"მრუშობაში შემჩნეულ ქალებს თავად მანდილოსნები ამხელდნენ და ბოიკოტს უცხადებდნენ" - გენდერული თანასწორობა გურიაში, "მაკივარი" ქალები და ფემინისტური მოძრაობები - კვირის პალიტრა

"მრუშობაში შემჩნეულ ქალებს თავად მანდილოსნები ამხელდნენ და ბოიკოტს უცხადებდნენ" - გენდერული თანასწორობა გურიაში, "მაკივარი" ქალები და ფემინისტური მოძრაობები

"როგორც ხედავთ, გენდერული თანასწორობა გურიაში ყოველთვის დაცული ყოფილა, რითაც იმდროინდელი ფემინისტური მოძრაობის წარმომადგენლები, ეს ამბავი რომ სცოდნოდათ, ნამდვილად გაოცებულნი და კმაყოფილნი დარჩებოდნენ (ცნობისათვის: რუსეთში არჩევნებში ქალთა მონაწილეობა მხოლოდ 1917 წელს დაუშვეს, ხოლო აშშ-ში - 1920 წელს)..." - ცნობებს მკვლევარი, რეჟისორი - ირაკლი მახარაძე "კვირის პალიტრას" აწვდის...

ამ ყველაფრის შესახებ ვრცლად არის აღწერილი წიგნში - "გურიის რესპუბლიკა".

აკადემიკოსი ნიკო მარი წერდა:

,,...გურიაში რომ ჩავედი, იქ არც პოლიცია დამიხვდა, არც სტრაჟნიკები, არც კაზაკები და არც ჯარისკაცები. გადასახადს არავინ კრებს, [1] არ არის აქციზი, მთავრობის სასამართლოები და სხვ. თუმცა ახლაც ისევე ძველებური გაჭირვება ჩანს ყველგან, გაუგებარ ხალხის გაყვლეფა გაიძვერათაგან, ათასნაირი ცრუმორწმუნეობა, ცხოვრების სიძვირე, თითქმის წინანდელზე ზედმეტი სიძვირე... სამაგიეროდ, თავისუფლება სრულია, პრესის, სიტყვის, სარწმუნოების, წარმოების თავისუფლება. აქ დაუბრკოლებლივ მოსდით და იკითხება ისეთი გამოცემები, რომლის შენახვისთვისაც კი, სხვაგან შესამჩნევ სასჯელს აყენებენ... კრება კრებას მოჰყვება და გარეშე კაცი გაოცებული რჩება, როგორ ახერხებენ სოფლელები მთელ დღეობით კრებაზე დასწრებას, როდესაც ყანებში დიდი საშრომელი აქვთ... კრებებს ქალები მამაკაცებთან ერთად ესწრებიან...”[2]

დღეს გურული ქალები იმავე უფლებებით იყვნენ აღჭურვილნი, როგორც მამაკაცები, მათაც ჰყავდათ საკუთარი ასისთავი, ათისთავი და საზოგადოების წარმომადგენელი. გურული ქალბატონები არც ერთ მიტინგსა და კრებას არ აცდენდნენ, ისინი მუდამ მოვლენების ეპიცენტრში იმყოფებოდნენ, სიტყვით გამოდიოდნენ საჯარო კრებაზე და ამა თუ იმ საჭირბოროტო საკითხის გადაჭრაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ.[3]

ნიკო მარი აღწერს ერთ მიტინგს, სადაც ,,კაცებთან ერთად ყოჩაღად მოდიოდნენ ქალებიც... ქალები ქოლგებით, კარგად გამოწყობილნი, ზოგი თეთრ ხელთათმანებში ამშვენებდნენ იქაურობას” [4]. ლანჩხუთში კრიმ გირეისთან შესახვედრად 18 დეპუტატიდან, ექვსი ქალი გახლდათ. ბევრი მსგავსი მაგალითის მოყვანა შეიძლება.

