"ციციკორეებად გადაიქცა ქვეყანა. ისე დადგებიან პოზაში და დაიჭერენ კომბალს, თითქოს უფალმა ღრუბლიდან პირდაპირ ჩვენს დასასჯელად მოავლინა" - რას წერს მაკა რაზმაძე? - კვირის პალიტრა

"ციციკორეებად გადაიქცა ქვეყანა. ისე დადგებიან პოზაში და დაიჭერენ კომბალს, თითქოს უფალმა ღრუბლიდან პირდაპირ ჩვენს დასასჯელად მოავლინა" - რას წერს მაკა რაზმაძე?

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე საინტერესო პოსტს აქვეყნებს დღევანდელ ქართულ ყოფაზე, სოციალურ ქსელებში არსებულ, ადამიანთა ნეგატიურ ქცევასა და უკიდეგანო აგრესიაზე და პარალელს "ნატვრის ხის" პერსონაჟთან - ციციკორესთან ავლებს...

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ალბათ ნებისმიერ ადამიანს რომ ჰკითხო "ნატვრის ხეში" ყველაზე დადებითი პერსონაჟი ვინ არისო - მარიტაო, გეტყვის. ყველაზე უარყოფითს - ციციკორეს დაასახელებს, სოფლის ცრუ მორალისტს და დაუნდობელ ბერიკაცს. მერე კი მოტრიალდება და პირველი თვითონ ესვრის ქვას ადამიანს მტყუან-მართლის გარჩევის და სასამართლოს გარეშე.

ციციკორეებად გადაიქცა ქვეყანა.

ყველა სხვის საქმეში გახდა "მაგარი". ისე დადგებიან პოზაში და დაიჭერენ კომბალს, თითქოს ეს წამია უფალმა ღმერთმა ღრუბლიდან პირდაპირ ჩვენს დასასჯელად მოავლინა.

სიბოროტის მანქანად გადაიქცა სოციალური სივრცე. სულ თავიდან როგორ მიხაროდა, რომ გაჩნდა საშუალება დიდი ხნის უნახავი ადამიანები აქ მენახა ხელახლა, ყოველდღიური ურთიერთობის საშუალება მქონოდა ნაცნობებთან თუ უცნობებთან. იმდენი კარგი ადამიანი გავიცანი ამ სივრცეში, ისე გაგვქონდა ერთმანეთი სიკეთეში თუ გაჭირვებაში...

მერე, რა მოხდა?

მერე კომბლები მოიმარჯვეს,სხვისკენ თითები გაიშვირეს და თავიანთი არსებობის გამართლება სხვისი ჩაქოლვით დაიწყეს... ყველამ არა, რა თქმა უნდა. ვინც არ დაიწყო, ისინი საერთოდ გაჩუმდნენ და ბრძოლა შეწყვიტეს.

რთულია, ჩაყვე იმ ფსკერში ზოგიერთს საიდანაც ყმუის და ციციკორეობს.

ვინ დაგნიშნათ სოფლის "უმფროსებად"? ვინ გეკითხებით სხვის გარეგნობას? სარკეში ჩაიხედეთ თავად ჯერ. სხვის ცხოვრებას ვინ გეკითხებათ? სხვის სამსახურს? 1937 წელს სხვა კი არაფერი ხდებოდა,უბრალოდ ჩუმად წერდნენ იმ "ანონიმკებს", ვიღაც ცუდ სპექტაკლს დგამს და ვიღაც ცუდად წერსო.ს ირცხვილიაო,თავს გვჭრის ამხელა ერსო... და მერე, როცა მათი "ანონიმკები" მიზანს მიაღწევდა და დახვრეტდნენ ან გადაასახლებდნენ ვისაც უჩივლეს, მის სამსახურს ან ბინას ან რაიმეს მიითვისებდნენ როგორც მორალის სადარაჯოზე მდგარი ხალხის გადამრჩენლები.

შორს არ წასულან, ისევ აქ არიან... წერენ, წერენ, ქოლავენ, მორალისტობენ, იქნებ ვინმემ მთავრობიდან ყური ან თვალი მოკრას მათ ნაცოდვილარ "დანოსებს" და გააგდებინონ ვინმე, მოახსნევინონ, გაანადგურებინონ. მერე კმაყოფილები იტრაბახებენ თავიანთ სამკაციან მრევლში - აი, მე რომ ვთქვი, დამიჯერესო. არადა, ყველას სძულს და ეზიზღება ციციკორეები, ყველას გული ერევა მათზე, მაგრამ წესიერი ადამიანები არ ებრძვიან მათ, ისევ და ისევ იმიტომ, რომ იმ ფსკერზე ჩაყოლა არ შეუძლიათ, იმ ენაზე ლაპარაკი არ შეუძლიათ, რაც ამ ციციკორეების მშობლიური და ნაჩვევი ენაა - სიბინძურის, ცილისწამების, ჩაქოლვის და ლანძღვა-გინების ენა.

ფსევდო მორალი,ფსევდო ემპათია და ფსევდო ურთიერთობებმა წალეკა აქაურობა.

ამ გულისამრევ ტყუილებს ნამდვილი ჩხუბი ჯობს, ნამდვილი ემოცია მაინც არის და ღიად ეუბნებიან ერთმანეთს სათქმელს და არა - ფეიკებით, "დანოსებით" და ბინძური ტყუილების გავრცელებით. თითქოს ჯადო აქვს აქაურობას და ყველაფერი უკუღმაა - მოძალადეები სხვებისკენ იშვერენ თითებს - აი, მოძალადეო, მატყუარები სხვებს ადანაშაულებენ - ტყუისო, ტურტლიანები საკუთარს ვერ გრძნობენ და სხვისკენ იშვერენ ხელს - სუნი ასდისო, სახლში რომ შვილი ან ძმა გეი უზის, ისინი ქუჩებში სხვებს დასდევენ - გეია, ჩავქოლოთო, ცოლი რომ სხვასთან დადის და ყველამ იცის, ისინი სხვის ცოლს ჭორავენ - ქმარს ღალატობსო.

და აი, ამ ყველაფრის თავშესაფრად გადაიქცა სოციალური ქსელები:

შანტაჟის, სიბინძურის ტირაჟირების, ფსევდო ურთიერთობების და ფსევდო მორალის სივრცედ... აბა, გახსენით მესენჯერები, რეებს წერენ ადამიანზე და მერე, კომენტარებში ნახეთ იგივე ადამიანზე დაყრილი გულები...

სიტყვით ყველას მარიტა მიაჩნია დადებით პერსონაჟად, მაგრამ ციციკორეს მორალი და დიდი კომბალი უჭირავს ხელში უმეტესობას...

პ.ს. საოცარი კოტე დაუშვილი - დიდმა არტისტმა რა ზუსტად გვაჩვენა სოფლის ციციკორეს სახე და თითქოს სამუდამო ანდერძად დაგვიტოვა - როგორი არ უნდა იყოს ადამიანი...", - წერს რაზმაძე.