"მიშას წონა არის დრამატული - ერთადერთი გამოსავალი არსებობს" - კვირის პალიტრა

"მიშას წონა არის დრამატული - ერთადერთი გამოსავალი არსებობს"

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძემ კლინიკა "ვივამედში" ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა, რადგან ტემპერატურა აქვს და წონაშიც საგრძნობლად დაკლებულია.

"მიხეილ სააკაშვილი დაახლოებით, 3 კვირაა არ მინახავს, მაშინაც ძალიან, შესამჩნევად გამხდარი იყო. ახლა უფრო დაკლებულია, ყოველგვარი დრამატიზების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან გამხდარია, ეს თვალშისაცემია. იცით, რომ ვირუსი ჰქონდა, ახლა გამოჯანმრთელებულია, მაგრამ დღეს ტემპერატურა ჰქონდა და აქვს უკვე ძალიან დიდი ხანია, როგორც ექიმები საუბრობენ. დღეს დილიდან 38.5 ჰქონდა. ჩემი აზრით, ეს ძალიან საყურადღებო ამბავია", - განაცხადა დეკანოიძემ და დასძინა, რომ რამ გამოიწვია ტემპერატურა, ექიმებმა არ იციან.

დეკანოიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის „ტრანსფერი არის აუცილებელი, ყოველგვარი დრამატიზმის გარეშე, მიშას წონა არის დრამატული”.

მისი თქმით, ხელისუფლებამაც იცის, თუ როგორ არის მიხეილ სააკაშვილი და უნდა ესმოდეს, რა შედეგი შეიძლება დადგეს მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნება.

"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის საყურადღებო და მეტსაც გეტყვით, ფაქტია, რომ ეს ადამიანი ამ კლინიკაში არის ძალიან დიდი ხანია, უბრალოდ, ვერ გამოჯანმრთელდა და არ აქვს ის შედეგი, რომელსაც მთელი ქვეყანა ველოდით. ერთადერთი ჰუმანიტარული გამოსავალი არსებობს, ეს არის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა, მაშინ აქ გამოჯანმრთელდებოდა, რაც სამწუხაროდ, არ ხდება. ამიტომ, ჩემი პოზიცია იგივეა. მისი ჯანმრთელობა უარესდება. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რა შედეგი შეიძლება დადგეს, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნება", - განაცხადა დეკანოიძემ.

დეკანოიძის თქმით, სააკაშვილთან შეხვედრისას უკრაინაზე, პირად საკითხებზე და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე ისაუბრეს, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

"სუსტად არის, ვისაუბრეთ უკრაინაზე ძალიან ბევრი, ძალიან გულშემატკივრობს უკრაინას, როდის აიღებენ ხერსონს უკრაინული ჯარები. დიდი იმედი აქვს, რომ ძალიან მალე აიღებენ, ეს იყო ჩვენი განხილვის მთავარი თემა, პირად საკითხებზეც ვისაუბრეთ. სწუხს ნიკა გვარამიაზე. მითხრა, არ მქონდა იმედი რაღაც განსაკუთრებული რომ მოხდებოდაო. სერიოზული წუხილი აქვს იმის გამო, რაც ახლა ხდება", - განაცხადა დეკანოიძემ.

მან აღნიშნა, რომ პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესებზე არ უსაუბრიათ.

"ინტერპრესნიუსი"