"პუტინს ფობიები ტანჯავს, ლიკვიდაციის შიშს ვერ უმკლავდება..." - კვირის პალიტრა

"პუტინს ფობიები ტანჯავს, ლიკვიდაციის შიშს ვერ უმკლავდება..."

ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ამტკიცებენ, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია საქართველოს მთავარი მიზანი და ამოცანაა, თუმცა თუ მათ ქმედებებს გავაანალიზებთ, იბადება კითხვა, მართლაც ცდილობენ ამ მიზნის მიღწევას? მაგალითად, რაც ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ხდება, ნამდვილად არ აჩვენებს, რომ როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ოპოზიციისთვის ევროპული არჩევანი პრიორიტეტია. ბოლოს და ბოლოს, რას ცდილობს ჩვენი პოლიტიკური ელიტა და საით ექაჩება ქვეყანას? - ამ საკითხებზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ თენგიზ ფხალაძესთან.

pxaladzee.jpg

- ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნა, შესაბამისად, შევეცდები ვილაპარაკო იმაზე, თუ როგორ ჩანს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები უცხოეთიდან, ჩვენი დასავლელი პარტნიორების გადმოსახედიდან. საიმედოს ვერაფერს გეტყვით, მათთვის აშკარაა, რომ ჩვენი პოლიტიკური ელიტის განცხადებები თუ მოქმედება მთავარ თემებზე სულაც არ არის ორიენტირებული, მეტიც, ამ უმნიშვნელოვანეს თემებს საკუთარი ვიწროპოლიტიკური, უფრო მეტიც, პარტიული ინტერესებისთვის იყენებენ.

სამწუხაროდ, "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი თუ სახალხო დამცველის არჩევის პროცესი ძალიან ბევრ კითხვას ბადებს გამჭვირვალობაზე, ჩართულობაზე, პარტიული კარნახისგან თავისუფალ გადაწყვეტილებებზე... კიდევ ბევრი საკითხია, რომლებიც ბუნდოვანი და გაუგებარია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის. ყველაზე მთავარი და უარყოფითი ის არის, რომ ვჩანვართ როგორც პოლიტიკურად უმწიფარი საზოგადოება, რომელიც ვერ ახერხებს კონცენტრირებას ეროვნულ ინტერესებზე. ეს არის ყველაზე მძიმე და შემაშფოთებელი. როდესაც ვლაპარაკობთ ევროკავშირზე, ევროპულ ინტეგრაციაზე, საქმე შეეხება არა მარტო ამა თუ იმ პუნქტის თუ ვალდებულების შესრულებას, ან უარესი, შესრულების იმიტირებას, არამედ მთლიანად იმის წარმოჩენას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს ევროპულად, რაც ქვეყანაში მის ინკლუზიურობასა და ეროვნულ ინტერესებზე კონცენტრირებას ნიშნავს. აი, ამის დანახვა სურთ ჩვენს მეგობრებს საქართველოში, რასაც, სამწუხაროდ, ჯერ ვერ ხედავენ.

- "მთავარი არხის" დამფუძნებელსა და ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას სააპელაციო სასამართლომაც პატიმრობა მიუსაჯა, რასაც ჩვენი დასავლელი პარტნიორების მწვავე შეფასებები მოჰყვა. დასავლეთში მედიამენეჯერის ციხეში ჩასმა აღიქვეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებად და თავისუფალ სიტყვაზე ზეწოლის ცდად. "ქართული ოცნების" ხელისუფლება ამტკიცებს, რომ არ ერევა სასამართლოს საქმიანობაში და ეს პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენი არ არის, თუმცა მართლმსაჯულების თავისუფლების ცოტას თუ ვინმეს სჯერა. "იმ დროს, როდესაც საქართველოს ერთგულება მიუკერძოებელი სასამართლოსა და მედიაპლურალიზმის მიმართ განსაკუთრებული დაკვირვების საგანია, მთავარი ოპოზიციური ტელეარხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა", - ეს არის ამონარიდი საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებიდან.

