"მე და ელდარმა სკოლა რომ დავამთავრეთ, მთელი კლასი შინ დაგვპატიჟა და ნატო ვაჩნაძემ 40 ბავშვისთვის სათითაოდ შეწვა ტაბაკა, იმ არნახული გაჭირვების დროს" - კვირის პალიტრა

"მე და ელდარმა სკოლა რომ დავამთავრეთ, მთელი კლასი შინ დაგვპატიჟა და ნატო ვაჩნაძემ 40 ბავშვისთვის სათითაოდ შეწვა ტაბაკა, იმ არნახული გაჭირვების დროს"

"ისე დაემთხვა, რომ ბავშვობაც, ფაქტობრივად, წართმეული მქონდა, რადგან მეორე მსოფლიო ომის პერიოდი - საშინელი გაჭირვება, შიმშილი, სიცივე იყო, ომის შემდგომი წლები კი - კიდევ უფრო უარესი. ამიტომ, ბავშვობა ხალისიანი არ მქონია, მიუხედავად იმისა, რომ თანატოლებთან ერთად ვთამაშობდი, ბევრს ვიცნობდი... შავ-ბნელი დღეები მქონდა და მერე კიდევ რამდენი საშინელება გამოვიარეთ...", - მსახიობი ლეო ანთაძე "კვირის პალიტრასთან" თავის რთულ, მაგრამ საინტერესო ცხოვრებას იხსენებს...

- ცოტა ხნის წინ, 90 წელი შეგისრულდათ... რას იტყვით თქვენს ცხოვრებაზე, ამ გადასახედიდან?

- ცხოვრებაში ძალიან ბევრი საინტერესო ამბავი გადამხდა. ისეთი პროფესია მაქვს, რომ უმაგისობა არ იქნებოდა.

- ბავშვობაც ძალიან საინტერესო გქონდათ...

- ბებია - ნინო ნაკაშიძე მწერალი იყო და ყოველ ზაფხულს კიკეთში ვისვენებდი, სადაც ძალიან ბევრი მწერლის ოჯახთან გვქონდა ახლო ურთიერთობა. მახსოვს, დიდ კონსტანტინე გამსახურდიას როგორ მოჰყავდა პატარა ზვიადი...

ელდარ შენგელაიას ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში წასვლამდე ვიცნობდი. მამაჩემი კინორეჟისორი გახლდათ, ფილმებს ნიკოლოზ შენგელაიასთან ერთად იღებდა. იგი მეორე რეჟისორად იყო... ბავშვობაში კიკეთში მე და ელდარი ერთ კოტეჯში ვცხოვრობდით, მერე ქობულეთში იყო გადაღებები და იქაც ერთად ვიყავით, ბაგა-ბაღში ერთად დავდიოდით, პრესტიჟული ბაღი იყო იმხანად, სადაც ელიტური წრის მშობლების ბავშვები იყვნენ. მე, როგორც ნინო ნაკაშიძის შვილიშვილი, ელდარი - ნატო ვაჩნაძის შვილი. სკოლაში მე და ელდარი პირველი კლასიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით ერთ მერხთან ვისხედით, მერე დავშორდით, რადგან ელდარი სასწავლებლად მოსკოვში წავიდა... ახლა ელდარი ფილმს იღებს და მე უკვე დაკავებული ვარ მის ფილმში. გადაღებები 2023 წლის აპრილიდან დაიწყება.

- ნატო ვაჩნაძე ძალიან პატარაობიდან გახსოვთ?

- რასაკვირველია! ფაქტობრივად, ელდართან ერთად გავიზარდე, მათ ოჯახში, ლამის, ყოველდღე დავდიოდი. ნატო ვაჩნაძე საოცარი ქალბატონი იყო, მეგობრული, ბავშვებთან ძალიან ალერსიანი... მახსოვს, ჩვენ რომ სკოლა დავამთავრეთ, არნახული გაჭირვების წლები იყო, მთელი კლასი დაგვპატიჟა და სათითაოდ ყველასთვის ტაბაკა შეწვა. წარმოიდგინეთ, ორმოცამდე ბავშვი ვიყავით. იმ უგემრიელესი ტაბაკას გემო არასოდეს დამავიწყდება.

ნატო - მეუღლეც საუკეთესო იყო, მშობელიც და კოლეგაც... ვარსკვლავური ცხოვრებით არასოდეს ცხოვრობდა, უბრალო ქალი იყო, ბავშვებზე გიჟდებოდა... ერთხელ საბავშვო ბაღში "ექიმი" დავდგით, სადაც ნატო ვაჩნაძე სტუმრად იყო მოწვეული... მე ექიმი აიბოლიტი ვითამაშე, იქ რაღაც ფრაზა რომ ვთქვი, ხალხი სიცილით დაიხოცა, ნატომ მუხლებზე დამისვა და მითხრა, შენ აუცილებლად მსახიობი გამოხვალო.

