ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად უკრაინამ 107 სამხედრო დაიბრუნა - კვირის პალიტრა

ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად უკრაინამ 107 სამხედრო დაიბრუნა

ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად უკრაინამ 107 სამხედრო დაიბრუნა, მათგან უმრავლესობა “აზოვსტალიდან”. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს.

მან დააკონკრეტა, რომ გაცვლის შედეგად უკრაინამ 6 ოფიცერი, 101 მორიგი და სერჟანტი დაიბრუნა.

ერმაკის თქმით, ესენი არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების, სამხედრო-საზღვაო ძალების, ტერიტორიული თავდაცვის, სასაზღვრო სამსახურის, ეროვნული პოლიციის, სპეციალური სატრანსპორტო სამსახურისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლები, მათ შორის სამი “აზოველი”.

“ბრძოლაში ბევრი დაჭრილი დავაბრუნეთ სახლში. კერძოდ, მოვახერხეთ მძიმედ დაჭრილები მარიუპოლიდან, “აზოვსტალიდან”, ნამსხვრევებით გამოწვეული ხელებისა და ფეხების ჭრილობებით, სხეულის სხვადასხვა ნაწილებში ცეცხლსასროლი ჭრილობებით. არის ხალხი ამპუტირებული კიდურებით და დამწვრობებით, რომლებიც სახის ნაწილს ვერ გრძნობენ, ინფიცირებული ჭრილობებით. ასევე არის ელენოვკას კოლონიაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაჭრილი მეომარი. ბევრმა ჩვენმა ბიჭმა ჭრილობები ჯერ კიდევ მარტში მიიღეს. სახელმწიფო ყველაფერს იზამს, რომ თითოეულ მათგანს დაეხმაროს”, - წერს ერმაკი.

"ინტერპრესნიუსი"