ილჰამ ალიევის საგარეო პოლიტიკა: „ხიზილალის დიპლომატიიდან“ - ყარაბაღის დაბრუნებამდე - კვირის პალიტრა

ილჰამ ალიევის საგარეო პოლიტიკა: „ხიზილალის დიპლომატიიდან“ - ყარაბაღის დაბრუნებამდე

ჰეიდარ ალიევი 2003 წლის 12 დეკემბერს გარდაიცვალა, მანამდე კი მთავარი მოასწრო: აზერბაიჯანი თავის შვილს, 42 წლის ილჰამს დაუტოვა სამართავად. რა პოლიტიკური გამოცდილება ჰქონდა ახალ პრეზიდენტს? ილჰამ ალიევი 1991 წლიდან 1994 წლამდე სტამბოლში ცხოვრობდა და აზერბაიჯანში მამამისის გაპრეზიდენტების შემდეგ დაბრუნდა. 1994 წლიდან 2003 წლის აგვისტომდე ის „სოკარის“ ჯერ ვიცე-პრეზიდენტი, შემდეგ კი პირველი ვიცე-პრეზიდენტია. პარალელურად ილჰამი 1995 წლიდან 2003 წლამდე აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატია. 2003 წელს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავების შემდეგ, ილჰამ ალიევმა დეპუტატის მანდატი დატოვა. ეს მცირე „რეზიუმეც“ საკმარისია რომ დავინახოთ: ჰეიდარ ალიევმა 2002 წლის ბოლოს ჯანმრთელობის გაუარესების გამო აამოქმედა „პროექტი მემკვიდრე“ და მანამდე დიდი პოლიტიკიდან შორს მდგომი ილჰამი, 2003 წლის 4 აგვისტოს ქვეყნის პრემიერ–მინისტრად დანიშნა. ორი თვის შემდეგ კი ილჰამ ალიევი უკვე აზერბაიჯანის პრეზიდენტია. რა მემკვიდრეობა დახვდა მას?

დაკარგული ტერიტორიებისა და ასი ათასობით დევნილის პრობლემა “დამოკლეს მახვილივით” ეკიდა მის თავს, ასევე დაწყებული იყო დიდი ენერგეტიკული პროექტები რუსეთის გვერდის ავლით: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი. (რომლებიც უკვე ილჰამ ალიევის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს ამოქმედდა). ყველაზე დიდი თავსატეხი კი ეს იყო: დასავლეთი თუ რუსეთი? ალიევი ორცეცხლშუა იმყოფებოდა.

რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები1992 წლის 4 აპრილს დამყარდა, ხოლო რუსეთის ფედერაციასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთუსაფრთხოების ხელშეკრულებას 1997 წლის 3 ივლისს მოეწერა ხელი. რუსეთის ფედერაციასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია ხელმოწერილი 2008 წლის 3 ივლისს არის. ხოლო უკრაინასთან ომის დაწყებამდე ორი დღით ადრე (!!!) პუტინმა და ალიევმა მოსკოვში ხელი მოაწერეს დეკლარაციას რუსეთის ფედერაციასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის შესახებ.

პარალელურად ილჰამ ალიევი დასავლეთთან ურთიერთობის გაფართოებასაც ახერხებდა: 2004 წელს აზერბაიჯანი ევროპის „სამეზობლო პოლიტიკას“, ხოლო 2009 წელს „აღმოსავლეთ პარტნიორობას“ შეუერთდა.

ქვეყნის შიგნით კი ახალ პრეზიდენტს საკუთარი გუნდი ჯერ არ ჰყავდა: აზერბაიჯანის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ჰეიდარ ალიევის მიერ იყო დანიშნული, „ძველ კადრებს“ კი სჩვევიათ პოლიტიკურ ინტრიგებში გამოუცდელი მემკვიდრეების საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევა.

