"რაც უფრო მეტია ოპოზიციის "განაციონალების“ ხარისხი, მით მეტია "ოცნებისთვის“ შანსი, რომ საქართველოს მოსახლეობა კვლავ ამყოფოს ამ ტყვეობის ქვეშ" - კვირის პალიტრა

"რაც უფრო მეტია ოპოზიციის "განაციონალების“ ხარისხი, მით მეტია "ოცნებისთვის“ შანსი, რომ საქართველოს მოსახლეობა კვლავ ამყოფოს ამ ტყვეობის ქვეშ"

ეს 10-წლიანი მმართველობა იქამდე მივიდა, რომ მთელ მსოფლიოს ეჭვიც არ ეპარება, რომ ნიკა გვარამიას დაკავება იყო პოლიტიკური "ვენდეტა“, - ამის შესახებ "ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ნიკა გვარამიასთვის სასჯელის სახით 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა.

უსუფაშვილის შეფასებით, ახლა, "როდესაც გაქანებული მცდელობა უნდა ყოფილიყო იმისა, რომ თუკი რაიმე პოტენციალი გვქონდა პროევროპელობის წარმოჩენა-გამოჩენის, ამ ფერხულში უნდა ვყოფილიყავით ჩაბმული, მოხდა სრულიად საპირისპირო რამ“.

"ძალიან ბევრისთვის ნიკა გვარამია შეიძლება იყოს მიუღებელი აზრისა და მიმართულების სიმბოლო, მაგრამ ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ ზუსტად ეს მიუღებლობა გახდა მისი დაპატიმრების მიზეზი. ჩვენ ხომ ზუსტად ვიცით, რომ თავის დროზე, სანამ "რუსთავი 2“ ე.წ. კანონიერ მფლობელს დაუბრუნდებოდა, ხელისუფლების მხრიდან იყო სამიზნე, როგორც წინა ხელისუფლების ნარჩენი“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსებზე და იმაზე, თუ რა გეგმა აქვს ხელისუფლებას ამასთან დაკავშირებით.

„ხელისუფლებას უნდა კანდიდატის სტატუსის მიღება, რადგან თუ ის არ მიიღო, მას უჩნდება სერიოზული პრობლემა საკუთარი ამომრჩევლის უმრავლესობაში. ხელისუფლება ახლა ორ რამეს ერთდროულად ცდილობს - 12-პუნქტიანი დავალებების თუ რეკომენდაციების მინიმალისტურ დონეზე შესრულებას, რათა შიგნითაც და გარეთაც ჰქონდეთ სალაპარაკო და იქნებ ამით მოახერხოს სტატუსის მიღება. ამის პარალელურად, ის ამზადებს ორ პლაცდარმს შესაძლო თავდაცვისთვის - თუ ევროპამ ისევ უარი გვითხრა, მაშინ ხელისუფლებამ უნდა მოძებნოს დამნაშავე - შიგნით ეს იქნება ოპოზიცია, ჩვენ, ვინც თურმე ხელს ვუშლით რაიმე კარგის კეთებაში და მეორე მხრივ ეს იქნება ევროპა“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

"ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ასევე ისაუბრა ოპოზიციის შესაძლო გაერთიანების შესახებ. უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ საჭიროა პარტიების "გამსხვილება“.

"რაც უფრო მეტია ოპოზიციის "განაციონალების“ ხარისხი, მით მეტია "ოცნებისთვის“ შანსი, რომ საქართველოს მოსახლეობა კვლავ ამყოფოს ამ ტყვეობის ქვეშ, რომელსაც ორპოლუსიანობა ჰქვია. მომავალი არჩევნები არის პროპორციული არჩევნები, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა სცადოს არა „ნაციონალური მოძრაობის“ ხმების გაყოფა, არამედ იმ ხალხთან ლაპარაკი, ვისთვისაც საქართველო არც "ოცნებურად“ წარმოუდგენია და არც „ნაციონალურად“. ამომრჩეველი გვეუბნება: "დავიღალეთ. ამისგანაც დავიღალეთ და იმისგანაც დავიღალეთ, რამე სხვა მოიფიქრეთ“. "ლელო“ ამოცანა სწორედ ამ "რამე სხვის მოფიქრება“ არის.

გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს სტრატეგიული ინტერესების შემძლე ძალებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ პარტიები გამსხვილდნენ. პატარა პარტიები ერთად დავდგეთ და ამით ერთობის ილუზია რომ შევქმნათ, ამით ვერსად წავალთ.

"ლელო“ ვამბობთ, რომ ამ ქვეყანაში საჭიროა ძლიერი, მსხვილი პოლიტიკური ორგანიზაციები, ამიტომ "ლელო“ იყო მზად და მამუკა ხაზარაძე პერსონალურად იყო ამისთვის მზად, რომ თუ მართლა სერიოზული პროექტისთვის ვართ მზად, გავერთიანდეთ, პასუხისმგებლობა ავიღოთ და ერთ ნავში ჩავსხდეთ. "ლელო“ მზად არის, რომ ყველასთან ერთად დავსხდეთ და ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნაზე ვიზრუნოთ. არამხოლოდ მათგან, ვინც ახლა პოლიტიკურ პარტიებად ვიწოდებით, არამედ საზოგადოების ძალიან დიდი და სერიოზული ნაწილის ჩართულობით, რომელსაც დღევანდელ ვითარებაში პოლიტიკისკენ გული არ მიუწევს.

შეკითხვაზე იმის შესახებ, გულისხმობს თუ არა ის რამდენიმე პოლიტიკური პარტიის დაშლას და შემდეგ მათ ბაზაზე ახალი ძალის აღმოცენებას, დავით უსუფაშვილმა თანხმობა განაცხადა.

"დიახ, ძალიან კონკრეტული ფორმულაა შეთავაზებული. „ლელო“ იმას კი არ ამბობს, მოდი, მე შემომიერთდითო. ახლა ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია "ოცნებიდან“ მიგრირების პროცესში მყოფ ამომრჩეველზე, ვისაც აქვს იმის გააზრება, რომ "ოცნებამ“ ბევრი კარგი დანაპირები გასცა, მაგრამ არ შეასრულა. ამ ხალხისთვის ახალი პოლიტიკური ძალის შეთავაზება იქნება სწორი და არა პოლიტიკური ძალებისგან რაღაცის შექმნა.

თუ გაერთიანებაზეა საუბარი, მე გეუბნებით მოდელზე, რომელშიც გაერთიანებადი, ერთად დადგომადი ძალები ერთად უნდა დავდგეთ ერთ ორგანიზაციაში, ხელიხელ ჩაკიდებული და არა ისე, რომ როგორც კი რაღაცას მივუახლოვდებით, მე ყვითელი დროშა ავაფრიალო და ვიღაცამ ლურჯი და ისევ დავიშალოთ. დღეს საქართველოში არის არჩევანი მყარი პროევროპული პოლიტიკური და არამარტო პოლიტიკური, არამედ საზოგადოებრივი ძალების კონსოლიდირება. როგორც 30 წლის წინ ამოცანა იყო ანტისაბჭოური, ანტიკომუნისტური პროდამოუკიდებლობის ძალების თავმოყრა და მათი გამარჯვება, 30 წლის თავზე, დღეს საქართველოში ახლა ამოცანა ასეთია“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"