"გამიჩნდა იდეა, მეხუმრა და ხვიჩას მანქანასთან დაკავშირებით, უკვე პოლიციის მხრიდან მომეძებნა "ქართული კავშირები" - ვინ არის ბიჭი, რომლის მიერ ხუმრობით დადებული პოსტი ინტერნეტსივრცეს მოედო
ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიასთვის მანქანის მოპარვის ფაქტს სოციალურ ქსელში დიდი ხმაური მოჰყვა. მართალია, დაიწერა, რომ მანქანა იპოვეს, მაგრამ ახლა ახალი სადარდებელი გაუჩნდათ ქართველებს - ბევრი ნატრობდა, მანქანის ქურდი ქართველი არ აღმოჩენილიყო. ამას იმხელა რეზონანსი მოჰყვა, რომ სოციალური ქსელი გაივსო სტატუსებით.
„ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე ზურა სტეფანიამ კი ასეთი შინაარსის ტექსტი გამოაქვეყნა:
„ქურდი არა, მაგრამ პოლიციელი, რომელმაც ხვიჩას მანქანა იპოვა, ნახევრად ქართველი აღმოჩნდა - ჯორჯო მარგალინი-გეგუჩავა:
,,მე ბავშვობიდან ნაპოლის თავგადაკლული ფანი ვარ. დღეს ვისვენებდი, მაგრამ როგორც კი გავიგე, ხვიჩას მანქანა მოჰპარეს, სახლში ვერაფრით გავჩერდი. შატოდან სამსახურში საკუთარი მოტოციკლით გამოვცხადდი და ბიჭებთან ერთად შევუდექი ძებნას. ძალიან გამიმართლა, მანქანა მალევე ვიპოვეთ.
ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ისტორიული სამშობლო ასე გავახარე. ვიცი, როგორ ნერვიულობდა ყველა. ამან უფრო მეტი ძალა მომანიჭა. აქამდე არ მიფიქრია საქართველოში წამოსვლაზე. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ იქ ცხოვრება მინდა. ცოლსაც ქართველს მოვიყვან. დედა მიყვება ხოლმე ქართველი გოგონების სილამაზის და ინტელექტის შესახებ. ქართულად და მეგრულად მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ვიცი, აწი, მეტს ვისწავლი.
გენაცვალე საქართველოვ! მა სი მიორქ!"
ჯორჯო მარგალინი-გეგუჩავა 27 წლისაა და კარაბინერად 3 წელია მუშაობს“, - დაწერა ზურა სტეფანიამ ხუმრობით და ამ სტატუსს კიდევ უფრო მეტი გამოხმაურება მოჰყვა.
როგორც ჩანს, ბევრმა ზურას უწყინარი ხუმრობა დაიჯერა და ეს ამბავი ფაქტობრივად, მთელმა სოციალურმა ქსელმა აიტაცა და დიდი განხილვის საგანია. უამრავმა ადამიანმა გააზიარა ზურა სტეფანიას პოსტი.
ვინ არის ამ სტატუსის ავტორი, რატომ გაუჩნდა ამ ტექსტის გამოქვეყნების სურვილი და ელოდებოდა თუ არა ხალხის ამხელა რეაქციას, ამას მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.
- ზურა, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია თქვენმა სტატუსმა, ბევრმა დაიჯერა კიდეც ეს ამბავი, რატომ გაგიჩნდათ სურვილი ასეთი ამბავი შეგეთხზათ?
- თითქმის მთელი ქვეყანა ნერვიულობდა ხვიჩას მანქანის გამო, ვაი, ქართველი არ იყოს ქურდიო, მინდოდა, ცოტა ხალისი შემომეტანა. რადგან ვხედავდი, ხალხი მართლა განიცდიდა. ლოცულობდნენ. ერთმანეთში ჩხუბობდნენ. მოგვიანებით, გავრცელდა ამბავი, რომ მანქანა იპოვეს, მაგრამ ვნებათაღელვა მაინც არ დაცხრა. პირიქით, უფრო გაიზარდა მოლოდინი იმის, რომ სადაცაა ,,ქართველი ქურდი“ გამოჩნდებოდა და საბოლოოდ ,,შევრცხვებოდით".
