„ოცნება“ ამ კანონს რეპრესიისთვის გამოიყენებს“ - კვირის პალიტრა

„ოცნება“ ამ კანონს რეპრესიისთვის გამოიყენებს“

"დეოლიგარქიზაციის შესახებ "ქართული ოცნების" კანონპროექტი ფასადურია და ის ოპოზიციის დასჯის მექანიზმი იქნება. ჩვენ დავარეგისტრირებთ პროექტს სტანდარტებზე შეთანხმების შემდეგ", - განაცხადა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავ­მჯდომარე ხატია დეკანოიძემ. პარტია კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიას წარუდგენს საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო სექტორს და შეთანხმდებიან სტანდარტებზე. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 80 ხმით 9-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი, რომლითაც შემდეგი საკითხები წესრიგდება: "ოლიგარქის" ცნების განმარტება; განისაზღვრება პირის ოლიგარქად ცნობისა და შესაბამის რეესტრში შეყვანის, ოლიგარქის რეესტრიდან ამორიცხვისა და აღნიშნული რეესტრის წარმოების საკითხები; პირის ოლიგარქად ცნობის სამართლებრივი შედეგები; განსაზღვრული პირების მიერ ოლიგარქსა და მის წარმომადგენლებთან კონტაქტის თაობაზე დეკლარაციების შევსების საკითხები. მმართველი გუნდის ლიდერების თქმით, ოპოზიცია კანონს მხარს იმიტომ არ უჭერს, რომ მისი კრიტერიუმების მიხედვით, პოტენციური ოლიგარქები "ნაციონალური მოძრაობის" დამფინანსებელი დავით კეზერაშვილი, ასევე "ლელოს" დამფუძნებლები და დამფინანსებლები ხაზარაძე-ჯაფარიძე არიან. ამ კანონით, როგორც იტყვიან, კატამ თხარა, თხარაო, ასე მოუვიდათ. ახლა არ იციან, როგორ აიცილონ. პირდაპირ ვერც იმას ამბობენ, რომ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონის მიღება არ უნდათ" - ასე შეაფასა ოპოზიციის განწყობა მმართველი გუნდის ერთ-ერთმა წევრმა. რატომ არ მოსწონთ "ნაციონალებს""ქართული ოცნების" ინიცირებული კანონპროექტი და როგორი შეიძლება იყოს ალტერნატიული კანონპროექტი, რატომ ტოვებენ "ნაციონალურ მოძრაობას" პარტიის წევრები და რატომ ამბობს მათი ლიდერი უარს ოპოზიციურ ერთობაზე, ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე გვესაუბრა:

- "ქართული ოცნების" კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ არ პასუხობს საქართველოს გამოწვევებს, შესაბამისად, არც ხმა მივეცით. ჩვენ მივიჩნევთ, რომ "ქართულ ოცნებას" არ სურს 12 პუნქტის შესრულება და ამ კანონს რეპრესიისთვის გამოიყენებს, რაც არაერთხელ უთქვამთ კიდეც. ყველა საერთაშორისო შეფასებასა და ანგარიშში ივანიშვილის, როგორც დიდი ფინანსური რესურსის მქონე პირის, კავშირები და შერწყმა სახელმწიფო ინსტიტუტებთან ცხადია. ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ მათი კანონპროექტი იქნებოდა ფასადური და ოპოზიციის დასჯის ბერკეტი. აბა, იმის მოლოდინი ხომ არ გვექნებოდა, რომ "ქართული ოცნება" საკუთარ თავს დასჯიდა? ამას არა აქვს მნიშვნელობა, მთავარია, საერთაშორისო პარტნიორები ივანიშვილს განიხილავენ არა მარტო საფრთხეს საქართველოში დემოკრატიისთვის, არამედ როგორც საფრთხეს რეგიონული უსაფრთხოებისთვის. რაც უნდა თქვას "ოცნებამ", ივანიშვილი ოლიგარქია და სხვა არავინ.

- უკრაინული მოდელის მიხედვით, ამა თუ იმ პირის ოლიგარქად აღიარება ევალება­ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა­ და თავდაცვის საბჭოს მინისტრთა კაბინეტის, უსაფრთხოების სამსახურის, ეროვნული­ ბანკისა თუ ანტიმონოპოლიური სამსახურის წარდ­გინებით. უკრაინულისგან ქართულ ვარიანტს ის განასხვავებს, რომ რადგან საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა, ე.წ. ოლიგარქების რეესტრს შეადგენს არა მთავრობა, არამედ პარლამენტთან არსებული­ სტრუქტურა. როგორი შეიძლება იყოს თქვენი­ კანონპროექტი, ვინ უნდა განსაზღვროს "ოლიგარქების რეესტრი"?

