დაიშლება თუ არა რუსეთი? - დასავლელი ექსპერტების პროგნოზები - კვირის პალიტრა

დაიშლება თუ არა რუსეთი? - დასავლელი ექსპერტების პროგნოზები

რადიოსადგურ "თავისუფლება/თავისუფალი ევროპის" (РСЕ/РС - აშშ) რუსულენოვანმა ჩრდილოკავკასიურმა სამსახურმა (პროექტ "კავკასია. რეალობის" ჩარჩოებში) თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით - "დამოუკიდებლობის ფასი: იმპერიასთან კავშირების გაწყვეტა - დასავლელი ექსპერტები რუსეთის მომავალის შესახებ" (ავტორი - ანდრეი კრასნო), რომელშიც განხილულია რუსეთის ფედერაციის დაშლის შესაძლებლობა - როდის მოხდება, როგორ მოხდება ან, საერთოდ, მოსალოდნელია თუ არა.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

"უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რუსეთში მცხოვრები ხალხების, დიასპორების წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ ქვეყნის სამომავლო დაშლაზე დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ვარშავაში, პრაღასა და გდანსკში გაიმართა რუსეთის თავისუფალი ხალხების ფორუმები, რომელთაგან ერთ-ერთზე წარმოდგენილი იყო პოსტპუტინური სახელმწიფოების პროექტი. მოგვიანებით კიევშიც გაიმართა კრემლის რეჟიმის მიერ ჩაგრული ხალხების დამფუძნებელი ფორუმი, რომლის საკვანძო მონაწილეები გახდნენ იჩქერიის (რომელიც ვერხოვნა რადამ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად აღიარა) წარმომადგენლები და სხვა კავკასიელი აქტივისტები.

ოქტომბრის ბოლოს ცნობილი გახდა იმამ შამილის სახელობის დაღესტნის ბატალიონის ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც უკრაინის მხარეს იომებს. მისი მეთაურის - მაჰომედ საიფულაევის განცხადებით, ბატალიონის შექმნა რუსეთის წინააღმდეგ იმ ბრძოლის გაგრძელებას ნიშნავს, რომელიც დაღესტანმა 10-15 წლის წინ დაიწყო. უკრაინის ვერხოვნა რადის დეპუტატის - ალექსი გონჩარენკოს თქმით, უკრაინისათვის დახმარების გაწევის შემდეგ ბატალიონი ბრძოლას დამოუკიდებელი დაღესტნისთვის გააგრძელებს.

ჩვენ ვესაუბრეთ იმ ევროპელ და ამერიკელ მკვლევრებს, რომლებიც რუსეთის პრობლემატიკით არიან დაკავებულნი და ვკითხეთ, მზად არიან თუ არა დასავლელი პოლიტიკოსები რუსეთის ხალხთა ეროვნულ მოძრაობათა წარმომადგენლებთან დიალოგისთვის და შეიძლება თუ არა ველოდოთ რუსეთის დაშლას უახლოეს პერსპექტივაში?

"ფედერალურმა ცენტრმა არსებობა უნდა შეწყვიტოს..."

ტერიტორიები იმ შემთხვევაში შეიძლება დამოუკიდებელნი გახდნენ, თუ მოსახლეობა მზადაა, იმპერიასთან კავშირების გაწყვეტის ფასი გადაიხადოს. ზოგჯერ ფასი საკმაოდ მაღალია, მაგალითად, ასე მოხდა, როცა ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნებმა მეტროპოლიისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. "მაგრამ თუ ხალხი თავიანთ დამოუკიდებლობას უფრო მეტ პრიორიტეტს ანიჭებს, ვიდრე - კოლონიურ პირობებში "მაძღრად ცხოვრებას", მაშინ გარკვეული ფასის გადახდა მოუწევს", - ამბობს პოლ გობლი, აშშ-ის ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი რუსეთის საკითხებში, წარსულში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსა და სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელი.

