პუტინთან თათბირის დროს მინისტრებს შუქი გაუთიშეს - რა მოხდა მოსკოვის ცენტრში? - კვირის პალიტრა

პუტინთან თათბირის დროს მინისტრებს შუქი გაუთიშეს - რა მოხდა მოსკოვის ცენტრში?

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "მოსკოვი-სიტის" რამდენიმე ცათამბჯენში, სადაც რუსი მაღალჩინოსნები ცხოვრობენ და, პარალელურად, სამინისტროებიცაა განთავსებული, გასულ ხუთშაბათს შუქი ჩაქრა. როგორც ცნობილია, ამ დროს მინისტრები სწორედ იმ თათბირს ესწრებოდნენ, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობდა.

РБК-ს ცნობით, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა კომპლექს "IQ-квартал"-ში, სადაც რამდენიმე სამინისტროა განთავსებული, მათ შორის - ეკონომიკის სამინისტრო.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრი მაქსიმ რეშეტნიკოვი და დენის მანტუსოვი ბნელ ოთახში სხედან.

putishka-1667546670.jpg

რეშეტნიკოვს სიტყვა მხოლოდ მაშინ მისცეს, როცა მის კაბინეტში შუქი ისევ მოვიდა, თუმცა ამ ინციდენტს პუტინი არ შეუფერხებია.

„ვიმედოვნებ, ის სარემონტო სამუშაოები, რომელიც კომპლექსში მიმდინარეობს, არ შეგიშლით ხელს ანგარიშის წარდგენაში“, - მიმართა პუტინმა მინისტრს.

პირდაპირი ეთერის დროს გამოჩნდა, რომ უცნობი პირი პუტინთან მივიდა და ჩუმად რაღაც უთხრა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, "მოსკოვი-სიტიში" 18:10 საათზე სახანძრო სიგნალიზაცია ამოქმედდა, თუმცა მეხანძრეებმა ხანძრის კერა ვერსად იპოვეს.

„ლიფტები გაიჭედა და ხალხი კარს დამოუკიდებლად აღებდა, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი უკვე სახლშია“, - განუცხადეს გამოცემა ТАСС-ს.

„IQ-квартал“-ი მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც "მოსკოვი-სიტის" ცენტრში მდებარეობს და სამ - 22, 33 და 42-სართულიან ცათამბჯენს მოიცავს.

ამ კომპლექსში შედის ე.წ. მინისტრთა კოშკი, სადაც ეკონომიკის სამინისტროს მე-17-29 სართულები უკავია, ვაჭრობის სამინისტროს - მე-30-36 სართულები, ციფრული განვითარების სამინისტროს - მე-10-12 და მე-14-15 სართულები.

როგორც ცნობილია, ამ შენობაში სამინისტროები 2019 წლის მარტში გადმოიტანეს. ბევრ სახელმწიფო მოხელეს ეს ცვლილება არ მოეწონა. გამოცემა The Bell-თან ინტერვიუში ერთ-ერთმა თანამშრომელმა თქვა:

„შენობა მართლაც ლამაზი და მოდურია, თუმცა პირადი სივრცე - დარღვეულია".

წყარო