რუსეთის “რბილი ძალის’’ არსენალიდან: დემოგრაფიული ანექსია - კვირის პალიტრა

რუსეთის “რბილი ძალის’’ არსენალიდან: დემოგრაფიული ანექსია

დღეს ვხედავთ, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი აგრესორები ცდილობენ შეცვალონ დემოგრაფიული სურათი: ევაკუაციის მოტივით რუსეთის ტერიტორიაზე გადაჰყავთ მშვიდობიანი მოსახლეობა და მათ ნაცვლად ეთნიკური რუსების ჩასახლებას ცდილობენ. ეს ნამდვილად არ არის სიახლე. მანამდე რუსეთის ხელისუფლებამ ასევე შეცვალა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების, ასევე ყირიმის დემოგრაფიული სურათი: უკრაინელების ნაცვლად რუსები ჩაასახლა. უფრო მეტიც: დემოგრაფიული ანექსიის პოლიტიკა ოდითგან რუსეთის იმპერიის სტრატეგია იყო. პუტინს და მის თანამოაზრეებს მართლაცდა “დაუდგრომელი” ისტორიული წინაპრები ჰყოლიათ, რომლებიც რუსეთის იმპერიის შექმნა-გაფართოებისათვის ათასგვარ ხერხს იყენებდნენ. ერთ-ერთი ასეთი ნაცადი ხერხი ახლად დაპყრობილ ტერიტორიებზე რუსების ან უკიდურეს შემთხვევაში მათი “ყურმოჭრილი” მოკავშირე ერების ჩასახლება იყო.

საქართველოს დაპყრობის პირველივე წლებიდან რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკა მიზნად ისახავდა ჩვენი ერის თანდათანობით გარუსებას და ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მიწებზე სხვა ეროვნების ხალხების მასიურ ჩამოსახლებას. ვინმემ, რომ მიკერძოებაში არ დამადანაშაულოს ციფრობრივ მონაცემებს რუს “დერჟავნიკ” ნიკოლაი შავროვს (1858–1915) დავესესხები. მანამდე კი უნდა ითქვას, რომ ამ რუს იმპერიალისტამდე საქართველოში ძალზე აქტიურად მოღვაწეობდა მისი მამა - ასევე ნიკოლაი შავროვი (1826 - 1899 ). მამა–შვილი შავროვების ცხოვრების მიზანი სამხრეთ კავკასიაში რუსეთის იმპერიის პოლიტიკური, ეკონომიკური და დემოგრაფიული ექსპანსიისთვის ხელშეწყობა იყო.

ნიკოლაი შავროვი–მამა სწავლობდა რუსეთის მთავარ საინჟინრო სკოლაში, შემდეგ მუშაობდა ქუთაისის სამხედრო გენერალ-გუბერნატორთან არსებული საინჟინრო განყოფილების უფროსად. ამ პერიოდში ის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა რუსეთის იმპერიისთვის შავ ზღვაზე ახალი პორტების მოწყობის საკითხს. 1863 წელს საფუძველი ჩაეყარა ფოთის ნავსადგურის მშენებლობას ნიკოლაი შავროვის პროქტით, რითაც ის 1873 წლამდე იყო დაკავებული. ნიკოლაი შავროვი–მამა ფოთის ნავსადგურის მშენებლობის პერიოდში აქტიურად თანამშრომლობდა ცნობილ ქართველ საზოგადო მოღვაწე, ნიკო ნიკოლაძესთან. 1875 წელს გენერალ-მაიორის წოდებით გავიდა პენსიაზე და რუსეთის იმპერიული მიზნების განხორციელება ეკონომიკიდან პუბლიცისტიკაში გადაიტანა.

shavrovi1-1667551486.jpg

ნიკოლაი სიმბორსკი, ნიკოლაი შავროვი და ნიკო ნიკოლაძე

1884-1891 წლებში ნიკოლაი შავროვი–მამა იყო გაზეთ „კავკაზის“ მთავარი თანამშრომელი, თითქმის ყოველდღიურად აქვეყნებდა მასში სხვადასხვა საკითხზე სტატიებს და განუხრელად იცავდა კავკასიაში რუსეთის იმპერიის დამკვიდრების ინტერესებს.