- ეს ამბავიც სწორედ იმის გაგრძელებაა, რაზეც უკვე ვილაპარაკე. უშუალოდ გვარამიას საქმის სამართლებრივ დეტალებზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ როდესაც ლაპარაკია პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე, კითხვები ისმის ასე: გვარამია რომ არ იყოს პოლიტიკურად აქტიური, დადგებოდა კი დღის წესრიგში საქმის აღძვრა ან გამოიტანდნენ კი ამგვარ განაჩენს? ამასთანავე, იმავე შედეგით დასრულდებოდა თუ არა ყველა სხვა მოქალაქეებისთვის სასამართლო, რომლებიც ანალოგურ ქმედებას სჩადიან? აი, ამ კითხვებზე პასუხი, სამწუხაროდ, არ არის ერთმნიშვნელოვანი, რაც უფრო მეტ ეჭვსა და ვარაუდს აჩენს. ამიტომაც მოვისმინეთ მწვავე შეფასებები ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან. ფაქტია, რაც მოხდა, ამან ვერ გაამყარა ქართული მართლმსაჯულების სანდოობა, ვერც სიკეთე მოიტანა ქვეყნის იმიჯის გასაუმჯობესებლად. უფრო მეტი ეჭვი გააჩინა, რაც საბოლოოდ აზიანებს არა მარტო ნიკა გვარამიას, რომელიც პატიმარია, არამედ აზიანებს ქვეყნის პოლიტიკურ რეპუტაციას.

- ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ქვეყნის ინტერესშია, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალოს ნიკა გვარამია. ზურაბიშვილმა ბოლო ხანს "ქართული ოცნებისთვის" მიუღებელი არაერთი ნაბიჯი გადადგა. ელით, რომ შეიწყალებს "მთავარი არხის" დამფუძნებელს?

- მე ვერაფერს ვიტყვი ზურაბიშვილის ნაცვლად. შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციაა, მისი გადასაწყვეტია, რას იზამს. შეწყალება არ არის სასამართლოს მეოთხე ინსტანცია. ესაა აქტი, რომელსაც იყენებენ იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც, როგორც წესი, მისჯილი აქვს სასჯელი, მაგრამ განსაზღვრული მიზეზების ერთობლიობიდან გამომდინარე მას ამ სასჯელისგან ათავისუფლებენ ან უმსუბუქებენ კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით. პრეზიდენტი რას გაითვალისწინებს და რას არა, გამიჭირდება ამაზე კომენტარის გაკეთება. უკვე აღვნიშნე, რომ ეს ყველაფერი ხელს არ უწყობს საქართველოს საერთაშორისო იმიჯის გაუმჯობესებას. ამას მოწმობს ჩვენი დასავლელი პარტნიორების განცხადებებიც. ეს მოისმინა სალომე ზურაბიშვილმაც... პრეზიდენტი იმისთვისაა პრეზიდენტი, რომ შეაფასოს ფართო სურათი და არა ვიწროპარტიული თუ პოლიტიკური კონიუნქტურა და ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიიღოს შეწყალების გადაწყვეტილება.

- ხელისუფლების მოქმედებებს თუ დავაკვირდებით, თითქოს სპეციალურად იქცევა ისე, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების კრიტიკა დაიმსახუროს, თან საზოგადოებაში ცდილობს დაამკვიდროს აზრი, რომ თურმე ყველაფერს აკეთებენ კანდიდატობის მისაღებად, მაგრამ შესაძლოა თვითონ ევროკავშირი არ არის მზად საქართველოსთან მეტად დასაახლოებლად. რაღაც ჯადოსნური წრის შექმნას ცდილობენ...

