"ქართველები გაკვირვებულები და გაბრაზებულები არიან" - რას წერს ცნობილი ამერიკული გამოცემა საქართველოზე - კვირის პალიტრა

"ქართველები გაკვირვებულები და გაბრაზებულები არიან" - რას წერს ცნობილი ამერიკული გამოცემა საქართველოზე

"თბილისის ქუჩებში დღეს ასობით წარწერას ნახავთ კედლებზე, რომლებშიც ვლადიმერ პუტინს ლანძღავენ და საქართველოში ჩამოსულ რუსებს უკან დაბრუნებისაკენ მოუწოდებენ. ბევრ რესტორანში და კაფეში რუსეთის იმ მოქალაქეების დასანახად, რომლებიც კრემლის რეჟიმს და მობილიზაციას გამოექცნენ და თავი საქართველოს შეაფარეს, გამოკრულია ლოზუნგები, რომლებშიც უკრაინისადმი მხარდაჭერაა გამოხატული. ზოგიერთ თბილისურ კაფეში, მაგალითად, "დედაენაში", რუსებისაგან წერილობით დადასტურებას მოითხოვენ, რომ მათ მიერ რუსეთის პრეზიდენტი დიქტატორად იქნეს აღიარებული", - ასე იწყება აშშ-ის გაზეთ "ვაშინგტონ პოსტში" (The Washington Post) გამოქვეყნებული სტატია სათაურით - "საქართველოში გაქცეული რუსები ქართველების უკმაყოფილებას იწვევენ, ანტირუსულ წარწერებს აწყდებიან და მათგან ლოიალობის დადასტურებას ითხოვენ" (ავტორი - ჩიკო ჰარლანი).

გთავაზობთ ვრცელი პუბლიკაციის შინაარსს:

"უკვე რამდენიმე თვეა, ასობით ათასი რუსი მოქალაქე ახლომდებარე ქვეყნებში გარბის და მობილიზაციას ემალება. ისინი თავს არიდებენ, აგრეთვე, იმ სანქციებს, რომლებიც დასავლეთმა რუსეთს უკრაინაზე თავდასხმის გამო გამოუცხადა. საქართველო მათთვის ერთ-ერთი მიმზიდველი მიმართულებაა - ქვეყანა ცნობილია თავისი რბილი კლიმატით, ღვინით, გემრიელი საჭმელებით, დედაქალაქის ღამეული ცხოვრებით და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია რუსებისათვის, მათ საქართველოში უვიზოდ ყოფნა შეუძლიათ. მაგრამ საქართველოში უკვე იმდენი რუსი ჩავიდა, რომ გაუგებარია, ამდენმა მიგრანტმა სად უნდა იცხოვროს.

საქართველო პატარა სახელმწიფოა, 3,7 მილიონი მცხოვრებით. ის ბოლო 30 წლის განმავლობაში ცდილობს, რუსეთის ორბიტას მოსცილდეს და დასავლეთთან ინტეგრირება მოახდინოს. მაგრამ რუსეთის გავლენისაგან გათავისუფლება ქართველებისათვის იოლი არ იყო. 2008 წელს რუსეთის ჯარი საქართველოში შეიჭრა, რის შედეგადაც ქვეყნის სხეულზე მოუშუშებელი ჭრილობები დატოვა - ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. დღეს კრემლი იმავეს აკეთებს უკრაინაში, ამიტომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რომ მოსკოვის პროვოცირება არ გამოიწვიოს.

ქართველები გაკვირვებულები და გაბრაზებულები არიან რუსების ქცევით - როგორ ბედავენ ისინი საქართველოში თავშესაფრის ძიებას ომიდან 14 წლის შემდეგ, როცა ბევრს ისევ ჩაესმის თვითმფრინავების ხმა და ბომბების გრიალი, როცა ისევ თვალწინ უდგათ დაბომბვისაგან დანგრეულ-განადგურებული სახლები.

ევროკავშირის ქვეყნებმა, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან, რუსი მიგრანტების მიღებაზე უარი განაცხადეს. რუსებს შესვლა მხოლოდ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში აქვთ ნებადართული, მაგრამ ისინი ამ ქვეყნებშიც, განსაკუთრებით კი - საქართველოში, მოსახლეობის ეჭვებით სავსე მზერას ხვდებიან. ბევრისთვის ასეთი სიტუაცია მძიმეა, ისინი ცდილობენ, მობილურ ტელეფონებში ქართული ენა ჩატვირთონ და ადგილობრივ მოსახლეობას ისე ელაპარაკონ. ზოგიერთები აღიარებენ იმას, რომ რუსეთმა საქართველოს სისხლიანი ჯოჯოხეთი მოუწყო: "მესმის, თუ რატომ სძულთ ქართველებს ჩვენი ხელისუფლება და პრეზიდენტი", - ამბობს ერთ-ერთი რუსი მიგრანტი სტატიის ავტორთან საუბარში, - "ისინი იმ კაფეში სხედან, რომელიც ადრე, საბჭოთა პერიოდში, ფაბრიკის კორპუსს წარმოადგენდა".