პრეზიდენტობის პირველივე წლებიდან ილჰამ ალიევის მთავარი დასაყრდენი ელდარ მაჰმუდოვი გახდა, რომელიც აზერბაიჯანის ეროვნული უშიშროების მინისტრად ალიევმა 2004 წლის 23 ივლისს დანიშნა. ამის შემდეგ ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანში 2005 წლის ნოემბერში „დიდი წმენდა“ ჩაატარა. „სახელმწიფო გადატრიალების“ მცდელობის ბრალდებით დააკავეს 12 ადამიანი: მათ შორის ეკონომიკური განვითარების მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, ჯანმრთელობის მინისტრი, „აზერქიმიის“ სახელმწიფო კონცერნის პრეზიდენტი, აზერბაიჯანის სამეცნიერო აკადემიის ექს-პრეზიდენტი, კომპანია „აზპეტროლის“ პრეზიდენტი და სხვ.

ერთ–ერთ ინტერვიუში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა: „ ამ გადაწყვეტილების მიღება იოლი არ იყო, რადგან ეს ადამიანები მამაჩემის დროიდან მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდნენ მთავრობაში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე . . . მაგრამ, როგორც ჩანს, გარკვეულწილად, უკვე გრძნობდნენ მათ უსარგებლობას, დაინახეს, რომ ისინი იყვნენ მუხრუჭი, ისინი იყვნენ აზერბაიჯანში კორუფციის სიმბოლოები და ეს ყველამ იცოდა“. თუმცა რეპრესიების რეალური მიზეზი „ფერადი რევოლუციის“ თავიდან აცილება და ხელისუფლების შენარჩუნება იყო, რაც ილჰამ ალიევმა მისდაუნებურად დაადასტურა: „რეგიონში რევოლუციურმა ჰაერმა, ალბათ, თავბრუ დაახვია აზერბაიჯანელ "პენსიონერ რევოლუციონერებს" – განაცხადა მან ინტერვიუში.

ამის შემდეგ თანდათან გაიზარდა აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკა ევროპისა და აშშ–ის ჯერ არასამთავრობო ორგანიზაციების, შემდეგ კი, უკვე სახელისუფლებო სტრუქტურებიდან. გულხელდაკრეფილი არც ჩვენი მეზობელ–მეგობრები იყვნენ: მათ ენერგიულად დაიწყეს ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის ლობისტური დამუშავება... შავი ხიზილალით. ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მტკიცებით აზერბაიჯანს ჰყავს „მეგობრისგან“ შემდგარი ჯგუფები ევროსტრუქტურებში, რომლებიც წელიწადში ოთხჯერ საჩუქრად იღებენ მინიმუმ ნახევარ კილოგრამ შავ ხიზილალას. ხოლო განსაკუთრებით მნიშვნელოვან ევრდეპუტატებსა და ჩინოვნიკებს იწვევენ ბაქოში, რომლებიც ვიზიტის დროს იღებენ ძვირადღირებულ საჩუქრებს: ხალიჩებს, ოქროსა და ვერცხლის ნივთებს, სასმელებს. ბაქოში „მინიმალური“ საჩუქარი 2 კგ შავი ხიზილალაა. თუმცა „ძვირადღირებული ლობისტური პოლიტიკის“ მიუხედავად ილჰამ ალიევის ხელისუფლების დადანაშაულება ავტორიტარიზმსა და დემოკრატიული პრინციპების უგულვებელყოფაში არ ცხრებოდა. როგორც იტყვიან: „შეძახილმა ხე გაახმოო“ და 2014 წლიდან აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკური ვექტორი მნიშვნელოვნად შეიცვალა. წლების მანძილზე ზერბაიჯანის პრეზიდენტი დასავლეთის მიმართ უკმაყოფილებას საჯაროდ არ გამოხატავდა. თუ მანამდე ილჰამ ალიევის ხელისუფლებისთვის აშშ-სა და ევროპასთან ურთიერთობა უპირველესი საგარეო მიმართულება იყო, 2014 წლიდან უკვე აშკარად შეიმჩნეოდა აზერბაიჯანის ხელისუფლების გაღიზიანება დასავლელი პარტნიორების მიმართ. ილჰამ ალიევი მკაცრ შეფასებებს და უკმაყოფილებას უკვე აღარ მალავდა. ამის უმთავრესი მიზეზი მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოუგვარებლობასთან ერთად დასავლეთის მიერ აზერბაიჯანის შიდა პოლიტიკურ მდგომარეობის კრიტიკაც იყო, განსაკუთრებით სიტყვის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.

