„თეთრი სიკვდილი“ - კვირის პალიტრა

„თეთრი სიკვდილი“

კვირა არ გავა, ქართველმა სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულში მხილებული პირები, მათ შორის, ნარკორეალიზატორები არ დააკავონ. სპეცოპერაციები აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში."შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას ნარკოდანაშაულისა და ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ... თბილისში, ბათუმსა და სხვადასხვა ქალაქში დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკოდამნაშავე და რეალიზატორი. ამოღებულია სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება, დიდი რაოდენობით და ასევე, რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. ამ ადამიანებს ქვეყანაში ნარკოტიკები სხვადასხვა გზით შემოჰქონდათ. დაკავებული არიან როგორც საქართველოს, ისე უკრაინის, ყაზახეთისა და რუსეთის მოქალაქეები. საუბარია ისეთ ნარკოტიკებზე, როგორიცაა ჰეროინი, კოკაინი და სხვა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.ტერიტორიული მთლიანობისა და სიღარიბის პრობლემის შემდეგ, ნარკომანია საქართველოში მესამე ადგილზეა, რისი წყალობითაც­ ჩვენი გენოფონდი ნადგურდება. მსოფლიო ნარკოსცენისთვის უდიდესი გამოწვევაა ახალი ნარკოტიკული ნივთიერებები. დადგენილია, რომ 2004 წლიდან, ფაქტობრივად, კვირაში ერთი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება იქმნება, რომლებიც შესაბამისი კონვენციების რეგულაციაში ხვდება და რეალიზაცია ლეგალურობის საფარქვეშ ხდება. ბოლო წლებში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ თბილისში მომხმარებელთა დაახლოებით 20% მოიხმარს ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, თუმცა არავინ იცის, რას და რა დოზით. კვლევებით დადასტურებულია, რომ ახალი ბიოქიმიური და სინთეზური ნივთიერებები 40-50-ჯერ უფრო ძლიერმოქმედია, ვიდრე ჰეროინი. აქედან გამომდინარე, ზედოზირებისა და სიკვდილიანობის დიდ რისკს შეიცავს. საქართველოში არსებულ იატაკქვეშა ლაბორატორიებში შემოსულ ნარკოტიკებს სხვადასხვა ქიმიური მინარევით აჯერებენ­ და ე.წ. მკვლელი ნარკოტიკები ქვეყანაში ვრცელდება. ამ საკითხზე პოლიტიკისა და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორ ვახტანგ­ მაისაიას ვესაუბრეთ:

