„მე ზოგიერთი ოპოზიციონერის ადგილას შემრცხვებოდა“ - კვირის პალიტრა

„მე ზოგიერთი ოპოზიციონერის ადგილას შემრცხვებოდა“

"გვინდა გვარამია იყოს თავისუფალი? - ერთიანობა! გვინდა სააკაშვილი იყოს თავისუფალი? - ერთიანობა! ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი გვინდა? - ერთიანობა! სანამ დიდ ერთობას არ დავინახავთ, ყველა ილუზია უნდა მოვისპოთ. ერთიანობის გარდა, გამარჯვების სხვა ალტერნატივა არ არსებობს, - ამბობენ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერები. "მზად ვართ ისეთი საკითხებიც კი განვიხილოთ, რომლებსაც უსუფაშვილი გვთავაზობს. ეს უნდა იყოს საერთო მოლაპარაკებისა და შეთანხმების შედეგი. ახლა პოლიტიკურ განსხვავებებზე საუბრის დრო არ არის", - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ. ცნობისათვის: პოლიტიკური პარტია "ლელოს" დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა ოპოზიციის შესაძლო გაერთიანების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჭიროა პარტიების "გამსხვილება". ჟურნალისტების კითხვაზე, გულისხმობს თუ არა ამაში რამდენიმე პოლიტიკური პარტიის დაშლას და შემდეგ მათ ბაზაზე ახალი ძალის აღმოცენებას, დავით უსუფაშვილმა განაცხადა: "დიახ, ძალიან კონკრეტული ფორმულაა შეთავაზებული. "ლელო" იმას კი არ ამბობს,­ მოდი, მე შემომიერთდითო. ახლა ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია "ოცნებიდან" მიგრირების პროცესში მყოფ ამომრჩეველზე­, რომელსაც გააზრებული აქვს, რომ "ოცნებამ" ბევრი კარგი დაპირება გასცა, მაგრამ არ შეასრულა". სანამ "სტრატეგია აღმაშენებლისა" და "ლელოს" დეპუტატები ოპოზიციურ ერთობასა თუ გაერთიანებაზე ლაპარაკობდნენ, ექსპრეზიდენტმა მარგველაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდა: "ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც მოახდენს ხელისუფლების ლუსტრაციას, გამოიყვანს ოპოზიციას პარლამენტიდან და დაძაბავს სიტუაციას, არის პოზიტივი. უნდა იმოქმედოთ, უნდა დატოვოთ პარლამენტი. ეს არ გადაწყვეტს სიტუაციას, მაგრამ დაძაბავს და მოახდენს ლუსტრაციას. ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომლებისგანაც 24-საათიან ლანძღვას ვისმენთ ჩვენს ხელისუფლებაზე,­ ამ ნაბიჯში წამოგყვებიან". ბრძოლის რა სტრატეგიაზე შეიძლება­ შეთანხმდეს ოპოზიცია, რა პერსპექტივა აქვს საერთო ფრონტის შექმნას, ამას პაატა მანჯგალაძესთან საუბრისას გავარკვევთ.

- ერთიანობის იდეა და საერთო ფრო­ნტის შექმნა საქართველოს გადარჩენის გზაა და ჩვენ მზად ვართ მსგავსი საკითხების განსახილველად, მაგრამ უნდა დავიწყოთ ნაბიჯების გადადგმა ერთმანეთისკენ. სამწუხაროა, რომ ჩვენს პოზიციას ოპოზიციის ნაწილიც არ იზიარებს.­ გასაგებია, ირაკლი კობახიძე რატომ გვესხმის თავს, მაგრამ გაუგებარია ოპოზიციის ლიდერების თავდასხმა იდეაზე, რომ ერთიანი ფრონტით ჩამოვაშოროთ ქვეყანას ოლიგარქიული რეჟიმი­, რადგან ის სამი მოსამართლე, რომლებმაც ნიკა გვარამიას განაჩენი გამოუტანეს, იგივე­ ივანიშვილია. სალომე ზურაბიშვილიც ივანიშვილის ვითომ პროდასავლური ფრთაა, კობახიძე-ღარიბაშვილიც ივანიშვილია. შესაბამისად, თუ ყველგან ოლიგარქია, ჩვენ არ გვრჩება პოლიტიკურ განსხვავებაზე საუბრის დრო.

- უსუფაშვილის შემოთავაზებული ფორმულის განხილვისთვის თქვენი მოკავშირე "გირჩი"­ და "დროაც" მზად არიან?

- მე ამ კონკრეტულ ინიციატივაზე მხოლოდ ჩემი პარტიის სახელით ვსაუბრობ. მწამს, რომ ის, რაზეც უსუფაშვილი აკეთებს­ აქცენტს, საერთო შეთანხმების შედეგი უნდა იყოს, რაც შეეხება ექსპრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადებას პარლამენტის დატოვების თაობაზე, ჩემი აზრით, საკანონმდებლო ორგანო მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დავტოვოთ, თუ მმართველი გუნდისთვის დისკომფორტის შექმნას შევძლებთ.

- როდესაც თქვენი პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, პარლამენტს მხოლოდ შესაბამისი პირობების შექმნის შემთხვევაში დავტოვებთო, ამას გულისხმობდა თუ კიდევ სხვა პირობაც გჭირდებათ?