ilham2-1667297130.jpg

პუტინი ალიევს სიმაღლეში ვერ გაეჯიბრება

2015 წლის 10 სექტემბერს ევროპარლამენტმა მიიღო ძალზე მწვავე რეზოლუცია: დაგმო „აზერბაიჯანში მიმდინარე უპრეცედენტო რეპრესიები“ და მოუწოდა ევროპულ აღმასრულებელ სტრუქტურებს ჩაეტარებინათ საფუძვლიანი გამოძიება პრეზიდენტ ალიევისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ კორუფციულ ბრალდებებზე. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ბოლო წვეთი და აზერბაიჯანის მკვეთრი შემობრუნება რუსეთისკენ დაიწყო. მაშინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მთავრობის სხდომაზე ძალზე საყურადღებო განცხადება გააკეთა. „სახელმწიფო ჩინოვნიკების, დეპუტატებისა და საზოგადოებრივი მოღვაწეებისაგან ხანდახან მესმის, რომ ევროპაში ინტეგრაცია უნდა მოვახდინოთ. დაფიქრდით, როცა ამაზე ლაპარაკობთ. უპირველესად, პრეზიდენტის პოზიცია უნდა იცოდეთ. მეორეც, რა ფორმით უნდა მოხდეს ინტეგრაცია? გჭირდებათ ეს ინტეგრაცია თუ არა? რა რანგში უნდათ აზერბაიჯანის მიღება? -- როგორც მეორეხარისხოვანი, ასოცირებული წევრის თუ გვერდიდან მიმაგრებული ქვეყნის? ასეთი ფორმატი არ გვჭირდება. იქ, სადაც საჭირო იყო, ინტეგრირებულნი ვართ. თუკი დღეს, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით ჩვენ გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევდა, შესაძლოა, არც შევსულიყავით ევროპის საბჭოში. რამდენჯერ შეიძლება აზერბაიჯანის შეურაცხყოფა?! როდემდე შეიძლება გამოყენებული იყოს მცდელობები, რათა ჩვენ დაგვამცირონ?! ჩვენი მოთმინების ფიალა აივსო. ჩვენ მშვენივრად ვიცხოვრებთ ევროპის საბჭოს გარეშე და გვიცხოვრია კიდეც. იმ დროს აზერბაიჯანში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა, იყო სომხური ოკუპაცია, პოლიტიკური კრიზისი, ეკონომიკის დაცემა, მაგრამ ვიცხოვრეთ, არ დავიხოცეთ“, - განაცხადა მაშინ ილჰამ ალიევმა.

მისივე სიტყვებით, აზერბაიჯანი ევროსაბჭოში, უპირველესად, მთიანი ყარაბაღის პრობლემის გადასაჭრელად გაწევრიანდა. „ვიცოდით, რომ სომხეთი ევროსაბჭოში შესვლას აპირებდა. ჩვენც იქ გვინდოდა ყოფნა, რათა ეს საკითხი სამართლიანად გადაჭრილიყო. თუმცა უსამართლობა, ორმაგი სტანდარტები, ისლამოფობია, შური და არაკეთილმოსურნეობა დავინახეთ . . ჩვენ არასდროს არავინ არ გვეხმარებოდა. ყველაფერს საკუთარი ძალისხმევით მივაღწიეთ. დახმარებას არავისგან არ ველოდებით და არც გვჭირდება. ჩვენს საქმეებში ნუ ერევით. აზერბაიჯანი ძლიერი, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული სახელმწიფოა... თუ საჭირო გახდება, აზერბაიჯანი სხვა გაერთიანებაში შევა, მაგრამ როგორც თანასწორუფლებიანი პარტნიორი, როგორც ღირსეული ქვეყანა.“, - აღნიშნა მაშინ ილჰამ ალიევმა. ხომ არ გეცნოთ ეს რიტორიკა? თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ერდოღანის „კვალი“ აშკარაა!