- ნარკოტრაფიკის მარშრუტი ბევრი და მრავალფეროვანია, თითქმის ყველა მიმართულებით. ახლა ავღანეთში ოპიუმის­ მეორე მოსავლის აღების პერიოდია და ეს მიმართულება უფრო აქტიურდება. გაეროს­ კვლევებით, მხოლოდ ავღანეთიდან ევროპისკენ ნარკოტიკის ასზე მეტი მარშრუტია. მათგან სამ ათეულზე მეტი სამხრეთ კავკასიაზე გადის. ჩვენთან, ძირითადად, ავღანურ ოპიუმზე ნარკოტრაფიკის მიმართულებაა. არსებობს ორი ძირითადი გეოსტრატეგიული ნარკოტრაფიკული ბუდე: ე.წ. ოქროს ნახევარმთვარე და ოქროს სამკუთხედი. "ოქროს სამკუთხედი" მოიცავს აზიურ ნარკოტრაფიკს (აზიაში­ მოყვანილ ოპიუმს), ხოლო ავღანეთში არის უკვე ავღანური ჰეროინი და ადგილობრივი ოპიუმი. "ოქროს სამკუთხედის" მიმართულება მოიცავს ლაოსის,­ ტაილანდისა და კამბოჯის ტერიტორიებს, სადაც დიდი რაოდენობით აზიური ოპიუმი მოჰყავთ. "ოქროს ნახევარმთვარე"­ ოში, ფერღანა, ჰერათი, ჯალალაბადი და ყარაჩის მიმართულებას მოიცავს. არსებობს რამდენიმე ნარკოდაჯგუფება, მათ შორისაა ყარაჩის, ასევე, "თალიბანის მოძ­რაობის" დაჯგუფება. არის ავღანური და ცენტრალური­ აზიის ჯგუფი - ტაჯიკური, უზბეკური, რომლებიც ერთიან კრიმინალურ სინდიკატს ქმნიან და მათ შეიძლება ავღანეთის მაღალჩინოსნები მფარველობენ. საქართველომდე აზიური "ოქროს სამკუთხედიდან" წამოსული ნარკოტრაფიკი ნაკლებად მოდის (ის, ძირითადად, წყნარი ოკეანეთის სამხრეთ მიმართულებაზეა გათვლილი). ახლახან გაეროდან მივიღე ინფორმაცია, რომ ე.წ. ოქროს ნახევარმთვარის ნარ­კოკარტელების დაჯგუფების შემო­სავალი­ მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში­ არნახულად გაიზარდა, სუფთა მოგებამ 425 მილიონიდან მილიარდ 400 მილიონ დოლ­არამდე შეადგინა. 32%-ით გაიზარდა "ნახევარმთვარის" (უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ავღანეთი, პაკისტანი) მიერ ოპიუმის მოყვანის მასშტაბიც... ჩვენთან უმეტესად ავღანური, პაკისტანური­ და ცენტრალური აზიის ჰეროინი შემოდის. ამისთვის სამი ძირითადი მიმართულებაა: 1. რუსეთის მიმართულება (ციმბირის ტრასები); 2. ცენტრალური აზიის და კავკასიის; 3. სამხრეთი მიმართულება (ავღანეთი, ირანი, თურქეთი, ბალკანეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები) - ანუ ნარკოტრაფიკის სამი ძირითადი არტერიაა და მასში კიდევ სხვადასხვა განშტოებაა. მაგალითად, სააკაშვილის პერიოდში მოქმედებდა ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებაც (აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებასთან ერთად), როცა საქართველოში შემოსული ჰეროინი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მიდიოდა. ახლა მარშრუტი გადაკეტილია და, ძირითადად, ცენტრალური აზიიდან, ირანიდან აზერბაიჯანში, შემდეგ კი ჩვენს ტერიტორიაზე შემოდის. არაა გამორიცხული, ამ მხრივ დღეს უკრაინის ტერიტორიაც იყოს ათვისებული, ვინაიდან ომის პერიოდში შედარებით იოლია ნარკოტრაფიკი. ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს იმავე "ვაგნერის ჯგუფსა" და სხვა კერძო სამხედრო კომპანიებს. რუსეთში არის დაახლოებით 5 სამხედრო კომპანია (ერთ-ერთია "ვაგნერი", რომელიც მუშაობს ფერადი ლითონისა და ძვირფასი ქვების კონტრაბანდაზე), რომლებიც ნარკოტრაფიკზეც მუშაობენ. რუსეთის საოკუპაციო შეიარაღებული ძალები, ბუნებრივია, ნარკოტრაფიკს რბილ ძალად იყენებენ. ნარკოტრაფიკის მიზანმიმართული განვითარება ბალტიისა და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით სერიოზული იარაღია.2001-2002 წლებში ჩვენთან ორი ნარკომარშრუტი გადიოდა ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებით: 1. ოკუპირებული აფხაზეთი­-აჭარა-თურქეთი; და 2. ჩრდილო კავკასია-პანკისი-ქვემო ქართლი-თურქეთი. მარშრუტებს სხვადასხვა რუსული დაჯგუფება აკონტროლებდა, რომლებიც შევარდნაძის პერიოდში საკმაოდ ძლიერი იყვნენ. იყო ბერეზოვსკისა და ადგილობრივი საველე მეთაურების (ბასაევის და სხვ.), ასევე, ე.წ. რუსული სამხედრო დაზვერვის მიმართულება, რომელშიც აფხაზი სეპარატისტებიც მონაწილეობდნენ.