ნიკოლა შავროვი (შვილი) დაიბადა 1858 წელს, განათლებით ზოოლოგი 1887 წლიდან ტიფლისის მეაბრეშუ-მეობის სადგურის დირექტორად დანიშნეს. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგებზე: მეაბრეშუმეობაზე, მეფუტკრეობაზე და ა.შ. შუახანს მიღწეულმა სამხრეთ კავკასიაში რუსეთის კოლონიალური პოლიტიკის “გაუმჯობესებისთვისაც” მოიცალა, საკმაოდ დიდი ფაქტიური მასალა შეკრიბა და 1911 წელს სანქტ-პეტერბურგში, რუსეთის ფინანსთა სამინისტროს (!) გამომცემლობაში დაბეჭდა წიგნი, ძალზე ნიშანდობლივი სათაურით: “რუსული საქმის ახალი საფრთხე ამიერკავკასიაში”.

shavrovi2-1667551486.jpg

ჩვენთვის სწორედ დღესაა სინტერესო ის მეთოდები, რითაც ისტორიულად ცდილობდა რუსეთი სამხრეთ კავკასიის და განსაკუთრებით საქართველოს დაპყრობას. ეს წიგნი, რომელიც დიდი ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა, იმდენადაა გაჟღენთილი კოლონიალური სულისკვეთებით, რომ ასი წლის შემდეგაც გადაუჭარბებლად შეიძლება ჩაითვალოს ყველა “ველიკოორუსი“ შოვინისტის : ალექსანდრე დუგინის, კონსტანტინე ზატულინის და ა.შ. მანიფესტად.

დღეს, როცა სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ ქართულ მიწებს სხვები იჩემებენ, აუცილებელია ყველამ, განსაკუთრებით კი ჩვენმა მეგობარმა სომხებმა, კიდევ ერთხელ გაიგონ ისტორიული სიმართლე. ეს არც აფხაზებს აწყენდათ: საქართველოს ამ კუთხეშიც გამალებით მიდიოდა აბორიგენი მაცხოვრებლების აფხაზების და ქართველების შევიწროვება და მათ მიწებზე სომხების, რუსების და ბერძნების ჩასახლება.

საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის შეცვლა შედარებით „მოკრძალებულად“ დაწყებულა 1819 წელს რუსეთიდან ტიფლისის გუბერნიაში 500 გერმანული ოჯახი გადმოსახლებით. მაგრამ სულ მალე, 1828-1830 წლებში, სამხრეთ კავკასიაში შემოიყვანეს 124 000 სომეხი (მათგან 40 000 სპარსეთიდან და 84 000 თურქეთიდან), საიდანაც უდიდესი ნაწილი ჩაასახლეს ტიფლისის გუბერნიის ბორჩალოს, ახალციხის და ახალქალაქის მაზრებში, ხოლო უმცირესი ნაწილი ერევნის გუბერნიაში, სადაც, რუსი ისტორიკოსების სიტყვებით, სომხური მოსახლეობა, თითქმის აღარ იყო. ლოგიკურად სომეხი მოსახლეობა თავის მშობლიურ სომხეთში, კერძოდ ერივნის გუბერნიაში უნდა დაებრუნებინათ, მაგრამ ამის სანაცვლოდ მათ საქართველოს საუკეთესო მიწები (დაახლოებით 100 ათასი ჰა) გამოუყვეს. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს რუსეთის შორს გამიზნულ დემოგრაფიულ ანექსიასა და იმპერიულ პოლიტიკაზე.

ამ ოფიციალურად გადმოსახლებულების გარდა, ნიკოლაი შავროვის (შვილი) ინფომაციით, დაახლოებით 80 ათასი სომეხი ფარულად გადმოვიდა და დასახლდა ამიერკავკასიაში, მათაც ძირითადად ტიფლისის გუბერნიის ნოყიერი მიწები დაიკავეს. ამგვარად სულ რაღაც ორ წელში უძველეს ქართულ მიწებზე დაასახლდა 120 ათასზე მეტი სომეხი ეროვნების ადამიანი. ეს ფარული ექსპანსია შემდეგ წლებშიც გრძელდებოდა, განსაკუთრებით ყირიმის ომის შემდგომ პერიოდში.

