"ჩვენივე უნიათობამ გამოიწვია ეს მსხვერპლი. პირადად მე, ყველაფერს საკუთარ თავს, ხალხს ვაბრალებ" - კვირის პალიტრა

"ჩვენივე უნიათობამ გამოიწვია ეს მსხვერპლი. პირადად მე, ყველაფერს საკუთარ თავს, ხალხს ვაბრალებ"

რამდენიმე წიგნის ავტორი, ახალგაზრდა მწერალი ლუკა ბაქანიძე ერთ-ერთია ქვეყანაში, რომელიც პრობლემებზე საუბარს არასდროს გაურბის. მას საზოგადოების წინაშე დღეს წამოჭრილ პრობლემებზე ვესაუბრეთ.

- ლუკა, დრო გადის და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე მცხოვრებ საზოგადოებად ვიქეცით. შემდეგ კი ყველაფერი ძველებურად გრძელდება და ჩვენც თითქოს თავს ვიმართლებთ ფრაზით - ცხოვრება გრძელდება... რატომ ხდება ასე, მდორე, შემგუებელი საზოგადოება გავხდით?..

- 9 აპრილის შემდეგ არ მახსოვს ჭეშმარიტი საზოგადოებრივი წინააღმდეგობა, რომელიც ადეკვატური ძალითა და მუხტით გამოეხმაურებოდა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს. მაშინ, საკუთარი სიცოცხლის სასწორზე შეგდებით, ერმა, ფაქტობრივად, ქვეყნის შემდგომი არსებობა განაპირობა - სწორედ რომ ქვეყნად, დამოუკიდებელ გეოგრაფიულ ტერიტორიად შემდგომი არსებობა და განვითარება. საერთოდ, სამშობლო ისე იშვიათად გვეძახის ხოლმე, რომ ძნელია, მისი ხმა გაიგონო. ამდენი საზრუნავითა და გაჭირვებით გათანგულმა კაცმა, რომელშიც ამ შემთხვევაში ქართველ საზოგადოებას განვაზოგადებ და, რა თქმა უნდა, ეთნიკური უმცირესობების აბსოლუტურად თანაბარი მონაწილეობით, - შესაძლოა, ვერც კი იგრძნოს ეს მომენტი და ხელიდან გაუშვას. მის მნიშვნელოვნებას ვერ მიხვდეს, იმიტომ, რომ სხვა ათასი საფიქრალი აქვს. მისთვის, დღის წესრიგი, უპირველესი, პერსონალურად, ფიზიკურად გადარჩენისა და გაძლების საკითხია, ამიტომ საერო საქმეებისთვის სად სცალია?.. ამავე მიზეზით, ამ ხნის განმავლობაში ბევრჯერ მომხდარა გადაცდომა, ტრაგედია, "ამა ქვეყნის ძლიერთა ხელისუფალთა" ხშირად უმძიმესი შეცდომები დაუშვიათ, რაც სხვა ნებისმიერ, შედარებით დალხინებული ქვეყნის საზოგადოებაში დროულ და უსწრაფეს გამოხმაურებას გამოიწვევდა. არც ერთი ცივილიზებული სახელმწიფოს ერი თავის მთავრობას ეროვნული ღირსების თუ ქვეყნის ინტერესების, მოქალაქეობრივი უფლებების თუ უსაფრთხოების პირობების იგნორირებას ან არასათანადო ყურადღებას არ აპატიებს. ეს ნორმაა. ჯანსაღი პროტესტი კი მოქალაქის აუცილებელი პასუხისმგებლობაა. სწორედ ქვეყნის ინტერესების ყურისგდება განსაზღვრავს ადამიანის მოქალაქეობრივ ხარისხს. საზოგადოება, სადღაც მთვარესა და მარსზე არ არსებობს, მისი ფუნქცია სამშობლოს ინტერესების აღქმა და დაცვაა. ხალხს, რომელსაც საკუთარი ქვეყნის ინტერესები ფეხებზე ჰკიდია, შეუძლებელია, საზოგადოება უწოდო. უკეთეს შემთხვევაში, ასეთი განსაზღვრება დაემატება - დაავადებული საზოგადოება. უხარისხო საზოგადოება. მაგრამ ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში აქ სასწორის პინის მეორე მხარეს ის დევს, რაც ზემოთ ვახსენე - უკიდურესი გაჭირვება. როდესაც ადამიანს ჯერ ფიზიკურად გადარჩენის საკითხი აქვს მოსაგვარებელი, მას სხვა საკითხებზე ფიქრი უჭირს.