ავტორი ესაუბრება, აგრეთვე, კაფე "დედაენის" მფლობელ - დათა ლაფაურს, რომლის თქმით, რუსებს მომსახურებაში პრივილეგია არ უნდა ჰქონდეთ. მათ უნდა აღიარონ და დათანხმდნენ თავიანთი მთავრობის მიერ დაშვებულ შეცდომებს, თორემ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ არ მოემსახურებიან. სხვათა შორის, სწორედ ამ კაფეს ეწვია სექტემბერში რუსი ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი, რომელსაც სოციალურ ქსელებში მილიონობით ხელმომწერი ჰყავს, მაგრამ რიგ შემთხვევებში ვლადიმერ პუტინს მხარს უჭერდა. დათა ლაფაური ამბობს, რომ ქსენია სობჩაკთან საკმაოდ უსიამოვნო საუბარი ჰქონდა: ტელეწამყვანმა რუსების მიერ გაჩაღებული საქართველოსა და უკრაინის ომების ერთმანეთთან მსგავსება ვერ დაინახა.

"ქართველებს რუსებისაგან ბევრი სიმწარე ახსოვთ. 2008 წლის აგვისტოს ომი პირველი ომი იყო 21-ე საუკუნის ევროპაში. კონფლიქტი ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა, ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან, როცა რუსეთმა მხარი დაუჭირა აფხაზ და ოს სეპარატისტებს საქართველოს რეგიონებში. შემდეგ საქართველომ, უკრაინასთან ერთად, ნატოს წევრობა მოისურვა, რასაც ვლადიმერ პუტინის მკაცრი პასუხი მოჰყვა: როცა საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების გაკონტროლებას შეეცადა, რუსეთმა თავისი ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე შეიყვანა და მალე ქვეყნის დედაქალაქ თბილისს მიუახლოვდა. ოფიციალურად ომი ხუთ დღეში დასრულდა, რუსეთის წინსვლა საფრანგეთის საშუამავლო ჩარევამ შეაჩერა. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ კონფლიქტი დღესაც გრძელდება, მინავლებულად. საქართველო წინააღმდეგია იმისა, რომ რუსეთმა სეპარატისტული რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. დროდადრო სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში დაბანაკებული რუსი ჯარისკაცები ე.წ. საზღვარს საქართველოს სიღრმეში ნელ-ნელა წინ სწევენ, ბოძებს დგამენ და მავთულხლართებს აბამენ.

"ჩვენ რუსეთის ჰიბრიდული ომის მოწმენი ვართ", - ამბობს სტატიის ავტორთან საუბარში პოლონელი დიპლომატი მარეკ შიგელი, რომელიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრია. მისია მოწოდებულია, გააკონტროლოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, მაგრამ რუსების მოქმედების გამო, მას ხელი ეშლება. მარეკ შიგელის თქმით, რუსი მესაზღვრეები იჭერენ "სადემარკაციო ხაზის" ახლოს მცხოვრებ ქართველებს, ზოგჯერ ჯარიმას ახდევინებენ ე.წ. საზღვრის დარღვევისათვის, ზოგჯერ კი - აპატიმრებენ.

"ვაშინგტონ პოსტის" კორესპონდენტი აღწერს კონფლიქტის ზონის იმ ადგილებს, სადაც ე.წ. საზღვრით გაყოფილია საკარმიდამო ნაკვეთები, ეზოები, სახნავ-სათესი მიწები. იგი ესაუბრება ვოლონტერ დავით ქაცარავას და 89 წლის ქალბატონს - ვალია ვანიშვილს, სოფელ ხურვალეთში (ბობნევში), რომლის ეზო-კარი რუსების მიერ გაბმული მავთულხლართით არის გაყოფილი. "ამ ადგილიდან რუსების ბაზაც კარგად მოჩანს და თვითონ მესაზღვრეებიც... არ ვიცი, რატომ უნდათ რუსებს ჩვენი მიწის მითვისება. განა მათ მიწა-წყალი აკლიათ? ის ხომ მსოფლიოში უდიდესი ქვეყანაა! რატომ სურთ სხვისი მიწა-წყლის ხელში ჩაგდება?", - ამბობს 66 წლის დარეჯან ნარიყაშვილი ჟურნალისტთან საუბარში.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რვა თვის განმავლობაში, უკრაინასთან ომის გამო, რუსეთმა დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა და სამხედრო ტექნიკა დაკარგა, მოსკოვს მაინც აქვს ბერკეტები საქართველოს მთავრობაზე გავლენის მოსახდენად. როგორც საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის უფროსი ანალიტიკოსი - ოლესია ვართანიანი ამბობს, რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი საქართველოს თავზე "დამოკლეს მახვილივით" ჰკიდია.

