"4 წლის იყო ჩემი გოგონა, როცა შევიტყვე, რომ ჩემს ქმარს რუსი ცოლი და შვილი ჰყავდა. ის ქალი ბავშვთან ერთად მომადგა სახლში და ყველაფერი მითხრა, ჩვენთან ჩვეულებრივ დადისო" - კვირის პალიტრა

"4 წლის იყო ჩემი გოგონა, როცა შევიტყვე, რომ ჩემს ქმარს რუსი ცოლი და შვილი ჰყავდა. ის ქალი ბავშვთან ერთად მომადგა სახლში და ყველაფერი მითხრა, ჩვენთან ჩვეულებრივ დადისო"

ახალგაზრდა ქალი, ნანა, თინეიჯერი გოგონას დედაა და მაქსიმალურად ცდილობს, თავის ერთადერთ შვილს არაფერი მოაკლოს. მისი ლამაზი გოგონა კერძო სკოლაში დადის, საკმაოდ წარმატებულია და მარტოხელა დედა ამბობს, რომ დღეს ის ძალიან ბედნიერია. მართლა ყველაფერს აკეთებს შვილის კარგი მომავლისთვის. თავის ბიზნესს უძღვება და ამბობს, რომ ცხოვრებამ ბრძოლა ასწავლა. არც იმას მალავს, რომ ოჯახი უსიყვარულოდ შექმნა და ამიტომ დიდხანს ვერ გასტანა ამ ურთიერთობამ. თვლის, რომ მისი უიღბლო ქორწინებაც გარკვეულწილად მისი ბრალია. მაშინ არ დაფიქრებულა იმაზე, შეძლებდა თუ არა უცხო მამაკაცთან ცხოვრებას, რომლის მიმართ გრძნობა არ გააჩნდა.

ნანა:

- ჩემს უიღბლო ქორწინებაში დამნაშავე მე ვარ, ამაში სხვას ვერ დავადანაშაულებ. ჩემმა დაუფიქრებელმა ნაბიჯმა გამოიწვია ის, რომ ცხოვრებაში ურთულესი წლები გამოვიარე. მართალია, დღეს მარტოხელა დედა მქვია, მაგრამ ბედნიერი ვარ იმით, რომ მყავს შვილი, რომელიც ქვეყანას მირჩევნია. ვთვლი, რომ მისი ამქვეყნად მოვლენა ღირდა იმ ტკივილად, რაც მე ამ წლების მანძილზე გამოვიარე. მადლობა ღმერთს, რომ მყავს მოსიყვარულე შვილი და მიხარია შინ მისვლა. მაქვს ჩემი საქმე, რომელიც მიყვარს. ერთადერთი, ჩემი გამოცდილებით, ახალგაზრდებს ვურჩევ, უსიყვარულოდ ოჯახი არ შექმნან, რომ მერე ეს სანანებელი არ გაუხდეთ. როცა მე ეს ნაბიჯი გადავდგი, ძალიან ცუდად ვიყავი, მანამდე, დეპრესიაში მყოფმა, თავის მოკვლაც ვცადე, კარგა ხანს ოთახში ჩაკეტილიც ვიყავი და არც არავის ვეკონტაქტებოდი. ამ პერიოდში ჩემს ცხოვრებაში მერაბი გამოჩნდა და მას ისე უცებ გავყევი, რომ არ ვიცნობდი და მასზე ბევრი რამ არ ვიცოდი. მხოლოდ ერთხელ მყავდა ნანახი და მეორე შეხვედრაზე ცოლად გავყევი. დღეს იმასაც ვფიქრობ, თვითონაც როგორ გადადგა ეს ნაბიჯი, რატომ შექმნა ოჯახი ადამიანთან, რომელსაც არც თვითონ იცნობდა და არც მას ვუყვარდი. ალბათ, მხოლოდ სიმპათია ჰქონდა ჩემ მიმართ და, ალბათ, უნდოდა, ქართველი ცოლი ჰყოლოდა.

- თქვენ რატომ იჩქარეთ გათხოვება, რატომ დაოჯახდით უსიყვარულოდ?

