„ოპოზიციამ წარმატებას ვერსად მიაღწია“ - კვირის პალიტრა

„ოპოზიციამ წარმატებას ვერსად მიაღწია“

ოპოზიციაში პარლამენტის ბოიკოტირების საკითხი ისევ გააქტიურდა. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში შესვლის გამო საყვედური ცალკეულ პოლიტიკოსებს არც კი შეუწყვეტიათ, ეს აღარ იყო აქტუალური იმ ოპოზიციისთვის, რომელიც ახლა პარლამენტშია. სხვა საკითხია, პარლამენტის ტრიბუნას როგორ იყენებენ, მაგრამ ბოიკოტზეც არ ლაპარაკობდნენ. მას შემდეგ კი, რაც გიორგი მარგველაშვილს გაახსენდა პარლამენტის ბოიკოტირება, ოპოზიციის ლიდერების ნაწილიც აჰყვა და ამბობენ, რომ მათთვის პარლამენტის დატოვება პრობლემა არ არის. რას ნიშნავს ეს პოლიტიკური პროცესისთვის, შეცვალა თუ არა ოპოზიციამ გეგმა და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა:

- ოპოზიციაში რაც ხდება, ადრეც უნდა მომხდარიყო, რადგან კრიზისი აქვს და გამოსავალს ეძებს. წარმატებას ვერსად მიაღწიეს. არათუ პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება, არამედ თითოეული­ კანდიდატის გამარჯვებაც კი მათთვის პრობლემაა. როგორც ყველა ძიება, უმტკივნეულო არც ეს არის და ამის დასტურია ქაოსური ნაბიჯები, მაგრამ ძიებაა და ცდილობენ ისეთი ვარიანტის მოძებნას, რაც უფრო შედეგიანი იქნება.

- რამდენად სწორად მოქმედებენ? ის, რამაც ადრე არ გაამართლა, ახლა გაამართლებს? ვადამდელი არჩევნები და "ცხელი შემოდგომა" ხომ უკვე ბევრჯერ უშედეგოდ არის გამოცდილი?

- მე ვერ ვიტყოდი, რომ ყველა იმავეს­ აკეთებს, მხოლოდ ნაწილმა გადაწყვიტა, რომ იგივე გააკეთოს.

- ვის გულისხმობთ?

- ვინც პარლამენტის ბოიკოტირებისკენ მოუწოდებს დღეს ოპოზიციას, მაგრამ არის ოპოზიციის ნაწილი, რომელიც ასეთ მოწოდებას არ აჰყვება.

- ახლა ისევ ბოიკოტზე ლაპარაკი რამდენად ლოგიკურია? ბოიკოტს აზრი ხომ უნდა ჰქონდეს? თუ არადა, რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ეს პოლიტიკა?

- როდესაც ჰქონდათ ბოიკოტი, რომელიც მიშელის დოკუმენტით დასრულდა,­ გამიზნული იყო იმისთვის, რომ მსოფლიოს დაენახა, საქართველოში რა საშინელი მმართველობაა, არადა, მსოფლიო ასე არ თვლიდა. პირიქით, უთხრა, დასხედით და პრობლემები ერთად მოაგვარეთო. ბრალდება არ გადაუტანიათ მხოლოდ ხელისუფლებისკენ. მაშინ ბოიკოტის მიზანი იყო, რომ ხელისუფლება დამნაშავედ გამოჩენილიყო. ანალოგიური მდგომარეობა იქნება ახლაც და კიდევ მეტად უშედეგო აღმოჩნდება ეს ნაბიჯი, რადგან დღეს დასავლეთი ყველაზე მეტად არის დაინტერესებული საქართველოში სტაბილურობით. ამის მიზეზია უკრაინაში ომი და სტაბილურობა საქართველოში, რომელიც საგზაო დერეფანია, ევროპისთვის უმნიშვნელოვანესია იმაზე მეტად, ვიდრე 2020-2021 წლების ბოიკოტის დროს იყო. შესაბამისად, ბოიკოტს, დესტაბილიზაციასა და ასე შემდეგ, პერსპექტივა, როგორც ვნახეთ, არ ჰქონდა და არც ახლა აქვს.

