ნინა ჩიკვაშვილი: "ჯორჯ ბალანჩინის ისტორიამ შთამაგონა, რომ ამერიკული ღირებულებებით აღზრდის ტენდენცია და კულტურა ჩვენი სკოლიდან  დაწყებულიყო“ - კვირის პალიტრა

ნინა ჩიკვაშვილი: "ჯორჯ ბალანჩინის ისტორიამ შთამაგონა, რომ ამერიკული ღირებულებებით აღზრდის ტენდენცია და კულტურა ჩვენი სკოლიდან  დაწყებულიყო“

ქართულ-ამერიკულ სკოლას - "პროგრესი“ უკვე 20 წლიანი ისტორია აქვს, ისტორია, რომელიც იმ დროს დაიწყო, როდესაც ქვეყანაში საკმაოდ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა იყო - შიმშილი, სიცივე, უდენობა, გაჭირვება, უიმედობა და უპერსპექტივობა, თუმცა ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების მიცემის სურვილით, მისმა დამფუძნებელმა, გენერალურმა დირექტორმა, "პროგრესის“ ბრენდისა და იდეის ავტორმა - ნინა ჩიკვაშვილმა, შეიძლება ითქვას, შეუძლებელი შეძლო - მეუღლესთან ერთად სკოლის შენობა დიდი რისკის ფასად, აუქციონზე ბანკში 22%-იანი სესხით იყიდა და უშუქო საქართველოში მომავალი თაობისთვის განათებული მომავლისთვის თავდაუზოგავი შრომა დაიწყო.

ქუთაისში დაბადებულ და გაზრდილ ნინა ჩიკვაშვილს სკოლის გახსნის იდეა ჯორჯ ბალანჩინის განვლილმა გზამ შთააგონა, სურდა, რომ ამერიკული ღირებულებებით აღზრდის ტენდენცია და კულტურა მისი სკოლიდან დაწყებულიყო. 20-წლიანი ისტორიის შემდეგ, "პროგრესი“ სახელწოდებას და ჩანაფიქრს მუდმივად ამართლებს.

„განათლება უწყვეტი უნდა იყოს, თუ სადღაც შეწყდა, შედეგის მიღწევა შეუძლებელი ხდება“

- ჩემთვის ყველაზე დიდი მიღწევა, სკოლა „პროგრესის“ ქსელის განვითარებაა, რომელიც 2002 წელს ქუთაისში დაიწყო, შემდეგ კი ბათუმსა და თბილისში გაგრძელდა. სკოლა „პროგრესი“ იმითაა გამორჩეული, რომ მისი საგანმანათლებლო სისტემა განსხვავებულია, ტრადიციულთან ერთად, მოსწავლეებს შეგვიძლია მივცეთ არატრადიციული, არასტანდარტული განათლება, ფორმალურთან ერთად - არაფორმალური. ყოველთვის ვცდილობდით, ეროვნულთან ერთად, საერთაშორისო პროგრამები გვქონოდა, კერძოდ, ამერიკული.

2005-2006 წლებში მე უკვე სტაჟირებაზე ვიყავი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან, ხოლო 2011 “Excellence in Teaching” აღიარება მივიღე და მონტანას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტიპენდიატი გავხდი. ბედნიერება მხვდა წილად, რომ ეს სტაჟირება გამევლო. განაწილების დროს, მე საშუალო სკოლა ავირჩიე, არამხოლოდ პედაგოგის, სკოლის ადმინისტრატორის პოზიციაზეც. თავიდან ბოლომდე შევისწავლე ამ საქმის მართვა, ყველა დეტალის გათვალისწინებით. ხარისხის უზრუნველყოფა და განვითარება ყოველთვის მაინტერესებდა. ყველაზე მეტად აშშ-ის განათლების სისტემა მომეწონა და სიახლეების გასაცნობად ყოველ წელს დავდიოდი.

