"თუ რუსეთის დაშლაზე მიდგა საქმე, ეს გარედან არ მოხდება" - კვირის პალიტრა

"თუ რუსეთის დაშლაზე მიდგა საქმე, ეს გარედან არ მოხდება"

როგორ და როდის შეიძლება დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი და რა მოჰყვება ომის ფინალს რუსეთისთვის? - ამ თემაზე სასაუბროდ ექსპერტ მამუკა არეშიძეს დავუკავშირდით:

- ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ზამთარს ვინ როგორ გადაიტანს. უკრაინაზე­ თუ ვილაპარაკებთ, იქ ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომლებიც უკრაინას,­ განსაკუთრებით ამ ბოლო დროს, გაუჩნდა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც რუსებმა მიზანმიმართულად შეუტიეს ქვეყნის ინფ­რასტრუქტურას, ენერგომომარაგებისა და გაზმომარაგების სტრუქტურებს, სწორედ მოსახლეობისთვის მაქსიმალური დისკო­მფორტის შესაქმნელად, რათა ისინი დაპირისპირებოდნენ თავიანთ ხელისუფლებას. უკრაინაში ცივი ზამთარი იცის და ხვდებით, ალბათ, რა რთულ მდგომარეობაში ჩავარდება მოსახლეობა არა მარტო კიევში, რომელიც სანახევროდ ჩაბნელებულია, არამედ სხვა ქალაქებშიც.

დღეს მორალური და ხარისხობრივი უპირატესობა უკრაინის მხარესაა. ეს აშკარაა. სერიოზული სოციალური და ეკონომიკური პრობლემებია რუსეთშიც. ქვეყანაში ძლიერდება ხალხის უკმაყოფილება...

მოდი, განვიხილოთ ასეთი სცენარი - იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მარცხი გაგრძელდა ზამთრის შემდეგაც, უნდა ვიცოდეთ, რა უნდათ მხარეებს. რუსეთის ამოცანა გასაგებია, სურს როგორმე შეინარჩუნოს მოპოვებული­ - თვითაღიარებული რეგიონები და მათთან ახლოს მყოფი ბუფერული­ ზონები, იმიტომ, რომ საბოლოოდ კიევის აღება, დენაციფიკაცია და ასე შემდეგ ვერ შესრულდება. უკრაინული მხარის ამოცანაა მთელი ტერიტორიის გაწმენდა რუსული არმიისგან და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება. რაც შეეხება კოლექტიურ დასავლეთს, აშშ-ს, მათი ამოცანაა რუსეთის მაქსიმალურად დასუსტება, რუსეთის გადაქცევა მათ მიმართ ლოიალურად განწყობილ სახელმწიფოდ, რათა მომავალში­ რუსეთის ტერიტორია და პოლიტიკური თუ სამხედრო პოტენციალი ჩინეთის წინააღმდეგ გამოიყენონ. აქედან გამომდინარე,­ როგორც 90-იანების დამდეგს დასავლეთს მიზნად არ ჰქონია საბჭოთა კავშირის დაშლა, ისე არა აქვს ახლაც - ის ქაოსი, რომელიც შეიძლება დატრიალდეს რუსეთის დაშლის შემთხვევაში მიუღებელია. მაგრამ ეს პროცესი მაინც მიმდინარეობს - რუსეთში შიდა რყევებია.

- ამაზე უფრო ვრცლად ვისაუბროთ...