ისტორიულად, საქართველოში არც ადრე ყოფილა დალხინებული დროება, მაგრამ საუკეთესო საზოგადოება ის არის, ვისაც საკუთარი ქვეყნისთვის კეთილდღეობის კი არა, თავის გაწირვაც კი შეუძლია. ხანდახან დგება დრო, როდესაც ყველაფერი პრივატული გვერდზე უნდა გადადო და მთავარ პრობლემას უნდა მივხედოთ, მაგრამ "საუკეთესო საზოგადოების" სტატუსამდე ჯერ შორი გზა გვაქვს გასავლელი.

თუნდაც ბოლო ფაქტი მოვიშველიოთ, საუკეთესო კი არა, ნორმალური საზოგადოება რომ ვიყოთ, ახლა უხარისხოდ და უნიათოდ ჩატარებულ სამუშაოებს შეწირული ცხონებული 13 წლის მარიტას გამო გლოვა და პროტესტი არ მოგვიწევდა. ყველა სახელმწიფო უწყებას ეცოდინებოდა, საზოგადოება ყურადღებით არის, საკუთარი გადასახადებით არაპროფესიონალიზმს და საქმისადმი ზერელე დამოკიდებულებას არ დაუშვებდა და არც აპატიებდა... ჩვენივე უნიათობამ გამოიწვია ეს მსხვერპლი. პირადად მე, ყველაფერს საკუთარ თავს, ხალხს ვაბრალებ. ამ დანაშაულის კონკრეტიზებასა და ვინმეზე ბრაზის ნთხევაში ისევ ჩვენივე დანაშაულისაგან გაქცევის მცდელობას, წაყრუებას ვხედავ, რადგან ყველანაირი შედეგის მიზეზი თავად ვართ. ასე აღვიქვამ ამ ტრაგედიას და რაიმე ძეგლებზე თუ მემორიალურ დაფებზე მსჯელობა წარმოუდგენელი სიბეცე მგონია. აქვე სიამაყითა და პატივისცემით მოვიხსენიებ იმ დიდებულ და იშვიათ ადამიანს, ვინც სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინა აუზში ჩავარდნილი მოზარდები.

მედიას რაც შეეხება, ჩემი მეორე პროფესია ჟურნალისტობაა და ვიცი, რომ, ზოგადად, მსოფლიო მასმედიის პრობლემაა, ეფექტურად აწყობილი ნიუსის ხარჯზე გვერდი აუარონ ელემენტარულ ადამიანურ მორალურ ნორმებს, მაგრამ ჟურნალისტიკა არ მოითხოვს, რომ როგორც ჟურნალისტმა არ ვანახო მგლოვიარე ადამიანის "დაზუმული" კადრები, რაც ქართულ ტელესივრცეში ძალიან მაღიზიანებს. არ არის ეს უკანონობა ან ჟურნალისტური წესების გადაცდომა 21-ე საუკუნეში. აქ უკვე თავად ჟურნალისტზეა დამოკიდებული, ეფექტური რეპორტაჟის გამო რაზეა წამსვლელი. თან, მაყურებელს, და ამ შემთხვევაში განსაკუთრებით ქართველ მაყურებელს, შეუძლია აღიქვას ტრაგედია, როგორც სანახაობა, რაც უნდა არ ვუტყდებოდეთ საკუთარ თავს ამაში, ასეა. ერთი მხრივ ვწუწუნებთ, საზარელ და ისტერიულ კადრებს მიაქვს ქართული ტელესივრცეო, მაგრამ ამავე დროს, ჩვენი ქვეცნობიერი იმისკენაა მიდრეკილი, რომ ინტერესით ადევნოს თვალი სხვის უბედურებას. ალბათ ეს გარკვეული კატეგორიის ადამიანის ბუნებაა, ასეთი ჩვენ გარშემო მრავლადაა. უცხოურ მედიაში ზოგჯერ ძალიან მძაფრი რეპორტაჟებიც გვინახავს, ოღონდ დიდებული ოპერატორული ოსტატობით, თუმცა გვერჩივნა, ეს რეპორტაჟი საერთოდაც არ გვენახა, მძიმე საინფორმაციო მუხტის გამო. ასევე არსებობს ჟურნალისტიკის ქვედა შრე, ე.წ. ყვითელი ჟურნალისტიკა, სადაც ხელსაყრელი და სანახაობრივი კადრის თუ ინფორმაციის მოსაპოვებლად სულს გაყიდის ავტორი, მაგრამ არც კი იფიქრებს, მორალურად და ზნეობრივად რამდენად სწორია მისი საქციელი.