ჩვენს სკოლებში გაცვლითი პროგრამები ევროპის 12 ქვეყანაში ხორციელდება, მათ შორის, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში და ა.შ. ყველა ქვეყნიდან, ყველა სკოლიდან, ყველა პარტნიორისგან საუკეთესო პრაქტიკა გვაქვს გადმოღებული და მათაც ბევრი რამ მიაქვთ ჩვენგან - ჩვენი ცოდნისა და გამოცდილების ერთგვარი გაცვლა ხდება. ასეთ დინამიკაში განვითარება და პროგრესი გარდაუვალია და „პროგრესი“ უკვე ძალიან ამართლებს თავის სახელწოდებას.

img-20221105-wa0003-1667676223.jpg

განათლება უწყვეტი უნდა იყოს, სადღაც თუ შეწყდა, შედეგის მიღწევა შეუძლებელი ხდება. მთავარ კონცეფციას, ღირებულებათა სისტემას სამივე სკოლა თანაბრად ვიზიარებთ, რგოლი, დირექტორატი უძლიერესია. სიამაყით ვიტყვი, რომ ყველაზე დიდი მიღწევა ჩემი თანაგუნდელები არიან. ზუსტად ისეთი გუნდი, მოკავშირეები შემოვიკრიბე, რომლებიც პროფესიონალები, ინოვატორები და საერთო იდეის გამზიარებლები არიან. ერთია, როცა ლიდერი თვითონ ვითარდება და მეორე - სხვასაც აძლევს განვითარების საშუალებას. მე მუდმივ ძალისხმევას ვდებ, რომ ერთად განვვითარდეთ.

რატომ გაჩნდა „პროგრესი“ ამერიკული იდეით?

- დავიბადე და გავიზარდე ქუთაისში. ჯორჯ ბალანჩინი აშშ-ში ბალეტის ფუძემდებელია, მე კი ამ ისტორიამ შთამაგონა, რომ ქუთაისიდან, ჩვენი სკოლიდან ამერიკული ღირებულებებით აღზრდის ტენდენცია და კულტურა დაწყებულიყო. შესაბამისად, ჩვენი მოსწავლეები ქართულ-ამერიკული ღირებულებებით, მენტალიტეტით იზრდებიან.

img-20221105-wa0007-1667676710.jpg

“AP საბაკალავრო პროგრამები მაღალკლასელთათვის“

- ბოლოდროინდელი, ყველაზე დიდი მიღწევა ბათუმის ამერიკული აკადემია „პროგრესია“, რომლის კომპლექსი სულ ახლახან გაიხსნა. ის 800 მოსწავლეზეა გათვლილი და ფრესკულიდან მე-12 კლასის ჩათვლითაა. ბათუმის ამერიკულ აკადემიაში დანერგილია ორი პროგრამა: ეროვნული სასწავლო პროგრამა და ამერიკული საერთაშორისო პროგრამა, რომელიც აკრედიტებულია ორივე სახელმწიფოს - საქართველოსა და ამერიკის განათლების ხარისხის მიერ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მაღალკლასელებს ვთავაზობთ AP საბაკალავრო პროგრამას, რომელიც აღიარებულია ამერიკული და ნებისმიერი საერთაშორისო უნივერსიტეტისა და კოლეჯის მიერ, თითოეული AP საგნის გამოცდის ქულა სტუდენტს ეთვლება კრედიტებად უმაღლეს სასწავლებელში.

img-20221105-wa0001-1667676253.jpg

„საუკეთესო მოსწავლეებს აშშ-ში, კალათბურთის სპეციალიზებულ კოლეჯებში ვგზავნით დაფინანსებით“

- ბათუმის ამერიკული აკადემია „პროგრესი“ უნიკალურია თავისი არქიტექტურით, დიზაინით, ინფრასტრუქტურით, ახალი ტექნოლოგიებით, ჭკვიანი დაფებითაა მოწყობილი, ინკლუზიურია, რომელზეც მასწავლებელი წერს, მუშაობს, მოსწავლეებს ინფორმაციას უზიარებს და ინტერაქციისა და ჩართულობის ყველაზე დიდი რესურსი აქვს, ძალიან კომფორტული და საჭიროა საკლასო ოთახში.

ჩვენთან, საერთაშორისო სტანდარტების მქონე სპორტული დარბაზი სპორტის მრავალ სახეობაზეა გათვლილი - ფეხბურთი, კალათბურთი, არის ალპინისტთა კედელი - ძალიან თანამედროვე და ამერიკულ სტილში.