- ეს დიდი ისტორიაა. ჩემს ცხოვრებაზე, ალბათ, კარგი რომანი დაიწერება. ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ამდენი წლის შემდეგაც დიდ ტკივილს მაყენებს ამ ამბის გახსენება, ამიტომ ბევრ დეტალზე ვერ ვისაუბრებ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ სიყვარული პატარა ასაკში მეწვია. დღევანდელი გადასახედიდან, იმ ყველაფრის მიუხედავად, რაც გამოვიარე, ვთვლი, რომ ჩვენ წრფელი გულით გვიყვარდა ერთმანეთი. მომავლის გეგმებსაც ერთად ვაწყობდით, მაშინ ყველაფერს ლამაზ ფერებში ვხედავდი და ისე ვიყავით ერთმანეთთან, მართლა წარმოუდგენლად მეჩვენებოდა მის გარეშე ყოფნა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ჩვენი გზები ოდესმე გაიყოფოდა. შეიძლება დღევანდელი გადასახედიდან ვინმეს მოეჩვენოს, რომ ეს მეოცნებე გოგოს ფიქრებია, მაგრამ ნამდვილად არ იყო ასე, თუმცა მისი უპრინციპობის გამო მოხდა ის, რაც მოხდა - ჩვენი გზები საბოლოოდ გაიყარა. სიყვარულში საშინელი იმედგაცრუება ვიწვნიე და მან უდიდესი ტკივილი მომაყენა.

არც იმას დაგიმალავთ, რომ სკოლის ასაკიდან ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა, რატომღაც ბევრ ბიჭს ვუყვარდი, მაგრამ ახლოს არავის ვიკარებდი, რადგან ზაზა სიგიჟემდე მიყვარდა. ეს ამბავი ჩვენს სკოლაში ყველამ იცოდა. ჩვენი სიყვარულის ამბავი არც ჩვენი ოჯახებისთვის იყო დამალული, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი თავდაყირა დადგა. იმ ღამით სახლში ვიყავი და ზაზა მანქანით მოვიდა, დამირეკა, ცოტა ხნით გარეთ გამოდიო. ეს ჩვეულებრივად მივიღე, რადგან ასე მოულოდნელად გვიან მოსვლა იცოდა. მეც სახლიდან გავედი, ჩავჯექი მის მანქანაში და ცოტა მანძილზე წავედით. მერე მანქანა გააჩერა და მითხრა, ხომ იცი, როგორ ძალიან მიყვარხარ, მაგრამ ჩემს მშობლებთან სერიოზულად ვიჩხუბე დღეს, ქალაქიდან უნდა წავიდე და ჩვენ ერთმანეთს ვერასოდეს ვნახავთო. ძალიან აღელვებული იყო, ცოტა ნასვამიც, ტიროდა, ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა.

შევეცადე დამემშვიდებინა და მოეყოლა ყველაფერი, თუ რა ხდებოდა, მაგრამ სხვა არაფერი უთქვამს. ცოტა იქვითინა, მანქანით ისევ სახლთან დამტოვა და წავიდა. ასე დამემშვიდობა. იმ ღამითაც და მერეც სულ ვრეკავდი მის ნომერზე, მაგრამ ტელეფონი გამორთული იყო. მერე გავიგე, რომ რამდენიმე დღეში საქართველოდან წავიდა, ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა. ასე დამტოვა გაურკვეველ მდგომარეობაში ისე, რომ მიზეზი არ მითხრა. ძალიან ვნერვიულობდი, ვეძებდი, მაგრამ მის კვალს ვერსად მივაგენი. ერთ დღეს, მის ბიძაშვილთან დავრეკე და მისგან ვცადე ამბის გაგება. მაშინ გავიგე, რომ მისი ოჯახი ჩვენი ქორწინების წინააღმდეგი იყო, რატომღაც ამ ოჯახს სარძლოდ, თურმე, არ მოვწონდი. მიზეზი დღემდე არ ვიცი. არც ფიზიკურად ვიყავი მათი დასაწუნი და არც ოჯახით. როცა ეს მიზეზი გავიგე, ამ ამბავმა მეც ძალიან დამაფიქრა, გადავწყვიტე, მისი ძებნა შემეწყვიტა. მეც არ მინდოდა იმ ოჯახში შევსულიყავი, სადაც მე არ ვენდომებოდი რძლად და ცუდად შემხვდებოდნენ. წარმოუდგენლად მიმაჩნდა ასეთ ვითარებაში ცხოვრება, თუმცა ვერ ვეგუებოდი იმ აზრს, რომ ზაზა ასე უხმოდ წავიდა, ყოველგვარი ახსნის გარეშე და ეს იმდენად განვიცადე, რომ დეპრესიაში ჩავვარდი.