- ზუსტად ამას გულისხმობდა. ორი-სამი დეპუტატის პარლამენტიდან გასვლით "ქართულ ოცნებას" დისკომფორტი მაინც არ შეექმნება. ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ხომ ვერ მოიყვანს?! პირიქით, ხელისუფლებისთვის კომფორტი იქნება, თუ მამხილებლები მოაკლდება პარლამენტში. საერთო ოპოზიციური გადაწყვეტილება კი ნამდვილად მოახდენს გავლენას როგორც პარლამენტის შიდა კონსტრუქციაზე, ისე ხელისუფლების იმიჯზე საერთაშორისო მასშტაბით. შესაძლებელია პარლამენტის დატოვება, მაგრამ ეს უნდა იყო ოპოზიციის საერთო სტრატეგიის ნაწილი და არა რამდენიმე კაცის სასოწარკვეთილი ნაბიჯი.

- იყო დრო, როდესაც პარლამენტის­ ბოიკოტი მთელი ოპოზიციის სტრატეგია­ იყო, მაგრამ ხელისუფლებისთვის მხოლოდ რამდენიმეკვირიანი დისკომფორტის შექმნა მოახერხეთ,­ შემდეგ კი "ლელოსა" და კიდევ რამდენიმე დეპუტატთან ერთად პარლამენტში შეხვედით და დანარჩენი ოპოზიცია გაანაწყენეთ. ახლა რის საფუძველზე გაქვთ უკეთესი შედეგის იმედი?

- ახლა განსხვავებული რეალობაა. ჩვენ მაშინ პარლამენტში შესვლა გადავწყვიტეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქმეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ასევე ბაიდენის­ სახელმწიფო ადმინისტრაცია ჩაერია და შარლ მიშელის დოკუმენტის სახით სხვადასხვა რეკომენდაციის შესრულება დაავალეს. ჩვენ ახლაც მზად ვართ ამ პირობების შესრულებისთვის, მაგრამ "ოცნებამ" ეს დოკუმენტი თავზე გადაახია დასავლელ პარტნიორებს. ვინაიდან "ოცნება" დასავლელი პარტნიორების რეკო­მენდაციებს არ ასრულებს და ქვეყანას ევროპის ნაცვლად რუსეთში მიაქანებს,­ წინააღმდეგობის სხვადასხვა ფორმაზე უნდა ვიფიქროთ.

- განსხვავებულ რეალობაში თუ დასავლე­ლი­ პარტნიორების მოწოდებებს გულისხმობთ,­ ისინი ახლაც მოგიწოდებენ, 12-პუნქტიანი რეკომ­ენდაციების შესასრულებლად ერთობლივად იმუშ­აოთ, მაგრამ ამას არ ითვალისწინებთ.

- "ოცნებამ" თავად დაადასტურა, რომ ჩვენ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც მმართველი გუნდის შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მუშაობაზე უარი ვთქვით. რა წამოიღეს ამ ფორმატში მომუშავე ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა, თუნდაც სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფიდან?! თურმე დაშტრიხვის გარეშე სასამართლო აქტების გამოქვეყნება ყოფილა რეკომენდაციის შესრულება! დეოლიგარქიზაციის კანონზე მუშაობით კი ის მიიღეს,­ რომ ოპოზიციის სავარაუდო დამფინანსებლები უნდა მიიჩნიონ ოლიგარქებად და არა ბიძინა ივანიშვილი. არ რცხვენიათ იმ ოპოზიციონერებს, რომლებმაც ამ სამუშაო ჯგუფებში იმუშავეს?! მე მათ ადგილას შემრცხვებოდა. ჩვენ ვიცოდით, რომ "ოცნება"­ ამას გააკეთებდა, ამიტომ მისი მხილება გადავწყვიტეთ. ახლა ოპოზიციას ისევ ვაფრთხილებთ - თუ ერთად არ დავდგებით, ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნულ მმართველობას ვერ დავამარცხებთ.

- მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ უკვე უარი განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებელსა" და სხვა პატარა პარტიებთან საერთო სიებისა­ და ტექნიკური საკითხების განხილვაზე. ნიკა მელიამ პირდაპირ თქვა, რომ არ სურს საკუთარი პარტიის ზურგით პარლამენტში სხვა ოპოზიციური პარტიების შეყვანა. ფიქრობთ, რომ უსუფაშვილის ინიციატივას ოპოზიციური­ პარტიების გაუქმებისა და ერთი საერთო პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბების შესახებ დაეთანხმება?

- ჯერ ერთი, ჩვენც არა ვართ თანახმა, რომ ახლავე დავშალოთ ჩვენი პარტიები.­ თუ ხელისუფლებიდან პრორუსული "ოცნების" ჩამოშორებისა და ევროპაში ინტეგრაციისთვის ასე იქნება საჭირო, ჩვენ მზად ვიქნებით პარტიული ბრენდის გასაუქმებლად. მე ერთიანობის იდეის მჯერა. რაც შეეხება "ნაცმოძრაობას", თუ არ წამოვა შეთანხმებაზე, დაირქვას მთავარი ოპოზიციური პარტია, იყოს ოპოზიციაში. ათი წელია უკვე ოპოზიციაში არიან და კიდევ ათი წელი იქნებიან.

ხათუნა ბახტურიძე