- ჯერ ერთი, ევროკავშირს მთლიანად ან მის წევრ რომელიმე ქვეყანას ცალკე აღებულს რომ არ უნდოდეს საქართველო ევროკავშირში, ჩვენს ქვეყანას ევროპული პერსპექტივა არ ექნებოდა. საქმე ისაა, რომ ყველა ქვეყნის თანხმობა იყო საჭირო ამ პერსპექტივის გამოცხადებისთვის.

გაგახსენებთ გერმანიის კანცლერის განცხადებას, მე ვხედავ დიდ ევროპას ლისაბონიდან თბილისამდეო. ევროკავშირში ჩვენთან დაახლოების მზადყოფნა არის, მეტიც, მზადყოფნა იყო მაშინაც, როდესაც კანდიდატის სტატუსის მინიჭება განიხილებოდა. ჩვენ რომ არ დაგვეშვა შეცდომები, საქართველოს დღეს კანდიდატის სტატუსი ექნებოდა. ის, რომ მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს სტატუსი, ჩვენ კი არა, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ბრალია.

ჩვენ კიდევ გვაქვს მისი მიღების შესაძლებლობა, როგორც კი შევასრულებთ იმას, რაც შესასრულებელია. ძალიან ცოტა დრო გვაქვს იმისთვის, რათა ვაჩვენოთ, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები მიდის. ჩვენ თუ ეს მცირე დროც დავკარგეთ იმისთვის, თუ როგორ მოვიფიქროთ მიზეზები მარცხის შემთხვევაში და ვიმართლოთ თავი, გამოდის, მართლაც მარცხისთვის ვყოფილვართ განწირული. ჩვენი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ საქართველომ მიიღოს ის, რასაც თავისი კულტურით, ისტორიით, ღირებულებებით და გაღებული მსხვერპლით იმსახურებს და გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ამას გვეუბნებიან ჩვენი პარტნიორებიც, პასუხად კი უმადურობას იღებენ.

- გასულ კვირას ხანგრძლივი პაუზის შემდგომ პრემიერმა, როგორც იქნა, მოიწვია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა.

- რაღა დაგიმალოთ და, ძალიან გამიხარდა. სხდომის გამართვა კარგა ხანია საჭირო იყო. სხდომის შემდგომ საჯაროდ ითქვა, რომ სასწრაფოდ გასაახლებელია კონცეპტუალური დოკუმენტები, იქნება ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია თუ საფრთხეების შეფასების დოკუმენტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, სასიცოცხლოდ აუცილებელია ქვეყნისთვის და ნონსენსია, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ქვეყანა ამის გარეშე ცხოვრობს. ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები, თუ ეს პროცესი ნამდვილად დაიძვრება და დაიწყება მუშაობა. დღეს ქვეყნის წინაშე უამრავი გამოწვევაა, საფრთხეები მზარდია, ამიტომაც ამ დოკუმენტების შემუშავება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უპირველესი ამოცანაა.

- სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველი პირები პრაღაში შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სოჭში მიიწვია. აშკარაა, რომ რუსეთი ძალიან ცდილობს შეინარჩუნოს გავლენა სამხრეთ კავკასიაში.

- უკრაინაში პოზიციების დაკარგვის კვალდაკვალ, რუსეთი სუსტდება, რაც აისახება ყველაფერზე, მათ შორის სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებზეც. გამომდინარე იქიდან, რომ ამ კონფლიქტში რუსეთის ნეგატიური როლი საკმაოდ დიდია, მისი დასუსტება კრემლის გავლენის "შემსუბუქებასაც" ნიშნავს. ამის მაგალითი იყო სოჭში შეხვედრა, რომლის შემდეგაც არაფრისმთქმელი განცხადება გაავრცელეს.

