"უკრაინულ ხორბალს სრულად ჩავანაცვლებთ" - რატომ შეაჩერა შეთანხმება კრემლმა და რა მოტივები აქვს პუტინს? - კვირის პალიტრა

"უკრაინულ ხორბალს სრულად ჩავანაცვლებთ" - რატომ შეაჩერა შეთანხმება კრემლმა და რა მოტივები აქვს პუტინს?

რუსეთის გამოსვლამ შეთანხმებიდან, რომელიც შავი ზღვის პორტებიდან კრიტიკულად მნიშვნელოვანი მარცვლეულის ექსპორტისთვის უსაფრთხო კორიდორის შექმნას უზრუნველყოფს, მსოფლიოში სურსათის მიწოდებასთან დაკავშირებით ვნებათაღელვა გამოიწვია.

მოსკოვში ამბობენ, რომ შეთანხმებაში მონაწილეობის შეწყვეტის მიზეზი უკრაინის მიერ ყირიმში სევასტოპოლის პორტზე დრონებით თავდასხმაა, რასაც, თავის მხრივ, კიევი არ ადასტურებს.

ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა, ასევე ევროკავშირმა, NATO-მ და გაერომ უკვე მოუწოდეს რუსეთს, შეცვალოს მიღებული გადაწყვეტილება, რამეთუ უკრაინიდან ექსპორტის ნებისმიერი დონით შემცირებას, შესაძლოა, მძიმე შედეგები მოყვეს.

რა მნიშვნელობა აქვს „მარცვლეულის შეთანხმებას“ მსოფლიოსთვის

შეთანხმება გაეროსა და თურქეთის შუამდგომლობით ივლისში იქნა მიღწეული და მას შემდეგ, უკრაინისკენ თუ უკრაინიდან მოძრავი გემები, რომლებსაც ხორბალი, სასუქი და სხვა პროდუქტები გადააქვთ, ოთხივე მონაწილე მხარის მონიტორინგის ქვეშაა.

მემორანდუმის მიხედვით, რუსეთიდან სასუქისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტი სანქციებისგან დაცული უნდა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირისა და აშშ-ს ემბარგოები ამ პროდუქციაზე არ ვრცელდება, ფინანსურ ინტიტუტებსა და რუსეთთან დაკავშირებულ ხომალდებზე დაწესებული სანქციები მაინც ზღუდავს ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობებს.

ამ შეთანხმებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს უკრაინისთვის, რომელიც, გაეროს თანახმად, 45 მილიონ ტონა ხორბალს აწვდის მსოფლიოს ყოველწლიურად და 5 უმსხვილეს ექსპორტიორს შორისაა. შავი ზღვის პორტების საშუალებით ქვეყანა ექსპორტის 90%-ს ახორციელებს.

რუსული და უკრაინული ხორბლის იმპორტზე განსაკუთრებით დამოკიდებულები არიან აფრიკის ღარიბი ქვეყნები, იემენი, ალჟირი, ბანგლადეში, ვიეტნამი და სხვ. გაეროს თანახმად, შეთანხმების მიღწევის შემდეგ 9.2 მილიონი ტონა მარცვლეული იქნა ექსპორტირებული და ფასების შემცირებამ 100 მილიონამდე ადამიანი დაიცვა უკიდურესი სიღარიბისგან.

რატომ შეაჩერა შეთანხმება კრემლმა და რა მოტივები აქვს პუტინს?

მოსკოვი ხელშეკრულების შეწყვეტით უკვე დიდი ხანია იმუქრება, რადგან, როგორც კრემლში ამბობენ, შეთანხმებამ ვერ მოუტანა დაპირებული სარგებელი ქვეყანას ხორბლისა და სასუქის ექსპორტის კუთხით.

შეთანხმების შეჩერებიდან მალევე რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს, რომ ქვეყანა მზადაა სრულად ჩაანაცვლოს უკრაინული ხორბალი მსოფლიო ბაზარზე. გააგრძელეთ კითხვა