ამასთან ერთად, ექსპერტი ხაზს უსვამს: "აშშ-ის ოფიციალური პირებიდან ცოტა თუ აღიქვამს სერიოზულად იმ განცხადებებს, რომლებიც რუსეთში გაერთიანებული ერების დიასპორების წარმომადგენლებისაგან ისმის რუსული სახელმწიფოს დაშლის თაობაზე, თუმცა მაინც უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი დამოკიდებულება იყო საბჭოთა კავშირის მიმართაც, მის დაშლამდე რამდენიმე კვირის წინ. ახლა ეს განსაკუთრებით აქტუალურია იმიტომ, რომ უკრაინაში ვლადიმერ პუტინის პოლიტიკამ ბევრი რამ შეცვალა ჩვენს ცნობიერებაში, მათ შორის - შეიცვალა მოვლენათა აღქმის საზღვრები რუსეთთან დიალოგში".

რაც შეეხება კონკრეტულად რუსეთის შესაძლო დაშლის საკითხს, პოლ გობლი ამბობს: "მიუხედავად იმისა, რომ მოკლე პერსპექტივაში ამ მოვლენის [დროის] საზღვრები შეიძლება რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე გამოიხატებოდეს, პუტინმა შეიძლება ეს საკითხი გარკვეულწილად დააჩქაროს (წინ წასწიოს) - იმიტომ, რომ მისი მოქმედებით, სინამდვილეში, ყოფილი საბჭოთა კავშირის აღდგენა კი არ მოხდება, არამედ - იმ პირობების აღდგენა, რომელმაც საბჭოთა სახელმწიფო დაშლამდე მიიყვანა, მათ შორის ეროვნულ უმცირესობათა ანტაგონიზმმა და რუსებისადმი გაუცხოებამ".

"ცალკეულ ხალხთა სეპარატიზმის რეალიზება რომ მოხდეს, ამისათვის ფედერალურმა ცენტრმა არსებობა უნდა შეწყვიტოს", - ვარაუდობს პროფესორი მიხაილ სავა, უკრაინული საექსპერტო ჯგუფის ხელმძღვანელი კიევიდან. "ემიგრაციის ლიდერები ამ პროცესზე არავითარ გავლენას არ ახდენენ. ფედერალური ხელისუფლების გაქრობა შესაძლებელია ორი გზით: ან უკონტროლო მასობრივი პროტესტის შედეგად მოსკოვში, რომელიც ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების პარალიჩს გამოიწვევს, ან შიდაელიტური ბრძოლის გამო. ამ ვარიანტების შესაბამისობის ალბათობა 30%-დან 70%-მდეა", - თვლის პოლიტოლოგი.

"დასავლეთი ფრთხილად უდგება ამ "წითელი ხაზის" გადაბიჯებას და სეპარატისტული ჯგუფების ლიდერებთან ოფიციალური ურთიერთობისაგან თავს იკავებს. ამის მიზეზი ისაა, რომ თანამედროვე დასავლელ პოლიტიკოსებს კარგად ესმით ერთიანი სტანდარტების მნიშვნელობა. ამა თუ იმ დონის სეპარატისტული განწყობები საკმაოდ ბევრ ქვეყანაში გვხვდება და თუ დასავლელი ლიდერები [რუსეთის ერების] სეპარატიზმს არ აღიარებენ, მაშინ ის არსად და არავის მიმართ არ უნდა იქნეს აღიარებული", - ასკვნის პროფესორი მიხეილ სავა.

დაშლა - ნაკლებად სავარაუდოა...

"აშშ მხარს არ უჭერდა ოპოზიციურ მოძრაობას რუსეთის ეთნიკურ რესპუბლიკებში. ჩეჩნეთის ორი ომის განმავლობაში ამერიკა რუსეთის ხელისუფლებას მისი მოქმედების მეთოდების გამო აკრიტიკებდა, მაგრამ იმავდროულად ვაშინგტონი ხელს არ უწყობდა ეთნიკური რესპუბლიკების რუსეთისაგან გამოყოფას", - ეთანხმება კიეველ პროფესორს ელიზა ჯულიანო, აშშ-ის ჰარიმანის ინსტიტუტის ამერიკულ-რუსული ურთიერთობის პროგრამების ხელმძღვანელი.