- ჩვენი ფრაქცია ჯერ კიდევ მუშაობს კანონპროექტზე. გვინდა შევათანხმოთ არასამთავრობო სექტორთან, საერთაშორისო­ პა­რტნიორებთან. ვაპირებთ პრეზენტაციასაც.

- როგორ აიხსნება "ნაცმოძრაობის" უარი ოპოზიციური ერთობის იდეაზე?

- მე ვერ ვხედავ პრობლემას, რომ ერთი იდეის გარშემო ვიყოთ კონცენტრირებული. შეგახსენებთ, რომ ზუსტად ჩვენი პარტიის ინიციატივა იყო 2020 წლის არჩევნების წინ კოალიციური ერთობის შექმნა. მაშინ ვთქვით, რომ ივანიშვილის დამარცხებას მხოლოდ ჩვენი ხმები არ ეყოფოდა და გამოსავლად მივიჩნიეთ კოალიციური ერთობა. 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებშიც გვქონდა კოალიციური ერთობა და ამის გამო ძალიან ბევრი ჩვენი ამომრჩეველი ნიკას უბრაზდებოდა. თუმცა ამ ყველაფერს წინ უძღოდა მოლაპარაკება,­ მსჯელობა. ახლა მსგავსი არაფერი ყოფილა. ტელეეთერიდან გავიგე, ზურა ჯაფარიძე ამბობს, მე უკვე ველაპარაკე "ნაციონალებს" და არ არიან ამ იდეის წინააღმდეგიო. გაოცებული ვარ - ვის ელაპარაკა, რა იდეაზეა საუბარი? კი, ერთიანობის იდეა ძალიან მოგვწონს, მაგრამ ერთიან სიასა და ტექნიკურ საკითხებზე შეთანხმების იდეა ჩანასახშივე განწირულია იმიტომ, რომ არიან, ერთი მხრივ, "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერები, მეორე მხრივ კი "ოცნების" მხარდამჭერები და შუაში რჩება საკმაოდ დიდი ნაწილი, რომელიც არც "ნაციონალებს" აძლევს ხმას და არც "ოცნებას". აი, ამ ნაწილს რას ვეუბნებით, რას ვპირდებით? ერთიანობა მისაღებია იმ თვალსაზრისით, რომ ერთი იდეის გარშემო გავერთიანდეთ, ერთმანეთს არ დავესხათ თავს, მაგრამ გამოცდილება გვეუბნება, რომ ტექნიკური შერწყმა არ ამართლებს. ჩვენი ამომრჩეველი "გირჩს" არ მისცემს ხმას, ისევე როგორც ჩვენ არ მოგვცემს ხმას "გირჩის", "ლელოს" ან სხვა რომელიმე პარტიის ამომრჩეველი.

- მაშინ გამოსავალს რაში ხედავთ?

- თანამშრომლობაში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პატარა პარტიებმა მოითხოვონ დაბალი ბარიერი. რატომღაც ბოლო დროს ამას არც ერთი პატარა პარტია აღარ ახსენებს. ჩვენ ახლა იმაზე უნდა ვმსჯელობდეთ, საარჩევნო ბარიერი როგორ დავაწევინოთ "ოცნებას" და ვიბრძოდეთ თავისუფალი არჩევნებისთვის.

- რატომ ტოვებენ პარტიას თქვენი წევრები?

- თუ ნონა მამულაშვილს გულისხმობთ, მე ის მიკვირს, აქამდე რომ დარჩა, რადგან ჯერ კიდევ შარშან ჰქონდა ნათქვამი, რომ წასვლას სურდა. მას პარტიასთან ინტეგრირება გაუჭირდა. უკვე ერთი წელია საპარლამენტო საქმიანობას ისედაც აღარ ეწეოდა. ვუსურვებ წარმატებას, იმიტომ, ნამდვილი პატრიოტია და სადაც უნდა იყოს, ქვეყნის საკეთილდღეოდ გაირჯება.

ხათუნა ბახტურიძე