ამავე დროს იყო ერთი, ფრიად მნიშვნელოვანი გარემოებაც, რომელიც შესაძლოა ბევრისთვის შეუმჩნეველი დარჩა, კერძოდ: აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ ქვეყნის მთავარ სპეცსამსახურში, ეროვნული უშიშროების სამინისტროში მოულოდნელი საკადრო წმენდის ჩატარება და მთლიანად უშიშროების სისტემის რეორგანიზაცია. 2015 წლის 17 ოქტომბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ყველასთვის მოულოდნელად, თანამდებობიდან გაათავისუფლა ამ ქვეყნის ეროვნული უშიშროების მინისტრი ელდარ მაჰმუდოვი, რაც, ჩემი აზრით, აზერბაიჯანის საგარეო-პოლიტიკური კურსის ცვლილების კიდევ ერთი ნიშანი იყო, რადგანაც მანამდე ათი წლის მანძილზე მაჰმუდოვს ალიევის სრული ნდობა ჰქონდა.

ilham3-1667297130.jpg

ელდარ მაჰმუდოვი

ალიევმა 2014 წლის 27 მარტს მას გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მიანიჭა და მაჰმუდოვის განთავისუფლებას არაფერი მოასწავებდა. ამ ფაქტამდე 10 დღით ადრე ბაქოში მისი ხელმძღვანელობით ძალზე მიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა.

2015 წლის 7-9 ოქტომბერს ბაქოში გაიმართა თურქულენოვანი სახელწიფოების სპეცსამსახურების ხელმძღვანელების მე-18 კონფერენცია. შეხვედრაში მონაწილეობდნენ: აზერბაიჯანის, თურქეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელები. დამკვირვებლის სტატუსით შეხვედრაზე მიწვეულები იყვნენ რუსეთის, უკრინისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელები. საქართველოს მხარეს ჩვენი ქვეყნის “პირველი მზვერავი” წარმოადგენდა. ოფიცალურ შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინის დელეგაციები რუს კოლგებს აქეთ-იქიდან უმშვენებდნენ გვერდს. საინტერესოა რა თემაზე ისაუბრეს მაშინ საქართველოსა და უკრაინის დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელებმა რუს „მეგობრებთან“ „აგვისტოს ომისა“ და ყირიმის ოკუპაციისა და ანექსიის შემდეგ?

კონფერენციის მონაწილენი 8 ოქტომბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიიღო, რაც ჩვენი აზრით ელდარ მაჰმუდოვისადმი ნდობის კიდევ ერთი დადასტურება იყო. ცხრა დღის შემდეგ კი აზერბაიჯანის უშიშროების სამინისტროს მაღალჩინოსნები, მაჰმუდოვის “თამადობით” ან დააპატიმრეს ან სამსახურიდან დაითხოვეს. ამ ორ მოვლენას შუა კი იყო ძალზე საინტერესო შეხვედრა ყაზახეთში.