- მაშინ რისი იმედით მიდიან ამაზე? ეს ხომ საზოგადოების ნიჰილიზმს იწვევს?

- ლოგიკური კითხვაა და ამას პასუხობს ამომრჩეველი, რომელიც ხმას არ აძლევს ოპოზიციას, და ეს არ ხდება იმ მიზეზით, რომ "ქართული ოცნება" მოსწონთ. მაგრამ ოპოზიციის ის შემადგენლობა, რომელსაც ახლა წამყვანი ადგილი უკავია, ანუ "ნაცმოძრაობა" და მათთან დაკავშირებული ჯგუფები, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის არ არის სასურველი...

- მუდმივად პარლამენტის ბოიკოტსა და "ცხელ შემოდგომაზე" საუბარი ისევ ხელისუფლებას აძლევს ხელს, რადგან მას მდგომარეობას უნარჩუნებს. ოპოზიცია ასე რატომ იქცევა?

- ერთი მიზეზი ის არის, რომ მათ დესტრუქციული ქმედებების გარდა, სხვა არაფერი იციან, არ იციან ოპოზიციური მუშაობის სტილი. გამოჩნდა ისიც, რომ ოპოზიციის რამდენიმე წევრმა საპარლამენტო მუშაობის მაგალითი აჩვენა, მაგალითად, "მოქალაქეებმა", "გირჩმა". რას და როგორ აკეთებენ, სხვა საქმეა, მაგრამ მონაწილეობენ საპარლამენტო მუშაობაში. თუკი საპარლამენტო პროცესში მონაწილეობას არ აპირებ, მაშინ არჩევნებში რატომღა მონაწილეობ? მონაწილეობენ არჩევნებში, იღებენ მანდატებს და მერე ამბობენ,­ მანდატები არ გვინდაო. მერე უნდათ და მერე ისევ ამბობენ, პარლამენტიდან გავდივართო. ამ უცნაურობის ახსნა კი მხოლოდ ის არის, რომ მათ პროტესტის გარდა, სხვაგვარად მუშაობა არ იციან. ბოლოს და ბოლოს, ამ ხალხს ხომ შეუძლია და საშუალებაც აქვს, რომ კონკრეტულ საკითხებზე პარლამენტის დარბაზში კრიტიკის ქარცეცხლი დაატრიალონ, მაგრამ არ აკეთებენ. რატომ? არ ვიცი. ყველაზე მარტივი პასუხია, რომ ამას ძალისხმევა სჭირდება და ეს არ შეუძლიათ.

მამულაშვილი რომ გავიდა პარლამენტიდან და თავისი პარტიიდან, ეს ის მამულაშვილი არ არის, მაგიდებზე რომ დარბოდა? როცა პარლამენტარი თავის სადეპუტატო მოვალეობას მხოლოდ მაგიდებზე სირბილში ხედავს, იმას პარლამენტში რა უნდა?- იმ ნაწილს, რომელსაც არ სურს "ნაციონალებთან" იყოს ასოცირებული და დამო­უკიდებლად თამაშობს, აქვს პერსპექტივა?