სამომავლოდ, კიდევ დიდი გეგმები გვაქვს. განსაკუთრებული აქცენტი კალათბურთზე გავაკეთეთ, რადგან ამ მიმართულებით უკვე კარგი გამოცდილება და წარმატება აქვს ჩვენს სკოლას. საუკეთესო მოსწავლეებს აშშ-ში, კალათბურთის სპეციალიზებულ კოლეჯებში ვგზავნით დაფინანსებით. აქამდე სულ ბიჭები იყვნენ და სურვილი გვაქვს, გოგონებიც გავუშვათ, ერთადერთი გოგონა იყო, რომელიც USAID-მა დააფინანსა. გვინდა, რომ გოგონების ნაკრები შევქმნათ.

ბათუმში ვგეგმავთ „ბორდინგ სქულების“, ზაფხულის AP სკოლების გაკეთებას. სასაზღვრო ქალაქია და მულტიკულტურულ გარემოს, ცოდნის გაზიარებას, ევროპეიზაციას და ევროინტეგრაციას ვუწყობთ ხელს. ყველაფერი ერთ გარემოში იქნება შესაძლებელი

ანალოგიური და უფრო მასშტაბური პროექტი კი დედაქალაქში უნდა გავაკეთოთ.

img-20221105-wa0008-1667676296.jpg

კეთდება ინოვაციური პროექტი - მოსწავლეთა სასკოლო ტელევიზია „პროგრეს-TV“

- ჩვენი სკოლა იმითაც არის გამორჩეული, რომ ნიჭიერ ბავშვებზე, ყველა მიმართულებაზეა მორგებული - მუსიკა, ხელოვნება. ჩვენთან გაიხსნა ჯაზ სკოლა, ასევე, ჟურნალისტიკის, სატელევიზიო სკოლა; მოქმედებს ჭადრაკის სკოლაც.

კეთდება ინოვაციური პროექტი - მოსწავლეთა სასკოლო ტელევიზია „პროგრეს-TV“, რომელიც სრულფასოვან მაუწყებლობას შეძლებს ბათუმიდან, ქუთაისიდან და თბილისიდან.

img-20221105-wa0006-1667676752.jpg

„როცა სკოლა დავაფუძნე, მაშინ მე თვითონ სახლი არ მქონდა...“

- „პროგრესი“ 2002 წელს გაიხსნა. ხომ გახსოვთ, რა დროც იყო - ელექტროენერგია თითქმის არ იყო, ან შორი მანძილიდან გადმოგვყავდა და ვწვალობდით, გენერატორებს ვამუშავებდით. ბავშვებს სწავლა უნდოდათ და მე, როგორც მასწავლებელს, მინდოდა მათი იმედები გამემართლებინა. თავიდან მაღალი კლასებით დავიწყე. ვისაც მე ვასწავლიდი ინგლისურს, ის მოსწავლეები შემოვიკრიბე, ბავშვები, რომლებსაც ახლებური განათლება სწყუროდათ. იდეა, მოსწავლეებისა და მათი მშობლებისგან წამოვიდა - ინგლისურის, კომპიუტერისა და სხვა ენების გვერდით, კიდევ სხვა საგნების დამატების სურვილიც ჰქონდათ. ეს ძალიან შთამაგონებელი იყო ჩემთვის.

მართლაც რთული პერიოდი გამოვიარეთ. გარეთ დადგმულ გენერატორებს გვპარავდნენ კიდეც... როცა სკოლა დავაფუძნე, მაშინ მე თვითონ სახლი არ მქონდა, სკოლის შენობა კი დიდი რისკის ფასად, აუქციონზე ვიყიდეთ, ბანკში 22%-იანი სესხი ავიღეთ მე და ჩემმა მეუღლემ.

img-20221105-wa0009-1667676332.jpg

„პერესტროიკის“ დროს ის თეატრიც გაპარტახდა... ჩვენ კი ისეთ წარმოდგენებს ვდგამდით, წითელ ხალიჩაზე მოდიოდი და სხვა სამყაროში ხვდებოდი“