დღეს სამხრეთ კავკასიაში მიმდინარეობს სულ სხვა პროცესი, რომელშიც აქტიურად ერთვება ევროკავშირი. ლაპარაკია აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის ზონაში ევროკავშირის მისიის შესვლაზე. ასევე აქტიურობს აშშ-ც. თქვენ ახსენეთ პრაღის შეხვედრა. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ რაც პრაღაში მოხდა, დიდი ნაწილი უცნობი დარჩა ქართველი საზოგადოებისთვის. ეს შეხვედრა ნაწილი იყო იმ დიდი სამიტისა, რომელიც პირველად გაიმართა ამ ფორმით. ეს იყო ერთგვარი ძალის მოსინჯვა ახალი ტიპის ევროპული გაერთიანებისთვის, იმსჯელეს, თუ როგორი უნდა იყოს მომავალი ევროპა. სამიტს ესწრებოდნენ ევროკავშირის წევრი და არაწევრი ევროპული ქვეყნები, მათ შორის საქართველოც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთი სესიის, რომელიც უსაფრთხოებას შეეხებოდა, თანათავმჯდომარე საქართველო იყო. ჩემი შეფასებით, პრაღაში უმნიშვნელოვანესი პროცესი დაიწყო. ნამდვილად მიხარია, რომ მასში საქართველო არა მარტო მონაწილეობდა, არამედ თავისი როლიც ჰქონდა. მნიშვნელოვანია, რომ ეს როლი კიდევ უფრო გაიზარდოს, მით უფრო, როდესაც ლაპარაკია აზერბაიჯან-სომხეთის საკითხის გადაწყვეტაზე. მერწმუნეთ, ეს პრობლემა თანდათან მოგვარდება რეგიონზე რუსეთის გავლენის შესუსტების კვალდაკვალ... ბოლოს და ბოლოს, რუსეთს მოუწევს ამ რეგიონის დატოვება და აქ გაძლიერდება დასავლური ვექტორი, ასევე ევროკავშირისა და თურქეთის გავლენა. ამ პროცესში ჩვენ არ უნდა დავრჩეთ თამაშგარედ და ჩვენი სიტყვა უნდა ვთქვათ.

- უკრაინაში მიმდინარე ომზეც უნდა გკითხოთ. ბოლო დროს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ უკრაინულმა სამხედრო ძალებმა ერთგვარი პაუზა აიღეს, მნიშვნელოვანი წინსვლა აღარ ჩანს. თქვენი აზრით, როგორი ზამთარი ელის უკრაინას და, ბოლოს და ბოლოს, როდის დასრულდება ომი?

- ძალიან მეეჭვება ამ ეტაპზე ვინმემ შეძლოს ომის დასრულების პროგნოზირება. რაც შეეხება თქვენს ნახსენებ პაუზას, მე არ მრჩება ამგვარი შთაბეჭდილება. ყოველდღე ვრცელდება ინფორმაცია პატარ-პატარა დასახლებული პუნქტების დაბრუნებაზე, ამასთან, ვფიქრობ, დღეს მიდის სერიოზული სამზადისი უფრო დიდი ბრძოლისთვის, რასაც უნდა მოჰყვეს ხერსონის გათავისუფლება და ეს იქნება ომის მიმდინარეობაში გარდამტეხი ეტაპი. თუ ისეთი აქტიურობა ვეღარ არის, ამაში სხვადასხვა ფაქტორმა ითამაშა როლი, მათ შორის კლიმატურმა პირობებმა. თუმცა აშკარაა, რომ უკრაინის უპირატესობა იზრდება, რასაც ოკუპანტებიც გრძნობენ.

მობილიზაცია რუსეთისთვის სრული კრახი იყო. ამიტომაც გამოაცხადა პუტინმა მისი დასრულების შესახებ. მიხვდა, რომ ეს ვერ მოუტანს ვერც სამხედრო წარმატებას და ვერც ქვეყანაში პოლიტიკური სახის დივიდენდებს. რუსეთში ვითარება ძალზე მძიმეა, ძალოვან უწყებებს შორის დიდი დაპირისპირებაა.