- ამას არჩევნები გვიჩვენებს. მათი ეს ამპლუა, პრინციპში, ახალია, რადგან აქამდე ასე თუ ისე, ასოცირებული იყვნენ "ნაცმოძრაობასთან". ვნახოთ, რას გააკეთებენ. თუმცა მაინც სტიქიურად მოქმედებენ. როგორც ჩანს, განწყობების მიხედვით მოქმედება ქართული პარტიების დამახასიათებელია. განწყობის თეორია ხომ ქართულია და პარტიებისთვისაც განწყობაა მთავარი - ვისაც დესტრუქციული განწყობა აქვს, სხდომათა დარბაზშიც ასე იქცევა და ქუჩაშიც. მეორე ნაწილს უფრო კონსტრუქციული განწყობა აქვს, მაგრამ საიმისო ნაბიჯები ჯერ არ ჩანს, რომ მოსახლეობამ­ მათში პერსპექტივა დაინახოს. მოსახლეობა ხელისუფლების ჩამნაცვლებელს უნდა ხედავდეს, ამისთვის კი პარტიას უნდა ჰქონდეს საქვეყნო, სახელისუფლებო პროგრამა - ანუ სახელისუფლებო მასშტაბი, ეს კი ამ ოპოზიციაში არ ჩანს. როდესაც სახელისუფლებო მასშტაბს ვახსენებ, ეს ყველაზე მეტად "ნაცმოძრაობას" ეხება, რადგან ხელისუფლებაში ყოფნის და რუსეთთან დაპირისპირების გამოცდილებაც აქვთ. ოპოზიციური პარტია იყო და ვერ ხვდებოდე,­ რომ დესტაბილიზაცია რუსეთს აწყობს და ამ ტიპის დესტაბილიზაციაში შენი მომხრე შეიძლება ცოტა აღმოჩნდეს, ასეთი გამოცდილების მქონე პარტიისთვის წარმოუდგენელია... ან მეორე ვარიანტია, რაც ხშირად ფიგურირებს ბოლო ხანებში, რომ ეს სრულიად შეგნებული პოზიციაა და "ნაცმოძრაობა" სწორედ იმიტომ არის მიმართული დესტაბილიზაციისკენ, რომ ეს რუსეთს აწყობს. ვერ ხვდებოდნენ, ვის აწყობს საქართველოში დესტაბილიზაცია, დაუჯერებელია. ამიტომ გასაკვირი არ არის, ოპოზიციის უკან რომელიმე ანალიტიკოსმა რუსეთის აჩრდილი რომ დაინახოს.

- რაც ახლა ხდება "ნაცმოძრაობაში", დაშლის პარტიას? და თუ ასე მოხდა, პოლიტიკურ პროცესზე რა გავლენა ექნება?

- პოლიტიკურ სცენაზე ჩვენ გვყავს "ნაცმოძრაობის" განაყოფები და თითოეული მათგანის გამოყოფისას დაპირისპირება გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე ახლა არის, მაგრამ გაიყვნენ, რადგან ჩათვალეს, რომ სხვა გზა უნდა აერჩიათ. პოზიცია, რომ თვალსაზრისები ერთმანეთს არ ემთხვევა, ახლა გაცილებით მძაფრია და ამდენად, გაყოფაც ბუნებრივი იქნებოდა, მაგრამ გაყოფა ჯერ არ ჩანს და გასაგებია, რატომაც. იმ ჯგუფებს, რომლებიც ადრე გამოეყვნენ "ნაცმოძრაობას", რეიტინგი არა აქვთ, რადგან "ნაცმოძრაობის" რეიტინგი ძირითადად სააკაშვილის რეიტინგია. სააკაშვილი ქარიზმატული ლიდერია, ის ტიპური მოვლენა არ არის და ის მხარდამჭერებს უყვართ, ემოციური დამოკიდებულება აქვთ. შესაბამისად, როგორც კი სააკაშვილს რომელიმე ლიდერი თუ ჯგუფი­ გადაუდგება, ამ პარტიის მხარდამჭერები სააკაშვილის ერთგული რჩებიან და გამოყოფილი ჯგუფი ამომრჩევლის გარეშე რჩება. ალბათ, ამიტომ ცდილობს მელია, თან შეინარჩუნოს პარტიასთან კავშირი, თან თავისი გაიტანოს. ეს რითი დამთავრდება, ძნელი სათქმელია. რაც შეეხება იმას, რა ჯობს ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, ჯობს, მელია ცალკე გავიდეს და თუ აქვს პარტიის საკუთარი მოდელი, შექმნას ისე, როგორც თავად თვლის. შესაბამისად, გაიზრდება ალტერნატივებიც და ახალი გზების ძიების ინტენსივობაც. ეს ქვეყნისთვის ნამდვილად უკეთესი იქნება. თუმცა, ცხადია, მელიას ყველაფრის ნულიდან დაწყება მოუწევს, პარტიას მის ნებაზე სააკაშვილის მხარდამჭერები არ ატარებინებენ.

რუსა მაჩაიძე