2015 წლის 15-16 ოქტომბერს ყაზახეთში გაიმართა დსთ-ს წევრი სახელმწიფოების მეთაურთა შეხვედრა, სადაც შედგა რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების საუბარიც. საუბარი შეეხებოდა პრობლემების ფართო სპექტრს: მთიანი ყარაბაღის პრობლემას, ენერგეტიკულ საკითხებსა და ტერორიზმთა ბრძოლის კოორდინაციას. ვფიქრობთ, რომ ამ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ჩვეული სტილით „მოხიბლა“ აზერბაიჯანელი კოლეგა და მრავალი დაპირება მისცა. რუსეთისათვის მთავარი ის კი არ არის აზერბაიჯანი საუკეთესო მეგობრების რიგში იხილოს , არამედ – აშშ-სა და ევროპას ჩამოაცილოს. ამისთვის პუტინი აქტიურად იყენებს “მათრახისა და თაფლაკვერის” პოლიტიკას. არც ილჰამ ალიევს დაუშურებია კომპლიმენტები პუტინის მიმართ. არა, ძნელი სათქმელია უშუალოდ ამ შეხვედრას უკავშირდებოდა, თუ არა, მაგრამ ბაქოში დაბრუნებისთანავე ალიევმა უშიშროების სამინისტროში „დიდი წმენდა“ ჩაატარა. მაჰმუდოვთან ერთად გაათავისუფლეს ან დააპატიმრეს უშიშროების სამინისტროს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული განყოფილებების 20-მდე ხელმძღვანელი პირი, მათ შორის: ანტიტერორისტული ცენტრის უფროსი, ოპერატიულ-ტექნიკური და კადრების დეპარტამენტების უფროსები, ტრანსპორტსა და ენერგეტიკულ ობიექტებზე უშიშროების მთავარი სამმართველოს უფროსი და სხვ. ამ გადაწყვეტილებების ოფიციალურ მიზეზად უშიშროების მაღალჩინოსანთა მიერ წლების მანძილზე უკანონო ფარული მოსმენები და აზერბაიჯანელი ბიზნესმენების „დატერორება“ (წილებში ჩაჯდომა, ყოველთვიური გადასახადის „შეწერა“ და ბიზნესის წართმევა) დასახელდა. აზერბაიჯანის ოფიციალური მასმედიის განცხადებით გენერალური პროკურატურის ანტიკორუფციული სამსახურს ერთ წელზე მეტია, რაც ოპერატიულ დამუშავებაში ჰყოლია უშიშროების მაღალჩინოსნები და ამ საქმეზე მრავალი დოკუმენტური მტკიცებულება არსებობსო. ძნელი დასაჯერებელია ამგვარი სისტემური დანაშაული წლების მანძილზე ხდებოდეს და ქვეყნის პირველმა პირმა არ იცოდეს, შემდეგ კი რადიკალური გადაწყვეტილება ერთ დღეში მიიღოს!

2015 წლის 14 დეკემბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ბრძანებულებით, ეროვნული უშიშროების სამინისტროს ბაზაზე შეიქმნა ორი ახალი სტრუქტურა: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და საგარეო დაზვერვის სამსახური. ჩემი აზრით მოულოდნელი და რადიკალური ცვლილებები აზერბაიჯანის მთავარ სპეცსამსახურში, ამ ქვეყნის გეოპოლიტიკური ვექტორის ცვლილებასთან იყო დაკავშირებული. ნებისმიერ ქვეყანაში უშიშროების მინისტრის პიროვნება (ისევე, როგორც თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების) ამ ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური კურსის მაჩვენებელია.

თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ილჰამ ალიევის დიდი პოლიტიკური ოსტატობა სახეზეა: მან შეძლო ერდოღანის პოლიტიკური და სამხედრო რესურსების გამოყენება (თუმცა პუტინის თანხმობის გარეშე 2020 წლის სექტემბერში ის შეტევას ვერ დაიწყებდა); ყარაბაღის მეორე ომის შედეგებს სომხეთი ადრე თუ გვიან მიიღებს, აზერბაიჯანში ილჰამის პოპულარობა ზენიტშია და თანაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ბაქოში ევროსტრუქტურების ხელმძღვანელების (გუშინ რომ დიქტატორს ეძახდნენ) რიგი უდგას. 18 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აზერბაიჯანს ესტუმრაა.

ilham4-1667297130.jpg

ვიზიტის მიზნები ქალბატონმა ურსულამ თავად ასე ახსნა: „ევროკავშირი ენერგიის უფრო საიმედო მომწოდებლებს მიმართავს. დღეს მე აზერბაიჯანში ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად ჩამოვედი. ჩვენი მიზანია, რამდენიმე წელიწადში ევროკავშირში აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდება გაორმაგდეს. აზერბაიჯანი გახდება გადამწყვეტი პარტნიორი მიწოდების უსაფრთხოებისა გზაზე“.

ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს - აზერბაიჯანს, რომელსაც საკუთარი ეროვნული ინტერესები ყოველთვის კარგად ახსოვს, ევროკავშირისგან არც შაქარყინული სჭირდება (თავადაც უამრავი აქვს!) და არც მოწოდება-ულტიმატუმები დემოკრატიულობისკენ. ამ ვითარებაში ბევრია დამოკიდებული ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და აშშ-ზე: მათ სხვადასხვა ულტიმატუმებით კვლავ არ უნდა უბიძგონ ალიევს რუსეთთან “ჩახუტებისკენ”.

(დასასრული)