- გვახსოვს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეშფოთება, საქართველო ერთგვარი ნარკოსატრანზიტო კორიდორი გახდაო.

- დიახ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მთელ საქართველოს გულისხმობდა, არა მარტო ოკუპირებულ ტერიტორიებს. სააკაშვილის დროს დასავლეთ-აღმოსავლეთისა და სამხრეთ-ჩრდილოეთის­ სერიოზ­ული ნარკოტრასა არსებობდა და ის წლების განმავლობაში იყო აპრობირებული... სტრატეგიულ-ანალიტიკური­ გათვ­ლების შედეგად, ამის თაობაზე­ განვაც­ხადე კიდეც "კვირის პალიტ­რაში",­ თქვენთან­ ინტერვიუში, რომ ეს ტვირთი, 4 ტონა ჰეროინი, ე.წ. ალაჰის ცრემლები "თალიბანის" დაჯგუფებას ეკუთვნოდა. მაშინ სწორედ ამის საფუძველზე გააკეთა გან­ცხადება­ ყოფილმა შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ, სქემა­ გავშიფრეთო, და "თალიბანი" პიროვნებად მოიხსენია. მერე მინისტრი მაბრალებდა, მაისაიამ არ იცოდა, "თალიბანი" კაცი რომ იყოო? როცა ჩვენი სტატია შეუტანეს, უთქვამს, ესენი ტყუილს არ დაწერდნენო, გამოვიდა და განაცხადა, სქემა გავშიფრეთო­ და, "თალიბანი" ნარკოკარტელის ბოსად­ მოიხსენია. ჩვენი ინფორმაცია­ შემდგომში დადასტურდა კიდეც, რაც "კვირის პალიტრის" დამსახურებაცაა.

- ბოლო დროს ლაპარაკია საქართველოში იატაკქვეშა ლაბორატორიებზეც, სადაც შემოსულ ნარკოტიკებს სხვადასხვა ქიმიური მინარევით აჯერებენ ე.წ. მკვლელი ნარკოტიკების მისაღებად.

- ასეთი ლაბორატორიების ქსელი სატრანზიტო კომუნიკაციების გზაზეა, რათა უფრო მეტად აითვისონ ნარკოტიკები. ნამდვილი აზიური ოპიუმი სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს, მაგრამ მერე, როცა მინარევებით აჯერებენ ქიმიური და ბიოლოგიური დამუშავების შედეგად, უკვე მომაკვდინებელია. ნარკოკარტელებს შორის სერიოზული კონკურენციაა, ამიტომ ყველა­ ცდილობს ძლიერმოქმედი ნარკოტიკული საშუალებები გამოიმუშაოს. ნარკოკარტელების თემა 12-პუნქტიან რეკომენდაციაშიც­ არის შეტანილი, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კონტექსტში ეს მომენტიც იგულისხმება.

- როგორც ამბობენ, იატაკქვეშა ლაბორატორიებში ასევე გადაამუშავებენ ამფეტამინს, რომელსაც მომხმარებელთა სიცოცხლე ეწირება.