აშკარა იყო, მან არ იფიქრა ჩემზე, არ იფიქრა, თუ რა მდგომარეობაში ვიქნებოდი ამ ამბის შემდეგ, დაკრა ფეხი და წავიდა გერმანიაში. ისიც ვიცოდი, რომ მშობლების წინააღმდეგ ვერ წავიდოდა, რადგან ვხედავდი მათ ურთიერთობას. რომ მოენდომებინა ჩემთვის ხმის მოწვდენა, ეს მისთვის პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ მას ეს არ გაუკეთებია და მეც ვიფიქრე, ჯანდაბას, ჯობია, მასზე არ ვიფიქრო- მეთქი. სიტყვები ადვილი სათქმელია, მაგრამ ამის გაკეთება არ აღმოჩნდა ადვილი.

ვხედავდი, სახლში ჩაკეტილი, გაუთავებლად მასზე ვფიქრობდი. მის დავიწყებას ვერ ვახერხებდი. ვერ წარმოიდგენთ, რამდენი ტკივილიანი ღამე გამითენებია ტირილში. მეგობრები გვერდიდან არ მშორდებოდნენ და ძლივს ვახერხებდი უნივერსიტეტში სიარულს. ამას სწავლა არ ერქვა, უბრალოდ, დავდიოდი ლექციებზე და ერთი სული მქონდა, სახლში როდის დავბრუნდებოდი და როდის დავრჩებოდი ჩემს თავთან მარტო.

ამ ამბავს ახალი პრობლემაც დაემატა, ლექციებიდან მეგობარ გოგონასთან ერთად მოვდიოდი და გზიდან მომიტაცა ბიჭმა, რომელსაც ბავშვობიდან ვუყვარდი. მან კარგად იცოდა ისიც, რომ სხვა მიყვარდა, მაგრამ თავს არ მანებებდა. ეტყობა, გაიგო ჩვენი დაშორების ამბავი, გარისკა და მომიტაცა. საშინელ დღეში ჩავვარდი, შველას ვითხოვდი, ის ბიჭი საკმაოდ წარმატებულიც იყო, კარგი ოჯახიც ჰქონდა, მაგრამ არასოდეს მყვარებია და მასთან ვერ ვიცხოვრებდი. იქიდან ჩემმა მშობლებმა რამდენიმე საათში წამომიყვანეს და ამან უფრო გამიმძაფრა ტკივილი და უკვე სახლში ჩავიკეტე. გარეთ არ გავდიოდი, ლექციებზე სიარული მივატოვე და ასეთ მდგომარეობაში მყოფს, მომდის ზაზას მესიჯი, შენ მოტაცებული ქალი გქვია, ჩვენ ვერასდროს ვიქნებით ერთადო. სასწრაფოდ დავრეკე იმ ნომერზე, რომ გამომელანძღა, მაგრამ ნომერი გათიშული იყო. მივხდი, რომ ეს ამბავი უფრო დაგვაშორებდა ერთმანეთს, ამჯერად - სამუდამოდ და ამიტომ იმ ღამით წამლები დავლიე. არასოდეს დამავიწყდება შეშინებული დედაჩემის სახე, რომელმაც, ფაქტობრივად, უგონო მდგომარეობაში მნახა. გონზე რომ მოვედი, დედა მედგა თავთან და ტიროდა. მაშინ ისე შემეცოდა დედაჩემი, ვთქვი, მას ტკივილს ვერ მივაყენებ და უნდა ვიბრძოლო რომ გადავრჩე-მეთქი. მას შემდეგ მართლა ვიბრძოდი იმისთვის, რომ შემძლებოდა ფეხზე დადგომა.

-როგორ ფიქრობთ შეყვარებულმა რატომ მიგატოვათ და გაგწირათ ასე?

- ამაყი ბიჭი იყო, ის ნამდვილად ვიცოდი, რომ სხვის მოტაცებულ გოგოს ცოლად არ მოიყვანდა, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ შორის არაფერი მომხდარა. მანამდეც არა ერთხელ ჰქონდა ნათქვამი ეს და მის თვალებშიც ჩამიხედავს, როცა ამ სიტყვებს ამბობდა, ზუსტად ვიცოდი, რომ მაშინ საბოლოოდ დასრულდა ჩვენი სიყვარულის ამბავი.