- სხვა თემასაც მინდა შევეხო - ომზე დიდი საშინელება კაცობრიობას არ მოუგონია, მაგრამ მაინც, ნახევარ წელზე მეტია, მსოფლიო უყურებს ამ ჯოჯოხეთს. ბოლო ხანებში, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ პირდაპირ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე მიტანილმა იერიშებმა დაგვანახვა, რომ ომს კანონები არ აქვს, ან რუსეთი არ ცნობს არავითარ კანონს, ისევე როგორც საკუთარი მოქალაქეების ჰუმანურ მიდგომებს... თქვენი აზრით, ომსაც შეეჩვია მსოფლიო?

- ვფიქრობ, სანამ ომის საფრთხე არსებობს, განათლებული ცივილიზაცია ვერასდროს გასცდება ინფანტილიკი მოზარდობის ხანას. სამწუხაროდ, 21-ე საუკუნის მსოფლიოშიც არსებობენ ქვეყნები, რომლებიც კაცობრიობას იმ კუთხით განვითარების საშუალებას არ აძლევენ, სადაც არ იგულისხმება შეიარაღებული დაპირისპირება. ვგულისხმობ ჩრდილოეთ კორეას, ირანსა და, განსაკუთრებით, მეზობელ რუსეთს, რის გამოც საქართველოს მუდმივად უწევს ომზე ფიქრი. იყო ქართველი და ამ რეალობაში ომზე არ იფიქრო, ძნელია. ომი საშინელებაა, არავის უნდა, მშვიდობა მნიშვნელოვანია, მაგრამ საკრალური ადამიანური ფასეულობების ფეხქვეშ გათელას სანაცვლოდ იქნებ, ჩალის ფასი აქვს. მშვიდობა არაფერია ღირსების, თავისუფლების, სამშობლოს სანაცვლოდ. ერთმა ძველმა კარგმა პოლიტიკოსმა თქვა - ის, ვინც უსაფრთხოებას თავისუფლებაზე წინ აყენებს, მონააო. არც გამსახურდიას და კოსტავას უნდოდათ სისხლის ღვრა, მაგრამ იმ ფასეულობებს, რითაც ადამიანობის არსი, არა მარტო ზნეობრივად და მორალურად, როგორც, საერთოდ, სახეობა, ჯიში განისაზღვრება - საფრთხე შეექმნა. სწორედ ზემოთ ხსენებული ფასეულობებისგან შედგება ადამიანი. ჰოდა, ეჭვი არავის გვეპარება, რომ ამ დიდებულ ადამიანებს, ჩვენი ქვეყნის გმირებს, სისხლის ღვრა კი არა, მშვიდობა სურდათ. თუმცა, როდესაც უწმინდესი ფასეულობების ტალახში ამოსვრის საფრთხე დადგა, პლანეტის მთავარ მონსტრს, რუსულ იმპერიას უყოყმანოდ აღუდგნენ წინ. რის ფასად, ყველამ ვიცით. სამაგიეროდ, მთავარი - ეროვნული ღირსება, თავისუფლება შევინარჩუნეთ. მეტიც, დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ. ასე რომ, სანამ პლანეტაზე არსებობს მონსტრი ქვეყნები, სიტყვები - გინდოდეს მშვიდობა, მაგრამ ემზადე ომისთვის - ჭეშმარიტებაა.

- მწერალი სხვაგვარად გრძნობს და ხედავს ქვეყანაში არსებულ ახალ თუ ადრიდანვე არსებულ პრობლემებს, ტკივილს, ხარვეზებს... ახლა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ქვეყნიდან ინტელექტის, შრომითი რესურსების გადინება მიიჩნევა, ფრაზით - ოღონდ აქედან წავიდე... ფიქრობთ, ეს გლობალიზაციის მიერ შექმნილ-მოტანილი ახალი სენია თუ გამოუვალ მდგომარეობაში ნაპოვნი გამოსავალი?..