- თავიდან, 10-20 ბავშვით დავიწყეთ და ნელ-ნელა ემატებოდნენ. იმ მკვდარ პერიოდში სიახლე ყველას გვახარებდა. ეს სიახლე კი მე საზღვარგარეთიდან ჩამომქონდა. მადლიერი ვარ ჩემი ოჯახის, რომ მომცეს ამის საშუალება, მივდიოდი და ჩამომქონდა კასეტები, სახელმძღვანელოები, სხვადასხვა სახოს ლიტერატურა, რითაც უნდა მესწავლებინა. მაშინ აქ არანაირი რესურსი არ იყო, მე თვითონ ყველაფერი შავ-თეთრი წიგნებით მქონდა ნასწავლი, ის კი ფერადი და თანამედროვე ლიტერატურა იყო. „ჩემი მშვენიერი ლედი“ ჯერ წავაკითხე ბავშვებს, მერე ფილმი ვაჩვენე სუბტიტრებით. როლური თამაშები შემოვიტანე და ვათამაშებდი. მერე კი ყველაფერი ისე კარგად გამოუვიდათ, იქვე, მწერალთა სახლის დიდ სცენაზე ვდგამდით სპექტაკლებს, მართალია, ნოდარ დუმბაძე ინგლისურად ნათარგმნია, მაგრამ მაშინ ვერ მოვიძიე და ვთარგმნე „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“. გარკვეულ მონაკვეთებს მოსწავლეებსაც ვათარგმნინებდი და შესანიშნავი წარმოდგენა გამოგვივიდა...

img-20221105-wa0005-1667676641.jpg

უცნაურად დავიწყეთ - იმ დროისთვის ახალი მეთოდებით და ყველაფერი საინტერესოდ განვითარდა. დენი არ იყო და ინგლისურენოვან სუბტიტრებიან ფილმებზე საუბარი ხომ წარმოგიდგენიათ... მაგრამ ყველაფერს ვახერხებდით, ჩემი მეუღლე სულ ხელს მიწყობდა. დენი მინდა-მეთქი, რომ ვეტყოდი, მერიიდან ახერხებდა დაკავშირებას. „პერესტროიკის“ დროს ის თეატრიც გაპარტახდა... ჩვენ კი ისეთ წარმოდგენებს ვაწყობდით, წითელ ხალიჩაზე მოდიოდი და სხვა სამყაროში ხვდებოდი.

წარმატებული კარიერა და პირადი ცხოვრება

- პირველად ინგლისში რომ წავედი, მე თვითონაც არ ვიცი, საიდან მოვიტანე 5 000 ფუნტი. არც დავფიქრებულვარ, ისე გადავიხადე და ვისწავლე. საკუთარი სახლი იმ დროსაც არ მქონდა (იცინის). იქ განათლების მიღებამ დიდი გარდატეხა მოახდინა ჩემში. დემოკრატიის აღქმა პირველად იქ მოხდა. არ ვიცი, „პროგრესი“ ამ ფორმით განვითარდებოდა თუ არა, მე რომ არ გამერისკა და არ წავსულიყავი. რისკი იყო ეს ყველაფერი და გაამართლა.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ ნაყოფიერად შევუთავსე ოჯახი და ჩემი საქმიანობა. მყავს ორი შესანიშნავი ქალიშვილი, ერთმა უკვე დაამთავრა „პროგრესი“, მეორე კი - მოსწავლეა.

img-20221105-wa0012-1667676603.jpg

„ჩვენს ერთ-ერთ მოსწავლეს აშშ-ში საკუთარი ბრენდი და მაღაზიათა ქსელი აქვს“

- წარმატებულ კურსდამთავრებულთა რიცხვი „პროგრესელებში“ ძალიან დიდია, ყველა შემდგარი პიროვნება და რეალიზებული ადამიანია. მიხარია, რომ ისინი საოცარი სითბოთი და სიყვარულით მხვდებიან - „პროგრესში“ რომ არ მესწავლა, ეს ასე არ იქნებოდაო, რომ მეუბნებიან, ესაა ჩემთვის ყველაზე დიდი გამარჯვება.

ისინი სხვადასხვა სფეროებში არიან დასაქმებულები და უკვე წამყვანი პოზიციებიც უჭირავთ, მაგალითად, ბანკებში, სხვადასხვა კომპანიაში და ა.შ. ჩვენს ერთ-ერთ მოსწავლეს, მაგალითად, აშშ-ში საკუთარი ბრენდი და მაღაზიათა ქსელი აქვს.

წელს, ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა აბიტურიენტთა ნახევარზე მეტი, ბევრმა კი საზღვარგარეთ განაგრძო სწავლა - გერმანიაში, ნიდერლანდებში, ჰააგის უნივერსიტეტში, ჩეხეთში და ა.შ. რამდენიმე მოსწავლე გერმანიაში, სამედიცინო უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით მოეწყო, საცხოვრებლით და ა.შ.