ექსპერტი ხაზს უსვამს: "ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებამ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების თაობაზე რუსეთის ხელისუფლების პოზიციები დაასუსტა, როგორც საერთაშორისო არენაზე, ასევე - ქვეყნის შიგნითაც. ომის წინააღმდეგ მიმართული ჩეჩნური დიასპორის ხმას სხვა ევროპელთა ხმაც უერთდება, რომლებიც რუსეთს საომარი მოქმედებებისა და ქვეყნის ნგრევის შეწყვეტისაკენ მოუწოდებენ.

"რუსეთის შიგნით ეთნიკურ რესპუბლიკებში მიმდინარე ანტისახელისუფლო აქტიურობის დონე არაერთგვაროვანია. ეთნიკურ მოსახლეობაში საერთო პოლიტიკური განწყობები ჯერჯერობით გაუგებარი და გაურკვეველია. სრულიად შესაძლებელია, რომ ეთნიკურ რეგიონებში მოსახლეობა ომის წინააღმდეგ კი გამოდის, მაგრამ ის მაინც მხარს უჭერს არსებულ ხელისუფლებას და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. ამასთან, არაა გამორიცხული, რომ ომის წინააღმდეგ არსებული განწყობა რუსეთის სახელმწიფოში შეიძლება ფართო ოპოზიციად გადაიქცეს... მაგრამ რადგანაც დღეს ამის ნიშნებს ვერ ვხედავთ, ამიტომაც ამჟამად რუსეთის დაშლა ნაკლებად სავარაუდოდ მიგვაჩნია. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით შეუძლებელია იმის წინასწარმეტყველება და პროგნოზირება, თუ სადამდე მიგვიყვანს მიმდინარე მოვლენები", - ასკვნის ელიზა ჯულიანო.

ეს ჩანს ჩრდილოეთ კავკასიის მაგალითზეც: "ნაწილობრივი მობილიზაციის" წინააღმდეგ მახაჩკალაში გამართული მიტინგები ყველაზე მასობრივი პოლიტიკური აქცია გახდა რესპუბლიკაში, ბოლო წლების განმავლობაში. ასობით ადამიანი დააპატიმრეს [უკანონო] "მიტინგებში" მონაწილეობის მუხლით, ათობით ადამიანი მონაწილეობდა ნალჩიკში გამართულ საპროტესტო აქციებში, თვით გროზნოშიც კი, სადაც ქუჩაში ჯარისკაცთა დედები გამოვიდნენ, მაგრამ სხვა რესპუბლიკებში მასობრივი პროტესტი არ დაფიქსირებულა.

... ან შეიძლება 2023 წელს დაიწყოს

"საბჭოთა კავშირი უეცრად დაიშალა, რასაც დასავლელ დამკვირვებელთა დიდი ნაწილი არ ელოდა", - პარალელს ავლებს პოლიტოლოგი უოლტერ დერზკო, კანადელი ექსპერტი სტრატეგიული პროგნოზირების საკითხებში. ტორონტოელი ანალიტიკოსის აზრით, რუსეთის ფედერაცია ისევე არასტაბილური და სიცოცხლისუუნარო, როგორიც საბჭოთა კავშირი იყო. შესაბამისად, ისიც, საბოლოოდ, კრახისაკენ მიექანება. "მაგრამ ამჟამად ისეთი შიდაფაქტორები, როგორებიცაა მასობრივი პროტესტები, რომლებსაც თვალს უკრაინაში რამდენიმე წლის წინ ვადევნებდით, დღევანდელ რუსეთში ნაკლებად სავარაუდოა", - აზუსტებს ექსპერტი.