გამოჩენილი ბოლშევიკი და დიპლომატი ალექსანდრა კოლონტაი აღნიშნავდა:

,,გურული გლეხი ქალები სოფლის თავყრილობებზე ქუთაისის გუბერნიაში რეზოლუციებს იღებდნენ, რომლებშიც მამაკაცებთან პოლიტიკურ თანასწორობას მოითხოვდნენ”.[5]

ცნობილია, რომ მრუშობაში შემჩნეულ ქალებს თავად მანდილოსნები ამხელდნენ და ბოიკოტს უცხადებდნენ. ,,იყო შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი ცოლები მეტ აქტივობას იჩენდნენ, ვიდრე ქმრები. ქალები სასტიკად იცავდნენ და ასრულებდნენ კომიტეტის ყოველგვარ განკარგულებას.”[6] როგორც ხედავთ, გენდერული თანასწორობა გურიაში ყოველთვის დაცული ყოფილა, რითაც, იმდროინდელი ფემინისტური მოძრაობის წარმომადგენლები, ეს ამბავი რომ სცოდნოდათ, ნამდვილად გაოცებულნი და კმაყოფილნი დარჩებოდნენ (ცნობისათვის: რუსეთში არჩევნებში ქალთა მონაწილეობა მხოლოდ 1917 წელს დაუშვეს, ხოლო აშშ-ში 1920 წელს).

თემიდან ოდნავ გადავუხვევ და გურულ ქალბატონებს ორიოდე სიტყვას შევაწევ. ედუარდ იუონი წერდა მათ შესახებ:

,,ოჯახში ქალი დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, თავის ოთხ კედელს შორის იგი სრული მბრძანებელია, მაგრამ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც არაფრით დგას მამაკაცზე უკან - თვით კონსერვატიულ წრეებშიც კი, რომლებიც ახალ სოციალურ იდეებს არ თანაუგრძნობენ. ეს მით უფრო დასაფასებელია, რომ ეს ხალხი მუდამ მაჰმადიანებით გარშემორტყმული ცხოვრობდა და ახლაც მათი უშუალო მეზობელია.”[7]

ექვთიმე თაყაიშვილი იოსებ მეგრელიძესთან საუბარში ჰყვებოდა, რომ როცა გურიაში ოსმალები შემოიჭრებოდნენ ხოლმე, ,,ქალის კივილი და კაცების გარეთ გამოცვენა ერთი იყოო.”

სოფელ ვანისქედში სირაძის ქალი ყოფილა – მაკივარი. მისი ხმა, თურმე, ასკანაში ისმოდა და მეორე მხრივ კი - ჭაჭიეთ-ბასილეთში; ყველა მტერს დაედევნებოდაო! [8]

თურმე ,,დედების შეგნებულმა მოქმედებამ” ძლიერ იმოქმედა 10-14 წლის მოზარდებზეც, მათაც მიბაძეს უფროსებს და კრებას კრებაზე მართავდნენ. მეამბოხეების უმცროს თაობასაც ჰყავდა საკუთარი ათისთავები და ასისთავები. უფროსების წაბაძვით შეხვედრებზე ბავშვები ერთმანეთს ,,ამხანაგით” მიმართავდნენ. კრებაზე უმთავრესი განსახილველი თემები ბავშვების ყოფა-ქცევა და ქურდობის საქმეების გარჩევა იყო, ანუ ვინც კიტრის, ხაპის, ნესვის მოპარვასა და სხვა მცირე დანაშაულებში იყო შემჩნეული.

,,ჩვენ პაწია კი ვართ, ამხანაგებო, - ასე იწყებდა ერთ კრებას თავმჯდომარე, - მარა თუ აქედან არ შევუდექით პატიოსნებას, გონების განვითარებას, ხასიათის გამოსწორებას და სხვა ამფერებს, მერე გვიან იქნებაო...”

კრებაზე დაადგინეს, რომ მოზარდმა ,,უზნეო არაფერი ჩაიდინოს, ცუდი სიტყვებით არავის მიმართოს, ,,არ იეშმაკოს”, ამხანაგებს არ წაეჩხუბოს, არ შეაგინოს, მშობლების გამგონე იყოს, არაფერი არ მოიპაროს, უთავბოლო თამაშობის ნაცვლად პატარა წიგნაკები იკითხოს... არავინ არ გაბედოს ერთი მეორეს ,,ჩასმენა”, რაიმეს გამომჟღავნება, თორემ... ,,ბოიკოტი” გამოეცხადებაო.”[9]

დამნაშავეს საჯაროდ აჩოქებდნენ მუხლებზე და ის ბოდიშს იხდიდა. ასევე შემოღებული იქნა ურთიერთდახმარების ,,კასა” – სალარო, სადაც თითოეულს თვეში ერთი შაური უნდა შეეტანა, ვისაც არ ჰქონდა შეტანილი, მის ვინაობას ასაჯაროებდნენ.[10]

შეკრების დასასრულს, ყველას პირობა ჩამოერთვა, რომ დადგენილებას არ უღალატებენ და ბავშვები ,,ურა-ს” ძახილით დაიშალნენ.

(სპეციალურად საიტისთვის)