- თქვენს 90 წლის საიუბილეო თარიღს, ალბათ, კულტურის სამინისტრო გარკვეული ღონისძიებებით აღნიშნავს...

- არ ვიცი, ჯერჯერობით ჩემთვის არაფერი უთქვამთ...

ისე დაემთხვა, რომ ბავშვობაც, ფაქტობრივად, წართმეული მქონდა, რადგან მეორე მსოფლიო ომის პერიოდი - საშინელი გაჭირვება, შიმშილი, სიცივე იყო, ომის შემდგომი წლები კი - კიდევ უფრო უარესი. ამიტომ, ბავშვობა ხალისიანი არ მქონია, მიუხედავად იმისა, რომ თანატოლებთან ერთად ვთამაშობდი, ბევრს ვიცნობდი... შავ-ბნელი დღეები მქონდა და მერე კიდევ რამდენი საშინელება გამოვიარეთ, 1990-იან წლებში.

- 1990-იან წლებში პოლიტიკის მიღმა ვეღარავინ დარჩა...

- დიახ, ორად იყო ქვეყანა გახლეჩილი, ომი, გადამწვარი რუსთაველი... იმდენად გაჭირვება და უბედურება იყო, მეთექვსმეტე სართულზე ვცხოვრობდი და ფეხით სიარული მიწევდა, ლიფტი არასოდეს მუშაობდა, შუქი, გაზი არ იყო და გაყინულები ვიყავით. ქართველმა ხალხმა ერთმანეთი დახოცა და ეგ უბედურება ქვეყანამ დღემდე ვერ მოიხადა.

მერე აფხაზეთი დაიკარგა და ამან წელში გაგვტეხა... აფხაზეთში ხშირად ვისვენებდი - გაგრაში, ბიჭვინთაში... სასწაული ჰავაა იქ, ზღაპარი ადგილი... ერთხელ, ფეხით გადავიარეთ მთელი ის ტერიტორია, რომელიც უკვე ჩვენი აღარ არის. მთიან აფხაზეთში ექვსი საათი ფეხით მოვდიოდით.

- რატომ?

- ახალგაზრდებთან ერთად წამოვედი, ისინი ჩქარა დადიოდნენ და ჩემთვის დალოდება უწევდათ. თან ნაბახუსევი გახლდით, მთაში აღმართზე სიარულმა ლამის გული ამომიგდო, მაგრამ მაინც ვიარე... იქ, გადაღებაზე ვიყავი, ერთ-ერთ მთავარ როლს ვთამაშობდი და რეჟისორმა გვითხრა, შეგიძლიათ ათი დღით დაისვენოთო... ტურისტებისთვის დასასვენებელი ადგილი იყო, მივედი, გავიცანი ქართველი გოგო-ბიჭები და მათთან ერთად მოვილხინე. ტურისტული ბაზის უფროსი აფხაზი კაცი იყო, ჩვენს ერთ-ერთ ქართველ ბიჭთან ძალიან ახლობლობდა და სუფრა მან გაგვიშალა...

დილას გავიღვიძეთ, მთაში წავიდეთო და მეც წამოვედი. მათ ამოცანა ჰქონდათ, რეკორდი დაემყარებინათ. საათს უყურებდნენ, რა მანძილს რა დროში დაფარავდნენ. მე მოვჩანჩალებდი, მათ ძლივს დავეწიე... მთა რომ გადმოვიარე, ვიგრძენი, რომ ჩემი ოჯახი მომენატრა, განსაკუთრებით ბავშვები... ჩემი ოჯახი მაშინ რაჭაში ისვენებდა, ჩემი მეუღლის ბებია იქ ცხოვრობდა და წარმოიდგინეთ, რაჭაში ფეხით წამოვედით, ძლივს ავაღწიეთ. რომ მივედით, მეუღლის ბებიამ მითხრა, დილით თბილისში წავიდნენო... დღეს უკვე ძალიან კარგად მახსენდება ეს ყველაფერი, იმხელა მანძილის ფეხით გადავლა. აფხაზეთი კიდევ უფრო ახლოს გავიცანი და როგორია, ასეთი საოცარი მხარე რომ რუსეთმა წაგვართვა?! ყველა უბედურება რუსეთისგან გვჭირს, რაც 1990-იან წლებში იყო და შემდეგაც...

- რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობაზე რას იტყვით?

- ვფიქრობ, რუსეთი მარცხდება... ისევ მეშინია, პუტინმა ატომური იარაღი არ გამოიყენოს და თავისი არ გაიტანოს... მას დასაკარგი აღარაფერი აქვს, ნორმალური არ არის, ავადმყოფია. სულ არ აინტერესებს, სამყაროს რა დაემართება. თუ იქვე იქაურებმა ბოლო არ მოუღეს, არ ვიცი, მაგას როგორ მოვიშორებთ... თუ ოდნავ გონება შერჩათ, როგორ შეიძლება პუტინი გააჯეჯილონ და ატომური იარაღი გამოიყენოს?! მგონია, მაგას არ დაუშვებენ, მართლა გიჟები ხომ არ არიან?! ეგ სამყაროს კატასტროფა იქნება!

- საქართველოში როგორი სიტუაციაა დღეს?

- საერთოდ, ქართველობას გვჩვევია, რომ ყველას პირველობა გვინდა... ეს არის ჩვენი უბედურება, ერთმანეთის ქიშპობის და ძიძგილაობის გარეშე არ შეგვიძლია! ქვეყანა თუ როგორმე გაერთიანდა, რაღაც შეიცვლება. ოპოზიციაც დაქსაქსულია და ასე არაფერი გამოდის... მთავრობას რაც შეეხება, რუსეთი ერევა ჩვენს საქმეში და რუსეთი დაგვღუპავს!

- ხელოვანთა წრეზეც რომ ვისაუბროთ, თამარ მაყაშვილი თავისი განცხადების გამო, ბათუმის თეატრმა რეპერტუარიდან მოხსნა... ამაზე რას ფიქრობთ?

- არ ვიცი, რა მოხდა, მხოლოდ ის ვნახე, თამარ მაყაშვილი ბოდიშს რომ იხდიდა... ბოდიში მოიხადა და ვფიქრობ, აღარ იყო საჭირო რეპერტუარიდან მოხსნა. დაუფიქრებლად რაღაც წამოსცდა... საერთოდ კი, მსახიობის ნათქვამი უფრო მეტად ჩანს და ერთი მსახიობი თუ რამეს დააშავებს, ყველა მსახიობს ბრალდება. თითო-ოროლა ყველა პროფესიის ადამიანშია, რაღაც რომ შეეშლება... ახლა მე თქვენთან ფრთხილად ვსაუბრობდი?

- დიახ, მხოლოდ პუტინზე თქვით აუგი...

- პუტინს ყოველთვის ბოლომდე შევუტევ და არც არასოდეს ვნანობ! რუსეთის ინტელიგენციაშიც არის იმპერიალიზმი. რამდენი მეგობარი გავიჩინე, ყველას ძალიან ვუყვარდი, თან მყვებოდნენ, მაგრამ როგორც კი საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხი დადგებოდა, უკვირდათ, ჩვენთან რატომ არ გინდოდათო?.. ერთად კი ვიქნებით, მაგრამ ისე კი არა, შენ მონასავით მექცეოდე!

კიდევ ერთი რამის თქმა აუცილებლად მინდა! რამდენიმე ქართველთან ძალიან დიდი კამათი მქონდა და ლამის შეურაცხყოფაც მივაყენე, ბოლო ხმაზე გადავედი! ვცოფდები, როცა ამბობენ, ზელენსკიმ უკრაინელები რატომ ამოაჟუჟვინაო... ეს რა უგუნურობაა?! აბა, ქვეყანა უნდა ჩაებარებინა? ანდა, უკრაინელები ზელენსკიმ ამოხოცა თუ პუტინმა? ახლაც ძალიან ნერვები მეშლება... ანუ, ცხრა ძმა ხერხეულიძეს, სამას არაგველს, მეფე ერეკლეს არ უნდა ებრძოლათ და ქვეყანა უნდა ჩაებარებინათ? საერთოდ აღარ იქნებოდა ქართველი ერი და ქვეყანა! ზელენსკი იცავს თავის ქვეყანას და ის სცენაზე შეიძლება დიდი ნიჭით გამორჩეული არ იყო, მაგრამ ამ წუთას რასაც აკეთებს, მართლაც გმირია! 21-ე საუკუნეში ასეთი გმირი არ ყოფილა!

როგორც იქნა, დასავლეთი დარწმუნდა რუსეთის ვერაგობაში, ადრე კიდევ რაღაცის სჯეროდათ...

ვფიქრობ, უკრაინა გაუმარჯვებს და რუსეთი საბოლოოდ დამარცხდება!

(სპეციალურად საიტისთვის)