1893-1894 წლებში თურქეთიდან 100 000 –ზე მეტი სომეხი გადმოსახლდა ამიერკავკასიაში და უმრავლესობა ბუნებრივია კვლავ საქართველოში.

შავროვის მონაცემებით 1911 წლისათვის ამიერკავკასიაში მცხოვრები 1,3 მლნ სომეხიდან 1 მლნ-ზე მეტი არ მიეკუთვნებოდა ადგილობრივ მაცხოვრებლებს და 1828-1910 წლების პერიოდში რუსი ჩინოვნიკების მიერ იყვნენ სპარსეთიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსახლებულები. მისი გათვლებით მხოლოდ 1896-1908 წლებში ამიერკავკასიაში ჩაასახლეს 300 ათასზე მეტი სომეხი. ეს ოფიციალური მონაცემებით და რამდენი ათასი გადმოკვეთავდა საზღვარს ფარულად და თვითნებურად ჩასახლდებოდა, ამას ვინ დაითვლიდა?

shavrovi3-1667551486.jpg

ნიკოლაი შავროვი (შვილი)

რუსეთის იმპერიული პოლიტიკისთვის მეტად ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ჩრდილოეთ კავკასიისგან განსხვავებით, სადაც რუსეთი დემოგრაფიული მდგომარეობის შესაცვლელად ძირითადად რუსი ეროვნების “კოლონისტების” ჩასახლებას იყენებდა, საქართველოში, თავისი შორს მიმავალი “ველიკოდერჟავული” პოლიტიკის და დემოგრაფიული ოკუპაციის გასატარებლად, უპირატესობას სომხებისა და ბერძნების გადმოსახლებას ანიჭებდა. ამ მოვლენას თავისი ობიექტური ახსნა აქვს: ჯერ ერთი რუსეთი, სომეხი და ბერძენი ხალხის სპარსელებისა და განსაკუთრებით თურქების ჩაგვრისგან დახსნით და საქართველოს საუკეთესო მიწებზე გადმოსახლებით მათი მხსნელის როლში მოგვევლინა და ისეთი დამჯერი მოკავშირეები შეიძინა, რომლებიც შემდგომ პერიოდში ხშირად ეროვნულ ინტერესებზე მაღლა რუსეთის ინტერესებს აყენებდნენ; მეორეც, რუსეთს იმდენად ეშინოდა ქართველთა დამოუკიდებლობისკენ სწრაფვისა, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიებზე (სასაზღვრო ზოლი, ნავსადგურები და ა.შ.) სომხებისა და ბერძნების ჩასახლებით სამომავლოდ თავს იზღვევდა;

მესამეც, რუსეთის უმაღლესი რანგის ჩინოვნიკები და სამხედროები (მაგ. სომეხი ეროვნების გენერალი ტერგუკასოვი, რომელიც 1879-1881 წ.წ. კავკასიის მე-2 კორპუსს მეთაურობდა, ასევე მეფისნაცვლები გოლიცინი და ვორონცოვი) სუბიექტურ თუ ობიექტურ მიზეზთა გამო (წარმომავლობა, კორუფცია და ა.შ.) ძალზე დიდ პირად დაინტერესებას იჩენდნენ სომხების და ბერძნების საქართველოს ნოყიერ მიწებზე ჩასახლებით.

1820-იანი წლების ბოლოდან რუსეთის იმპერიამ სამხრეთ კავკასიის იურიდიულად “შემოერთების” პარალელურად, მისი ფაქტიური დაპყრობაც დაიწყო რუსული დასახლებების შექმნით. თავდაპირველად სახვადასხვა რელიგიური სექტების (მოლოკანების, დუხობორების და სხვ.) მიმდევრები გადმოასახლეს შუა რუსეთიდან და საზღვრისპირა რაიონებში ჩაასახლეს, ხოლო შემდეგ უკვე მართლმადიდებელ რუსებს გამოუყვეს მიწები ტიფლისის, ქუთაისის, ფოთის, ოზურგეთის და სოხუმის მიდამოებში. თუმცა, ამის მიუხედავად რუსი შოვინისტები ძალზე უკმაყოფილო იყვნენ რუსეთის ხელისუფლების კოლონიალური პოლიტიკით. ნიკოლაი შავროვის (შვილი) აზრით საქრთველოს დაპყრობით ყველაზე მეტად ისარგებლეს არა მათ – რუსებმა, არამედ სომხებმა და ბერძნებმა, რადგანაც 1828-1910 წლებში ჩვენ მიწებზე ჩამოსახლდა სულ მცირე 500-600 ათასი სომეხი და 60-70 ათასი ბერძენი, ხოლო რუსი “სულ რაღაც” 200 ათასი. და ეს მაშინ როცა მათი ოცნება იყო ამიერკავკასიაში დაახლოებით 1,5 მლნ რუსით დასახლებული გუბერნიის შექმნა, რაც სამომავლოდ სამუდამოდ ძირეულად შეცვლიდა დემოგრაფიულ სიტუაციას ამ ტერიტორიაზე.