- კი ბატონო. ჩვენს მკითხველს ხშირად ყურადღების მიღმა რჩება სხვადასხვა­ ტიპის კონფერენცია და შეხვედრები, რომლებიც ევროპაში იმართება დიასპორების მონაწილეობით. ასევე იმართება იმ ორგანიზაციების შეხვედრა, რომლებიც წარმოადგენენ რუსეთის სხვა ეთნიკურ რესპუბლიკებს,­ მაგალითად, ბაშკირეთსა და თათრეთს. დაახლოებით 500 000 კაცს ითვლის კავკასიური დიასპორა ევროპაში. არის კავკასიელების არაერთი ორგანიზაცია, რომლებიც ცალ-ცალკე მუშა­ობენ, განსაკუთრებით, ბევრი ჩერქეზების იყო, ბოლო წლებში გამოჩნდა ჩეჩნებისაც. ამწუთას ყველაზე სოლიდურია დევნილი იჩქერიის­ მთავრობა, რომელსაც აჰმედ ზაკაევი ხელმძღვანელობს. არის სხვა ორგანიზაციებიც, რომლებიც ახლოს არიან ისეთი ტიპის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა ევროკავშირი ან გაერო. წლების განმავლობაში ამ ორგანიზაციების კონსოლიდირება ვერ ხერხდებოდა,­ რადგან პირადი ამბიციები უშლიდათ ხელს. ბოლო დროს კი მათი კონსოლიდაცია გამოიკვეთა. მაგალითად, ჩეჩნეთის ორგანიზაციებისგან ანტიკადიროვული პოზიციის დემონსტრირება, დამოუკიდებლობის საკითხზეც უფრო კონსოლიდირებული არიან, მაგრამ გავლენა ჩეჩნეთის ტერიტორიაზე არა აქვთ. ჩრდილოეთ კავკასიაში აქვთ, მაგრამ არა გადამწყვეტი. გადამწყვეტი გავლენა აქვთ ადგილზე არსებულ უფრო სერიოზულ პოლიტიკურ-რელიგიურ ფიგურებს, რომლებიც ჯერ თვალში საცემი არ არიან, რადგან იქ საპროტესტო განწყობა ჯერ იმ ხარისხის არ არის, რომ პოლიტიკური რყევები გამოიწვიოს ქვეყანაში ან რეგიონში. საბოლოოდ შეიძლება ითქვას, დიასპორა ცალკეა, ხოლო ამ რესპუბლიკებში მიმდინარე პროცესები - ცალკე. თუმცა არსებობს ერთი ძალა, რომელიც მეტ-ნაკლები­ წარმატებით მუშაობს და რუსეთი ვერ აკონტროლებს - ეს არის თურქული ორგანიზაცია, რომლის მუშაობა ბევრად ეფექტურია. აქამდე არაბული ორგანიზაციებიც მუშაობდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში, მაგრამ სირიის მოვლენებმა დააჩქარა მათი განეიტრალება, რადგან ისინი ორიენტირებული იყვნენ ფუნდამენტალისტურ ისლამზე. თურქული ორგანიზაციები სხვაგვარად მუშაობენ. მართალია, რელიგიურ საფარქვეშ არიან, მაგრამ უფრო ეკონომიკასა და საგანმანათლებლო პროგრამებზე აკეთებენ აქცენტს. ასეთი ორგანიზაციები საქართველოშიც არიან, მაგრამ მათი სიმრავლე განსაკუთრებით შეინიშნება ბაშკირეთსა და თათრეთში, თუმცა ჩრდილო კავკასიაშიც მრავლად არიან.

- ალბათ, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ რუსეთში ეთნიკური შემადგენლობით თათრები მეორე ადგილზე არიან რუსების მერე და თათრეთში ამბიციებიც დიდია...

- კი, მაგრამ თათრეთის ხელისუფლება,­ მიუხედავად იმისა, რომ იქ არის სერიოზული ნაციონალისტურ-რელიგიური ორგანიზაციები, სწორად აღიქვამს შექმნილ ვითარებას და არასოდეს ჰქონია გამოყო­ფის­ დიდი ამბიცია, რადგან ძლიერად არის მიბმული სამეურნეო კავშირებით რუსეთზე. გარდა ამისა, გარშემო შემორტყმულია რუსული ტერიტორიებით. თუმცა თათრული ელიტა ყოველთვის ორიენტირებული იყო საკუთარი რესპუბლიკის გაძლიერებაზე, რასაც მიაღწიეს კიდეც. ეს არის რუსეთში ენერგომატარებლებით ერთ-ერთი უმდიდრესი რესპუბლიკა. აქ სეპარატისტული განწყობა მხოლოდ 90-იანების დამდეგს იყო. სხვათა შორის, ზვიად გამსახურდიას დროს საქართველო ერთადერთი იყო პოსტსაბჭოთა­ სივრცეში, რომელმაც ცნო თათრეთის სუვერენიტეტი, ასე ვთქვათ, ნაწილობრივი დამოუკიდებლობა. თუმცა ეს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებიდან­ წასვლის შემდეგ არ გაგრძელებულა.