„მშობლები ჩვენი მოკავშირეები არიან, მნიშვნელოვანი რგოლია და ერთად ვქმნით „პროგრესს“

- ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროფილი არის სტემი, ფიზიკა, მათემატიკა, საბუნებისმეტყველო საგნები, დავამატეთ ინჟინერია-პროგრამირება და დავარქვით მომავლის პროფესიები, რაც დღესდღეობით ძალიან აქტუალურია. IX-X კლასში იმდენს მიაღწიეს, რომ უკვე სრული დაფინანსების მოპოვება შეუძლიათ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ისეთ კონკურსებში გადიან. კარგია, რომ სახელმწიფო ზრუნავს ამ ყველაფერზე. ბევრი გრანტი, კონკურსი არსებობს, რაც ბავშვებს დიდ მოტივაციას აძლევს. მიხარია, რომ ეს შრომა გვიფასდება.

პირველივე კლასიდან დავნერგეთ ბიზნეს განათლების უნარები. მშობლები თავიდან ძალიან სკეპტიკურად შეხვდნენ, მაგრამ ახლა უკვე დარწმუნდნენ, რომ გაამართლა. სტარტაპებია - თავიანთ პროდუქციას ქმნიან, ყოველწლიურად გვაქვს მეწარმეობის ფესტივალი და ყველა სკოლაში ხდება ყიდვა-გაყიდვა. პირველი მომხმარებლები, რა თქმა უნდა, ჩვენი მშობლები არიან. მათ, ასევე ვიწვევთ მასტერკლასებზე, სპიკერებად, რადგან ისინი ხომ ასევე შემდგარი, წარმატებული ადამიანები არიან. ჩვენი მოკავშირეები არიან, მნიშვნელოვანი რგოლია და ერთად ვქმნით „პროგრესს“.

img-20221105-wa0004-1667676934.jpg

USAID-მა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, თვითონ მომძებნა და როგორც ბიზნეს-ლიდერი დამნიშნა აჭარის რეგიონში, შემდეგ კი ალბათ იმერეთის რეგიონში გადმოვალთ. საჯარო სკოლებს ჩვენს გამოცდილებებს ვუზიარებთ, ძლიერი სკოლებისა და ძლიერი რეგიონის გარეშე, სახელმწიფოც ვერ იქნება ძლიერი. ამიტომაა ჩემი მთავარი მიზანი, სკოლების განვითარება. პირველი თანამედროვე, ამერიკული სტანდარტის კამპუსი ბათუმში იმიტომ გაკეთდა, რომ ეს პროფესიონალი კადრები ადგილობრივად დავასაქმოთ და ადგილზე შევინარჩუნოთ.

წლების წინ, საკუთარი სახელმძღვანელო შევქმენი, ჩვენს ჩარჩოებს მოვარგე, ღირებულებებს, ტრადიციებს. კონკრეტულად „პროგრესის“ „Guide and welcome Book”“ იყო. ამერიკული სისტემითა და ფორმატით. მეორე იყო „Year Book”“ - წლის წიგნი, ანუ შენ თავად რომ უნდა შეაფასო საკუთარი მუშაობა, ასე ვთქვათ, თვითშეფასების წიგნი.

„მანძილი ჩემს ოცნებებსა და რეალობას შორის, ყოველთვის ჩემი ქმედებით იზომება“

- ვცდილობ, მეტი მასტერკლასი, შეხვედრა მოვაწყო ახალგაზრდებისთვის, რათა უფრო მეტი ავუხსნა პრაქტიკულად, გავუზიარო, ვასწავლო, დავეხმარო. ყველაფერი შესაძლებელია საკუთარი ქმედებით, ძალისხმევით, შრომით და პასუხისმგებლობით.

მანძილი ჩემს ოცნებებსა და რეალობას შორის, ყოველთვის ჩემი ქმედებით იზომება - ესაა ჩემი ცხოვრების ლაიტმოტივი. როდესაც გაქვს ოცნება, სურვილი, აუცილებლად უნდა იმოქმედო, სხვაგვარად ვერაფერს გახდები.

„ჩემი პოლიტიკური საქმიანობა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას დავუკავშირე და ეს იყო შეცდომა“ - ნაბიჯები პოლიტიკაში და ქუთაისის საკრებულო...