ერთი წელი ისე ცუდად ვიყავი, უნივერსიტეტში აკადემიური ავიღე, მაგრამ თავის მოწამვლის შემდეგ მივხვდი, რომ ცხოვრება თავიდან უნდა დამეწყო და დედაჩემს გული არ უნდა სტკენოდა. მაშინ გადამარჩინეს ექიმებმა. მერე ფსიქოლოგთანაც ვიარე, გამოვედი სტრესიდან და ისევ სწავლა გავაგრძელე. თუმცა ჩემი სურვილი იყო, სადმე, შორს ვყოფილიყავი, ისეთ გარემოში, სადაც ჩემი ამბავი არ ეცოდინებოდათ. მეგობრები მართლა მედგნენ მხარში და მათი წყალობით შევძელი ცხოვრებასთან ბრძოლა. სწავლა დავამთავრე და მუშაობაც დავიწყე.

ამ დროს გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ჩემი ქმარი. ახლობელმა გამაცნო, რუსეთში ცხოვრობდა და იმ ზაფხულს ჩამოვიდა საქართველოში. ოჯახს უნდოდა, ქართველი ცოლი ჰყოლოდა და სარძლოს ეძებდნენ. მე გამაცნეს, მეორე შეხვედრაზე მას ცოლად გავყევი და დღემდე ვერ ამიხსნია, ეს რატომ გავაკეთე. არადა, არ ვიცნობდი ამ ადამიანს, არც მისი განვლილი გზა ვიცოდი და არც მისი ხასიათი. მახსოვს, დედაჩემი რომ მოვიდა, მითხრა, შვილო, კარგად დაფიქრდი, კარგად გაიცანი და ამის შემდეგ გადადგი ეს ნაბიჯიო, მაგრამ მე მას არ დავუჯერე და გავყევი ცოლად. ჩვენ რამდენიმე დღეში წავედით რუსეთში, რადგან ის იქ მუშაობდა და თავისი ბიზნესი ჰქონდა. მაშინ ცხოვრებაზე ხელი ჩაქნეული მქონდა და ერთადერთი მიზანი იყო, ამ ქვეყნიდან წავსულიყავი. ჩემთვის უკვე სულერთი იყო, ვის გავყვებოდი ცოლად, ვიცოდი, რომ სხვას ისე ძალიან ვერ შევიყვარებდი და ასე, უსიყვარულოდ გავთხოვდი. მერე ბევრს ვეცადე, მაგრამ ვერ შევძელი მისი შეყვარება. ამიტომ ბევრჯერ მინანია ჩემი ნაბიჯი, ვერ ვეგუებოდი. ისიც ხედავდა, რომ რაღაც მაწუხებდა. ჩემი ისტორია დღემდე არ იცის, რადგან თავიდანვე შევატყვე, ეჭვიანი იყო და აზრი არ ჰქონდა მისთვის ამ ამბის მოყოლას. უცხო გარემოსთან შეგუებაც ძალიან გამიჭირდა. ჩემი ქმარი სახლიდან რომ წავიდოდა, მე სულ ვტიროდი და თვალდასივებული ვხვდებოდი სახლში დაბრუნებულს. ის ფიქრობდა, რომ უცხო ქვეყანაში ყოფნას და ოჯახთან დაშორებას განვიცდიდი ასე ძალიან. მასაც გაუჭირდა ჩემთან ურთიერთობა, რადგან არც მას ვუყვარდი.

მერე ფეხმძიმედ დავრჩი. შვილი შემეძინა და დედობამ ძალიან შემცვალა. ჩემს პატარას გვერდიდან არ ვშორდებოდი, სიცოცხლის ხალისი მან დამიბრუნა. ბედს დავემორჩილე, ვცდილობდი, ქმარს თბილად მოვპყრობოდი, მაგრამ მისი შეყვარება მაინც ვერ შევძელი. რატომღაც ყველაფერში პარალელს ძველ სიყვარულთან ვავლებდი. ვფიქრობდი, ის ამ დროს როგორ მოიქცეოდა. ჩემი ქმარი ჩემზე 14 წლით უფროსი იყო და ყველაფერზე ეჭვიანობდა, ღმერთმა იცის, რომ ამის საბაბი მისთვის არასოდეს მიმიცია და არც არასოდეს მიღალატია. თუმცა ვაღიარებ, შეყვარება ვერ შევძელი. მაქსიმალურად თავს ძალას ვატანდი და ვცდილობდი, ეს მას არ შეემჩნია. ეკონომიკურად არ გვიჭირდა, ვზრდიდი ჩემს შვილს, ოჯახი გვერქვა, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი აქაც თავდაყირა დადგა.

