.

წარმომადგენელთა პალატის "რესპუბლიკური" ფრაქციის ლიდერის - კევინ მაკარტნის განცხადება, რომ „ჩვენი პარტიის ხელიდან უკრაინა კარტ-ბლანშს მეტად ვეღარ მიიღებს“, "დემოკრატებმა" დაუყოვნებლივ გამოიყენეს წინასაარჩევნო აგიტაციაში "რესპუბლიკელთა" იმიჯის დასაცემად. "დემოკრატმა" სენატორმა კრის მერფიმ, თავის მხრივ, კიევი გააფრთხილა, რომ თუ წარმომადგენელთა პალატა "რესპუბლიკელების" ხელში აღმოჩნდება, უკრაინას წინ ცუდი დრო ელოდება: „მე უკვე ვხედავ ტრამპისტების მთელ ეშელონს, რომელიც უკრაინის საწინააღმდეგო მხარეს მიქრის. თუ "რესპუბლიკელები", რომლებსაც ჯო ბაიდენის პოლიტიკა არ მოსწონთ, უკრაინისადმი მისი სიმპათიის ჩათვლით, წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას მოიპოვებენ, ისინი უკრაინას არაფრით აღარ დაეხმარებიან, უარეს სიტუაციაშიც კი“, - თქვა სენატორმა კევინ მაკარტნის მხრიდან გაჟღერებული განცხადების შემდეგ.

კევინ მაკარტნიმ, რა თქმა უნდა, შეამჩნია, რომ მისი ნათქვამი „სპილოებს“ შორისაც ბევრს არ მოეწონა და დააზუსტა, რომ განცხადება არასწორად იქნა გაგებული: „ამერიკა უკრაინას ბედის ანაბრად არ მიატოვებს, უბრალოდ, ფულის ხარჯვა მკაცრად გაკონტროლდება“.

ერთ-ერთმა თანამოაზრე კოლეგამ კევინ მაკარტნი „სი-ენ-ენის“ ეთერში საუბრისას გაამართლა და აღნიშნა: "რას ერჩით პალატის "რესპუბლიკელ" ლიდერს? მან ხომ ის თქვა, რომ გადასახადის გადამხდელების წინაშე ყოველი დახარჯული დოლარის შესახებ ანგარიში უნდა ჩავაბაროთო. ისეთი ჩეკი, რომელშიც თავდაპირველი თანხა ჩაწერილი არ არის, არ ნიშნავს იმას, რომ მასში თქვენ თვითონ ჩაწერთ თქვენთვის მოსაწონ თანხას. განა ასე არ უნდა იყოს?“.

არის მოსაზრება, რომ "რესპუბლიკელები", გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინის დახმარებას თუ რამეს ჩამოაჭრიან, ეს არ იქნება იარაღის საფასური, არამედ - იქნება სხვა ეკონომიკური თუ არასამხედრო დახმარების პაკეტი.

როგორც „სი-ენ-ენმა“ შეიტყო "რესპუბლიკელთა" წრეებიდან, კონგრესის ახალი უმრავლესობა უფრო დაბეჯითებით დაიწყებს იმის გამოკვლევას, თუ სად მიდის ამერიკული იარაღი უკრაინის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ. თუმცა სკეპტიკოსები ირონიულად ამბობენ, რომ ამერიკული 155-მილიმეტრიანი უზარმაზარი ჰაუბიცა „შავ ბაზარზე გასაყიდად არ გამოდგება“.

კევინ მაკარტნისთან დაკავშირებული ხმაური ჯერ კიდევ არ იყო ჩამცხრალი, რომ იმავე „ვაშინგტონ პოსტმა“ გასულ კვირას, პარასკევს, გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, „რესპუბლიკელები" წინააღმდეგნი არიან, რომ რუსეთის საზღვარგარეთ არსებული აქტივებით უკრაინა დაფინანსდეს“ (ეს ინიციატივა ბალტიის ქვეყნებს და სლოვაკიას ეკუთვნის), თუმცა ამ ინფორმაციას მაინც და მაინც დიდი ხმაური არ მოჰყოლია - იმიტომ, რომ მსგავს ნაბიჯს თვითონ "დემოკრატები" არ იწონებენ. ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა ხაზი გაუსვა, რომ ამგვარი იდეები აშშ-ის კანონებს ეწინააღმდეგება: „თუ ასე გავაკეთებთ, რომელი უცხოელი შეინახავს თავის ფულს დოლარებში?“.

მოკლედ, უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით გაჩენილ პრობლემებზე ამერიკის ადმინისტრაციას ოპტიმალური გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ აქვს.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