რაც შეეხება ჩრდილო კავკასიას, მიუხედავად იმისა, რომ კავშირები არსებობს დიასპორულ ორგანიზაციებსა და დამოუკიდებლობაზე ორიენტირებულ ადგილობრივ პირთა შორის, ჯერ ერთი, ეს კავშირები არ არის გადამწყვეტი და მეორე - საზოგადოების დიდი ნაწილი ასე არ ფიქრობს, რადგან რუსეთმა წლების განმავლობაში შექმნა სისტემა, რომელიც ამ რესპუბლიკების ტრანშულ კვებას გულისხმობს. ბიუჯეტი ტრანშებით ივსება - ანუ ეს ქვეყნები ვერ ახერხებენ თავიანთი ეკონომიკური პროდუქტის შექმნას, რაც ხელოვნურად­ შექმნილია ჯერ კიდევ ელცინის პერიოდიდან. ამიტომ წლების განმავლობაში დაღესტნის ბიუჯეტი 94%-ით იყო დეფიციტური. მხოლოდ 6% ქმნიდა პროდუქციას, დანარჩენს მოსკოვიდან იღებდა, როგორც აფხაზეთი. ახლა უფრო უკეთესი ეკონომიკური­ ვითარებაა, მაგრამ მაინც დოტაციურია ყველა რესპუბლიკა. ამას მმართველი ელიტები კარგად აცნობიერებენ. მოსკოვს ისე ჰყავს შერჩეული მმართველი ელიტა, რომლისთვისაც სიკვდილის ტოლფასია ძალაუფლების დაკარგვა,­ თან გავითვალისწინოთ, რომ კლანური მმართველობის კლასიკური­ სისტემაა ყველა რესპუბლიკაში (გარდა დაღესტნისა). ეს ნიშნავს, რომ პირი, რომელიც ხელისუფლების სათავეშია, თავის საგვარეულო კლანს იყენებს. ამიტომაც არის ასეთი მდგომარეობა ცენტრთან მიდგომებში ყველა რესპუბლიკაში.

თუ რუსეთის დაშლაზე მიდგა საქმე, ეს გარედან არ მოხდება, შიგნიდან კი ჯერ ამის პერსპექტივას ვერ ვხედავ, მით უმეტეს, გარეთ ამის გაკეთება არ სურთ. თუმცა არც საბჭოთა კავშირის დროს უნდოდათ, მაგრამ დაიშალა, იმიტომ, რომ ეროვნულ რესპუბლიკებში, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიასა და ბალტიისპირეთში ძლიერი ანტიცენტრისტული ძალები იყვნენ. ახლა ასეთ ძალებს რესპუბლიკებში ვერ ვხედავ, თორემ გარეთ არიან... ნუ დაგვავიწყდება, რომ კავკასიელების 5 ბატალიონი იბრძვის რუსეთის მხარეზე უკრაინის წინააღმდეგ - 4 ჩეჩნური და 1 დაღესტნური.

- ომის წაგების შემთხვევაში რუსეთი უთუოდ დასუსტდება.

- ომში მარცხი თავისთავად ნიშნავს პოლიტიკურ დასუსტებას, მერე ამას ეკონომიკური დასუსტება მისდევს. დღეს უკვე სანქციების სისტემა მეტ-ნაკლები ეფექტურობით მუშაობს და მას შემდეგ, რაც უარი იქნება ნათქვამი რუსულ გაზზე, რუსეთს შემოსავალიც შეუმცირდება. მოკლედ, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთმა არ გამოიყენა ატომური იარაღი და უკრაინამ გაუძლო ზამთარს, რუსეთის მარცხი გარდაუვალია.