- მეც არაერთხელ მინატრია - ნეტავ აქედან წავიდე-მეთქი. ოღონდ, ჩემს შემთხვევაში მიზეზი არც მატერიალური გაჭირვებაა, არც რაიმეს ვერგაძლება, ვერატანა. წასვლა პროფესიული განვითარებისთვის, მწერლობას ვგულისხმობ, აუცილებლად მიმაჩნია, რათა ჩემი ტექსტები არ იყოს შინაარსობრივად მხოლოდ ლოკალური დიაპაზონის. სიამოვნებით გამოვიყენებდი სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრების გამოცდილებას, მათ ცხოვრებას ჩემს წიგნებში. ასე, უღვთო ტყუილადაც არ მემეტება, ვწერდე პორტუგალიაზე და იქ არ ვიყო ნამყოფი. რაც უნდა საუკეთესო და დიდებული გამონაგონი იყოს, მაინც არ მიყვარს თხზვა სიმართლის, არომატის გარეშე. არასდროს მეცოდინება ამა თუ იმ ქვეყნის ჭეშმარიტი არომატი, თუ იქ არ ვიცხოვრე. მაგრამ კარგად მესმის, როცა ათასობით ადამიანი აქ ცხოვრებას ვერ უძლებს და უცხოეთს ამჯობინებს. საქართველოში ცხოვრებას მართლაც გაძლება უნდა. ძნელია, ყოველდღე პირისპირ უყურებდე უიმედობას, უპერსპექტივობას, გაჭირვებას და მაინც საქართველოში ცხოვრება გინდოდეს. ზოგს შეიძლება ძალიანაც უნდოდეს დარჩენა, მაგრამ სხვა გზა არა აქვს - ოჯახი ჰყავს სარჩენი და იმედი აქვს, უცხო ქვეყნიდან უკეთესად მოახერხებს. განსაკუთრებით მტკივა გული და ვდარდობ ამ ქვეყნიდან ახალგაზრდობის გადინებაზე, რადგან სწორედ სტუდენტური ასაკის ხალხია მთავარი საზოგადოებრივი ძალა, ვისაც ქვეყანაში საკეთილდღეო ცვლილებების მოხდენა შეუძლია. ამასთან, არა მგონია, სასწავლებლად გადახვეწილმა ახალგაზრდამ მოინდომოს უკან დაბრუნება, რათა თავისი განათლება ქვეყანას მოახმაროს. ამგვარი პატრიოტიზმი, ასე ვთქვათ, მოდაში აღარაა და რისკიც არის - არავინ იცის, აქ გონებრივი თუ სხვა რესურსების გამოყენების შესაძლებლობა მოგეცემა თუ არა. ამიტომაც, მხოლოდ ერთეულები ბრუნდებიან უკან, რაც ქვეყნის ყველაზე დიდ ტრაგედიად მიმაჩნია. როცა საპროტესტო მუხტების აღძვრასა და გამოყენებაზე მიდგება ხოლმე საქმე, ეს განაპირობებს სწორედ უძალო საზოგადოებას. ახალგაზრდობის გასაკეთებელია სამშობლოში ცვლილებები და ყველა თუ წავიდა, ვიღას ექნება რაიმეს თავი?! როგორც ჩვენი ინტერვიუს დასაწყისში ვისაუბრე, ისედაც დაბეჩავებულ ერად ვიქეცით.

- როგორია ის ახალი რეალობა, რომელსაც დღევანდელი სამყარო გვთავაზობს, უფრო სწორად, გვაიძულებს მივიღოთ. ადამიანური მორალისგან დაცლილი?.. თუ პირიქით, ღირებულებების გადაფასება ხდება და ამ საყოველთაო აურზაურში რაღაც უფრო კარგი, ნათელი და გულწრფელი იბადება?..

- დღევანდელი მსოფლიო რეალობა არც ისე სახარბიელოა, მეტიც, სავალალოა. ბუნების დიდი თაყვანისმცემელი, დამცველი ვარ და მასევდიანებს მსოფლიოს ინდუსტრიული წესრიგი, რომელიც პლანეტის რესურსების უთავბოლოდ გაფლანგვის ხარჯზე არსებობს. კაცობრიობის ყოფასაც ისტერია, მუდმივი დაძაბულობა მიჰყვება ფონად - წყალდიდობა, ომების შიში, ასევე ქვეცნობიერი მარადიული საკაცობრიო დანაშაულის შეგრძნება, რომ რაღაც გვეშლება, რაღაც ისე არ ვქენით, ასე არ შეიძლება, და ამ ყველაფერში რომ ადამიანი, ჩვენ ვართ დამნაშავე. ეს ყოფით ურთიერთობებზე, ფსიქიკაზეც აისახება. ნონსენსია, მაგრამ თავისი არსებობის მთელ საუკუნოვან ისტორიაში, 21-ე საუკუნის ადამიანი ყველაზე მარტოა და შეშინებული... ალღოთი ვგრძნობ, ჩვენ თუ არა, მომავალი თაობები მაინც მოესწრებიან გონს მოსულ, განათლებულ, კეთილ დრო-ჟამსა და ხანას, ომების და პლანეტის გაჩანაგების, ურთიერთდაზიანების გარეშე. ამის მწამს და მეიმედება.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "გზა"