როდის დაიწყო რუსეთმა აფხაზეთის დაპყრობა?

რუსეთის კოლონიალური პოლიტიკა არც შავიზღვისპირა სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს ტერიტორიებს ტოვებდა უყურადღებოდ. 1864-1876 წ.წ. პერიოდში მიმდინარეობდა შავი ზღვის სანაპირო ზოლის საუკეთესო ქართულ მიწებზე რუსების,სომხებისა და ბერძნების ინტენსიური დასახლება. ქართველი მეცნიერის კ. ანთაძის ინფორმაციით XIX საუკუნის 70–იანი წლებიდან საქართველოში შავი ზღვის სანაპიროებზე სომხების ჩამოსახლების პოლიტიკის სულისჩამდგმელი იყო ივანე ხატისოვი (ოვანეს ხატისიანი) , რომელსაც ამიერკავკასიაში მნიშვნელოვანი პოსტები ეკავა (1865-1875 წლებში - სახელმწიფო ქონებათა და სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსი; 1875-1883 წლებში - კავკასიაში მეფის ნაცვალთან საგანგებო მინდობილობათა მოხელე; 1885-1893 წლებში - სახელმწიფო ქონებათა სამმართველოს უფროსი). ხატისოვმა წამოაყენა წინადადება : შავი ზღვის სანაპიროებზე რომ პირდაპირ რუსები დავასახლოთ, ჰავას მიუჩვეველნი ციებისგან დაიხოცებიან, ამიტომ ჯერ დავასახლოთ სომხები, რომლებიც აითვისებენ ტერიტორიას და მერე დავასახლოთ რუსებიო. ხატისოვის „რკინის“ არგუმენტმა გაჭრა. საინტერესოა, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში უკვე ოვანეს ხატისოვის შვილი, ალქსანდრე (ტიფლისის ქალაქის თავი 1910–1917 წლებში) „წარმატებით“ აგრძელებდა მამის „პროსომხურ“ საქმეს.

რუსი შოვინისტები განსაკუთრებით მეფისნაცვალ გოლიცინს ემადლიერებიან, რომლის მმართველობის წლებშიც განსაკუთრებით გაიზარდა რუსების ჩამოსახლება. რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ განსაკუთრებით გაიზარდა მცირე აზიიდან სომეხი და ბერძენი ეროვნების დასახლებები ისტორიულ ქართულ მიწებზე.

თუ იმ წლებში რუსეთის კოლონიალური მიზნები სრულად ვერ განხორციელდა - რუსებს სომხებმა და ბერძნებმა აჯობეს და საუკეთესო შავიზღვისპირა მიწები დაიკავეს, რუსეთი ახლა ცდილობს მდგომარეობის გამოსწორებას და აფხაზეთიდან 300 ათასი გამოძევებული ქართველის სახლების და მიწების, ასევე ბიჭვინთისა და გაგრის დასასვენებელი კომპლექსების სხვადასხვა ხერხებით დაკავებას. აფხაზებს უნდა ვურჩიო, რომ დროულად გამოვიდნენ „გამარჯვებულის ეიფორიიდან“, რადგანაც რუსეთის კოლონიალური პოლიტიკა XXI-ე საუკუნეშიც გრძელდება, პუტინის ხელისუფლების დროს კი უფრო ვერაგული გახდა და სულ მალე აფხაზეთის ტერიტორიაზე აფხაზური აღარაფერი დარჩება.

(პირველი ნაწილის დასასრული)