- ამფეტამინი ძალზე საშიში და წამალდამოკიდებულების სწრაფად გამომწვევი ნივთიერებაა, რომელსაც ნეიროტოქსიკური ზემოქმედება აქვს. ამფეტამინი ტრანზიტით შავ ბაზარზე დაფასოებული, უსუნო თეთრი ფხვნილის ფორმით გვხვდება, ლაბორატორიებში კი ფხვნილს თხევადი სახით გადაამუშავებენ. მას ინიექციითაც იღებენ, არის დასალევი სახეობაც. თავდაპირველად მოდის ავღანური თუ აზიური ნედლი ნივთიერება და შემდგომ ქიმიური მინარევებით მიიღება უკვე სხვა ტიპის პროდუქტი, რომელსაც სხვა დასახელება ენიჭება, შესაბამისად, ღირებულებაც უფრო მაღალია. მზადდება ძალიან საშიში და ძლიერმოქმედი, ტექნიკურად დამუშავებული ქიმიური ნარკოტიკები და ამას ისიც ემატება, რომ ტექნოლოგიური პროცესები უფრო ვითარდება. ტრილიონობით­ დოლარზეა ლაპარაკი და, ბუნებრივია, ნარკოკარტელებს აქვთ შესაძლებლობა, შეიძინონ უახლესი ტექნოლოგიები, რომლებიც კიდევ უფრო ზრდის ნარკოტიკების დამუშავების დონეს. ფაქტობრივად, უკვე შეიძლება ვილაპარაკოთ მეოთხე თაობის ნარკოტიკებზე, რომლებიც გამოირჩევა ტექნიკურად მაღალი დამუშავებით და მაღალი სიკვდილიანობით.

სინთეზური და ბიოქიმიური ნარკოტი­კების ნაწილი შეიძლება დამუშავებული­ იყოს ცენტრალურ აზიაში, ნაწილი­ - კავკა­სიაში, ზოგიც თურქეთის ან ბალკანეთის­ ტერიტორიაზე. გააჩნია, რომელ კარტელს როგორი დონის ლაბორატორია აქვს და ჩვენ რომელ სეგმენტში ვართ. გასარკვევია, ჩვენთან რა ტიპის ლაბორატორიებია.

- დღე არ გავა, საქართველოში ნარკოგამსაღებლები არ დააკავონ. მართალია, ამ პრობლემას მსოფლიო მასშტაბით ვერაფერი აღმოფხვრის, თუმცა, ალბათ, შესაძლებელია მასთან რაღაც დონეზე გამკლავება.

- ამ პრობლემის აღმოფხვრა შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია შევიწროება. ალბათ, უნდა მივიღოთ ნარკოკარტელების შესახებ სპეციალური კანონი (და არა ნარკომოვაჭრეების, ეს ცალკე საკითხია) და შევიმუშაოთ მასთან ბრძოლის სპეციალური სტრატეგია. ნარკოკარტელები ერთიანი ორგანიზებული დანაშაულია, რომელიც მოიცავს სხვადასხვა მნიშვნელოვან კომპონენტს. ლაპარაკია უკვე საერთაშორისო ტიპის სინდიკატურ დაჯგუფებებზე, რომლის 3 დონეა ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო. ეს მომენტი აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ჩვენმა კანონმდებლებმა ეროვნული სტრატეგიის კონტექსტში. შესამუშავებელია ნარკოკარტელურ დაჯგუფებებთან ბრძოლის სტრატეგია. უფრო უნდა გაიზარდოს მასშტაბი, მარტო 1 და 2 ნარკომოვაჭრეს არ უნდა დასდევდეს მთელი უწყება. აუცილებელია ნარკოდანაშაულთან ბრძოლის სპეციალური სამსახურის შექმნა. ასევე,­ პრეზიდე­ნტთან უნდა შეიქმნას სპეციალური საკოორ­დინაციო საბჭო და შემოღებულ იქნეს სპეციალური მრჩევლის თანამდებობაც. შევარდნაძის დროს არსებობდა ნარკომანიასთან ბრძოლის სამსახური, ეროვნული ბიურო, რომელსაც ბატონი­ ჯემალ ჯანაშია ხელმძღვანელობდა. სააკაშვილის დროს ის გაუქმდა, რაც შეცდომა იყო. მიმაჩნია, რომ სპეციალურ საბჭოსთან ერთად, სპეცსამსახურის შექმნაც საჭიროა. სამწუხაროდ, ამის საჭიროება არავის ესმის.