ზოგადად, მე პირადად არ მაქვს მსგავსი დამოკიდებულება, იმის მიუხედავად, რომ არასასიამოვნო იქნება, თუ მართლა ქართველი ურევია ამ საქმეში. მგონია, რომ ეს არ ეხება საერთო ეროვნულ ,,გრძნობებს“ და არ უნდა გავაიგივოთ ხოლმე თავი რომელიმე კრიმინალთან და შემთხვევასთან, რადგან ცუდი ამბები ხდება, ცუდი ადამიანებიც არსებობენ, გვინდა ეს თუ არა.
ამიტომ, გამიჩნდა იდეა, მეხუმრა და უკვე პოლიციის მხრიდან მომეძებნა ,,ქართული კავშირები“ - სულ კრიმინალთან რომ არ გაგვეიგივებინა თავი. თან მაინტერესებდა, რა რეაქცია იქნებოდა. ვინაიდან ემიგრაცია ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა, ჩავსვი ეს კომპონენტიც - ემიგრაციაში დაბადებული ბიჭი როგორ გულშემატკივრობს იქ ჩასულ ქართველს და უჩნდება საქართველოში ცხოვრების სურვილიც...
სულ ეს იყო. პოსტი დადებიდან 5 წუთში დავმალე, რადგან ვყოყმანობდი, ხომ არ გააღიზიანებდა ეს ,,კეთილი ტყუილი“ ხალხს და დღეს, 15 საათის შემდეგ თავიდან დავდე, რადგან ისევ ვრცელდებოდა ყალბი ცნობები ქართველი ქურდის შესახებ. ჯერ კიდევ არ ვიცით, სადაურია მანქანის ქურდი, მაგრამ ვფიქრობ, ამას დიდი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. სანერვიულო ისედაც არ გვაკლია...
- ტექსტის შინაარსზე ბევრი იფიქრეთ? აქაც მეგრული გვარი შეგნებულად რომ არის გარეული, ესეც ცალსახაა.
- არა ექსპრომტია. 5 წუთი დამჭირდა ფოტოს მოძებნიან-ტექსტიანად.
- ელოდით თუ არა ამხელა რეზონანსს? რა რეაქცია გქონდათ, როცა ნახეთ, რომ თქვენს სტატუსს მასიურად აზიარებდნენ და ხომ არ დააკვირდით, დადებიდან დაახლოებით რამდენ ხანში აიტაცეს ეს ამბავი?
- სიმართლე გითხრათ, გუშინვე ველოდი, რომ გამოხმაურება მოჰყვებოდა. 2 საათს გადაშორებული იყო, როცა დავდე. მაქსიმალურად ვეცადე ბოროტად არ გამომსვლოდა, ამიტომ, შეგნებულად გვარში ჩავუწერე ,,მარგალინი“, ნაწილი ასე მიხვდება და გაეცინება-მეთქი. მერე დავმალე პოსტი, დიდი ხნის გამოქვეყნებული იყო, უბრალოდ, არ ჩანდა. შესაბამისად, როცა განვაახლე, არც სქროლვისას გამოჩნდებოდა ბევრთან. დაახლოებით 10 წუთში იყო პირველი გაზიარება. ისიც ეგრევე მიხვდა, ხუმრობა რომ იყო. ამის შემდეგ რამდენიმე ცნობადმა სახემაც გააზიარა და ასე აგორდა. ზოგადად, ყალბი ამბების წინააღმდეგი ვარ. ამიტომ, პერიოდულად ვნახულობ გაზიარებებს. ვფიქრობ, უმეტესობა ხვდება ხუმრობას და ერთობა. ზოგს პირადადაც ვეუბნები ან მივანიშნებ, არ მინდა, ვინმე მოვატყუო. ჩემთვის უხერხულია. მაგრამ როდესაც ვჭოჭმანობდი, რამდენიმე მეგობარმაც მირჩია, დამედო, ცუდი არაფერიაო, ჰოდა, დავდე. მგონი, ზიანი არავისთვის მიმიყენებია. ფოტოზე ვინცაა, ის კი პოპულარული გახდება საქართველოში.
- თუმცა ბევრია ისეთი, ვინც ეს დაიჯერა?
- კი, რა თქმა უნდა არიან. მეც ხშირად აღმოვჩენილვარ მსგავს სიტუაციაში. მაგრამ მთავარია, ამბავი არ იყოს პოლიტიკური, კრიმინალური და ვინმეს ან რამეს არ აზიანებდეს. ბევრი მოგვიანებით მიხვდა და გაეცინა. ჯერ არავის უგინებია.
- ცნობილმა სახეებმაც დაიჯერეს?