დასავლელ პოლიტიკოსებთან და საზოგადოებრივ ინსტიტუტებთან რუსეთის ხალხების დიასპორების წარმომადგენლების კონტაქტებზე საუბრისას უოლტერ დერზკო აღნიშნავს: მათი კონტაქტები ცალკეულ პოლიტიკოსებთან იშვიათია ან საერთოდ არ არსებობს. "დევნილი მთავრობების" წარმომადგენლებისა და "ოპოზიციის ლეგალური ლიდერების" შეხვედრების ორგანიზებას დასავლელ პოლიტიკოსებთან ძლიერი ლობირება ჭირდება, ასევე - პირადი ვიზიტები და აქტიურობა, რომ მათ ყურადღება მიიქციონ სუვერენიტეტთან დაკავშირებული საკითხების წინ წამოწევისას.

"რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება, რასაკვირველია, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეთნიკური ხალხების წარმომადგენლების დისკრედიტაცია განახორციელოს. იქნება მკვლელობები, ძალადობები, ასევე - ცილისწამების, სიცრუისა და დეზინფორმაციის ნიაღვარი. დასავლელი პოლიტიკოსების უმრავლესობა მხოლოდ იმ შემთხვევაში აღიარებს რუსეთში რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობას, თუ კრემლი უკრაინაში ომს წააგებს. მაგრამ ჯერჯერობით მათ არ შეუძლიათ იმის წარმოდგენა, თუ როდის დაიწყება რუსეთის კრახისა და დეფრაგმენტაციის სცენარი", - აცხადებს უოლტერ დერზკო.

ცივილიზებული მსოფლიო საკმაოდ ნელა თავისუფლდება რუსეთისადმი დამოკიდებულებისაგან, ვიდრე ეს მას სურს, მაგრამ პროცესი მაინც უფრო სწრაფად მიდის, ვიდრე ეს რუსეთს ეგონა. ამიტომ ქვეყნის დაშლა შესაძლებელია უკვე 2023 წელს დაიწყოს, პროგნოზირებს კანადელი პოლიტოლოგი: "პოსტრუსულმა ეთნოსებმა და რეგიონებმა ახლავე უნდა შეიმუშაონ მოქმედების გეგმა და უნდა შექმნან "საგზაო რუკები" - კოლაფსის შესაძლო სცენარებთან გასამკლავებლად".

ყველა შემთხვევაში, ასკვნის ექსპერტი, რუსეთის დაშლის როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი სცენარები ვლადიმერ პუტინის კონტროლის გარეშე განხორციელდება. მას მხოლოდ ამ გარდაუვალი მოვლენის დაყოვნება და შენელება შეუძლია.

---------------

რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსში არის რამდენიმე მუხლი, რომელიც ხელისუფლებისადმი შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მოწოდების შემთხვევაში (თვით ამ საკითხის უბრალო განხილვაც კი), პასუხისმგებლობას ითვალისწინებს - 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

ყაბარდო-ბალყარელმა უფლებადამცველებმა რესპუბლიკის მეთაურს ყაზბეგ კოკოვს თხოვნით მიმართეს, რომ მან მობილიზაცია შეაჩეროს. უფლებადამცველთა აზრით, ყაბარდოელი და ბალყარელი ხალხების გენოფონდს საფრთხე ემუქრება. ისინი თვლიან, რომ ჯარში ახალი გაწვევის შემთხვევაში, მცირერიცხოვანი ხალხების არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ მოექცევა.

უკრაინის მხარეს (შეიარაღებული ძალების სტრუქტურებში) იბრძვიან ჯოხარ დუდაევის სახელობის ბატალიონი (მეთაური - ადამ ოსმაევი) და რაზმი "ცოფიანთა გუნდი", აგრეთვე, მოხალისეთა ქვედანაყოფის სტატუსით - შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონი (მეთაური - მუსლიმ ჩებერლოევი). როგორც ცნობილია, რამზან კადიროვი მილიონი დოლარის გადახდას დაჰპირდა იმას, ვინც ადამ ოსმაევისა და მუსლიმ ჩებერლოევის ყოფნის ადგილს აცნობებს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