საქართველომ დაგმო კრემლის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ იმავდროულად არ მიუერთდა დასავლეთის ანტირუსულ სანქციებს. გარდა ამისა, თბილისმა არ გააუქმა არც რუსეთის მოქალაქეებისთვის დადგენილი უვიზო რეჟიმი, რამაც საზოგადოებაში დაძაბული დებატები გამოიწვია. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მთავრობა იცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რომ ქვეყანა ომში არ იქნეს ჩათრეული და რუსეთთან კონფრონტაციის პროვოცირება თავიდან იქნეს აცილებული. საქართველო საკმაოდ არის დამოკიდებული რუსეთში დასაქმებული ქართველების მხრიდან გადმორიცხულ ფულზე და რუს ტურისტებზე. "ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვატარებთ პრაგმატულ და ფრთხილ პოლიტიკას რუსეთის მიმართ", - ამბობს "ვაშინგტონ პოსტის" ჟურნალისტთან საუბარში პარლამენტის წევრი ეკა სეფაშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ მმართველი პარტიის - "ქართული ოცნების" რიგები დატოვა, მაგრამ მთავრობის პოლიტიკას მაინც იზიარებს.

პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" იმ ოლიგარქის მიერ არის დაარსებული, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა და რომელმაც ქვეყანას ევროპული ორიენტაციიდან გადაახვევინა. ოპოზიციის აზრით, მთავრობამ რუსეთის მოქალაქეებისათვის ღია საზღვარი უნდა დახუროს, რადგან ქვეყნის უსაფრთხოება ამას მოითხოვს. "ისევე, როგორც უკრაინის შემთხვევაში, რუსეთს სურს, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობაც დაანგრიოს", - აცხადებს სტატიის ავტორთან საუბარში გიგა ბოკერია, პარტია "ევროპული საქართველოს" ლიდერი.

29 წლის ლევან მერაბიშვილისათვის ძალიან მტკივნეულია იმის გაცნობიერება, რომ საქართველოს რუსეთის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლია. იგი დედაქალაქიდან 45 წუთის სავალზე ცხოვრობს, ერთსართულიანი შენობების დასახლებაში, რომელიც ომისაგან დევნილი მოსახლეობისათვის მოკლე დროის განმავლობაში აშენდა. შენობები ისე იყო დაპროექტებული, რომ იქ დროებით უნდა ეცხოვრათ, სინამდვილეში კი, უკვე 14 წელი გავიდა...

"აქ ცხოვრებას ჯერაც ვერ შევგუებულვარ", - ამბობს ლევან მერაბიშვილი. დედამისი "სამხრეთ ოსეთში" დარჩა, სახლი არ მიატოვა. დღეს დედა-შვილს ერთმანეთთან შეხვედრა უჭირთ. საერთოდ, ლევანის ცხოვრება მეტ-ნაკლებად კარგად მიდის: სამუშაო აქვს, პლასტმასის გადამამუშავებელ საწარმოში ცვლის უფროსია, ჰყავს შეყვარებული გოგონა... მაგრამ რუსების მიმართ მაინც ნეგატიურად არის განწყობილი. "ჩემზე უფრო რადიკალურებიც არიან", - ამბობს იგი. დასახლებაში არის სკოლა, მაღაზია და ერთი მთავარი ქუჩა. თბილისისაგან განსხვავებით, აქ არ არის არც უკრაინის დროშები და არც რუსებისათვის ამკრძალავი წარწერები ჩანს. "არ არის ამის საჭიროება", - განმარტავს ლევანი, - "აქ მცხოვრები ქართველების განწყობის გათვალისწინებით, დასახლებაში შესვლას ვერც ერთი რუსი ვერ გაბედავს და არც მოისურვებს". წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