- ცნობადებიდან ზოგმა დაიჯერა, ზოგი მოგვიანებით მიხვდა და არ უსაყვედურია, რაც ვნახე, თავიანთ გამომწერებთან ერთად ხუმრობდნენ კომენტარებში.
- პირად მიმოწერებში რას გწერდნენ, ამოწმებდნენ სიმართლე იყო თუ არა?
- არავის გადაუმოწმებია. ღამით, როცა დავდე, რამდენიმე მეგობარმა დააკომენტარა და მე თვითონ მივწერე იქვე და პირადშიც, რომ არ იყო სიმართლე. კომენტარებში თავიდანვე დავაფიქსირე ეს. უმეტესობა ზოგადად, კომენტარებით იგებს რეალურად რა ხდება. ვინც არ კითხულობს კომენტარებს, ძირითადად ის ხალხი ვერ ხვდება შეიძლება უცებ. თან როდესაც სხვა აზიარებს, ყველა არ შედის ავტორის ორიგინალ პოსტზე და არ ნახულობს კომენტარებს. ამდენი დრო ბევრს არ აქვს.
- თავად კვარაცხელიას ახლობლებიც ხომ არ შეგეხმიანნენ?
- არა, არავის მოუწერია. მგონი, იმდენად ბევრი ნიუანსია თავად პოსტში და მერე კომენტარებშიც, ვინც კი მოისურვებს გადამოწმებას, იქვე შეუძლია გაიგოს, რომ ეს ხუმრობაა.
- თქვენზეც გვიამბეთ, როგორც ვხვდები, ჟურნალისტი ხართ პროფესიით.
- დიახ, პროფესიით ჟურნალისტი ვარ. თუმცა არ ვმუშაობ. არააქტიური სტატუსით ვარ.
- რას ეტყოდით მათ, ვინც ეს უწყინარი ხუმრობა დაიჯერა და იმათაც, ვინც იმის მოლოდინშია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მანქანის ქურდი ქართველი აღმოჩნდება.
- ერთ მეგობარს ვუთხარი კიდეც, რომ ცუდი ტყუილის დაჯერებას და ამაზე ნერვიულობას, ხომ ჯობია კარგ ტყუილზე გაიცინო-მეთქი?.. ბევრია, ვინც მოგვიანებით მიხვდა, მაგრამ მაინც არ გაბრაზებულა. რადგან ყველანაირად ვეცადე, ვინმე არ დაზარალებულიყო. ზოგადად ცუდი მომენტია, როდესაც თავს მოტყუებულად გრძნობ.
ყველას ვურჩევ, ყურადღებით იკითხონ. ეს პრობლემა არსებობს, თუ დააკვირდებით, მედია როდესაც ამბავს ავრცელებს, სათაური მოკლეა, ხან ინტრიგანული და ხშირად არ ემთხვევა სტატიის შინაარსს. მაგრამ მკითხველთა უმეტესობა მაინც სათაურის ირგვლივ რეაგირებს. ჯობია, გავეცნოთ მთელ ინფორმაციას. ამით თავსაც დავიცავთ და სრული ინფორმაციაც გვექნება ამბავზე.
ხვიჩას მანქანის ქურდი ვინ იქნება და სადაური, ამას არსებითი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. ბევრი ცუდი რამ ხდება ჩვენ გარშემოც, შეიძლება მოხდეს უცხოეთშიც. ადამიანები ვართ და ყველაფერი შეიძლება მოხდეს... მთავარია, საკუთარი თვითშეფასება კონკრეტული ინდივიდის უარყოფით ქცევასთან არ დავაკავშიროთ. მე თვითონ გურული ვარ, მეგრული გვარით. უფრო ხვიჩას გამო მოვუფიქრე ამ კარაბინერს მეგრული ფესვები.
- გურული იუმორიც ალბათ დაგეხმარათ.
- სადაურიც არ უნდა ვიყოთ, ვფიქრობ, გამორჩეული იუმორი გვაქვს ქართველებს, ზოგს ხუმრობის, ზოგს ამ ხუმრობის გაგების. ერთმანეთის გარეშე არ გამოვა. ვფიქრობ, იუმორის დამსახურება ჩვენი ყოფის გაძლებაში დიდია. კი ვართ დრამატულებიც, მაგრამ პარალელურად ვართ ლაღებიც. მოკლედ, კარგები ვართ.
ამ სტატუსით ჩემი მიზანი მხოლოდ ის იყო, რომ ხალხი კარგ განწყობაზე დამეყენებინა და მგონი, გამომივიდა.
(სპეციალურად საიტისთვის)