თუკი ვლაპარაკობთ იმაზე, თუ როგორი იქნება ზამთარი, უპირველესად უნდა ვიკითხოთ, როგორი იქნება ზამთარი რუსეთისთვის, ამ ორიოდე დღის წინ საინტერესო რამ მოხდა - სელექტორულ თათბირზე, რომელიც ონლაინ იმართებოდა, რუსეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს შუქი ჩაუქრათ, რაც ძალიან ნიშანდობლივი რამ არის იმ ქვეყნისთვის, რომელიც მთელ მსოფლიოს გაყინვითა და შიმშილით ამოხოცვით ემუქრება. პუტინს ძალზე შეუმცირდა იმ პირების რიცხვი, რომლებთანაც პირადად ურთიერთობს. უმეტესად ონლაინ უძღვება მთავრობის სხდომებსა თუ სხვა თათბირებს. როგორც ჩანს, მას ფობიები უტევენ და ლიკვიდაციის შიშს ვერ უმკლავდება. რაც შეეხება ევროპულ ზამთარს, როგორც ბოლო ინფორმაციით ირკვევა, ევროპას გაზის მარაგები, ფაქტობრივად, 100%-ით შევსებული აქვს, რაც არა მარტო ამ ზამთარს ეყოფა, არამედ მის შემდეგაც... ამასთანავე, ევროპის ენერგობაზარი გაცილებით უკეთესად არის დღეს დივერსიფიცირებული, ვიდრე ომის დაწყებისას იყო და ამაშიც აქვს საქართველოს თავისი როლი. მოგეხსენებათ, აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის მიწოდების გაორმაგებაზეა ლაპარაკი, რაც საქართველოს მონაწილეობის გარეშე არ გამოვა.

ამის გარდა, რუსეთისთვის დაწესებული ახალი სანქციები შევიდა ძალაში და კიდევ ერთი პაკეტი ახალ წლამდე შევა, რაც ძალიან დიდი დარტყმა იქნება რუსეთისთვის, განსაკუთრებით მისი ნავთობმრეწველობისთვის. იცით, რომ რუსეთს უდიდესი პრობლემები აქვს მძიმე და სამხედრო მრეწველობაში, წარმოება ნახევარ სიმძლავრეზეც ვერ მუშაობს. იმდენად რთული მდგომარეობა აქვს, რომ ჩრდილოეთ კორეიდან ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეტანაზე გააფორმა ხელშეკრულება. კრემლს უჩნდება პრობლემები ჩინეთთანაც, რომელიც მოკავშირედ მიაჩნდა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ ჩინეთის ეკონომიკურ პროექტებს სერიოზული პრობლემები შეექმნა მთელ მსოფლიოში სწორედ იმ პოლიტიკური პოზიციის გამო, რაც რუსეთთან დაკავშირებით აქვს. შედეგად რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა.

უკრაინისთვისაც ეს ზამთარი რთული იქნება და ეს მოსალოდნელიც იყო. ამ ქვეყანაში ომია, მაგრამ პარალელურად იზრდება დასავლეთის დახმარების პაკეტები, მათ შორის აშშ-დანაც. ამ პაკეტებში იგულისხმება არა მარტო ფინანსური, არამედ სამხედრო დახმარებაც, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებითაც.

რუსეთმა ხორბლის საკითხით შანტაჟითაც ვერაფერს მიაღწია. განაცხადა, რომ გავიდა მარცვლეულის შესახებ შეთანხმებიდან, მაგრამ ამაზე დასავლეთის პასუხმა აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანობა. სწორედ ამის დემონსტრირება იყო ის, რომ მსოფლიო არ დაჰყვა რუსეთის შანტაჟს და ექვსივე დატვირთული გემი გავიდა უკრაინის პორტებიდან, რუსეთმა კი ვერაფერი გააკეთა, მეორე დღეს კი განაცხადა, შეთანხმებას ვუბრუნდებიო. მითი რუსეთის ძლიერების შესახებ უაღრესად გადაჭარბებულია. იმპერია ნამდვილად სუსტდება, მაგრამ დღეს რთულია იმის თქმა, როდის დასრულდება ომი.