- რატომ?

- 4 წლის იყო ჩემი გოგონა, როცა შევიტყვე, რომ ჩემს ქმარს რუსი ცოლი და შვილი ჰყავდა. მას ღალატი არ ვაპატიე. ძალიან ძნელია, როცა უცხო ქვეყანაში ცხოვრობ, მით უფრო, უსიყვარულოდ თხოვდები, პრობლემები დიდია. თავიდან არავის უთქვამს, მას იქ ცოლ-შვილი რომ ჰყავდა, თორემ ნამდვილად არ გავყვებოდი ცოლად. ის ქალი ბავშვთან ერთად მომადგა სახლში და ყველაფერი მითხრა, ჩვენთან ჩვეულებრივ დადისო - ეს ვერ ვაპატიე. ეს ამბავი ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის. ამის შემდეგ დაიწყო ჩვენ შორის კონფლიქტები. მან მითხრა, რომ უნდოდა, მის შვილებს ერთმანეთთან ურთიერთობა ჰქონოდათ. ჩემს ბედს ვწყევლიდი, ვხედავდი, რომ ჩემს ქმარს არ ვუყვარდი და ვერც მან შეძლო ჩემი შეყვარება. ჩემთან მოვალეობის გამო ცხოვრობდა. რაც დრო გადიოდა, მით უფრო მოუხშირა სიუხეშესაც, ზოგჯერ სახლშიც არ მოდიოდა და ვხვდებოდი, რომ იმ ქალთან იყო.

ვუთხარი, არჩევანი გაეკეთებინა.

შვილთან ურთიერთობას არ გიშლი, მაგრამ არ მინდა, იმ ქალთან ურთიერთობა გქონდეს-მეთქი. მაშინ, ჩხუბის დროს მომახალა, რომ ის მისი ახალგაზრდობის სიყვარული იყო, რომელსაც ვერასოდეს დაივიწყებდა.

ნელ-ნელა უფრო გაცივდა ჩვენი ურთიერთობა. რის აკოწიწებასაც დიდი ძალისხმევით ვცდილობდი, ყველაფერი თავდაყირა დადგა და, საბოლოოდ, ცივილურად გავშორდით ერთმანეთს. ბავშვს ბინა თბილისში უყიდა და მე და ჩემი შვილი საქართველოში დავბრუნდით. ძალიან ძლიერი გავხდი, ბიზნესიც ავაწყვე და ჩემს შვილს ვზრდი. არ მინდოდა, ის უმამოდ გაზრდილიყო, მაგრამ ასე მოხდა, ვერ შევძელი მოსიყვარულე ცოლი ვყოფილიყავი და ამიტომაც მომხდარში დამნაშავედ საკუთარ თავს მივიჩნევ.

დღეს მთელ იმედებს ჩემს შვილზე ვამყარებ, ბავშვს მამა მუდმივად ურეკავს, ეკონტაქტება და ამიტომ დიდ განცდებში არ არის. ჩემი გოგონა მაძლევს ცხოვრების ხალისს, ბედნიერებაა მისი დედობა. ყველგან ერთად დავდივართ, ძალიან ჭკვიანი შვილი მყავს.

- თქვენს ძველ სიყვარულს არსად შეხვედრილხართ?

- არა და არც სურვილი მაქვს ამის. ვიცი, რომ ოჯახი შექმნა. უკვე სხვა თვალით ვუყურებ ცხოვრებას და იმასაც ვფიქრობ, რომ ის ამხელა გრძნობის ღირსი არ იყო. ერთადერთი საფიქრალი ჩემთვის დღეს ჩემი შვილია და - მის მომავალზე ზრუნვა. მას არაფერს მოვაკლებ. ძალიან მინდა, კარგი ბავშვობა ჰქონდეს და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ. მადლობა ღმერთს, ფინანსურად დღეს სხვისი დახმარება არ მჭირდება, პირიქით, იქით ვეხმარები სხვებს. მთავარია, ჩემი შვილი იყოს კარგად და მის გაბრწყინებულ თვალებს ვხედავდე. ქალისთვის დედობაა უმთავრესი გრძნობა, რომელიც ადამიანს ყველაფერს შეგაძლებინებს.

(სპეციალურად საიტისთვის)