- პოლიტიკაში ყოფნის მიზანი ისევ და ისევ ჩემი ქალაქი, მისი კეთილდღეობაა. ცოტა ხნის წინ, ვნებათაღელვა გამოიწვია და დაპირისპირებები იყო ერთ საკითხთან დაკავშირებით, არ მინდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ძალიან შეურაცხყოფილი ვარ იმ განცხადებებით, რაც ჩემი მისამართით გაკეთდა...

ჩემი პოლიტიკური საქმიანობა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას დავუკავშირე და ეს იყო შეცდომა, თუმცა, ქუთაისის ხმა, რომელიც ამ კონკრეტულმა პარტიამ მიიღო, დიდწილად მიკავშირდება მე. ზოგადად, პოლიტიკიდან გასვლის გადაწყვეტილება მქონდა მიღებული, მაგრამ როცა დავფიქრდი, ჩემს ამომრჩეველს და იმ მანდატს, რომელიც მოსახლეობამ მომცა, ვერ უგულებელვყოფდი, გადავწყვიტე, რომ ვადის ამოწურვამდე ვიქნები დამოუკიდებელი დეპუტატი და ქუთაისელების ხმა ქუთაისის საკრებულოში. ყველაფერს გავაკეთებ, რომ სოციუმის ხმა სწორად ისმოდეს სხდომებზე.

img-20221105-wa0002-1667676387.jpg

მე ქუთაისის უდიდესი გულშემატკივარი ვარ და ჩემი ქალაქი ძალიან მიყვარს. ვთვლი, რომ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი ვარ და სწორედ ამიტომ მოვედი პოლიტიკაში.

ზოგადად, ისეთი ადამიანი ვარ, რომ არაფერს ვნანობ, რაც გამიკეთებია. საქმეს ყოველთვის გლობალურად ვუდგები და ამაზეც ასევე გიპასუხებთ - არაფერი არ უნდა ინანო, ყველაფერი შენი გამოცდილება, შენი ცხოვრებაა, აწმყო და მომავალია. ყოველთვის შეიძლება, რაღაც უკეთესად გააკეთო, უკეთესი შედეგი დადო, მეტი მიიღო, მაგრამ ამაზე კი არა, შინაარსიან და საინტერესო ქმედებაზე უნდა იყო ორიენტირებული. ჩემს გადაწყვეტილებებს, პირველ რიგში, მე უნდა ვცე პატივი და მერე - სხვამაც.

„პროგრესის“ თბილისის ფილიალი - გეგმები, მიზნები და სიახლეები

„პროგრესის“ თბილისის ფილიალი ერთ-ერთი წარმატებულია და პირველი იყო, რომელმაც ჩემი ყველაზე დიდი სურვილი განახორციელა - მულტიკულტურული გარემო შემექმნა, შესაძლებლობა მიმეცა როგორც ქართველი, ისე - უცხოელი ბავშვებისთვის, რომ მშვიდობიან, ჯანსაღ გარემოში ესწავლათ ერთად და დღეს ეს ასეა. ამერიკული აკრედიტაცია გვაქვს, რომელიც წლების წინ მივიღეთ, მეტი ხარისხი მივანიჭეთ და სახელმწიფოს დონეზე ვაღიარეთ, ანუ გავაკეთეთ მიმართვა აკრედიტაციის გავლაზე და ახლა ორმაგი აკრედიტაცია გვაქვს.

ამ ეტაპზე, საკუთარი ინფრასტრუქტურა არ გვაქვს, მაგრამ ყველაფერი ძალიან თანამედროვეა, ვგეგმავთ გაფართოებას და ახალი კამპუსის მშენებლობა იწყება, გამორჩეულია დიზაინი, არქიტექტურა, ამერიკული და ევროპული დონის ინფრასტრუქტურა - ეს ყველაფერი იგეგმება თბილისის „პროგრესში“, რისი ანალოგიც უკვე გვაქვს ბათუმში, და ვფიქრობთ, რომ არ გაგვიჭირდება!

მოკლედ, არ ვჩერდებით და წინ დიდი გეგმები გვაქვს, „პროგრესი“ თავის სახელს ყველგან ამართლებს და საუკუნეები გაამართლებს!

თამთა დადეშელი (სპეციალურად საიტისთვის)